რა ფერი აქვს დავიწყებას?

მელიების  სოფელი

მუქი მწვანე მანქანა, ხეების ჩრდილში სხვა მნახველების მანქანების გვერდით იდგა. სანატორიუმში, ერთ-ერთ პალატაში პატარა ბიჭი, დედასთან და მამასთან ერთად ვიღაც უცნობი ქალის მოსანახულებლად მივიდა.  ვერ ხვდებოდა ეს ქალი ვინ იყო, ვისაც მამა ასე ხალისით ელაპარაკებოდა. ეს ქალი არასდროს ენახა. გასაშტერებელი მომწვანო თვალებით, უპეებამოშავებული, ავადმყოფი, ვერცხლის ბეჭდებით დამძიმებული თითებით. ან მათ სტუმრობას რა უნდა მოეტანა მისთვის. ან ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიცილის პატარა ტალღებს, გაჩენისთანავე განწირულები რომ მოჩანდნენ, ნაპირის ქვიშამდე რომ ვერასდროს მიაღწევდნენ. მიქცევა. მოქცევა. თავის მოტყუება უნდა ყოფილიყო რაღაც დიდის, ხმებით ამოვსებულის ქვეყნიერების დამაქცევარი ძალით აგუგუნებულის მოლოდინი.

არადა სახლში დედამ უთხრა მამას მთებში და ტყეებში და მელიების სოფელში მივყავართო, თუმცა მელიები არსად უნახავს. წამითაც არ უფიქრია, რომ მელიების სოფელში მელიების ნახვა ასე გაუძნელდებოდა. რომ ხეებს, ბუჩქებს ამოეფარებოდნენ, სოროებში შეძვრებოდნენ. გამოცდა იყო ყველაფერი, მთელი ეს დღე. გამოვლილი და გასავლელი გზა. ფარდაგადაწეული ფანჯრისკენ როცა გაიხედა რაფაზე ახლაღა შენიშნა თეთრი თაბაშირის მელია, კუდი რომ სანახევროდ ჩამოსტეხოდა. ,,მელიები?” ჰკითხა მამას. ,,სხვა დროს, სხვა დროს” უპასუხა მამამ, რაღაცაზე გაბრაზებულმა.

მერე იყო ხმაური. დედა მამას ეკითხებოდა აქ რატომ ამოგვიყვანეო. ფანჯარაში იხედებოდა, თავს ჯიუტად არ აბრუნებდა მისკენ, ვისი სიჩუმეც გატეხა და ნატეხები კალთაში ჩაუყარა. მამა თავს იმართლებდა, რომ წამალი ამოუტანა. მანქანაში ყვიროდნენ. მანქანაც ხან მარცხნივ გადაქანდებოდა, ხან გასწორდებოდა. დედა ყვიროდა- მანქანა გააჩერე და მითხარი იმ სოფელში რა გვინდოდაო. მამა პასუხობდა- ავადმყოფურად ეჭვიანი ხარო! გამწარებული დედა შეკითხვას უბრუნებდა – და შენ ვინ ხარ? და შენ ვინ ხარ?

ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! უფრო ნელა და ხმადაბლა ამბობდა მამამ. მერე კი ხელი საჭეს გაუშვა და  მარცხნივ გაიხედა სხვა სიბნელისკენ. არავის ახსოვდა რომ მანქანის უკანა სავარძელზე პატარა ბიჭი იჯდა. მუხლებში თავჩარგული, ნატკენი მუხლით და კბილებს შორის მოქცეული დაუღეჭავი მსხლის თუ ნესვის კანფეტით. გემოთი ჯერ რომ ვერ გაერკვია. ეს პატარა ბიჭი მელიებზე ფიქრობდა. ერთი წითური მელია მაინც ენახა იმ სოფელში, მისი ყურადღების მისაპრობად რომ გააქნევდა ფაფუკ, ბოლოში გაწვრილებულ კუდს.

შუა ხიდზე შედგნენ. მართლა ესმოდა მდინარის ხმა თუ ეჩვენებოდა. მამა კანკალს აეტანა. ალბათ ტიროდა კიდეც. წუთიდან წუთამდე გულისცემას უჩქარებდა. ბიჭი იმ ქალზე ფიქრობდა, ხატავს და თავის ნახატებს ჯადოქარივით აცოცხლებსო. პალატაში ნახატები არსად ჩანდა. განა ისე ავად იყო მთაში, სოფელში დიდი ხნით დარჩენილს ხატვის წადილი არ დასწოლოდა გულზე, მელიებთან – სამყაროს ყველაზე მშვენიერ არსებებთან დაახლოება, მათი საიდუმლოს ამოხსნა არ მონდომებოდა.

ეს ამბავი აქ არ მთავრდება.  ოთხი ნაწილია- ხის თოჯინა. მელიების სოფელი. გოგონა ზაფხულის ღამიდან და აწყვეტილი ღილები. საოცარი წერის სტილი აქვს ავტორს და განსხვავებული ენა.  თითქოს უღრან, უსიერ ტყეში შედიხარ და გზას ვერ იკვლევ. კითხულობ და სულ ამაზე გეფიქრება- როგორია მელიების თოვლიანი სოფელი. საკვამურები. მიტოვებული სახლები, სადღაც აქა-იქ მბჟუტავი სინათლე. ულამაზესი მელიები, გრძელკუდები, დარბიან თოვლში. მარტოობაში, მარტოობაში, მარტოობაში.

მთავარი ამბავი ყოველდღიურობის გადატანაზეა. წონაგამქრალი, საკუთარ თავს რომ გვერდით ამოუდგები, გასამხნეველბლად მხარზე ხელს დაადებ და ეტყვი- შეიძლება არც არაფერია ისე ცუდად, როგორც ცოტა ხნის წინ გეგონა და რისი შენარჩუნებაც ვერ მოახერხე, რაც თითებიდან გამოგეცალა. მხოლოდ შუქთა თამაშისას შექმნილ, მაცდუნებლად მოძრავ გამოსახულებას წარმოადგენდა- აენთო, აციმციმდა და უცაბედად ჩაქრა.

2022 წელს ირმა ტაველიძეს წლის საუკეთესო რომანისთვის ,,ბნელ წყლებში”  პრემია ,,საბა” გადაეცა. საშინელი უსამართლობა იქნებოდა ასე რომ არ მომხდარიყო.  ინტერვიუში ზუსტად აღწერა ზამთრის განწყობა- ,,ძალიან მიყვარს წელიწადის ის მონაკვეთი, ახალი წელიც რომ დამთავრდება, შობაც და ყველა დღესასწაული. და მერე იწყება ერთფეროვანი, მოსაწყენი ზამთრის დღეები. აი ის დღეები მიყვარს. რაც უფრო ცუდი ამინდია გარეთ, რაც უფრო  უხალისოა. მაშინ მართალი ვარ საკუთარ თავთან. არაფერი გარეთ არ ხდება და  ინტროვერტული ცხოვრების წესი თითქოს მართლდება. ზაფხულში, როცა ყველა ერთობა, სადღაც მიდიან და ხმაურია, ამ დროს მე ვზივარ, ვმუშაობ, მხოლოდ ფანჯარა მაქვს ღია და ფანრიდან შემოდის ხმაური, ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც გამოვტოვე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. სულ მაქვს ეს განცდა, დღემდე, რომ ცხოვრება მიდის. ზამთრის მიწურულს კი ეს განცდა არ მაქვს.”

დეკემბერში ბელგიიდან შოკოლადები ჩამოვიტანე ლამაზი ყუთებით, სასაჩუქრე შეფუთვით. მერე როგორც ხდება ხოლმე, როცა დავარიგე, აღმოჩნდა, რომ საკმარისი მაინც არ არის. ვიღაცას გულით გინდა ნამდვილი შოკოლადი გაუყო და აღარ გაქვს. ერთი პატარა შოკოლადის ყუთი მქონდა დარჩენილი. ბევრი ადრესატი ჰყავდა ამ პატარა შოკოლადის ყუთს. ვერ გადამეწყვიტა ვისთვის მიმეცა.

როგორც იქნა ჩავლილი დღესასწაულების შემდეგ დამდგარი ზამთრის მშვიდ და არაფრისმთქმელ დღეს, ახალი წიგნებიდან ირმა ტაველიძის წიგნის ყდამ დამიძახა. დავიწყე კითხვა და ვეღარც დავიძინე. იმ ღამეს გადავწყვიტე, რომ ეს შოკოლადი საკუთარი თავისთვის მიმეცა. თითქოს არც არაფერია,  შოკოლადზე საერთოდ არ ვგიჟდები, თუმცა მთავარი მაინც ეს განცდა იყო, რაც არასდროს მქონია- რომ შენთვის გინდა, მარტო შენთვის. გავხსენი შოკოლადის ყუთი და მივხვდი- დავიწყებას შავი შოკოლადის მომწარო გემო ჰქონდა.

დატოვე კომენტარი