მერვე სიცოცხლე

ვუძღვნი დიდედას

1000 ამბავი და ერთი ლექსი რომ მაჩუქა

ვუძღვნი მამას

კითხვებით სავსე ჩანთა რომ დამიტოვა

და დედას,  რომელმაც მითხრა

სად უნდა მეძებნა პასუხები.”

მამაჩემის დაკრძალვიდან რამდენიმე დღე იყო გასული როცა ნინო ხარატიშვილის ,,მერვე სიცოცხლის” წაკითხვა დავიწყე. აბსოლუტურ სიცარიელეში, როცა საერთოდ არ ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, ეს წიგნი აღმოჩნდა წერტილი, რომლითაც საკუთარ თავს და ცხოვრებას დავუკავშირდი. სიმბოლურია, ,,მერვე სიცოცხლის” წაკითხვიდან 8 თვის შემდეგ 8 სექტემბერს ვწერ ბლოგზე. როგორც ამბობებ, ციფრი რვა უსასრულობის, მარადიული დინების ტოლფასია.

მერვე სიცოცხლე 8 ნაწილისგან შედგება. 7 ქალის და ერთი მამაკაცის ამბავია: სტასია, ქრისტინე, კოსტია, კიტი, ელენე, დარია, ნიცა და ბრილკა. თუმცა მათ ამბავში არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა ქალების ამბავია. ქალების, რომლებიც შიმშილის და ომის დროს ჩუმი სიკვდილით კვდებიან, საკონცენტრაციო ბანაკში დახვრიტეს, ან უბრალოდ თავი მოიკლეს.

ნინო ხარატიშვილი რომ თანამედროვეობის გამორჩეული და ყველაზე ცნობილი,  ქართველი ქალი მწერალია საზღვარგარეთ, ეს მოცემულობაა. ,,მერვე სიცოცხლე” რომ ბუკერის პრემიაზე წარადგინეს და გერმანიაში წიგნის მაღაზიაში ბესტსელერების თაროზე მისი დანახვა საოცარი სიამაყით მავსებდა, ამაზე აღარ დავწერ. ,,მერვე სიცოცხლე” შთაგონების დიდი კედელია, რომელთან მიახლოებაც უკიდეგანო ძალისხმევას მოითხოვს და როცა გგონია ამ კედელთან მიხვედი, გადაიხედავ და სამყაროს სხვა თვალით დაინახავ, მაშინ ხვდები, რომ მზად არ ხარ… კიდევ რვა სიცოცხლე უნდა გაიარო.  კიდევ რვაჯერ უნდა დატრიალდეს ბედის ბორბალი. რვაჯერ უნდა მოკვდე და რვაჯერ გაცოცხლდე. რვაჯერ დაამთავრო და ისევ თავიდან დაიწყო ცხოვრება. საკუთარ თავს უნდა სძლიო, საკუთარ თავს უნდა გადააბიჯო და გასცდე…

ამბავი ძალიან გრძელია (1000 გვერდზე მეტი) რამდენიმე წლიანი ისტორია უწყვეტად მიედინება, პერსონაჟების ცხოვრებაც ერთმანეთში ხის ფესვებივითაა გადახლართული.  ჯაშების და ერისთავების გენეალოგიის ხე ამოვბეჭდე და ხელით ვაწერდი სხვა სახელებს.   ერთგვარად მარკესის ბუენდიების გვარის მსგავსი სიცოცხლის ხე აღმოჩნდა, სადაც მეორდება საგვარეულო წყევლა, საგვარეულო ისტორიები და ამბები.

“ნება იბოძე და ისე იცხოვრე, როგორც შენმა მშობლებმა იცხოვრეს. ნუ განმარტოვდები. მარტოობა საშიშია და უსარგებლო. ეს ქვეყანა აღმერთებს გაერთიანებებს და არ ენდობა ცალკე მდგომებს. გაერთიანდი კლანში, სამეგობროში, სანათესავოში, ინტერესთა წრეში- მარტო მყოფი არაფრად ღირხარ. შვილები გააჩინე, პატარა ქვეყანა ვართ და უნდა გავმრავლდეთ- ეს შეგონება პირველი მცნების ტოლფასია. რაც მთავარია, სხვებისთვის იცხოვრე, რადგან სხვებმა ყოველთვის უკეთ იციან რა არის შენთვის უმჯობესი.” და ამ პატარა ქვეყანამ და სხვების ცხოვრებით მცხოვრებმა ხალხმა გამოიარა საბჭოთა კავშირის სისხლიანი რეპრესიები, სამოქალაქო ომი, 9 აპრილის ტრაგედია, ტერიტორიების დაკარგვა, შიმშილი, გაჭირვება და მაინც ვერ იპოვა თავისი იდენტობა. მითუმეტეს, ადამიანებმა დღემდე  ვერ იპოვეს  პიროვნული განვითარების  ინდივიდუალური გზა.

ნინო ხარატიშვილმა შექმნა ფენომენალური, ეპოქალური, მასშტაბური რომანი, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების თავისებური აღწერით, თუმცა ადამიანური ტრაგედიები და თავად ადამიანების ამბავი აქცევს ამ წიგნს საუკუნის რომანად. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ნინო ბურდულის საოცარი თარგმანი. საერთოდ არ მწყდება გული, რომ გერმანულად ვერ წავიკითხე. პირიქით. ასე მგონია, ეს წიგნი მშობლიურ ენაზე რომ იკითხება, ისეთი სიღრმით, ისეთი განცდითა და ემოციით, შეუძლებელია გერმანულადაც ასე იკითხებოდეს.

,,ამ სტრიქონებს ვუმადლი იმ საუკუნეს, რომელმაც ყველა მოატყუა და ყველას უღალატა, ყველა, ვისაც იმედი ჰქონდა. ამ სტრიქონებს ვუმადლი დაუსრულებელ ღალატს, წყევლასავით რომ გადაუარა ჩემს ოჯახს.  ამ სტრიქონებს ვუმადლი ჩემს დას, რომელსაც ვერაფრით ვაპატიე, იმ ღამით უფრთოდ რომ გაფრინდა, ბაბუაჩემს, რომელსაც ჩემმა დამ გული ამოგლიჯა, ჩემს დიდ ბებიას- ოთხმოცდასამი წლისა პა-დე-დეს რომ ცეკვავდა ჩემთან ერთად. დედაჩემს, ღმერთს რომ დაეძებდა… ამ სტრიქონებს ვუმადლი მიროს, რომლის სიყვარულიც საწამლავივით შხამიანი იყო. ვუმადლი მამაჩემს, რომელიც წესიერად ვერც კი გავიცანი. ვუმადლი შოკოლადის ფაბრიკანტს და თეთრ-წითელ ობერლეიტენანტს, ციხის საკანსაც და შუა საკლასო ოთახში დადგმულ საოპერაციო მაგიდასაც. ამ სტრიქონებს ვუმადლი უთვალავ დაღვრილ ცრემლს, ვუმადლი იმას, რომ სამშობლო მივატოვე, საკუთარი თავის საპოვნელად და კიდევ უფრო დავიკარგე. “

სტასია

სტასია მიხვდა, რომ სიცოცხლე მარტო ოცნებებისგან არ შედგება და ზოგჯერ შეიძლება სიყვარული გამხმარი ტოტივით გადატყდეს. სტასიას, კიდევ უფრო განუმტკიცდა ეჭვი, რომ სამყარო დაუნდობელი და სასტიკი გახდებოდა. რომ დედამიწა წონასწორობას დაკარგავდა და ყველა დაინახავდა ნანგრევებს, რომ ღრმა ჭრილობა გადასერავდა საუკუნეებს, მიწას გადახსნიდა და სისხლიან უფსკრულს დააფჩენდა. ალბათ ამიტომაც, როცა ყველაზე საზარელ სინამდვილეს ახალგაზრდობაშივე შეეჯახა, მის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ სიცოცხლის ბოლომდე ინდიფერენტული დარჩა და ოთხმოცი წლისაც პა-დე-დეს ცეკვავდა.

და როცა  საკონცენტრაციო ბანაკში მეგობრის სამ რუბლიანი ტვიით დახვრეტის ამბავი გაიგო, ერთ დილასაც ბაღში გავიდა, სასტიკი დაუდევრობით ყველა ყვავილი სათითაოდ გადათელა. გადატკეპნა ბეგონიები, გაპუტა ყვითელი მზესუმზრირები და ფერად-ფერადი ვარდები და იმ დღის შემდეგ აღარ დაუსვამს ასეთი შეკითხვები: “რატომ ვცხოვრობთ ისე, თითქოს დუმილის პირობა დავდეთ? რატომ ჰყვავის იასამანი ასე ცოტა ხანს? შეგიხედავს ალუბლის ხისთვის? რატომ არ ცვივიან ჩიტები ციდან, როცა იხოცებიან? გაშლილი ფრთებით შეუძლებელია სიკვდილი?”

კოსტია

“შენ ვეღარ შეძლებ ჩემს მიტოვებას

კარი ღიაა და შენი სახლი-ცარიელი”

 ცვეტაევა

დახვრეტების, გადასახლებებისა და დაპატიმრებების ეპოქაში, კოსტია საკუთარი თავით და ცხოვრებით კმაყოფილი იყო. ახალგაზრდული გულგრილობით და თავდაჯერებულობით ყველაზე შთაბეჭდილებას ახდენდა და ყურადღებას არ აქცევდა დანარჩენ სამყაროს. მაშინ სულ არ აინტერესებდა, რამდენად მსგავსი შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლის და სიკვდილის პარტიტურები. მაგრამ ისტორიები მეორდება და ერთხელ შეიძლება სიცოცხლესაც წარმოსახვა გამოელიოს. გამოელია კიდეც, როცა იდას შეახვედრა.

კოსტია ერთადერთი კაცია ამ რომანში, რომელსაც ცალკე წიგნი მიეძღვნა და სანამ კოსტიას და იდას ამბავს წავიკითხავდი, ვფიქრობდი, რომ ავტორს ქალის სახელი- იდა უნდა დაერქმია, მაგრამ ეს კოსტიას ამბავია, სინანულში გატარებული ცხოვრებით დასჯილი კაცის ამბავი, რომელმაც სამსახურიც დაკარგა, სახელიც, დიდებაც, ვერც ახალ დროებას აუწყო ფეხი, ვერც შვილებმა გაუმართლეს და მაინც სიცოცხლის ბოლოს როცა იდას ამბავი ჩამოუტანეს, ცხოვრებაში პირველად და ერთადერთხელ ატირდა.

იდას მშვენივრად შეეძლო საკუთარი გრძნობების დამალვა, ეს კარგად ისწავლა ცხოვრებასთან ბრძოლისას გატარებული წლების განმავლობაში. იდამ იცოდა, რომ სიტყვები ყოველთვის შეპირებას არ ნიშნავს, რომ მუსიკას გადარჩენა არ შეუძია, რომ საკუთარი შესაძლებლობები ყოველთვის ვერ მიგიყვანს წინასწარ განსაზღვრულ მიზანთან, რომ სიყვარული ზოგჯერ მხოლოდ დამალვაა ბევრად უფრო საშინელი რამისგან. იდამ ისწავლა თავისი ოცნებების მოთვინიერება, ისწავლა იმედგაცრუების შენიღბვა ცოტაოდენი პომადით, ამიტომ კოსტია ვერ ხვდებოდა როგორი მტკივნეული იყო იდასთვის ღამეული მოლოდინი, რამხელა ძალისხმევის ფასად უჯდებოდა დაგროვებული მონატრებისთვის ფეხის აწყობა, რამდენი სიტყვა დარჩა უთქმელი, რამდენი საყვედურისგან შეიკავა თავი, რამხელა თანაგრძნობას მოითხოვდა მისგან მისი ორად გაყოფილი ცხოვრება, როგორი აუტანელი ეჩვენებოდა ზოგჯერ მისი პარალელური სამყაროს ნაწილად ყოფნა და როგორ აღელვებდა კოსტიას სურვილი, მისით შეეცნო სიყვარული და როგორ აშინებდა იმავდროულად.

„ეს არის ის ქალი, რომელიც ჩემი სხეულის ყოველი ძარღვით ვგრძობ, რომელიც ჩემს ფიქრებში ცხოვრობს, რომელიც ისეთი ლამაზია, რომ მტკივა, რადგან ის განწირულია, რადგან ვიცი, მისი გადარჩენა არ შემიძლია, ვერ დავიცავ ვერც საკუთარი თავისგან, ვერც სამყაროსგან. ქალი, რომელმაც მასწავლა დავიწყება და შეგრძნება ხელებით და თვალებით. ‘’

მაგრამ იდა კარგი მასწავლებელი იყო და წლების წინათ რის ახსნასაც თავისი მოსწავლეებისთვს ცდილობდა  როიალის შავ-თეთრ კლავიშებთან, კოსტიასაც ასწავლიდა და ამაში მთელ სულსა და სხეულს დებდა. ასწავლა საიდუმლოს შენახვა, უსიტყვოდ ლაპარაკი და მის გარეშე ცხოვრებაც ასწავლა. და მიუხედავად იმისა, რომ ცოლი მოიყვანა, შვილები გააჩინა და დიდხანს, ძალიან დიდხანს იცხოვრა (ქორწინება ხომ ხშირად უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სიყვარული) იდა დარჩა ერთადერთ ქალად, რომელმაც უპირობო სიყვარული ასწავლა და უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა.

კიტი

სიცოცხლის დასაწყებად მშვენიერი დღე იდგა. პაწაწინა ჭიამაიები და ზარმაცი ბზიკები ჰაერში დაფრინავდნენ. ასეთ დღეს ჩრდილში წამოწოლა და მწიფე ლეღვისა და რბილი კარალიოკის ჭამა იქნებოდა კარგი, მაგრამ კიტი შიშველი ხელებით მიწას თხრიდა, მუხის ძირას, პატარა, წარმოუდგენლად პატარა ბორცვის ქვეშ მისი არადაბადებული შვილის პაწაწინა სხეული ემარხა. კიტიმ ხელებით შეიგრძნო მისი სხეული, სამარადისოდ დატოვა თავის სიზმრებში, პარალელურ სამყაროში, რომელიც მხოლოდ დახუჭული თვალების მიღმა არსებობდა. ალერსით გადაუსვა ხელისგული მიწის გროვას. სახე მიწას დაადო და მისი გემო შეიგრძნო. შვილის სიყვარული ვერ ამოკვეთეს, შიგნიდან ფლეთდა და ყოველ გატოკებაზე უარესად ერჭობოდა ნაკერებზე. კიტიმ  მტკიცედ გადაწყვიტა აღარ ეძებნა ახალი სამყარო, ახალი კონტინენტები, ოცნებების ქალაქები, რადგან ქვიშის ციხესიმაგრეები ზღვის მოქცევის დროს იძირება.

კიტი ხვდებოდა წინ ნამსხვერევებით სავსე თვეები ელოდა და იარები რომ არ დარჩენოდა, ამ ნამსხვრევებზე სიარული უნდა ესწავლა. წლების შემდეგ, სხვა ქვეყანაში, სხვა ცხოვრებაში არავინ იცის  ანათებდა თუ არა მთვარე იმ ღამით წყალს, რომელსაც საკუთარი სხეული გაატანა. ცივი იყო წყალი? ისევ ჰქონდა პირში იმ მიწის გემო, ის სიმწარე? გაახსენდა ანდრო, ანგელოზებს რომ თლიდა?

ბრილკას

‘’სამყარო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს. ადამიანები ყოველთვის არ ასრულებენ დანაპირებს. სიყვარული ცვალებადია. სიახლოვე კი შეიძლება აბრეშუმის ძაფივით ყოველ წამს გაწყდეს. გრძნობები ყოველდღიურად იცვლება და სიყვარულიდან შეიძლება სიძულვილი აღმოცენდეს.

როგორი გემო აქვს სიყვარულს? რატომ არის ცრემლი მლაშე. რატომ აქვთ ვეშაპებს შადრევნები. რატომ აქვთ პეპლებს ხანმოკლე სიცოცხლე, ყვავებს კი ხანგრძლივი. რატომ ყვავის იასამინი ასე ცოტახანს? რატომ არ ცვივიან ჩიტები ციდან როცა იხოცებიან?  რატომ არ ვყირავდებით როცა დედამიწა ბრუნავს. და ყოველთვის როდესაც გულუბრყვილოდ ვიჯერებთ, რომ სიტყვები სიყვარულის ჩანაცლებას შეძლებენ, ვცდებით, რა თქმა უნდა ვცდებით.

ერთ დღესაც ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა. რაღაც დაიძრა ამ მაღალჭერიანი მივიწყებული წიგნებით სავსე ბინის მიღმა, სადაც გულმოდგინედ დავახვავე ლამპები, ზეცა რომ ჩამენაცვლებინა. ნამდვილი სინათლის ილუზია შემექმნა. ჩემი პირადი გვირაბის განათება. თუმცა გვირაბი გვირაბად დარჩა. ის განათება კი ხანმოკლე დროებითი ნუგეში იყო მხოლოდ.

შენ იმსახურებ მერვე სიცოცხლეს, როგორც ამბობენ ციფრი რვა უსასრულობის, მარადიული დინების ტოლფასია. მე შენ გჩუქნი ჩემს რვიანს.  შენი ჯერია, ბრილკა. მე შენი გული ვიშვილე, ჩემი კი მოვისროლე. შენი იყოს ჩემი რვიანი, ბრილკა.

შენ უნდა გააპო ზეცა და ქაოსი. გაგვცდე ყველას, გაარღვიო ეს სტრიქონები, გაარღვიო მოჩვენებითი სამყაროც და რეალურიც. გაკვეთო სიყვარულისა და რწმენის ცვალებადობ. გაკვეთო ბედისწერა, რომელიც არასდროს არსებობდა. მეც უნდა მძლიო და საკუთარ თავსაც.

ყველა ომი უნდა გადაიტანო. ყველა საზღვარი უნდა გადალახო. მე შენ გიძღვნი ყველა ღმერთს და ყველა გვირგვინს, ყველა ხანძარს, ყველა თავმოკვეთილ ოცნებას, ყველა ისტორიას. რვიანი ბრილკა, რვიანზე იფიქრე.

გახდი ის, ვინც ვიყავით ან არ ვიყავით. გახდი ლეიტენტანტი, ბაგირზე მოცეკვავე, მეზღვაური, მსახიობი, კინორეჟისორი, პიანისტი, შეყვარებული, დედა, მწერალი… გახდი წითელი ან თეთრი ან ლურჯი. გახდი ქაოსი და ზეცა, ისიც და მეც და ნუ იქნები ნურც ერთი, ოღონდ არ გაჩერდე, არ გაჩერდე და გააგრძელე პა-დე-დეს ცეკვა.

გადალახე ეს ამბავი და უკან მოიტოვე.

მე ყველა სიტყვა დაგიწერე, რაც მებადა.

გამცდი მეც და საკუთარ თავსაც.“

3 responses to “მერვე სიცოცხლე

  1. ‘’სამყარო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს. ადამიანები ყოველთვის არ ასრულებენ დანაპირებს. სიყვარული ცვალებადია. სიახლოვე კი შეიძლება აბრეშუმის ძაფივით ყოველ წამს გაწყდეს. გრძნობები ყოველდღიურად იცვლება და სიყვარულიდან შეიძლება სიძულვილი აღმოცენდეს.“

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი