სიყვარულის ილუზია

შტილერი

საზღვარზე აკავებენ კაცს, რომელსაც ეუბნებიან, რომ ანატოლ ლუდვიგ შტილერია. დაბადებული ციურიხში, მოქანადაკე, დაქორწინებული იულიკა შტილერ-ჩუდიზე. 6 წლის წინ უგზო-უკვლოდ დაკარგული. ბოლო მისამართია შტაინგართენგასე N11 ციურიხი.

და ეს კაცი მთელი პროცესი ამტკიცებს, რომ შტილერი არ არის. მაგრამ არავის დედამიწის ზურგზე არ სჯერა მისი. ადვოკატი, პროკურორი, მეუღლე, მეგობარი, საყვარელი ქალი, ძმა, მამა- ყველა ამტკიცებს, რომ შტილერია.

რატომ არ არის შტილერი შტილერი?

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა. ჰყავდა ლამაზი, განათლებული და არისტოკრატი მეუღლე იულიკა, უყვარდა სხვა ქალს- სიბილეს და თითქოს უნდოდა კიდეც მასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ ბოლოს ორივე ქალი მიატოვა და სადღაც გადაიკარგა. როცა წლების შემდეგ საზღვარზე დააკავეს, უარყო საკუთარი თავი და დაჟინებით ამტკიცებდა მე შტილერი არ ვარო. არც იყო. თითქოს კანი გამოიცვალა, ცხოვრება გამოიცვალა, სიყვარულიც გამოიცვალა და აღარ უნდოდა ისევ იქ დაბრუნება, საიდანაც გაიქცა. ისევ იმ ტკივილთან დაბრუნებას სიკვდილი ერჩივნა.

შეკითხვაზე ცხოვრებაში რამდენი ადამიანი მოუკლავს, შტილერი პასუხობდა: ,,ადამიანის, ან, სულ ცოტა, მისი სულის მოსაკლავად მრავალი გზა არსებობს. სულის მოკვლისთვის ერთი სიტყვაც კმარა, სწორ მომენტში გამომჟღავნებული პირდაპირობა. ან ღიმილი. ნეტა ის კაცი მანახა, ვისაც ღიმილით ვერ მოკლავ ან დუმილით. ასეთი მკვლელობები, ცხადია ნელა მიმდინარეობს. არასდროს დაფიქრებულხართ, რატომ აინტერესებთ ადამიანებს ასე ძალიან ნამდვილი მკვლელობა? ჩვეულებრივ ჩვენ მიერ ყოველდღე ჩადენილ მკვლელობებს ვერ ვხედავთ. რამხელა შვებაა, როცა ერთხელაც თოფი გავარდება, როცა სისხლი მოთქრიალებს ან როცა ვინმე ნამდვილი საწამლავისგან კვდება და არა მხოლოდ ქალის დუმილისგან. ასეთ შიგნიდან მკვლელობის მოყოლას დრო სჭირდება, საათები და დღეები.“

და რაც არ უნდა უცნაური დამთხვევა იყოს, შტილერს ბრალს სდებდა პროკურორი, რომლის მეუღლეც შტილერს უყვარდა. ეს არ არის მარტივი სასიყვარულო სამკუთხედი_ შტილერი, იულიკა და სიბილე. ან შტილერი, პროკურორი და სიბილე. ეს ცხოვრებაა. ისეთი როგორიც არის. შეულამაზებელი და სასტიკი.

როგორ უნდა მოქცეულიყო იულიკა, როცა დავოსში, მთებში, სრულიად მარტო საშინელ სენს ებრძოდა, შტილერი მასთან მივიდა და უთხრა სხვა ქალი მიყვარსო, კალთაში თავი ჩაუდო და ბავშვივით ატირდა. მერე კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, სანამ 6 წლის შემდეგ საზღვარზე არ დააკავეს.

როგორ უნდა მოქცეულიყო სიბილე, რომელსაც შტილერი თავდავიწყებით უყვარდა. უყვარდა თავისი სისუსტით, უნიათო კაცი ვარო რომ ეუბნებოდა. მზად იყო ყველაფერი მიეტოვებინა და მასთან ერთად პარიზში გაქცეულიყო, მაგრამ შტილერმა გადაიფიქრა. ბოლო წუთს გადაიფიქრა.

როგორ უნდა მოქცეულიყო პროკურორი, როცა ცოლმა უთხრა სხვა კაცი მიყვარს, მასთან ერთად მივდივარო. ყველაფერი დაელეწა, ღვინით სავსე ჭიქა კედლისთვის შეენარცხებინა, ცოლისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა?

როგორ უნდა მოქცეულიყო თავად შტილერი? მიეტოვებინა ცოლი, რომლისგანაც სითბო არასდროს უგვრძნია, რომელიც მუდამ ცივი და მიუწვდომელი ჩანდა და არასდროს ესმოდა მისი გრძნობების. თუ წასულიყო პარიზში საყვარელ ქალთან ერთად?

მაქს ფრიში ამ შეკითხვებზე პასუხს არ სცემს. აქ არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხი.  და შენ თანაბრად უთანაგრძნობ შტილერს, ,,კაცი არ ვარო“ რომ ამბობს დანანებით. პროკურორს, რომელიც შურს არ იძიებს, შურისძიება მარტივი იქნებოდა, ღირსეულად იქცევა და ამ ყველაფერზე მაღლა დგება. უთანაგრძნობ იულიკას, რომელსაც თავისი წილი ტკივილი აქვს და უთანაგრძნობ სიბილეს, ქალს, რომელმაც შტილერი შეიყვარა ისეთი როგორიც იყო.

,,კაცები უცნაურები ხართ! საათები, დღეები, კვირეები შეიძლება გეგონოს, რომ საყვარელ ქალთან სიახლოვის გარდა არაფერი გინდათ. გაგიჟებულები ეძებთ ამ სიახლოვეს, არაფრის გერიდებათ, არანაირი განსაცდელის, არც სასაცილოობის, მით უმეტეს, არც საშინელების. როცა ვინმე გზას გიღობავთ, თითქოს ის ქალი, საყვარელი ქალი იყოს ერთადერთი რაც გწადიათ და მერე ერთი ხელის მოსმით, საქმე სულ სხვაგვარადაა. უცებ აღმოჩნდება, რომ რაღაც თათბირი მაინც უფრო მნიშვნელოვანია და ყველა ამაზე უნდა აეწყოს. უცებ აფორიაქდებით. ქალი თქვენთვის ზედმეტი ტვირთი ხდება. უცხო ადამიანებს ბრიყვულად უწევთ ანგარიშს, მაგრამ იმ ქალს, ვისაც უყვარხართ, არა. და მერე, მეორე წუთას, ისევ იქცევით პატარა ბავშვად, რომელსაც ჭექა-ქუხილის ეშინია. ერთნაირები ხართ კაცები, მოდიხართ, რომ მხარზე თავი დაგვადოთ, რომ არ გაგიჟდეთ, რომ იგრძნოთ, ამ სერიოზულ სამყაროში დაკარგულები არ ხართ.“ სიბილემ იცოდა, რომ შტილერის სიყვარული ილუზია იყო. შტილერს ის უყვარდა და თან არც უყვარდა. შტილერს გაქცევა უნდოდა და სიბილემ გაქცევის ნება მისცა.

მაქს ფრიშს კიდევ ორი რომანი აქვს ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ და ,,ჰომო ფაბერი“, ორივე საოცარი წიგნია, მაგრამ ,,შტილერი“ სულ სხვა ამბავია, სხვა განზომილება, სხვა სიყვარულია. სულ ვფიქრობ, როგორ შეძლო მაქს ფრიშმა ადამიანის სულში ასე ღრმად ჩახედვა, ადამიანური სისუსტის და უძლურების ბოლომდე განცდა. საკუთარი თავის უარყოფის, საკუთარი ცხოვრებიდან გაქცევის და უკან დაბრუნების მტანჯველი დღეების აღწერა.

მერიონი

არ ვიცი ამ ფილმს სინამდვილეში რა ჰქვია. ფრანგულად ,,Mal de pierres“, ინგლისურად ,,From the Land of the Moon“, ქართულად ,,სიყვარულის ილუზია“. უცნაურია,  რომ აქამდე ნანახი არ მქონდა. სტრასბურგში მეხუთედ ვიყავი და საღამოს ქალაქში სეირნობა არ მინდოდა.  სასტუმროში ავედი და მერიონის ჯერაც უნახავი ფილმი ჩავრთე.  მერიონი რომ სასწაული გოგოა და ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა, ამაზე აღარ დავწერ.

ნამდვილი ფრანგული კინოა, ლამაზი კადრებით, ძლიერი პერსონაჟებით, საინტერესო ამბის განვითარებით და დასასრულით. მერიონი მთელი ცხოვრება ეძებდა სიყვარულს, ამის გამო შეშლილიც ეგონათ. ღმერთს მარტო ერთ რამეს სთხოვდა ,,ან მაჩუქე ყველაზე ძვირფასი, ან სიკვდილის ნება მომეცი“. და ერთ დღესაც, ალპების მთებში, სანატორიუმში ხვდება ანდრეს და იწყება სიყვარულის ამბავი, რომელიც ანდრესთვის ილუზიაა, მერიონისთვის სინამდვილე.

ერთი კადრია, მერიონი და ანდრე ფოტოს იღებენ. უკან თოვლიანი მთები ჩანს. დგას სკამი, ანდრე ზის, მკაცრი სახით, შეწუხებული. მერიონი სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს… ფოტოგრაფი სთხოვს გამოიხედოს  ,,მადმუაზელ მე მიყურეთ“. გადის დრო,  მერიონი ფოტოს დახედავს და სიცარიელეა… არის თუ არა სიყვარული ილუზია? ამ შეკითხვაზე პასუხს ადამიანები გაჩენის დღიდან ეძებენ და ვერ პოულობენ.

 

 

2 responses to “სიყვარულის ილუზია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s