ტყუილები

არსებობს ტყუილი, რომელიც მოგკლავს, გაგანადგურებს და ფეხქვეშ მიწას გამოგაცლის. არსებობს ტყუილი, რომელიც არაფერს შეცვლის შენს ცხოვრებაში (ყოველდღიური ტყუილები). არსებობს ტყუილი, რომელსაც ყოველ დღე კვებავ, ყოველ წუთს უფრთხილდები, ყველაფრის ფასად… სიმართლე ისეთი დაუნდობელი და სასტიკია, ისეთი შეულამაზებელი და მახინჯი, ისეთი ბასრი და მტკივნული, რომ ტყუილს იგონებ.

ჩვენ ვიტყუებით, რომ კარგად ვართ. ვიტყუებით რომ ბედნიერები ვართ. ვიტყუებით, რომ წარმატებულები ვართ, შეძლებულები ვართ, ძალაუფლება გვაქვს. ვიტყუებით, რომ ჩვენი ცხოვრება შედგა. საკუთარ თავთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან, ნაცნობებთან და საერთოდ უცნობებთან მთელი მონდომებით ვიტყუებით. და ეს გაუთავებელი ტყუილები, ტყუილები, ტყუილები შიგნიდან გვჭამენ. ვიტყუებით იმიტომ, რომ სიმართლე მძიმე ტვირთია და ეს ტვირთი ხერხემალში გვტეხავს.

ვინ ვიქნებოდით ამ ტყუილების გარეშე? ავსტრალიელმა მწერალმა ლიან მორიარტმა დაწერა წიგნი ,,დიდი პატარა ტყუილები“. წიგნი ნამდვილ მეგობრობაზე, არამტკიცე ქორწინებაზე, გამოგონილ ბედნიერებაზე და რაც მთავარია ტყუილებზეა, პატარა და  დიდ ტყუილებზე.

,,დიდი პატარა ტყუილები“ მარი კორინთელმა თარგმნა და გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში“ გამოსცა. მარი და ირაკლი ყველაზე კარგ საქმეს აკეთებენ დედამიწაზე. ისე დაემთხვა, რომ ეს წიგნი მეც ბათუმში წავიკითხე. ჩემი სასტუმროს ფანჯრები ზღვის სანაპიროს გადაჰყურებდა, აივანზე ვიჯექი და გვიანობამდე ვკითხულობდი. სულ ვფიქრობ, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია, სადაც ვიცხოვრებდი.

სელესტი

სელესტი ძალიან ლამაზია,  შეეძლო წარმატებული იურისტის კარიერა ჰქონოდა, მაგრამ ქმრის გამო მიატოვა. სელესტი თითქოს ბროლის მაღალფეხიანი ჭიქაა, რომელიც მალე დაიმსხვრევა. პირივის ნახევარკუნძულზე, სადაც სელესტი ცხოვრობს ყველა ქალს მისი შურს, რადგან ახალგაზრდა, მდიდარი, წარმატებული, სიმპატიური ქმარი და ორი ტყუპი შვილი ჰყავს. ერთი შეხედვით იდეალური ცხოვრება აქვთ, ულამაზესი სახლი ოკეანის სანაპიროზე, სამკაულები, ტანსაცმელი, რომლებსაც ვერც ითვლის და არც იკეთებს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია. სინამდვილეში ყველაზე, ყველაზე უბედური ქალია. ჩვეულებრივი მოძალადის გვერდით ცხოვრობს და საკუთარ თავს არწმუნებს ყველაფერი შეიცვლებაო.

მითი იმის შესახებ, რომ ძალადობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ ფენაში ხდება ტყუილია. სელესტს ჰქონდა განათლება, არჩევანი, წასასვლელი. ჰყავდა ოჯახი და მეგობრები, რომლებიც საჭიროებისთანავე მასთან გაჩნდებოდნენ. ადვოკატები, რომლებიც დაიცავდნენ. შეეძლო სამსახურში დაბრუნება და საკუთარი თავის რჩენა, მაგრამ მაინც პერისთან ყოფნა არჩია. ჩალურჯებებს ყელიან, გრძელსახელოიან, დაშვებული ტანსაცლით მალავდა და თავს იტყუებდა. იქნებ ეს ძალადობა სამართლიანიც კი იყო. მცირე ძალადობა საფასურად უნდა გადაეხადა, თორემ მისი ცხოვრება გულისამრევად, მეტისმეტად, მთვარის შუქივით სრულყოფილი იქნებოდა.

ჯეინი

ჯეინი დაღდასმულია. ოდესღაც დიდი ტკივილი მიაყენეს და წარსულს ვერ ივიწყებს. უსაყვარლესი შვილით, პატარა ზიგით ბრუნდება იმ ადგილას, სადაც წლების შემდეგ ცდილობს წარსულის ტრაგედიის დავიწყებას, მაგრამ ვერ ივიწყებს. ჯეინიც იტყუება ზიგის მამის შესახებ, სიმართლე ანადგურებს და იტყუება.

მედლინი

მედლინიც იტყუება, სინამდვილეში პირველ ქმარს ვერ აპატია შვილთან ერთად მიტოვება. მეტისმეტად გატაცებულია საკუთარი ბრაზით, პატარა შინაური ცხოველივით უვლის და ფიქრობს, რომ ყოფილი ქმრები სხვა უბანში უნდა ცხოვრობდნენ და ბავშვები სხვა სკოლაში უნდა დაჰყავდეთ. ამისთვის კანონი უნდა არსებობდეს. არ უნდა გიწევდეს ღალატის, ტკივილისა და დანაშაულის აუტანელ გრძნობებთან გამკლავება. ასეთი გრძნობები სახალხოდ არ უნდა გეუფლებოდეს.

ლიან მორიარტის მთავარი სათქმელი ამ წიგნში, გარდა იმისა, რომ აქცენტი ცხოვრებისეულ, ადამიანურ ტყუილებზე გააკეთა, წიგნის ბოლო ფრაზაა, რომელსაც სელესტი ამბობს- ,,ეს შეიძლება ყველას დაემართოს“. და ეს ნამდვილად ასეა. არაფერი ადამიანური უცხო არ არის. არაფერია, რისგანაც შეიძლება თავი დაცულად იგრძნო და ტყუილის მოგონება არ დაგჭირდეს.

2017 წელს წიგნის მიხედვით მინი სერიალი გადაიღეს, სულ 7 სერიაა. რიზ უიზერსპუნის, ნიკოლ კიდმანის და შეილინ ვუდლის მონაწილეობით. ძალიან, ძალიან კარგი ეკრანიზაციაა, მსახიობების იშვიათად კარგი შესრულებით, საინტერესო ამბებით და რაც მთავარია მუსიკით.  საოცარი საუნდტრეკი აქვს, მანქანაში ყველაზე ხშირად ამ სიმღერას ვუსმენ

Cold Little Heart

გიბრძოლია როდისმე?

იმ დიდ ტკივილთან გამკლავება ერთხელ მაინც თუ გიცდია,

რომელიც მთელი ძალით შენს ძარღვებში სისხლთან ერთად მიედინება?

და ამ პატარა ცივ გულში მე ვკვდები და ვცოცხლდები…

რა იქნება ხვალ? ხვალ ისევ მთელი ძალით ჩავეჭიდებით საკუთარ ტყუილებს, ჩვენი ცხოვრება რომ გავამართლოთ და არ მოვუსმენთ პატარა ცივ გულს, რომელიც სიმართლეს გვეტყვის…

4 responses to “ტყუილები

  1. წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ სერიალი მართლაც საკმაოდ კარგი ეკრანიზაციაა. მთელი ემოციით ვუყურე. მართლაც, მსგავსი რამეები ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, ძალიან რეალისტურია, მთავარია, ადამიანი საკუთარ პრობლემებთან მარტო არ დარჩეს. გვერდით ერთგული ადამიანები ჰყავდეს, მაშინ ყველაფერს ეშველება…

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s