კლიმტის ,,კოცნა“ ვენაში და სიყვარული, რომელიც გკლავს

,,კლიმტის“  დაბადების  დღე

IMG_6068 ჩემმა კურსელმა ბიჭმა ერთხელ ასეთი ამბავი მომიყვა: ძალიან მიყვარდა ერთი გოგო, მაგრამ ეს გოგო ჩემს გრძნობებს არ იზიარებდა. გამუდმებით ვთხოვდი შეხვედრას და უარს მეუბნებოდა. ერთი წლის შემდეგ შემთხვევით ვნახე და ვთხოვე მხოლოდ ერთხელ შემხვედროდა. ცოტა ხანს დაფიქრდა და მერე მითხრა- ერთ შეკითხვას დაგისმევ და თუ მიპასუხებ შეგხვდებიო. ეს შეკითხვა იყო – როდის არის ჩემი დაბადების დღე? თვე კი მახსოვდა, მაგრამ რიცხვი ვერაფრით გავიხსენე 15…16…17… არაფერი მითქვამს, შემოვტრიალდი და წამოვედი. იმ დღის მერე ეს გოგო აღარ მინახავსო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ისტორიიდან ბევრი წელი გავიდა და არც იმ გოგოს ვიცნობდი, ყველა დაბადების დღეზე ეს ამბავი მახსენდება. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის, ისევე როგორც იმ გოგოსთვის, სრულიად წარმოუდგენელია დაგავიწყდეს საყვარელი ადამიანის დაბადების დღე.

წელს  განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა, კლიმტის დაბადების დღე. ერთი წლის წინ თამუნამ კლიმტის აიფონის ქეისი მაჩუქა და 365 დღე სულ ხელში მეჭირა, ქეთიმ კლიმტის ,,ადელის“ ძალიან ლამაზი ყელსახვევი. სრულიად წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი იყო  კარი რომ გავაღე და ზინიკო დამხვდა კლიმტის ნახატების წიგნით. ეს არის კლიმტის ნახატების უნიკალური გამოცემა, ასეთი წიგნი მე ჯერ არ მინახავს. გარდა იმისა, რომ საოცარი წიგნია, ფასიც საოცარი აქვს . დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ ერთადერთხელ წამომცდა-კლიმტის წიგნი ვნახე-თქო.  არ ვიცი მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო. ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ. კლიმტის დაბადების დღე თავად კლიმტის გარეშე სრულყოფილი არ იქნებოდა, ამიტომ  ვენაში ჩავფრინდი კლიმტის ,,კოცნის“  სანახავად.

კლიმტის ,,კოცნა“

01 მას შემდეგ რაც ვენიდან ჩამოვიტანე კლიმტის ,,კოცნის“ ბლოკნოტი, ნახატი, რეპროდუქცია, ფინჯანი, სარკე, მაცივარზე მისაკრობი მაგნიტები, ხელსახოცი და კიდევ უამრავი სუვენირი, დედაჩემმა და ჩემმა ძმამ გაოცებულებმა ერთხმად მკითხეს რატომ მიყვარს მაინცდამაინც ეს ნახატი. პასუხი ამ კითხვაზე მაქვს და თან არც მაქვს. მიყვარს და მორჩა. ჩემთვის ეს  ნახატი სიყვარულის სიმბოლოა.

1908-1909 წლებში, ავსტრიელმა სიმბოლისტმა მხატვარმა გუსტავ კლიმტმა შექმნა ნახატი-The Kiss (Lovers). The Kuss ყველაზე ცნობილი ნახატია კლიმტის ,,ოქროს პერიოდიდან“. შეყვარებული წყვილი დგას უფსკრულის პირას, ეს სიყვარულის უფსკრულია. მამაკაცს აცვია ოქროსფერი მოსასხამი, თავზე ადგას დაფნის გვირგვინი, ქალს აცვია  ულამაზესი ყვითელი კაბა, ოქროსფერ თმაში ჩაბნეული აქვს ყვავილები და მამაკაცი კოცნის ქალს არა ტუჩებში, არამედ ლოყაზე, რაც ქალის მიმართ პატივისცემას და მოწიწებას გამოხატავს.

ჯულია რობერტსი ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საყვარელი ქალი მსახიობია.  ერთ-ერთ ფილმში ,,Dying  Young” ლეიკემიით დაავადებული ბიჭის მომვლელს თამაშობს. განსაკუთრებით ის სცენა მიყვარს, ვიქტორი პროექტორით კლიმტის ნახატებს რომ ანახებს და თან ისტორიებს უყვება, ერთ-ერთი კლიმტის ,,კოცნაა“, ოქროსფერზე ოქროსფერი კოცნა.

ბელვედერში ვათვალიერებდი ნახატებს და თან გულში ვფიქრობდი, რომ აქ სადღაც ეკიდა ჩემი ყველაზე საყვარელი ნახატი. სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი  კლიმტის ოთახში და  ვხედავ ,,კოცნას“ და მესმის ჩემი გულისცემის ხმა და ვგრძნობ, რომ ეს ის მომენტია, როცა შეიძლება გულიც გაგისკდეს, როცა საკუთარი თავის გშურს. ვერ ვლაპარაკობ, უბრალოდ ვდაგავარ და ვუყურებ და მესმის როგორ მიფეთქავს გული. არ ვფიქრობ სამსახურის საქმეებზე, სადოქტორო ნაშრომზე, ყოფიერების ასატან თუ აუტანელ სიმსუბუქეზე, არ ვფიქრობ არავისზე და არაფერზე დედამიწის ზურგზე. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ,,კოცნის“  წინ.

02 ბელვედერში ყველა ნახატთან იდგნენ ე.წ. ,,ნახატის მცველები“, რომლებიც ფოტოს გადაღებას კრძალავდნენ. კლიმტის ,,კოცნასთან“ ყველაზე ცუდი გოგო იდგა, 2 თვალის ნაცვლად 22 თვალი ჰქონდა და ქეთიმ მართლა სიცოცხლის ფასად გადამიღო სამი ფოტო. მადლობა, მადლობა, მადლობა ქეთის  ფოტოებისთვის.

ჩვენი ვენაში ყოფნის პერიოდს დაემთხვა გამოფენა – კლიმტის ,,კოცნა“ და ენდი ვორჰოლის ,,კოცნა“ [Klimt & Warhol – Kiss & Kiss]. პატარა ოთახში პროექტორზე გადიოდა ენდი ვორჰოლის მიერ გადაღებული 50 წუთიანი ფილმი, სადაც შეყვარებული წყვილები კოცნიდნენ ერთმანეთს. 04 ვენა-მის ქუჩებზე კულტურაა დაგებული, სხვა ქალაქების ქუჩაზე უბრალოდ ასფალტი

ვენა არის ქალაქი, სადაც ასფალტის ნაცვლად მართლა კულტურაა დაგებული. მეტროში და მიწისქვეშა გადასასვლელშიც კი მოცარტის მუსიკა ისმის. ეს არის ქალაქი, რომელიც ძალიან ლამაზია, ძალიან ელეგანტური და მდიდარი, მაგრამ ამ ქალაქში არასდროს ვიცხოვრებდი. სიცივე ვენაში ძვლებში ატანდა, შუა აგვისტოში ისე ციოდა, მეგონა თოვლი წამოვიდოდა. პრაღას სითბო და სხვა მომხიბვლელობა ჰქონდა ჩემთვის. პრაღაში დავბრუნდებოდი ბევრჯერ, ვენაში- მხოლოდ კლიმტის სანახავად.  თითქოს ჩავიკარგეთ ამ დიდ ქალაქში, რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა- ვარ და არც ვარ. ჩემი არსებობა და ყოფნა  გამჭვირვალე გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ვენა კულტურის ცენტრია, აკლია რაღაც, რაც გულს გაგითბობს, რაც ამ ქალაქში კიდევ ერთხელ დაგაბრუნებს. 03 ბელვედერის სასახლე (Belvedere Palace) ოთხი განყოფილებისგან შედგება- Upper  Belvedere, Lower Belvedere, Winter Palace  და 21 er Haus.  ყველაზე შთამბეჭდავი Upper Belvedere -ია, სადაც ნახავთ ყველაზე ლამაზ კოცნას მთელს მსოფლიოში, გუსტავ კლიმტის, ვან გოგის, ეგონ შილეს, ოსკარ კოკოშკას, კლოდ მონეს, გუსტავ კუბერტის, რენუარის, ოგიუსტ როდენის ნამუშევრებს. ბელვედერის პარკი ისეთი ლამაზია, საათობით რომ ისეირნო არ მოგწყინდება.

ბელვედერის პარკს ვერ შეედრება, მაგრამ ვენაში კიდევ ერთი ლამაზი და ყველაზე ცნობილი პარკია – The Prater . აქ არის წითელი ბორბალი, რომელიც ვენის სიმბოლოდ ითვლება.  თუმცა სიმაღლის შიშის გამო ვერ გავბედეთ ზემოდან გადმოგვეხედა ვენისთვის. პრატერის პარკშია მადამ ტუსოს მუზეუმი. მადამ ტუსოს მუზეუმში ყველაზე მეტად ანა ფრანკის ცვილის ფიგურა მომეწონა, ანა იჯდა თავის ოთახში, მაგიდასთან და წერდა დღიურს, რომელშიც მისი ფოტო იყო ჩაკრული, იქვე ეწყო მისი საყვარელი წიგნები და კაბები. ისმოდა საკონცენტრაციო ბანაკის ხმა და უცებ ისე მომეწურა გული, ტირილი მომინდა, ანას სახეზე მოვეფერე, ნამდვილს ჰგავდა. ანას ოთახის გვერდით ოსკარ შინდლერის ფიგურა იყო. კაცის, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ებრაელი  იხსნა სიკვდილისგან.

ყველაზე ელეგანტური და მომხიბვლელი ქალი ოდრი ჰეპბერნი საუზმეზე ეპატიჟებოდა ყველას, ვისაც უყვარს მისი ,,Moon River” ფილმიდან ,,Breakfast at Tiffanys”. ჯულია რობერტსი სულაც არ ჰგავდა თავის თავს და რაღაცნაირად გული დამწყდა. ჩემი გუსტავ კლიმტი იდგა ფუნჯით ხელში და იქვე იყო მისი ნახატი  ,,The Kiss”. ვენის ოპერა მსოფლიო ოპერებს შორის ერთ-ერთი პირველია. პარიკში და წითელ მოსასხამში გამოწყობილი მსახიობები ოპერის წინ ყიდდნენ ბილეთებს. მე ქეთიმ, თეაკომ და  გვანცამ ადგილზე თათბირით გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა ის საღამო შოპინგისთვის დაგვეთმო და ოპერაც მხოლოდ გარედან დავათვალიერეთ.

წიგნები. წიგნები. წიგნები

ელფრიდე იელინეკიავსტრიელი რომანისტი, დრამატურგი, პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.  ქალ მწერლებს შორის იელინეკი მართლაც გამორჩეულია, ქართულ ენაზე ნათარგმნია მისი ორი რომანი: ,,საყვარლები“ და ,,პიანისტი ქალი“. ,,პიანისტი ქალი“  ძალიან მაფრი პასაჟებით მკითხველზე შთაბეჭდილებას ახდენს, ან ძალიან მოსწონთ ხოლმე ან საერთოდ არ მოსწონთ. მე ისე დამთრგუნა ერიკას საშინელმა ცხოვრებამ და მარტოობამ, რომ ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიც კი არ ვნახე.

შტეფან ცვაიგი- ავსტრიელ მწერლებს შორის ყველაზე გამორჩეული შტეფან ცვაიგია. მის ნაწარმოებებზე აღარ დავწერ, რადგან ბლოგზე ცალკე პოსტი მივუძღვენი- ,,შტეფან ცვაიგის ქალები“. მხოლოდ სამ ნოველას გამოვყოფ: ,,ქალის ცხოვრების 24 საათი“, ,,უცნობი ქალის წერილი“ და ,,საჭადრაკო ნოველა“.

რობერტ მუზილი- ავსტრიელი მწერალი, დრამატურგი და ესეისტი. მუზილის ,,უთვისებო კაცი”  ავსტრიული კულტურის, ავსტრიული ლიტერატურის სიმბოლოდ იქცა. მუზილი მთელი ცხოვრება მუშაობდა ამ წიგნზე და მიუხედავად იმისა, რომ 1200 გვერდია, მაინც დაუმთავრებელი დარჩა.  ,,უთვისებო კაცი“ გამომცემლობა ,,დიოგენემ“ გამოსცა და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს წიგნი შეიძინა. დიდი მონდომებით დავიწყე კითხვა, მაგრამ გვერდნახევრიანი წინადადებებიდან აზრის გამოტანა უკიდურესად გამიჭირდა და შევწყვიტე. არადა არ მიყვარს თაროებიდან რომ წაუკითხავი წიგნები შემომყურებენ. ქართულ ენაზე ორივე ტომია ნათარგმნი, ასე რომ თუ ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებთ და  არც სიძნელეების გეშინიათ ,,უთვისებო კაცი“ სწორედ თქვენთვისაა. ,,უთვისებო კაცისგან“ განსხვავებით ჩემი საყვარელი წიგნია რობერტ მუზილის ,,სამი ქალი“.  მუზილი აღწერს სამი ქალის ცხოვრებას- გრიჯია, პორტუგალიელი ქალი და ტონკა. არსებობენ ასეთი ქალებიც, ზაფხულის მზიან დღეს ციდან ჩამოვარდნილი თოვლის ფანტელების რომ სჯერათ. IMG_5924 სიყვარული, რომელიც გკლავს

ბელვედერში იყო მარინა აბრამოვიჩის ოქროსფერი პორტრეტი, რომელიც  იცვლებოდა  და ცოცხალის შთაბეჭდილებას ქმნიდა. მარინა აბრამოვიჩი თანამედროვე არტისტია, მისი პერფომანსები გამოირჩევა უკიდურესი ინდივიდუალიზმით და ისეთი სიმძაფრით, რომელიც ლაპარაკის უნარს გართმევს.

მარინა აბრამოვიჩი და გერმანელი უვე ლაისიპენი-ულაი 1976 წელს, ამსტერდამში შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ერთად ყოფნის პერიოდში ერთანირად იცმევდნენ, ყველგან ერთად დადიოდნენ და მათი სიყვარული ყველასგან გამორჩეული იყო. 1988 წელს მარინამ და ულაიმ გადაწყვიტეს სულების მოგზაურობა მოეწყოთ, ჩინეთის დიდი კედლის ორი საწინააღმდეგო მიმართულებიდან წამოვიდნენ და კედლის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. ულაიმ სვლა გობის უდაბნოდან დაიწყო, მარინამ ყვითელი ზღვიდან. მას შემდეგ, რაც  2 500 კილომეტრი გაიარეს და ერთმანეთს შეხვდნენ, მარინა და ულაი სამუდამოდ დაშორდნენ და ერთმანეთი აღარ უნახავთ. Marina-and-Ulay 2010 წელს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, მარინა აბრამოვიჩმა მოაწყო პერფომანსი სახელწოდებით ,,ხელოვანი აწმყოა“. პერფომანსის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ მარინა მუზეუმში შესულ ყველა დამთვალიერებს თვალებში უყურებდა. პერფომანსი 716 საათს გაგრძელდა, მარინამ 1500-ზე მეტ ადამიანს ჩახედა თვალებში. ზის მარინა სკამზე, აცვია ულამაზესი წითელი კაბა, თვალები დახუჭული აქვს,  არ იცის ვინ იქნება შემდეგი, ახელს თვალებს და 22 წლიანი განშორების შემდეგ ხედავს ულაის. ამ კადრებს რამდენჯერაც ვუყურე, იმდენჯერ ცრემლებს ვერ ვიკავებ. ეს ქალი  კანს შიგნით გრძნობს ტკივილს. თვალებში ტკივილის გაყინული  ტბები აქვს. ეს არის სიყვარული, გკლავს და მაინც გინდა.

11 IMG_5985IMG_6558IMG_6557 IMG_5804 21   20IMG_6561   book 22

13 responses to “კლიმტის ,,კოცნა“ ვენაში და სიყვარული, რომელიც გკლავს

  1. სალომე, არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო ამ პოსტზე.. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივია! შენი თითოეული პოსტი ერთმანეთზე უკეთესია, დახვეწილად დაწერილი.. ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ყოველ ახალ პოსტს ინტერესით და დიდი სიხარულით ვკითხულობ. კომენტარებს აქამდე ვერ ვწერდი, სამსახურში ჩემი ,,ექაუნთით” ვერ შემოვდიოდი, მაგრამ სულ, სულ ვსტუმრობდი შენს ბლოგს და სასიამოვნო ემოციებით ვიხუნძლებოდი🙂

    Liked by 1 person

    • რუსა:**** ძალიან, ძალიან დიდი მადლობა:*** მთავარი კომენტარები არ არის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის წერილებია, რასაც პირად შეტყობინებებში მწერენ:***

      Like

  2. რა კარგი პოსტიაა , ვისიამოვნე , თავისი ფოტოებით და ყველაფრით

    Liked by 1 person

    • ირინა დიდი მადლობა: ))) უფრო მეტი ფოტოს ატვირთვა მინდოდა, მაგრამ wordpress – მა უარი განაცხადა: )))

      Like

  3. მომკლა ამ პოსტმა, მიმანადგურა თავიდან ბოლომდე.
    კლიმტის კოცნა ჩემი ფავორიტიცაა, ასევე გაუგებრად, უმიზეზოდ, უზომოდ.
    სიამოვნებით წავიკითხე. ფოტოები უმშვენიერესია. გილოცავ, რომ ასეთი ბედნიერი ხარ და ბევრ მსგავსს გისურვებ შენც და ჩემს თავსაც.
    მაგრამ ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად მემძიმა, გულზე მომხვდა თუ რა იყო, არ ვიცი. მთელი საღამოს ცუდი ხასიათი გადაფარა. მარინა აბრამოვიჩზე მხოლოდ ყურმოკვრით თუ ვიცოდი, ამბავი რომ წავიკითხე და ვიდეოს ვუყურე გადმომცვივდა ეს ცრემლები და თავიც ვერ შევიკავე.
    ძალიან კარგი ხარ❤

    Liked by 1 person

  4. როგორ მიხარია ასეთი კომენატრების წაკითხვა:**** მადლობა, მადლობა, მადლობა:*** არ მინდოდა სევდიანი გამოსულიყო და მაინც… ვერ მოვიშორე ეს სევდა. ფრანსუაზა საგანივით დამემართა ,,სალამი, სევდავ!” და აჰაა აღარ მიდის: )))

    Like

  5. სალომეაა,
    უბრალოდ ძალიან გამიხარდა, რომ ეს ყველაფერი ნახე და ნატვრა აიხდინე. რუსას ვეთანხმები სრულად. ემოციებით ავივსე, თან იმდენი ნაცობი მოგონება იყო ერთ პოსტში…

    Liked by 1 person

  6. Sorrow Is My Virtue- მადლობა:* შენი ბლოგი წავიკითხე გუშინ, მაგრამ ბოლომდე ძალა არ მეყო და გავწყვიტე. მივუბრუნდები ერთ დღესაც, როცა ჩემი ,,Sorrow won’t be my virtue”

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s