ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს…

ხშირად ვფიქრობ, ოთარ ჭილაძე რასაც წერდა ეს ყველაფერი თუ მართლა განიცადა და საკუთარ ძვლებზე გადაიტანა, როგორ გადარჩა, ამდენს როგორ გაუძლო, გული როგორ არ გაუსკდა. ერთი ლექსი აქვს- ,,გამოთხოვება“. ლექსი კი არა წყევლაა და იქ წერს, მე მოვიგონე ეს გრძნობა ჩემთვისო.  არავის დედამიწის ზურგზე ასე არ მოუგონია სიყვარული, მარტოობა, ბედნიერება, ტკივილი და განშორება.

ქართული ლიტერატურა ჩემთვის მიხეილ ჯავახიშვილით იწყება და ოთარ ჭილაძით მთავრდება. თუმცა ჭილაძე ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შეძლო და თანაბრად ძლიერად თქვა სათქმელი პოეზიაში და პროზაში. როგორც ხდება ხოლმე, სიცოცხლეში სათანადოდ არ დააფასეს. ნობელის პრემიის ნომინანტი, ლიტერატურული პრემია ,,საბას“ მფლობელი კი იყო, მაგრამ მისი შემოქმედება (,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ,,ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“, ,,აველუმი“, ,,გოდორი“, ,,რკინის თეატრი“) ნამდვილად იმსახურებდა ყველაზე დიდ ლიტერატურულ პრემიებს. ახლახანს ჭილაძის ჩანაწერების წიგნი ,,ცა მიწიდან იწყება“ წავიკითხე:

“რა სჭირს ადამიანს? რა შეაყოლა  ღმერთმა ტალახს ამისთანა მოურჩენელი?”

,,რატომ ხუჭავს ადამიანი თვალებს, როცა რამე აწუხებს ანდა სიამოვნებს? იქნებ იმიტომ, რომ წუთით მაინც გამოეყოს სამყაროს, მარტო დარჩეს წუხილთან თუ სიამოვნებასთან ერთად, რომელსაც მაინც ვერ გაუზიარებს ვერავის.“

,,ნურასდროს ნუ იტყვი, ყველაფერი უკან დარჩაო. წინ ყოველთვის არის რაღაც, რასაც ერთბაშად შეუძლია ჩვენი ცხოვრების გადაფასებაც და გაუფასურებაც.“

,,როგორი იქნებოდა ადამიანი, კაენს რომ არ მოეკლა აბელი; ელექტრასა და ორესტეს-დედა;  თვალები არ დაეთხარა ოიდიპოსს; პენელოპე არ დალოდებოდა ქმარს; მედეას არ ეღალატა მამისთვის; ჯულიეტას არ დაელია საწამლავი; ოტელოს არ დაეხრჩო დეზდემონა; არ დაეხოცათ საკუთარი შვილები მატეო ფალკონესა და ხევისბერ გოჩას; არ მოეკლათ თავი ემმა ბოვარსა და ანნა კარენინას. არ გაეყიდათ ბიძია თომა … ადამიანი მაინც ისეთი იქნეოდა, როგორიც დღესაა, ოღონდ არ ეცოდინებოდა, რატომ არის ადამიანი“.

ჭილაძე წერდა- ერთი ცნობილი ქალბატონი ამბობდა, ჩემი ფიქრები ყოველთვის ჩემი კაბების ფერიაო. ხასიათის ამბავია. მეტი არაფერი. თითქოს სავსე ხარ მისი სიტყვებით.

დილაა, იღვიძებ თეთრ ჭერს ახედავ  და გახსენდება_ ,,ჩვენ გავფრინდებით სხვადასხვა მხარეს და ერთდროულად ვიქნებით ცაში“

მიდიხარ ქუჩაში და გახსენდება- ჩვენ დავდიოდით და ამდენ სახლში არც ერთი სახლი არ იყო ჩვენითუმცა, ამაზე არც გვიფიქრია! ვერც დაგვიტევდნენ ალბათ კედლები.“

მაღაზიაში ყიდულობ რაღაცას და გახსენდება – ,,შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ

სამსახურში ხარ და გახსენდება-

,,მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი

ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო,

შეცდომით იდო და ნელანელა

თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.

შეხვედრაზე ხარ და გახსენდება- ,,და დღე, რომელიც უშენოდ მოვა, მხოლოდ გარედან იქნება მშვიდი“

მანქანით მიდიხარ და გახსენდება- ,,მადლობელი ვარ ამ ტკივილისთვის. მე ფიქრი მტკივა როგორც ხეიბარს, დიდი ხნის წინათ მოჭრილი ფეხი სტკივდება ხოლმე.“

მეგობარი გეკითხება როგორ ხარო და გახსენდება- წარსული ყოველთვის წინ გელოდება!”

უნივერსიტეტში ლექციას კითხულობ და გახსენდება- ,,დავიწყება დამარცხებას ნიშნავს

ტელეფონზე საუბრობ და გახსენდება_ ,,ვერ მივაჭედე სულს სახელური, რომ გამოაღოს ყველამ კარივით…”

სახლის კიბეებზე ადიხარ და გახსენდება_

,,მეც კვლავ მივდივარ, კვლავ მადგას თავზე

ვერაგი ღმერთი მძაფრი განცდების.

და ვივლი, ვივლი… სულ ვივლი ასე,

სანამ საკუთარ თავსაც გავცდები.”

ღამეა, ვერ იძინებ და გახსენდება_ ,,ღმერთო, მასწავლე მოთოკვა ფიქრის, ანდა წამართვი ფიქრის უნარი.”

,,გზები ჩქარობდნენ. ზღვები ღელავდნენ. ხეები დგომას სწავლობდნენ ქარში

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს

,,სული იზრდება მარტოობაში და ვხედავ როგორ იკეთებს ყვავილს“

პოეზია აიძულებს ადამიანს ამაღლდეს ყოველდღიური ყოფის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს უსასრულობაო- წერდა ოთარ ჭილაძე. ჭილაძის პოეზია სხვა სამყაროა, სხვა განზომილება…

ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს,

მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა,

რომ დღემდე შენით ვცხოვრობდი მხოლოდ,

შენ იყავ სუნთქვაც და გულის ფეთქვაც.

 

 გადიან წლები და ფიქრით დაღლილს

 გადაუხდელი მრჩება ვალები

 და მეკარგება მშობლების სახლი

 აუტანელი და საყვარელი.

 

 მე არ ვკითხულობ, რად მოხდა ასე,

 ან რად შემჯავრდა, რაც ადრე ვწერე,

 ან რად დავკარგე შენს თვალში ფასი

 ამდენი ცდის და წვალების მერე.

 

 ალბათ ასეა ცხოვრების წესი,

 მკაცრი სიმართლით პირამდე სავსე,

 და ამ სიმართლით ივსება ლექსიც,

 რომ ხვალ მეხივით დამატყდეს თავზე.

 

 მაგრამ ჯერ უნდა მოვიდეს თოვლი

 და გადმოჰფინოს თეთრი აფრები

 და შენი ნაზი სხეულის თრთოლვით

 ათრთოლდეს თოვლიც და ყველაფერი.

 

 მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,

 ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,

 და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

 თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.

ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,
ის, შეიძლება, უბრალოც იყოს
და აუტანელ ტკივილით ითქვას.

უბრალო იყოს, ვით მწყემსის დანა,
უფრო უბრალო, ვიდრე მარილი.
სულში კი მთელი სიმძიმით წვანან
დღეები, უკვე გადატანილი.

წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები
წვანან ჩაძირულ გემის აფრები
მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,
რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.

და სიკვდილამდე ამ სიტყვას ეძებ,
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს
და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,
ყველა ტკივილის ატანას აჩვევ

 

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,

გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს

მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,

მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები

აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.

მეც აღარ მინდა, რომ სხვას დაბრალდეს

ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,

არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ

და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს

შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზესულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს

საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც

შენ ხარაქამდე რაც უნდა მეთქვა,

შენ ხაროთახში ჰაერზე მეტი! 

6 responses to “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს…

  1. ,ცა მიწიდან იწყება” მეც წელს წავიკითხე. ლამის თითოეული ჩანახატი თუ ფრაზა მაოცებდა თავისი სიღრმით ♥ ჭილაძემ შეძლო პაწია პწკარედებითაც ბევრი ეთქვა, არაფერს ვამბობ მის რომანებზე… მეც განსაკუთრებულად მიყვარს ♥

    Liked by 1 person

    • გული მწყდება, რომ ცოცხალი აღარ არის. ,, ცა მიწიდან იწყება” თითქოს უბრალო ჩანაწერებია, ყოველდღიურობა, მაგრამ ნამდვილი რომანია, განცდებით და სევდით სავსე❤️❤️❤️

      Liked by 1 person

  2. ზოგადად პროზასთან უფრო “ვმეგობრობ”, ვიდრე პოეზიასთან, მაგრამ ოთარ ჭილაძე ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას – რომანით, ლექსით, უბრალო ფრაზითაც კი…

    Liked by 1 person

    • ჭილაძე არის ჩემი დიდი სიყვარული❤️ ბოლომდე კიდე ვერ დავწერე, ბოლომდე კი არა ასე მგონია საერთოდ ვერ დავწერე.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s