სალომე(ა)

ზუსტად 7 წლის წინ 2010 წლის 4 ივლისს ბლოგის წერა დავიწყე. ძალიან ბევრს ვკითხულობდი, საშინლად ბევრს და ვგრძნობდი, თუ დაგროვებულ ემოციებს და განცდებს სულიდან ჯინივით არ გავათავისუფლებდი, სიმშვიდეს ვერ ვიპოვნიდი. ასე დავიწყე ლიტერატურული ბლოგის წერა. თავიდან იყო კატეგორია ,,მწერლები“ და ,,წიგნები“. მოგზაურობების გამო დაემატა- ,,პირადი სივრცე“. ქალი მწერლების განსაკუთრებული სიყვარულის გამო მოგვიანებით დაემატა კატეგორია- ,,ქალები“.

2010 წლიდან დაწერილი პოსტების უმრავლესობა წაშლილია. ამჟამად ბლოგზე 80 პოსტია გამოქვეყნებული. რამდენიმე ჩანაწერი ახლაც არ მომწონს, მაგრამ (ჯერ) არ წამიშლია. საერთოდ, ჩემი ნაწერები ბოლომდე არასდროს მომწონს. სულ მგონია, რომ რაღაც დავაკელი. ,,რაღაც“ ბოლომდე  ვერ დავწერე.

wordpess.com ითვლის მკითხველების რაოდენობას, ადგენს რეიტინგებს და პერიოდულად მიგზავნის. აღმოჩნდა, რომ ,,ნასესხები სიცოცხლე“ 6 591 ადამიანმა წაიკითხა. ,,ნასესხები სიცოცხლე“ სალომეს მივუძღვენი და ორმაგად მტკინეულია, როცა ყველაზე მეტმა ადამიანმა  შენი მეგობრის სიკვდილზე დაწერილი პოსტი წაიკითხა. ხანდახან აუტანელი სურვილი მაქვს ეს პოსტი წავშალო, თუმცა არ ვშლი. ეს ერთადერთია, რაც ახლა სალომესთან მაკავშირებს…

Life_

,,დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანეს სახარება, თავი პირველი) ალბათ იმიტომ, რომ პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთი-სიტყვები მიყვარს. როცა ვწერ ყველაზე მეტს სიტყვებზე ვფიქრობ. გადაბმულად დღეეებიც მიფიქრია.

რაღაც უცნაური ბედი დაჰყვა სალომე(ა)ს ბლოგს. ყველა ბიჭი, ვისაც ვუყვარდი კითხულობდა ჩემს ბლოგს. ბლოგზე არასდროს გამომიქვეყნებია ფოტო, არც სახელი და გვარი დამიწერია. არც იმაზე დამიწერია, ვინ ვარ, სად ვმუშაობ, რას ვაკეთებ ცხოვრებაში. ყოველთვის ვცდილობდი რეალური ცხოვრება და სალომე(ა)ს ცხოვრება ერთმანეთისგან გამიჯნული ყოფილიყო,  ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ არა.

ბლოგის Facebook-ის გვერდზე თითქმის ყოველ დღე მომდის შეტყობინებები. რამდენჯერმე მომწერეს შეხვედრასთან დაკავშირებით. ერთი ბიჭი განსაკუთრებით აქტიურობდა,  ყოველ დღე მწერდა, შენს ბლოგს ვკითხულობ და შემხვდი როგორი ხარ მაინტერესებსო. ძალიან რომ შემაწუხა, მივწერე ეს გაცნობის საიტი არ არის, ლიტერატურული ბლოგია, შეხვედრა არ გამოვა-მეთქი. გაბრაზებულმა მომწერა, შენნაირი ლამაზი სულის ადამიანები გარეგნობით არ გამოირჩევიან და ალბათ ამის გეშინიაო.  ცხოვრებაში რაღაცეების კი მეშინია, მაგრამ გარეგნობის    ნამდვილად არა : )))

სალომე(ა)ს ბლოგმა ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. რაც წლები გადის, უფრო იშვიათად ვწერ. ყოველდღიურობა ისე თრგუნავს  განცდებს,  გრძნობებს და ემოციებს, ყოფიერების აუტანელი, აუტანელი, აუტანელი სიმძიმე და სიმსუბუქე ისე ძლიერად გიჭერს ყელში ხელებს, რომ ძნელია მშვიდად დაჯდე შენს ოთახში, დაწერო სიყვარულზე, სიკეთეზე, ბედნიერებაზე, სამყაროზე სადაც ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გარდა კიდევ არსებობს რაღაც… რაღაც სამყაროსავით დიდი და შეუცნობელი… და ხანდახან საერთოდ აზრს კარგავს მკვდარ ჩიტს მოტეხილი ფრთა მიაკერო…

Birds_

იყო დღეები, როცა მაკონდოში გადაუღებლად წვიმდა და ნერონივით საკუთარი რომის გადაწვა მინდოდა. ასეთ დღეებში ბლოგის წაშლაზე ვფიქრობდი, ერთი პატარა ღილაკით 7 წლის რამდენიმე წამში განადგურებაზე.  მაგრამ…

სანამ ვიღაც კითხულობს სალომე(ა)ს ბლოგს.  სანამ ვიღაც, სადღაც ელოდება ახალ ჩანაწერს. სანამ ვიღაც სალომე(ა)ს ბლოგის გამო წავა, მოძებნის წიგნს და წაიკითხავს- უნდა გაგრძელდეს, ყველაფერი უნდა გაგრძელდეს…

salome(a)_

მთელი გულით მადლობა ყველას, ვინც კითხულობდა, ეძებდა და პოულობდა სალომე(ა)ს ბლოგს. 7 წლის შემდეგ  შეკითხვაზე ,,რატომ ვწერ“ ისევ ასე ვპასუხობ:

,,მეწერება და იმიტომ ვწერ!

დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ.

კითხვა მიყვარს და იმიტომ ვწერ.

მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ხელოვნების და იმიტომ ვწერ.

ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ.

ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე

თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. ამ გრძნობისგან გათავისუფლება მწადია და იმიტომ ვწერ.

ბედნიერებას რომ  ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ.

ბედნიერი რომ ვიყო, იმიტომ  ვწერ.”

17 responses to “სალომე(ა)

  1. უნდა გაგრძელდეს სალომეა, რა თქმა უნდა უნდა გაგრძელდეს… შენს ბლოგზე სიახლე როცა გამოჩნდება, ყოველთვის ვიცი, რომ რაღაც ახალ ემოციას მოიტანს კიდევ… შენი რამდენიმე პოსტი რამდენჯერმეც კი მაქვს წაკითხული.. საოცარი განცდები და ემოციები მოიტანა ❤ იცი კიდევ, მახსოვს სალომეას ძველი, წაშლილი, უფრო პირადი პოსტებიც.. ამ ბლოგზე სტუმრობა განსაკუთრებით მიყვარს ხოლმე.. ძალიან, ძალიან ,,ჩემიანი'' ხარ.. უნდა წერო…შენ სულ უნდა წერო სალომეა ❤

    Liked by 1 person

  2. ბლოგის დაბადების დღის მოლოცვა კი დამავიწყდა 😦 გილოცავ! ყოფიერების აუტანელ სიმძიმესა და სიმსუბუქეში სულ შეგძლებოდეს ერთგვარად გაემიჯნო მას, გაექცე რეალობის ,,მარწუხებს” და სიტყვებს მისცე საშუალება გამოვიდეს შენგან… ეს ახლა მშვენივრად გამოგდის და მჯერა, რომ სულ შეძლებ ❤ მიხარიხარ ❤ მიხარია ამ ბლოგის არსებობა და უნდა იარსებოს სულ ❤

    Liked by 1 person

    • რუსა ❤

      გუშინ ღამე სამსახურიდან დაღლილი მივედი სახლში და გამახსენდა, რომ ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. ჰოდა წერის განწყობა არ მქონდა, მაგრამ მაინც დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე და მერე ბოლოს ლეპტოპი დავხურე და დავიძინე. დღეს დილით რომ გავიღვიძე დამხვდა 150-ზე მეტი შეტყობინება და 74 კომენტარი. ისეთი კარგი სიტყვები დამიწერეს, გული მაქვს აჩქარებული ❤

      პირად ამბებს რაც შეეხება, 7 წლის წინაც და 7 წლის მერეც ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება პირადია ❤

      ჩემი ბლოგი შენს გარეშე მე ვერ წარმომიდგენია ❤ ❤ ❤

      Liked by 1 person

      • შენი ეს პოსტი მეც გავაზიარე ჩემს კედელზე და როგორი ინტერესი გამოიწვია იცი? მართალია ზოგმა თავი შეიკავა რატომღაც დაკომენტარებისგან, მაგრამ საუბრისას მითხრეს, რომ კითხულობენ შენს ბლოგს და მოსწონთ.. ბევრი კიდევ გუშინ დაინტერესდა ლიტერატურაზე შეყვარებული პროკურორის ბლოგით ❤ მეამაყები და მიხარიხარ ❤

        Liked by 1 person

  3. კატეგორია პირად სივრცეში ყოველი ახალი პოსტი ჩემთვის არის ძალიან, ძალიან ძვირფასი, რადგან ნიშნავს ახალ საჩუქარს, ამიტომ, ძალიან გთხოვ, უფრო აქტიურად წერე მოგზაურობაზე და მეც უფრო მეტი საჩუქრები ჩამომიტანე :)))
    ოღონდ ისეთი კი არა რომიდან რომ ჩამომიტანე :)))

    P.S. ასევე გთხოვ გაითვალისწინო, რომ მალფუჭებად და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთების ტრანსპორტირებაზე მიღებულია ახალი რეგულაციები და ძალიან გართულებულია მათი საზღვარზე შემოტანა. :))))))

    Liked by 1 person

    • come on: D მთელი 30 ევრო გადავიხადე 😀 ჩემი საყვარელი შეკითხვა ისევ ძალაშია ,,მოგონებებით ცხოვრება იცი შენ როგორია?”: D: D

      Like

  4. ვულოცავ ბლოგს დაბადების დღეს :)) ❤ 7 წელი ცოტა არ არის და ეს "ასაკი" ერთ რამეს ნიშნავს – საჭირო ბლოგია, ფოსტით ახალი პოსტის გამოქვეყნების ამბავი რომ მოგვდის და გვიხარია, ისეთი :)))

    Liked by 1 person

    • შენი ბლოგიც მალე გახდება 7 წლის, თუ სწორად გამოვთვალე ❤ რამდენიმე ბლოგია, რომელსაც ყოველ დღე ვკითხულობ და ერთ-ერთი შენია ❤

      Liked by 1 person

  5. აი ბოლო წინადადებებში მეგონა ჩემზე იცოდი, რომ მე ველოდები ყოველთვის ახალ ჩანაწერს დააააა წიგნიც ბევრჯერ წამიკითხავს შენი “ხათრით” :))))))) უნდა გაგრძელდეს აუცილებლად ❤

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s