მაკონდოში წვიმს

,,ცხოვრება მაკონდოა, ცხოვრება წვიმაა”

გაბიტო და ბაბუა ნიკოლასი

1927 წლის 6 მარტს  კოლუმბიაში, არაკატაკაში დაიბადა პატარა ბიჭი გაბიტო. გაივლის წლები და გაბიტო დედამიწას თავდაყირა დააყენებს მაკონდოთი, სადაც მარტოობა 100 წელიწადს გრძელდება… პოლკოვნიკით, რომელსაც არავინ სწერს… სიყვარულით, ჟამიანობის დროს რომ  უძლებს… და რაც მთავარია ისეთი ცხოვრებით იცხოვრებს, რომელსაც მაგიური რეალიზმით მოჰყვება და ყველას გააგებინებს, რომ ცხოვრება განვლილი დღეები არ არის, ცხოვრება ის არის რაც გახსოვს და რაც შეგიძლია მოჰყვე.

,,ჩემი ყველაზე ცინცხალი და მდგრადი  მოგონება ადამიანებს კი არა, არაკატაკას სახლს უკავშირდება, სადაც ბებია-ბაბუასთან ერთად ვცხოვრობდი და რომელსაც დღემდე ვხედავ სიზმრებში. მეტიც, ყოველ დილით იმ შეგრძნებით მეღვიძება, რომ სიზმარს კი არ ვხედავ, არამედ ცხადშიც იქ ვარ. და რომ კი არ დავბრუნდი, არამედ არც არასდროს წავსულვარ ამ უზარმაზარი, ძველი სახლიდან. იქ ვარ უასაკო და უმიზეზოდ ბედნიერი.”

ათასდღიანი ომის პოლკოვნიკი 67 წლის ბაბუა ნიკოლასი საოქრომჭედლო  სახელოსნოში ოქროს თევზებს აკეთებდა, მან შეაყვარა გაბიტოს თევზები, ადამიანები, უცნაური ამბები და პირველად ყინულის სანახავად წაიყვანა, ამ ამბავმა  საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა ბიჭზე. წლების შემდეგ ეპოქალური რომანი ,,მარტოობის 100 წელიწადი” ბავშვობის სწორედ ამ მოგონებით დაიწყება: ,,გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამ რომ პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“.

გაბო  და  მერსედესი

სულ ვფიქრობ, რომ არა მერსედესი, მარკესი მარკესი არ იქნებოდა. შეუძლებელია ასეთი ძლიერი და მოსიყვარულე ქალის გარეშე ბავშვობის ოცნებები აეხდინა და ბედნიერი ყოფილიყო. რომ არა მერსედესი, არც ,,მარტოობის 100 წელიწადი” იქნებოდა. ხელნაწერის გაგზავნის ფული არ ჰქონდათ და ფოსტაში ნაწილ-ნაწილ გააგზავნეს. 53 პესოს გარდა არაფერი გააჩნდათ და მაინც მერსედესს ბოლომდე სჯეროდა, რომ მარკესი გენიოსი იყო და მზად იყო კიდევ ეშიმშილა, ცარიელ კედლებში ეცხოვრა და იატაკზე დაეძინა, ოღონდ გამომცემლობას  ,,მარტოობის 100 წელიწადი“ დაებეჭდა. ხელნაწერის მეორე ნახევარი სამხრეთ ამერიკის გამომცემლობაში რომ გაეგზავნათ ქორწინების ბეჭდები გაყიდეს. მარკესი 18 თვე წერდა რომანს და ამ ხნის მანძილზე ყოველ საღამოს საუკეთესო მეგობრები მორიგეობით მიდიოდნენ სტუმრად და ვითომ შემთხვევით  პროდუქტებით სავსე კალათა მიჰქონდათ. მაგრამ ამ ამბავში მთავარი მერსედესია, ცარიელ სახლში ერთადერთი ნივთი ლარნაკი იყო-სადაც მუდამ ეწყო ყვითელი ყვავილები.

,,გაბო-მაგიური ცხოვრების მოგონებები” გრაფიკულად აღწერს მარკესის მაგიურ ცხოვრებას. ,,მარტოობის 100 წელიწადი” ლიტერატურის კლასიკად იქცა და 30 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. პაბლო ნერუდა მარკესის რომანს სიდიადით  დონ კიხოტეს ადარებდა. წიგნის დაბეჭდვის შემდეგ, ერთ ჩვეულებრივ საღამოს, სრულიად მოულოდნელად სპექტაკლის მსვლელობისას ხალხი ფეხზე წამოუდგა მარკესს, რომელიც პარტერში მერსედესთან ერთად იჯდა. მაყურებელთა ოვაცია არ ცხრებოდა, ისინი ტაშს უკრავდნენ მარკესის გენიალურობას ,,იმ წამს ვიგრძენი, როგორ დაეშვა ციდან დიდების შარავანდედი, როგორც მშვენიერი რემედიოსის ცად ამაღლების მომენტში და როგორ ააფრიალა დიდების ნიავმა გამჭვირვალე ზეწრები”.

ერთ  დილასაც 5 საათსა და 30 წუთზე ტელეფონის ზარი გაისმა, რომელმაც ერთდროულად გააღვიძა გაბო და მერსედესი. გაბოს შეატყობინეს, რომ ნობელის პრემია გადაეცა ლიტერატურის დარგში მაგიური რეალიზმის შექმნისთვის- ,,ყოველთვის ვცდილობდი თითოეული სტრიქონისთვის პოეზიის იდუმალი სული შთამებერა, პოეზიას აქვს წინასწარმეტყველური შესაძლელობა და დაუნდობელ ბრძოლაში ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე.”

მაკონდო

,,იცხოვრო, რომ მოჰყვე” ნახევრად ბიოგრაფიულ რომანში მარკესი აღწერს დედასთან ერთად მოგზაურობას. ჯერ გემით იმგზავრეს. შემდეგ ყვითელი მატარებლით. რაც უფრო უახლოვდებოდნენ სახლს, მატარებლის ფანჯრიდან გადახრიოკებული, დაბერებული და მივიწყებული მიწა მოჩანდა. მოულოდნელად, არაკატაკამდე არმისულებმა, ბანანის კომპანიის კუთვნილი სახლი დაინახეს, რამაც გაბოზე ღრმა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მამულს ,,მაკონდო” ერქვა. ეს სახელი სამუდამოდ ჩარჩა  გაბოს მეხსიერებაში. ბაბუას სახლის შიგნითაც ისეთივე უიმედობა სუფევდა, როგორც გარეთ. სახლს თითქოს ციკლონმა გადაუარაო. ამაზე უარესი შვილო, დავიწყებაა- უთხრა დედამ. ასე იხსენებდა მარკესი ამ დღეს- ,,მომეჩვენა, რომ  ჩემს მეხსიერებაში ჩაძირული სამყარო იღვიძებდა, გემო, რომელიც ბავშვობაში ამ სახლიდან წამოსვლის შემდეგ დავკარგე ცოცხლდებოდა და ჩემს გულს მარწუხებში იქცევდა.”

მაკონდოში  წვიმს

მამას წასვლიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. გადავწყვიტე, რომ აღარ მელაპარაკა და აღარც დამეწერა. ბევრი ეტაპი გადავლახე, ბევრი რაღაც გავაცნობიერე და ყოველთვის, როცა მეგონა, რომ ეს ამბავი გადავიტანე, უკან ვბრუნდებოდი.  ამ ამბავმა იმაზე დიდი ნგრევა მოიტანა, ვიდრე შეიძლება როდესმე წარმომედგინა. ცხოვრებაში ბევრი რამე შეიძლება მოხდეს, მაგრამ მამა ერთხელ გიკვდება.

თითქმის 30 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ… ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ  მამა წასვლის შემდეგ გავიცანი და მის შესახებ ახლა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე როდესმე…  საკუთარი თავიც მერე გავიცანი, როგორი ვარ სინამდვილეში, არა ისეთი, როგორსაც მხედავენ ან როგორიც ვჩანვარ. პირადი მაკონდოთი, სადაც გამუდმებით წვიმს, ზოგჯერ გადაუღებლად, სადაც ამდენი წვიმისგან მიწა ლპება, წყალი ნიაღვარივით მოედინება და სიზმრებიდან გაქცევას ვცდილობ… სადაც ყველაზე დიდი შიში დავამარცხე- სიკვდილის და მარტოობის. გავაცნობიერე, რომ გადარჩენა საკუთარ თავშია, შიგნით, ღრმად, ხორცის გულში. სხვა ყველაფერი ილუზია და თავის მოტყუებაა. მარკესის ამბების გახსენებამ, თევზებმა და მაკონდომ ეს ჭრილობა გახსნა.  მარკესი დაუსრულებელი სიყვარულია და ალბათ ამიტომ  ვაპატიე. სიყვარული ხომ უპატიებლის პატიებაა.

მაკონდოში წვიმს… მე და მამა ფანჯარასთან ვსხედვართ და წვიმის ხმას  ვუსმენთ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s