ბრიუსელი

სიახლოვე ვაფლივითაა- გარედან ხრაკუნა, შიგნით რბილი  და შაქრის ფხვნილი უხდება

ბრიუსელის მთავარ მოედანზე განათებული და აბრჭყვიალებული ნაძვის ხის პირდაპირ ვიდექი. შობა ახლოვდებოდა. საშინლად ციოდა, გამყინავი სუსხი ძვლებამდე ატანდა. ხელში ქაღალდის ყუთი მეჭირა, ღუმელიდან ახალგამოღებული ცხელი ბელგიური ვაფლით. ვანილი, კარამელი, შოკოლადი, შაქრის ფხვნილი და სხვა საიდუმლო ინგრედიენტები ბელგიურ ვაფლს სხვა ათასი ვაფლისგან გამოარჩევდა. ერთჯერადი, პაწაწინა ხის კოვზით დიდ ლუკმებად ვყლაპავდი, როგორც ბავშვობაში, თითქოს ვინმე მოგსდევს და უნდა მოასწრო. ღმერთო, რა არაამქვეყნიური გემო ჰქონდა.

დამღლელი და დაუსრულებელი შეხვედრებიდან პირდაპირ რესტორანში წავედით სავახშმოდ. რესტორანში ფანჯარასთან მაცხოვრის ხატი იდო. ისე თავისთვის. არავინ აქცევდა ყურადღებას. თავიდან ვიფიქრე, რომ მომეჩვენა. ახლოს რომ მივედი დავრწმუნდი, ნამდვილად ორთოდოქსული ხატი იყო. უბრალოდ მიყუდებული ფანჯრის მინაზე. ერთი შეხედვით დროსა და სივრციდან ამოვარდნილი, თუმცა უცნაური სიმშვიდე მოჰქონდა. ალბათ ამიტომაც მეორე დღესაც იგივე რესტორანში ვივახშმეთ.

ფეხით ჩამოვისეირნეთ მთავარ მოედნამდე. გზაში ბელგიური ვაფლი შეგვხვდა  და ნამდვილი საშობაო ზღაპარიც დაიწყო. ასეთი ჯადოსნური ზღაპარი ვენაშიც მენახა, თუმცა ბრიუსელში ყველაფერი რატომღაც განსაკუთრებულად მეჩვენებოდა.  თითქოს ფილმში ვიყავი და საკუთარ ცხოვრებას ეკრანზე ვუყურებდი.  ბრიუსელის მთავარ მოედანზე იდგა გოგო ხმამაღლა იცინოდა, დედამიწაზე ყველაზე გემრიელ ვაფლს ვანილის მოტკბო სურნელი ასდიოდა. და აი ზუსტად  ეკრანზე გაჩერებულ ჩემი ცხოვრების ერთ კადრში, ქრონომეტრაჟით ერთი წუთიც რომ არ იყო, რაღაც გაკრთა სიბნელეში.

სიმართლე ყოველთვის იმწუთიერია. ყელში გამოსმული დანასავით. ვაფლის პაწაწინა ნამცეცები ყელში თევზის წვრილი ძვალივით გამეჩხირა და ცხადად ვიგრძენი შაქრის უმცირესი ფხვნილის გრანულები ჩემს დასახრჩობად როგორ დაიძრნენ. ძლივს გამთბარი მარჯვენა ხელი სიცივისგან და უკიდურესი იმედგაცრუებისგან თითქმის გალურჯდა, გაფერმკრთალდა, გამჭვირვალე გახდა. უცნაური იყო, ასეთ გადამწყვეტ მომენტებში გონებას გადარჩენისთვის ყოველთვის რაღაც სიტყვები ამოჰქონდა სიღრმიდან და ახლაც  ნინო ხარატიშვილის პიესიდან ეს სიტყვები გამახსენდა – ,,როცა სამყაროს ჩვენი ძვლები ყელში გაეჩხირება, ზეციდან ყვავილების მტვერი დაიფრქვევა”.

სასტუმროში დავბრუნდი, ლიფტის სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი ავარიდე. სასტუმროს ნომრის კარი ბარათით გავაღე. ოთახში შევედი, სინათლე ავანთე და საწოლზე ჩამოვჯექი. უხილავ ხელს სასტუმროს ოთახი პირწმინდად დაელაგებინა. ყავის ჭიქები გაერეცხა და  ფერად, პატარა კაფსულებთან ერთად დაეწყო. სუნამო, პომადა, თვალის ტუში ფერების მიხედვით დაეჯგუფებინა. საწოლის ბოლოში თეთრი საბანი საგულდაგულოდ ამოეკეცა და მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროს ნომერში რამდენიმე დღე ვცხოვრობდი, ახლაღა შევამჩნიე, ტანსაცმლის კარადა არ მქონდა. საკიდზე ნაჩქარევად დაკიდებული პიჯაკები და შარვლები მოჩანდა- შავი, წითელი, შავი, წითელი, შავი. თითქოს შემთხვევით მხოლოდ წითელი და შავი ტანსაცმელი წამომეღო. საწოლის ტუმბოზე ნინო ხარატიშვილის წიგნი უძრავად იდო. უსიტყვო შეთანხმება- წიგნებს არ შეხებოდა უსიტყვოდ შეესრულებინა.

ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი

საშინელ ბედნიერებაზე დაწერილი მელოდრამატული, პათეტიკური, კიჩური ოთხი პიესა ერთ ესტეთიურ სივრცეს ქმნის. ნინო ხარატიშვილზე უკეთ არავის შეუძლია თანაგანცდაში შეგითრიოს და შეგეხოს. და რაც უფრო ცდილობ გაექცე, მით უფრო კუთხეში მიგიმწყვდევს და ბოლომდე დაგანახებს რეალობას. ცალკე აღნიშვნის ღირსია შესანიშნავი თარგმანი და ნინო ბურდული.

როცა სამყარო ერთ დიდ ჭრილობას დაემსგავსება და ყველაფერი უკვალოდ გაქრება, რაც ოდესღაც გვიყვარდა, როცა ცეცხლი შთანთქავს ყველაფერს და ყვირილი შეწყდება, როცა სახლები დაინგრევა, ადიდებული მდინარეები და ტბები ჩაგვძირავენ- ადამიანები შეეცდებიან თავი დაიცვან იმისგან რაც უკვე მოხდა,  რაც კიდევ მოხდება და იმისგან, რაც აღარ მოხდება. მაგრამ არაფერი გამოუვათ. გაახსენდებათ შორი გზები, რომლებსაც წესით ბედნიერებასთან უნდა მიეყვანათ, მაგრამ სადღაც სხვაგან გადაუხვიეს. იქნებ რილკე მართალი იყო- ,,ერთადერთი, რასაც ვფლობთ, წაგებაა. და რაც უფრო თამამად და სუფთად  ვაგებთ, მით უფრო მეტს ვკარგავთ.”

ბრიუსელის  კომბოსტოს რეცეპტი

სამსახურებიდან დაბრუნებული ადამიანები სუპერმარკეტში მიზანმიმართულად, საქმიანად მიემართებოდნენ კონრეტული სექციისკენ, პოულობდნენ საჭირო პროდუქტს ვახშმისთვის ან საუზმისთვის და სალაროს გრძელ რიგში ქაოტურად დგებოდნენ. ხილ-ბოსტნეულის სექციასთან წარწერებს ვკითხულობდი- ბროკოლი, ბულგარული ფერადი (უცხოური), ჩერი პომიდორი რედერი, ჰალაპენიო ცხარე წიწაკა,  ტკბილი პალერმო, სალათი ბატავია (ქართული), სოკო შიიტაკე, სოკო შიმეი, კომბოსტო ჩინური (ქართული), გრანდილა (უცხოური), ლაიმი, ავოკადო, მარაკუია (უცხოური). დახმარება ხომ არ გჭირდებათ?  შორიდან ჩამესმა ხმა. უფრო კი არ ჩამესმა, ვიგრძენი რომ მე მეკითხებოდნენ, უკან მივიხედე და კონსულტანტი გოგო დავინახე, რომელიც ალბათ დიდი ხანია მაკვირდებოდა. მე არ ვგავდი სხვა მომხმარებლებს, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ რა უნდოდათ. ბრიუსელის კომბოსტო (უცხოური) – წარწერას დავხედე  და კალათაში ჩავაგდე. დახმარება ხომ არ გჭირდებათ?- შეკითხვა უპასუხოდ დაეკიდა ჰაერში.

ბრიუსელის კომბოსტო მოამზადეთ მაღალ ტემპერატურაზე. მდიდარი, კარამელიზებული არომატისა და ნაზი ტექსტურისთვის ზეითუნის ზეთი გააცხელეთ დიდ, მძიმე ტაფაში. დაამატეთ სანელებლები და აურიეთ, სანამ ღრმა მუქი ოქროსფერი არ გახდება. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ბალზამიკო. შეგიძლიათ დაამატოთ პარმეზანი ან  თხილი. ბრიუსელის კომბოსტო სეზამითა და ბროწეულით, ნივრით, შემწვარი თაფლით და მოცვით. ბრიუსელის კომბოსტო ბეკონით, როზმარინით, ყავისფერი შაქრით და ასე დაუსრულებლად. გუგლის საძიებო სისტემა ბრიუსელის კომბოსტოს მომზადების ათასნაირ რეცეპტს მთავაზობდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი არაფერი გამოვიდოდა.

ცხოვრება ხანდახან ბრიუსელის კომბოსტს ემსგავსებოდა- გემოს ვერ ვატანდი. მნიშვნელობა არ ჰქონდა ღუმელში გამოაცხობდი თუ ბროწეულს და სეზამს მოაყრიდი. კომბოსტო იყო. მეტი არ შეეძლო. მაგრამ ხანდახან ცხოვრება  ვაფლს ჰგავდა, გარედან ხრაკუნას, შიგნით რბილს და შაქრის ფხვნილი უხდებოდა.

2 responses to “ბრიუსელი

დატოვე კომენტარი