I have a Dream- მე მაქვს ოცნება

წინა წელს სამსახურიდან ამერიკაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ლონდონში ვიზიტს დაემთხვა და ვერ წავედი. მერე მთელი წელი ვწუწუნებდი. წელს როცა გავიგე, რომ ამერიკაში 3 კვირით მივდიოდი, მობილურში აპლიკაცია დავაყენე Washington D.C., San Antonio, Salt Lake City, St.Louis & Boston. სანამ წავიდოდი დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი რა დრო იყო და როგორი ამინდი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Washington D.C.

ვინმეს, რომ ეთქვა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი ასეთი მშვიდი, წყნარი და  მწვანეში ჩაფლული იქნებოდა, არ დავიჯერებდი. ძალიან მომეწონა არქიტექტურა, ფართო ქუჩები, საშუალო სიმაღლის შენობები და ძალიან, ძალიან ბევრი ხეები. ჟანგბადით სავსე, მშვიდი და ძლიერი- ჩემთვის ასეთია ვაშინგტონი.

ევროპისგან განსხვავებით ვაშინგტონში მუზეუმები უფასოა. გული მწყდება, რომ ყველა მუზეუმის დათვალიერება ვერ მოვასწარი. ,,The National Gallery of Art“- ში ვან გოგის, პიკასოს, მატისის, პოლ გოგენის და მონეს ნახატებთან ერთად, პირველად ვნახე ჯექსონ პოლაკის ნამუშევრები. მართალია მე ბოლომდე ვერ ამოვხსენი პოლაკის სიდიადე, მაგრამ რადგან ამერიკელები გიჟდებიან, ვეცადე  ჩავწვდომოდი პოლაკის სულს.

ყოველთვის მინდოდა კონგრესში ვიზიტი და მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკის ნახვა. ერთი ცხოვრება ნამდვილად არ არის საკმარისი, კონგრესის ბიბლიოთეკის რამდენი ათეული მილიონი წიგნის წასაკითხად. ნამდვილი სამოთხეა ბიბლიოფილებისთვის. ბიბლიოთეკას ყოველ დღე 10.000 ახალი მასალა ემატება  ელექტრონული თუ ნაბეჭდი სახით. ჩვენ მხოლოდ სამკითხველო დარბაზის ზემოდან დათვალიერების უფლება მოგვცეს.

ამერიკაში ყველა მემორიალზე,  შენობაზე  წარწერებია – ,,ღმერთის სახელით“ ,,ეკუთვნის ხალხს“ ,,ამერიკის ხალხი“  ,,თავისუფლება“ ,,ოცნება“. აქ  იციან, რომ სიტყვებს მაგიური ძალა აქვთ. მართინ ლუთერ კინგის ცნობილი გამოსვლის ,,I Have a Dream“ -ის ადგილზე, უცნაური განცდა მქონდა, თითქოს მეც იქ ვიდექი და ვისმენდი მის სიტყვებს.  ნამდვილად იგრძნობა, რომ ამერიკა მეოცნებეებმა აშენეს, ხელისუფლების წყაროა ხალხი და ხალხის მსახურება ღმერთის მსახურებაა.

ამერიკაში მომწონს მოხალისეობა, რაც ძალიან გვაკლია საქართველოში. უსასყიდლოდ  ეხმარებიან ერთმანეთს, აწყობენ ღონისძიებებს, მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებში. მოხალისეობა მათი კულტურის განუყოფელი ნაწილია. მთავარი პრინციპია უანგაროდ დაეხმარო სხვა ადამიანებს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავს.

ასევე ძალიან მომწონს პოზიტივი, რაც მოდის ხალხისგან. სრულიად უცნობი ადამიანები გიღიმიან, გეკითხებიან როგორ ხარ, დღემ როგორ ჩაიარა. არა იმიტომ, რომ ყველა  ბედნიერია, უბრალოდ ესეც მათი კულტურის ნაწილია, არ დაგამძიმონ თავიანთი პრობლემებით და უარყოფითი ემოციებით, პირიქით, თავი კარგად გაგრძნობინონ.

ყველაზე რთული 12 საათიანი ფრენა და დროში განსხვავებაა. როცა სასტუმროში ვბრუნდები და მინდა ემოციები და განცდები საყვარელ ადამიანებს გავუზიარო, თბილისში დილის 4-5 საათია. ზოგჯერ ეგოისტურად სურვილი მიჩნდება გავაღვიძო და ჩემი ამბები მოვუყვე.

Women’s  Power

სალომე, ნათია, ქეთი, ანა და მაიკო- ჩვენ ხუთნი ვართ სხვადასხვა ინეტრესებით, პროფესიით და სამუშაო გამოცდილებით. როცა 3 კვირა გიწევს ერთად ყოფნა და  დამოკიდებული ხარ ჯგუფზე, ძნელია სხვადასხვა ხასიათების ერთმანეთთან შეწყობა. ასეთი მოგზაურობის დროს ადამიანებს ყველაზე კარგად იცნობ და შეიძლება საუკეთესო მეგობარიც კი დაკარგო. ჩვენ გაგვიმართლა, მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთს გავუგოთ და კარგად დაგვამახსოვრდეს ამერიკაში მოგზაურობა.

ნათია ძალიან მეგობრულია და როცა ვამბობთ- ,,She is a Judge”, ეს ჯადოსნური სიტყვები ყველა კარს აღებს. მე და ქეთი ერთად ვმუშაობთ, მაგრამ აშშ-ში სულ სხვანაირად გავიცანი, უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. ჩვენი ურთიერთგაგება და თვალებით მინიშნება 100 დან 99% ხმამაღალი სიცილით მთავრდება. ანა არის სუპერ სქილების მქონე, გურმანთა შორის გურმანი, რომელსაც შეუძლია ზუსტად გითხრას, რომელ ქუჩაზე, რამდენი მილის დაშორებით რა კერძს ამზადებენ თავისი სუნელებით. ანას ბრალია, რომ ფრანგული წონიდან ამერიკულ წონაზე გადავედი და ჰამბურგერების, სტეიკების და ჩიზქეიქების შემდეგ, ყოველ დილით საშინელი თვითგვემით ვიღვიძებ. მაიკო ყველაზე ემოციურია ჩვენს შორის. მაიკო შეიძლება ატირდეს აყვავებულ ხეებზე, კოსმოსურ ხომალდებზე და ვეშაპებზეც კი. სულ ემოციების ზღვაშია და ემოციების ჰიმალაიზე, როგორც თვითონ ამბობს.

Homeland

საერთოდ სერიალები არ მიყვარს, მაგრამ ,,Homeland“ ერთადერთი ამერიკული სერიალია, რომელსაც სუნთქვაშეკრული ვუყურებ. მე-7 სეზონი ამერიკაში დავიწყე. CIA დაზვერვა, უსაფრთხოება, ტერორიზმი, სპეცოპერაციები და ადამიანური ურთიერთობები ეს არის ,,Homeland“-ის მთავარი ხაზი. კერი მედისონზე შეყვარებული ვიყავი და მერე როცა პიტერ ქვინი გამოჩნდა, ჩემი სიყვარული გაორმაგდა. პატარ-პატარა მინიშნებების გარდა, კერის და პიტერის სიყვარულის ამბავი დაფარული იყო, ბოლოს რეჟისორმა ცოტა გაშალა ეს თემა. ორ წლიანი განშორების შემდეგ, პიტერი ბრუნდება საიდუმლო მისიიდან და კერის წერს წერილს, სადაც უყვება ნამდვილი ცხოვრების და სიყვარულის უფლება არასდროს მქონია, შენთან ერთად ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა რაღაც გამომსვლოდა, მაგრამ ესეც სიბნელეში მოციმციმე მკრთალი სინათლე აღმოჩნდა, მიყვარხარ და სიკვდილის შემდეგ მაინც შენთან ვიქნებიო.

,,Carrie,

I guess I’m done, and we never happened. I’m not one for words, but they’re coming now. I don’t believe in fate or destiny or horoscopes, but I can’t say I’m surprised things turned out this way. I always felt there was something kind of pulling me back to darkness. Does that make sense? But I wasn’t allowed a real life or a real love. That was for normal people. With you, I thought, well, maybe, just maybe. But I know now that was a false glimmer. I loved you. Yours for always now.

Quinn

7 სეზონია 70-ზე მეტი სერია და მე ეს კონკრეტული სერია 30-ჯერ მაინც მაქვს ნანახი. გადავახვიე, მოვუსმინე, ისევ გადავახვიე, წერილის ტექსტი მოვძებნე, ამოვწერე, შევინახე ცალკე ფაილად, მოკლედ განცდებში ვიყავი. რამდენიმე დღის შემდეგ მეგობარს შევხვდი და როცა ამ წერილზე ვკითხე ვერც გაიხსენა. რომელი წერილი, ეგ როდის იყოო? და არა მარტო მან, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას არ ახსოვს ეს ეპიზოდი. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ისინი ორცხობილასავით მშრალები და ემოციურად ბლაგვები არიან. მაგრამ იქნებ მე მჭირს რაღაც და ზედმეტად მგრძნობიარე ვარ? ღმერთო, ჩამოდი უნდა გელაპარაკო.

 

I Have a  Dream

დეკემბერში სურვილების ვიზუალიზაციის რუკა გავაკეთე. ეს რაღაც მაგიური, მისტიური ამბავია. სამყაროს ეუბნები შენს სურვილებს და სამყაროც გეხმარება მათ ასრულებაში. ახლა როცა ამერიკაში ვარ, მახსენდება, რომ მოგზაურობის გრაფაში USA მეწერა და იქვე კონგრესის ბიბლიოთეკის ფოტო მქონდა ამობეჭდილი. და სად თუ არა ამერიკაში ოცნებები ნამდვილად ხდება. მეოცნებენი რამდენიმე ცხოვრებით მეტს ცხოვრობენ. მე კიდევ მაქვს ოცნება, თან არაერთი. და როცა ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე რამდენი რამე გამოვიდა, საკუთარ თავს ვეუბნები- სალომე, ეს ყველაფერი არ არის, წინ დიდი გზაა. ეს არ იქნება ადვილი, ბევრჯერ გეტკინება, მოიხრები და მოირკალები, მაგრამ  ოცნებებიც ახდება და  ცხოვრების ბოლოს ძალიან ბევრი ამბავი გექნება მოსაყოლი…

9 responses to “I have a Dream- მე მაქვს ოცნება

    • სულ ვამბობ, რომ საოცარი მკითხველები მყავს♥️♥️
      ლიტერატურული ბლოგი რომ არ იყოს უფრო მეტს დავწერდი ჩვენზე♥️

      Like

  1. “ღმერთო, ჩამოდი უნდა გელაპარაკო”- ზუსტად ერთი და იგივე ფრაზა თუ შეიძლებოდა, აბსოლიტურად სხვადასხვა ადამიანებისგან მომესმინა, არ მეგონა. ეს სიტყვები ხშირად უთქვამს მამაჩემს შეზარხოშებულ მდგომარეობაში და ახლა აქ რომ აღმოვაჩინე სასიამოვნოდ გამაოცა (ეს ისე ქსპრომტად გაგიზიარეთ) 🙂

    Like

  2. ამერიკაში 2000 წელს ვიყავი, ცოტა დავიწყებულიც მქონდა 🙂 და თქვენმა პოსტმა ისევ იქ დამაბრუნა.. წარმატებები 🙂

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s