შოკოლადის ნაყინი მილანში

არავითარი წიგნები და მუზეუმები, მილანში უნდა ვიშოპინგოთ – მითხრა ქეთიმ როგორც კი თვითმფრინავში ჩავსხედით. მართალია, თავიდან მილანში წამოღებული წიგნების რაოდენობაზე იცინა, მაგრამ  როცა ინტერნეტი არ იჭერდა, mpt3 ფლეიერიც გაჩერდა და მუსიკას ვეღარ უსმენდა, ჩემთვის რამე წიგნი არ წამოიღეო- გადმომხედა. მარგერიტ დიურასის წიგნი მივეცი.  წაიკითხა და ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე მითხრა სევდიან წიგნებს ნუ მაკითხებო.

მილანში სანახავი თითქმის არაფერია. ერთადერთი ღირსშესანიშავი ადგილი დუომოს კათედრალია. ცამდე აწვდილი ულამაზესი სვეტებით, საოცარი და უცნაური არქიტექტურით, თითქოს მიწაზე კი არ ააშენეს, უხილავმა ხელმა ციდან ჩამოდგა. დუომოს კათედრალი  ტურისტების ყველაზე საყვარელი ადგილია. მტრედები ძალიან ქვემოთ დაფრინავენ, ისეთი შეგრძნება გაქვს თავს დაბლა თუ არ დახრი პირდაპირ შემოგასკდებიან. ვიღაც უცნობმა ხელისგულზე მარცვლები დამიყარა,  მტრედების მთელი გუნდი ჩემსკენ გამოქანდა, ამაოდ ვცდილობდი მათგან თავის დაღწევას. მილანში აუცილებლად სანახავი Santa Maria delle Grazie-ში ლეონარდო და ვინჩის ,,The Last Supper“ -ია. ტურისტების დიდი ნაკადის გამო, ლეონარდო და ვინჩის უნიკალური შედევრის ხილვა მხოლოდ 15 წუთით შეიძლება, მაგრამ ბილეთები რამდენიმე თვით ადრე გაიყიდა და გული მწყდება, რომ ნახვა ვერ მოვახერხე.

მილანი- მსოფლიო მოდის ქალაქი

პარიზის შემდეგ მილანი ნამდვილად არის მსოფლიო მოდის ქალაქი. Galleria Vittorio Emanuele ნამდვილი სამოთხეა, მათთვის ვისაც გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს- Chanel. Prada. Louis Vuitton. Dolce & Gabbana. Versace. Tiffany & Co. Gucci. Armani. Michael Kors. Max Mara. Balenciaga…  განსაკუთრებით გაგვიხარდა მილანის ყველაზე პრესტიჟულ და მდიდრულ მოდის მაღაზიებში ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას შექმნილი ფეხსაცმელების დანახვა.

მილანში შოპინგი სახიფათოა- ყიდულობ ერთ წყვილ ფეხსაცმელს, მერე ყიდულობ მეორე წყვილ ფეხსაცმელს, ერთი მაღაზიიდან მეორეში გადადიხარ და ფიქრობ- მოდი მესამე წყვილსაც ვიყიდი. ყიდულობ ერთ ჩანთას, შემდეგ მეორეს. ყიდულობ კაბას, მერე სათვალეს და ასე უსასრულოდ სანამ არ აღმოაჩენ, რომ ორი თვის ხელფასი აღარ გაქვს და სახელფასო ბარათის გარდა სხვა ბარათებიც სრულად ამოწურე.

მაგრამ ჩემი ამბავი რა მოსატანია, ქეთი სრულ დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. Max Mara-ს პალტოს წინ ისეთი სუნთქვაშეკრული იდგა, როგორც მე კლიმტის ,,კოცნის“ წინ ვიდექი. ძლივს წამოვიყვანე, სასოწარკვეთილების ზღვრამდე იყო მისული. ღამე ისევ ფოტოებს ათვალიერებდა და დილით გაიღვიძა თუ არა გამოაცხადა- შენ ხომ გაქვს ლიტერატურული ბლოგი, მე მოდის ბლოგს  გავაკეთებო.

ფლორენცია

Florence_

ფლორენციაში მატარებლით წავედით. მატარებლის სადგურზე ნატა გველოდებოდა.  ძალიან ცხელოდა. მზე პირდაპირ გვწვავდა. Ponte Vecchio-ს ხიდის ძებნაში მთელი ფლორენცია ფეხით მოვიარეთ. ულამაზესია ფლორენცია ხიდებით, წყალზე აშენებული ფერადი სახლებით. Galleria dell’ Accademia-ში ,,დავითის“ სანახავად შევედით. ერთი წლის წინ რომში, ვატიკანის მუზეუმში მე და ნატამ მთელი მუზეუმი შემოვიარეთ და  დავითის ქანდაკება რომ ვერ ვნახეთ, ,,დავითი“ სად არისო- აღშფოთებულებმა ვიკითხეთ. დავითს აქ რა უნდა, დავითი ფლორენციაშიაო- გამოგვიცხადეს. ჩვენ არ შევიმჩნიეთ და ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ, როდის გადაიტანესო. ერთი წლის შემდეგ ფლორენციაში ,,დავითის“ ქანდაკების წინ ვიდექით და ამ ამბავზე ვიცინოდით.

სეირნობისას შემთხვევით გადავაწყდით ჩინელი არტისტის პერფომანსს ,,Unreal City”, ასე ერქვა  ირეალურ ქალაქს ცაში გამოკიდებული შავი ანგელოზებით და ჩიტებით. იდუმალი და მისტიკური სანახაობა იყო. ძალიან, ძალიან შთამბეჭდავი.

საღამოს გოგოებს  ველოდებოდი და დაღლილი იქვე კიბეებზე ჩამოვჯექი. უკან რომ გავიხედე, აღმოჩნდა, რომ ტაძრის კიბეებზე ვიჯექი. გარეთ ტურისტები ირეოდნენ, ფოტოებს იღებდნენ, იცინოდნენ, ხმაურობდნენ, რამდენიმე ნაბიჯის იქით იდგა ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ტაძარი ცარიელი, მშვიდი, სევდით სავსე. ევროპაში ბევრი ასეთი ეკლესია მინახავს, იქ დიდი ხანია აღარავინ აღარ ლოცულობს. ვიჯექი სკამზე, სრულ სიჩუმეში, ვუყურებდი მაცხოვრის  შობას, ჯვარცმას  და ვფიქრობდი:

,,ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
რომ დავიბრუნო ძველი სიზმრები
რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის ერთფეროვნებამ,
და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ
გამახსენოს ჩემი სიმხდალე
უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ

საუკუნეა არ უთოვია!
საუკუნეა გამოფიტულ ოთახში დავრჩი,
საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში,
აღარავინ აღარ ლოცულობს!

 შოკოლადის  ნაყინი

,,თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს…

ყოველთვის მინდოდა ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე, სადაც იქნებოდა მტვერი, მანქანების ხმაური, ბავშვების გადარბენა ქუჩაზე, ჩამოვმჯდარიყავი შუაგულ მზეში, დამეხუჭა თვალები და გემრიელად მეჭამა შოკოლადის ნაყინი.

მილანში, დუომოს მოედანთან ძალიან გრძელი ტურისტების რიგი შევნიშნე. ახლოს მივედი და აღმოჩნდა, რომ ამდენი ადამიანი არც მეტი არც ნაკლები ნაყინს ელოდებოდა. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე რიგში ჩავდექი. ჩეკს დავხედე 455-ე ვიყავი. დაახლოებით ერთი საათის ლოდინის შემდეგ ჩემი რიგიც მოვიდა.

ღმერთმა დაივიწყა ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა რომ ვიყავი, მე მქონდა პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. დუომოს კათედრალის წინ კიბეებზე ვიჯექი, ირგვლივ უამრავი ხალხი მოძრაობდა, ცაში მტრედები დაფრინავდნენ, მზე კანს მიწვავდა და ყველაზე გემრიელ შოკოლადის ნაყინს ვჭამდი…

Yellow Bus

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s