მშფოთვარე ადამიანები

სტოკჰოლმი. სასტუმრო ,,შერატონი”. დილის  08:25 საათი 

საუზმისთვის 15 წუთზე ნაკლები მქონდა, შეხვედრა დილის 9 საათზე იწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 08:50 საათზე უკვე გამოწყობილი, ბედნიერი სახით უნდა წარვმსდგარიყავი და შეკითხვაზე – როგორც მოგწონთ შვედეთი, სტოკჰოლმში პირველად ხართ? თავაზიანად მეპასუხა- ძალიან მომწონს, უკვე მეოთხედ ჩამოვედი, ისეთი სუფთა ჰაერია,  მშვიდი გარემო… 

სინამდვილეში სტოკჰოლმი არ მომწონდა. სტოკჰოლმში არ წასვლის მიზეზს სასოწარკვეთილი ვეძებდი. უარის თქმის ლეგიტიმური საფუძვლები პარიზზე, სირაკუზასა და სტრასბურგზე მქონდა ამოწურული. საკუთარ თავს პირობა მივეცი, მეოთხედ მაინც მიმეცა შანსი ამ ქალაქისთვის,  სადაც სულ წვიმდა, არ ღამდებოდა, მუდმივად ნაცრისფერი იყო და ამინდი დღეში რამდენჯერმე გულისგამაწვრილებლად  იცვლებოდა. 

შვედური საუზმიდან მხოლოდ პური, რამდენიმე სახეობის ყველი და კრუასანი ავიღე. ყავის აპარატთან უზარმაზარი რიგი იდგა, სევდიანად გავყურებდი რიგში ჩამდგარ მშფოთვარე ადამიანებს და იმედი გადაწურული მქონდა, ყავის აღებას ვერ მოვასწრებდი. დედაჩემთან გასაგზავნი პროდუქტები მოვნიშნე და გლოვოს აპლიკაცია სწრაფად ჩავხურე. პურის პატარა ნატეხზე ბრი გადავისვი და ზარიც გაისმა- 

სალი გამაჯობა, სუპერმარკეტიდან გირეკავთ, თქვენი შეკვეთა მივიღეთ … დაზეპირებულ ტექსტს ბოლო არ უჩანდა. შვედეთში ვარ, მოკლედ მითხარით- ვცადე სიტყვა ჩამეკვეხებინა, მაგრამ კონსულტანტი გოგო არ ნებდებოდა-  შეკვეთაში მონიშნულია ბროკოლი, ბროკოლი აღარ გვაქვს, მართალია აპლიკაციაში არ უნდა გიჩვენებდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზია, ვეღარ მოვასწარით ჩასწორება, შეგვიძლია ბროკოლი ყვავილოვანი კომბოსტოთი ჩავანაცვლოთ.

საათს დავხედე- ზუსტად 7 წუთი ლაპარაკობდა აპლიკაციაზე, ხარვეზზე, მწვანე, ხასხასა, სასარგებლო, ვიტამინებით სავსე ბროკოლზე (ბროკოლი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას- სულფაროფანს, აგრეთვე, შეიცავს უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, თუთიას…) თუმცა სამწუხაროდ და საუბედუროდ ბროკოლი იმ დღეს საქართველოში დედაჩემთან ვერ აღმოჩნდებოდა, ვინაიდან და რადგანაც  და აგრძელებდა მიზეზების ჩამოთვლას… და რაც მთავარია, უმორჩილესად მთხოვდა ამ ამბავს სტოკჰოლმში, გაგებით მოვკიდებოდი. ყველაფერი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, მშვიდად ვუპასუხე და გავთიშე. როგორც იქნა ლუკმა გადავყლაპე. 

ყავის რიგს ბოლო არ უჩანდა, პირიქით, ხალხი უფრო და უფრო მატულობდა, კრუასანის გემოს გასინჯვას ვცდილობდი და ისევ გაისმა ზარი- ვიცი რომ შვედეთში ხართ, მაგრამ ახლა გადავამოწმე და  მითითებული გაქვთ- ვაშლი გოლდენი, ჩვენ გვაქვს მწვანე ვაშლი იმპორტული,  ამ შემთხვევაში ფასი გაიზრდება, საქართველში ვაშლის ინტენსიური წარმოებისთვის ხელსაყრელი ნიადაგური და კლიმატური პირობები არსებობს, თუმცა … მზად ვიყავი ნებისმიერი თანხა გადამეხადა, ოღონდ ბროკოლის შემდეგ მეორე ლექცია ვაშლის სახეობებსა და სასარგებლო თვისებებზე არ მომესმინა. არაუშავს, რაც გაქვთ ის ჩააწყვეთ, ვუპასუხე და საკუთარი თავი მეორედ შემეცოდა. 

კრუასანს თავი დავანებე და ყავის რიგში უიმედოდ ჩავდექი. 5 წუთზე ნაკლები მქონდა, ავტობუსი უკვე მოსული იყო და სასტუმროს გარეთ გვიცდიდა, როცა მონდომებულმა კონსულტანტმა  მესამედ  დარეკა – ვიცი, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ მონიშნულია- ნატურალური ალუბლის წვენი, ჩვენ ნატურალური წვენების დიდი არჩევანი გვაქვს, ვინაიდან პირდაპირ მწარმოებელი კომპანიები გვიკავშირდებიან, თუმცა ამ ეტაზე ალუბლის წვენი დეფიციტშია და მიახლოებული გემო შემიძლია შემოგთავაზოთ- ასკილი, ბროწე… მობილური გავთიშე და ჩანთაში ჩავდე. შფოთვა უმაღლეს წერტილს აღწევდა, ყავის რიგის დატოვებას ვაპირებდი, როცა ჩემს წინ მდგომმა ბიჭმა მაინცდამაინც მაშინ გადაწყვიტა რომ გამოლაპარაკებისთვის საუკეთესო დრო შეარჩია, მოტრიალდა და ბედნიერად გამიღიმა- გამარჯობა, რა კარგი ამინდია გარეთ, სტოკჰოლმში პირველად ხართ?

მშფოთვარე  ადამიანები

ერთ პატარა შვედურ ქალაქში (მაგრამ არა სტოკჰოლმში) კაცი ხიდის მოაჯირთან იდგა, მას ბიჭი მიუახლოვდა და გადარწმუნება სცადა, საჭირო სიტყვებს ეძებდა, რომ კაცისთვის დაეჯერებინა  იმდენი რამეა, რის გამოც ცხოვრება ღირსო, თუნდაც ეს ამ წამს არ იგრძნობოდესო. მაგრამ კაცი მაინც გადახტა… 10 წლის შემდეგ ეს პატარა ბიჭი- ჯეკი პოლიციელი გახდება და  ზუსტად ამ ხიდზე ნადიას გადაარჩენს. ნადია ფსიქოლოგია და სხვა ადამიანებს გადაარჩენს ნამდვილი თუ წარმოსახვითი ხიდიდან გადახტომისგან… მაგრამ მთავარი ამბავი ეს არ არის. მთავარი ამბავი  გზაა, რომელსაც ამ ხიდამდე მიჰყავხარ…

ზრდასრულობაში ყველაზე საშინელი იმის გაცნობიერებაა, რომ ჩვენზე აღარავინ ზრუნავს. ყველაფერს თვითონვე უნდა მივხედოთ და გავერკვეთ, როგორ მუშაობს სამყარო. სამსახურში უნდა ვიაროთ, გადასახადები დავფაროთ, გასანთლული ძაფით კბილები გავიწმინდოთ, შეხვედრაზე დროულად მივიდეთ, რიგში ჩავდგეთ, ანკეტა შევავსოთ, ელექტროგაყვანილობა შევისწავლოთ, ავეჯი გადავალაგოთ, მანქანას საბურავები შევუცვალოთ, ტელეფონი დავტენოთ და ყავის მადუღარა გამოვრთოთ. დილით თვალის გახელისთანავე ზვავივით მოდის მოწოდებების კორიანტელი- ,,არ დაგავიწყდეს!”, ,,გახსოვდეს!” ფიქრის და სუნთქვის დროც არ გვრჩება. ვიღვიძებთ და უმალვე ყელამდე საქმეში ვეფლობით, რადგან მეორე დღეს სხვა საქმეები გამოგვიჩნდება. 

ჩვენ ვთვლემთ, სანამ არ შეგვიყვარდება. სიყვარული ტკივილს გვაყენებს. ბედნიერება მოლოდინზეა დაფუძნებული. დღეს ყველა ამას გვეკითხება- ბედნიერი ხარ? ყველაფერი კარგადაა? სიმართლე ისაა, რომ ადამიანები მართლა ისეთი ბედნიერები რომ იყვნენ, როგორებიც ინტერნეტში ჩანან, მასზე ამდენ დროს არ დახარჯავდნენ. თუ კარგი დღე გაქვს, მის ნახევარს სელფების გადაღებაში არ გაატარებთ. ზოგიერთს სუნთქვის უკმარისობა აწუხებს და ექიმიდან ექიმთან დადის, ჰგონია ფილტვებზე რაღაც სჭირს. აღიარება არ უნდათ, რომ მათში რაღაც გაიბზარა… სული გვტკივა, სისხლი ტყვიასავით დამძიმებულა, მკერდში გაურკვეველ სიმძიმეს ვგრძნობთ.

ნადიამ იცოდა, რომ ზოგჯერ ადამიანობა ძალიან მტკივნეულია. როცა საკუთარი თავის აღარაფერი გესმის, შენივე სხეული გძულს, სარკეში ანარეკლს  თვალებში უყურებ და  ვერ ხვდები, ვინ დგას შენს წინ, მუდამ ერთი და იგივე შეკითხვა გაწვალებს: რა მჭირს, ასე ცუდად რატომ ვარ? ნადიას სხეულში პატარა ბოროტი არსება ბუდობდა, რომელიც არც ერთ რენდგენზე არ ჩანდა, ძარღვებში სისხლთან ერთად მოძრაობდა. საშინლად  ღლიდა ნეკნებზე გადაჭიმული კანი, მუდმივად დაძაბული მხრები. თავის ემოციებთან სულ მარტო იყო. სახეზე არაფერი ეტყობოდა, მაგრამ  სულიერად მარტოდმარტო იდგა უღრან ტყეში და გულის გასკდომამდე ღრიალებდა. 

ვინმეს აქვს პასუხი შეკითხვაზე – ძვირფასო, როგორ უნდა შეჭამო სპილო? სამყაროს ვერ შევცვლით, ადამიანის შეცვლაც კი გვიჭირს. ჩვენს თავს ვარწმუნებთ, რომ ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რათა მარცხის მიუხედავად ცხოვრება გავაგრძელოთ. ვისაც გადაწყვეტილი აქვს ხიდიდან გადახტომა- მაინც გადახტება. დანარჩენები მეორე დილას საწოლიდან ჩვეულებრივად წამოვდგებით. 

ნადიას, ჯეკის, ზარასა და სხვა მშფოთვარე ადამიანების პირად ამბებში აუცილებლად ამოიცნობთ საკუთარ თავს.  შვედმა მწერალმა ფრედრიკ ბაკმანმა წიგნში  ,,მშფოთვარე ადამიანები” შფოთვის აუტანელი სიმძიმე სევდიანი სარკაზმით და გროტესკულობით აღწერა.

,,არავითარი სიმართლე არ არსებობს. სამყაროს საზღვრებზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ის უსაზღვროა, ღმერთზე კი ის ვიცით, რომ არაფერი ვიცით. რომ ვიცოდეთ, ხვალ სამყარო დაიღუპება, დღეს მაინც დავრგოთ ჩვენი ვაშლის ხე. ვისაც შევძლებთ, გადავარჩენთ.“

სტოკჰოლმში ყოფნის ბოლო ღამეს სასტუმროში ვბრუნდებოდი, შუა ღამე გადასული იყო, მაგრამ მაინც  არ ღამდებოდა,  სასტუმრომდე ხიდი უნდა გადაგვევლო, ხიდზე გავჩერდი და წყალს ჩავხედე. იმ მშფოთვარე ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც ამ ხიდიდან გადახტნენ ან  გადახტებოდნენ. იქნებ მათ გვერდით, ვინმე რომ ყოფილიყო, ვინც ეტყოდა- ,,სისულელე არ გააკეთო”, არ გადამხტარიყვნენ (!)  იმდენი რამეა, რის გამოც ცხოვრება ღირს. და შეკითხვაზე- ,,ძვირფასო, სპილო როგორ უნდა შეჭამო?” იქნებ პასუხიც ეს არის – თანდათანობით. 

2 responses to “მშფოთვარე ადამიანები

  1. სალომე, თქვენი
    გვერდი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩიმე☺️ ძალიან საინტერესოდ
    წერთ😊 რამდენიმე ჩანახატი
    წავიკითხე და ისეთი განცდა
    დამეუფლა, თითქოს იმ
    კონკრეტულ რეალობაში ვმოგზაურობდი.

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი