შემწვარი მწვანე პომიდვრები

დანაკარგების წელი იყო, საშინელი დანაკარგების. ბევრს ვმუშაობდი, ბოლო სულიერი და ფიზიკური ძალებით ვცდილობდი ყველაფერი მომესწრო და მაინც სულ რაღაც მაკლდა, სულ მეჩქარებოდა. მაინც ვერ ვასწრებდი ცხოვრებას. მაინც არ მყოფნიდნენ დღეები, კვირეები და თვეები. მაინც არ მეყო საკუთარი თავი. ეს უკმარისობა არ ამოივსო.

დანაკარგების წელი იყო, საშინელი დანაკარგების. გადავიღალე, საშინლად გადავიღალე. არ ვიცი სხვა სიტყვებით როგორ აღვწერო ის არანორმალური დღეები, გაუთავებელი შეხვედრები, ლექციები, ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები, მივლინებები, აეროპორტში გათენებული ღამეები. ახსნას აზრი არ აქვს. მაინც ვერ გაიგებენ. ემოციურად ბლაგვ ადამიანებთან ურთიერთობით დავიღალე. საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობით დავიღალე. ერთი სული მაქვს ავდგე და ყველაფერი მივატოვო- სამსახური, უნივერსიტეტი, ყველა და ყველაფერი. სრულიად ასოციალური გავხდე. ბოლოს საერთაშორისო ექსპერტს რომ შევხვდი, ღამე თითქმის არ მეძინა, დილით ადრე ავდექი და გამოპრანჭული  ორი საათი ვაკეთებდი მოხსენებას, მერე დაუსრულებელ შეკითხვებს ვპასუხობდი, მოულოდნელად ფანჯარაში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი  და თავში სულ ეს აზრები მიტრიალებდა- გაიქეცი, სალომე გაიქეცი!

შემწვარი მწვანე პომიდვრები

ფენი ფლეგის წიგნში ,,შემწვარი მწვანე პიმიდვრები“ ბევრი ამბავია_ ქალთა უფლებები, უმცირესობების ჩრდილში დგომა, ქორწინების იძულება, რასიზმი, სეგრეგაცია… ისეთი ამბებია, შეიძლება გული გაგისკდეს, მაგრამ სევდასთან და ტკივილთან ერთად, საოცარი სიმშვიდით, სინათლით და  სიკეთით გავსებს. 500 გვერდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მაინც არ მეყო.   სიმშვიდის, უპირობო სიყვარულის და უსაზღვრო სიკეთის გამო შეუძლებელია ეს წიგნი არ შეგიყვარდეს.

რუთის და იჯის ამბავზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეველინის ამბავია. ეველინისთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. ყოველ დილით ათასი რამის გამოგონება უწევდა, რომ რამენაირად დღის ბოლომდე მიეღწია. საკუთარ თავს არწმუნებდა, დღეს რაღაც განსაკუთრებული მოხდებაო, სულ ელოდა რომ რაღაც არაჩვეულებრივ ამბავს გაიგებდა, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა. როცა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ არაფერი შეიცვლებოდა, არავინ მოვიდოდა მის წასაყვანად, ჩუმმა ისტერიკამ და საშინელმა სასოწარკვეთილებამ მოიცვა. თითქოს ჭის ფსკერიდან იძახდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა.  სწორედ მაშინ, როცა მისი ცხოვრება ინტენსიური თერაპიის განყოფილების ნაცრისფერ მოსაცდელს დაემსგავსა მისის ტრედგუდი გაიცნო, რომელმაც ასწავლა, რომ ღმერთი არასდროს ხურავს ერთ კარს, ისე რომ მეორე არ გაგვიღოს. ,,თუ ის ბეღურასაც კი ადევნებს მზერას, როგორ შეიძლება ჩვენ ვერ შეგვამჩნიოს?“

და მაშინ როცა ეველინი უხმოდ იწვა სიბნელეში, პირადი ჯოჯოხეთის ფსკერზე, წარმოიდგენდა, რომ უისელ სტოპში  სილამაზის სალონში შედიოდა, სადაც თავს ჯერ თბილი წყლით, მერე გრილით და ბოლოს ცივი წყლით ბანდნენ. შემდეგ დოტ უიმსს შეუვლიდა ფოსტაში, მერე კი კაფეში მიდიოდა, სადაც  იჯის და რუთს ხვდებოდა. საუზმეს უკვეთავდა. მზე ყოველთვის ანათებდა და ყოველთვის დგებოდა ხვალინდელი დღე…

ალაბამაში კაფე ,,უისელ სტოპში“ საუზმე 6-ის ნახევრიდან 8-ის ნახევრამდე იყო და შეგეძლოთ შეგეკვეთათ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ბოსტენულიდან შეგეძლოთ აგერჩიათ სიმინდი თეთრი საწებლით, თეთრი ან მწვანე ლობიო, მწვანე კომბოსტო, მუხუდო და შემწვარი მწვანე პომიდვრები.

მაწანწალა სმოუკი ლოუნსამის ამბავი ცალკე ამბავია. ის მუდამ იყო და დარჩა კიდეც გაღლეტილ მოხეტიალედ, მაწანწალად, გზის რაინდად. თავისუფალი სულის პატრონი იდგა და უყურებდა, როგორ ცვიოდა ციდან ვარსკვლავები. ის სიგარეტის გადაგდებული ნამწვების ზომის მიხედვით ხვდებოდა, რა დღეში იყო ქვეყანა. მან ისუნთქა სუფთა ჰაერი ალაბამიდან ორეგონამდე. ბედი არასდროს სწყალობდა, მხოლოდ ერთი ქალი უყვარდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისი ერთგული დარჩა. სანამ უისელ სტოპიდან სამხრეთით, ერთი მილის დაშორებით, მატარებლის ლიანდაგების გასწვრივ, ღამით სიცივეში მისი გაყინული სხეული არ იპოვნეს. მას თან არანაირი საბუთი არ ჰქონდა, ქალის ფოტოსურათის გარდა.

როცა დავიღლები და შიგნიდან მსხვრევის ხმა არ ჩერდება, წარმოვიდგენ რომ სადმე მივიწყებულ და გადაკარგულ ტყეში, სადაც ადამიანებზე მეტი ხეები იქნებიან, მიტოვებულ სახლში მშვიდად ვიცხოვრებ ხეებით და მთებით შემოსაზღვრული. ბაღში მწვანე პომიდვრებს მოვიყვან. მერე მწვანე პომიდვრებს ½ ინჩის სისქედ დავჭრი, პომიდვრის ნაჭრებს ჯერ ათქვეფილ კვერცხში ამოვავლებ, მერე კი საფანელში. ცხელ ტაფაზე აუჩქარებლად შევწვავ, სანამ ორივე მხარე არ დაიბრაწება. აივანზე სარწეველა სკამზე ფეხებს გადავაჯვარედინებ,  გემრიელად შევექცევი და სიჩუმეს მოვუსმენ…

4 responses to “შემწვარი მწვანე პომიდვრები

  1. უზომოდ მომეწონა მეც ეს წიგნი, ადამიანები ისტორიებია, ისტორიები – ადამიანები… ხან ვტიროდი და ხან ვიცინოდი… ისე მაგრად გიწერია კითხვის დროს გაჩენილი გრძნობები ამიფრთხიალდა თავიდან…

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s