შენ მე შემხვდი ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაურ პერიოდში

                და რადგან პირობა დავდეთ, რომ ყველაფერი საიდუმლო უნდა ყოფილიყო

                და რადგან მარცხენა ხელზე, როცა საათს ვიკეთებ შენ მახსენდები

                 გეძღვნება შენ

იღვიძებ  ო’ჰარაში…

ყოველი აფრენა-დაფრენისას, თუ თვითმფრინავი ცალ მხარეს მკვეთრად იხრება, ავიაკასტროფას ნატრობ. წარმოიდგენ, რომ კვდები. სიგარეტის ღერივით იფერფლები და უძილობისგან იკურნები. თუ მივლინებაში დაიღუპები, სადაზღვევო კომპანია სამმაგს იხდის.

იღვიძებ ლაგუარდიაში…

შენ და ტაილერი სახურავის კიდეზე დგახართ, პირში პისტოლეტის ლულა გაქვს ჩათხრილი. ნეტა სუფთა მაინც თუა ეს პისტოლეტი?

იღვიძებ ლოგანში…

დადიხარ მხარდაჭერის ჯგუფებში. აქ ყველა კვდება შენს გარდა. ყველას რაღაც უკურნებელი დაავადება სჭირს. შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ.  ახედავ ვარსკვლავებს და … უკვე მკვდარი ხარ. ყველაფერი შორეული გეჩვენება. თითქოს ასლის ასლის ასლია. Everything’s a copy of a copy of a copy.

იღვიძებ ლავ ფილდში…

ყიდულობ ავეჯს. თავს ირწმუნებ, რომ  მეტ დივანს აღარ  იყიდი.  მერე კომფორტული საწოლის ჯერი დგება, მერე ფარდების, ხალიჩების, ლამაზი ფინჯნების… ამასობაში შენსავე მყუდრო ბუდეში ემწყვდევი. მაგრამ ერთ დღესაც ნივთებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება შეალიე ცეცხლი ეკიდება და ქვევიდან უყურებ როგორ იწვის შენი სახლი. დეტექტივს ჰგონია, რომ სახლი შენ ააფეთქე. შენ ცდილობ აუხსნა, რომ გიყვარდა შენი ცხოვრება, შენი ბინა, ავეჯი. დეტექტივს შენი არ სჯერა და გაფრთხილებს, ქალაქის დატოვება გეკრძალებაო.

იღვიძებ სი-ტეკში…

ცალი თვალი ჩაშავებული გაქვს, ნახევარი სახე- გასიებული. ლოყაზე შიგნით ნაკერები გადევს. ნაკერი გაირღვა და ენის წვერით ეხები მოშვებულ ძაფებს. სისხლის გალოკვას ცდილობ. ხვალ ,,მებრძოლთა კლუბის“ შეხვედრაა და ვერაფრით გამოტოვებ. ,,მებრძოლთა კლუბის“ პირველი წესია, არაფერი თქვა ,,მებრძოლთა კლუბის“ შესახებ.

იღვიძებ დალესში…

მარლას ხელის ზურგზე ტაილერის კოცნისგან დარჩენილი ნაიარევი აქვს. შენ ტაილერი გინდა. ტაილერს მარლა უნდა. მარლას შენ უნდიხარ. თუ ტაილერს უყვარს მარლა. ე.ი. შენც გიყვარს მარლა.  ეს სასიყვარულო სამკუთხედი სულაც არაა. აქ საქმე სიყვარულს კი არა, ფლობას ეხება. მარლას თქმით, მისი ცხოვრების ფილოსოფია ის არის, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს მოკვდეს. მისი ცხოვრების ტრაგედია ისაა, რომ არ კვდება.

იღვიძებ მაიგზ ფილდში…

რეკლამები აიძულებს ახალგაზრდა ძლიერი კაცების და ქალების ჯგუფს იყიდოს მანქანები და ტანსაცმელი, რომელიც არ სჭირდება. უკვე თაობებია, მუშაობენ სამსახურებში, რომელიც ეზიზღებათ. მთელი ჩვენი ცხოვრება დიდი დეპრესიაა. ჩვენ სულიერი დეპრესია გვაქვს.

იღვიძებ და არსად არ ხარ

ჩაკ პალანიკი წერდა, სინამდვილეში მე მხოლოდ ,,დიდი გეტსბის“ ოდნავ განახლებულ ვერსიას ვწერდიო. ეს სამოციქულო რომანი იყო, რომელშიც გადარჩენილი მოციქული თავისი გმირის ამბავს ჰყვება. წიგნში ორი კაცი და ერთი ქალია. და ერთ-ერთ კაცს, წიგნის გმირს კლავენ. ჩაკ პალანიკი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს წიგნი ბესტსელერი გახდებოდა, ახალგაზრდები ხელებზე კაუსტიკური სოდით კოცნას ამოიწვავდნენ… დონატელა ვერსაჩე მამაკაცის სამოსში სამართლებლის ფირფიტას ჩააკერებდა და ,,მებრძოლთა კლუბის სტილს“ დაარქმევდა, ,,დოლჩე და გაბანას“ სამოდელო სახლი მილანის ბინძურ, ბეტონის იატაკიან სარდაფში მამაკაცების სამოსის ახალ სტილს ჯარისკაცულ მწვანე, ვიწრო შარვლებს გამოუშვებდა. ახალგაზრდები ოფიციალურად შეიცვლიდნენ სახელს და ტაილერ დერდენს დაირქმევდნენ. პენსლვანიის უნივერსიტეტში კონფერენციას გამართავდნენ და აკადემიკოსები ,,მებრძოლთა კლუბის“ დეტალებს განიხილავდნენ. აეროპორტში ცრუ საჯარო მიმართვებს გამოაცხადებდნენ – ,,ტაილერ დერდენს ვთხოვთ თეთრ ტელეფონთან  მივიდეს“ და ა.შ. და ა.შ.

და რადგან ყველაფერი ინგრევა და უცვლელი არაფერია, რადგან ყველა ვინც გიყვარს ზურგს გაქცევს ან მოკვდება, ყველაფერს რასაც შექმნი, დაივიწყებენ, რადგან სრულყოფილება სულ ერთ წამს გრძელდება… ბიჭი რომ ვყოფილიყავი, წამოვიდოდი სამსახურიდან თეთრი პერანგით, ,,მებრძოლთა კლუბში“ იქამდე ვიჩხუბებდი, სანამ ეს თეთრი პერანგი სისხლით არ დაიფარებოდა, სანამ პირში საკუთარი სისხლის გემოს არ ვიგრძნობდი, ვიჩხუბებდი ბოლომდე. მეორე დღეს სამსახურში მშვიდად გავაკეთებდი პრეზენტაციას, თეთრი გახამებული პერანგით, ჩალურჯებული თვალით, გაკერილი ლოყით.

You met me at a very strange time in my life

giphy (2)

ყველაფერი ერთი ფოტოთი დაიწყო. ყოველ დღე სადღაც მხვდებოდა ეს ფოტო- Facebook-ზე, ქუჩაში, კაფეში… ყოველ დღე სადღაც შემთხვევით ვხედავდი ამ ფოტოს. თითქოს სამყარო რაღაც ნიშნებს მიგზავნიდა.  ეს ფოტო არის ბოლო კადრი ფილმიდან ,,Fight Club”. ფილმის ნახვის შემდეგ დიდხანს ვეძებდი წიგნს. გამომცემლობა ,,დიოგენემ“ პალანიკის წიგნი ,,მებრძოლთა კლუბი“ ორჯერ გამოსცა, მაგრამ ყველა ეგზემპლარი გაიყიდა. წავედი და ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე. დიდი ხანია ბიბლიოთეკის წიგნი არ წამიკითხავს, ვიღაცას ჩემამდე საყვარელი ფრაზები ფანქრით  ჰქონდა მონიშნული.

ბოლივიის მთებში, ყოველ წელს ანდების მაღალმთიან სოფლებში  ქალები და კაცები იკრიბებიან და ,,ტინკუს“ ფესტივალს მართავენ. კაცები კაცებს ეჩხუბებიან, გასისხლიანებულები ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ. ზოგჯერ ქალებიც ეჩხუბებიან ერთმანეთს. ისე ჩხუბობენ, როგორც საუკუნეების მანძილზე უჩხუბიათ. ბოლოს ძალაგამოცლილი ქალები და კაცები ეკლესიაში მიდიან და ქორწინდებიან. მთავარი ამბავიც ეს არის.

,,პარკერ-მორისის“ ცათამბჯენი რამდენიმე წუთში მოჭრილ ხესავით დაეცემა ძირს… ნაწილ-ნაწილ დაიშლება მთელი თავისი 191 სართულით… ამ ყველაფრის მიზეზი მარლა სინგერია. ჯო და მარლა ცათამბჯენის წინ დგანან, ჯო მარლას ხელს ჰკიდებს და ყველაზე მაგარ სიტყვებს ეუბნება _

,,You met me at a very strange time in my life…“

,,შენ მე შემხვდი ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაურ პერიოდში…“

    

One response to “შენ მე შემხვდი ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაურ პერიოდში

  1. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე ადამიანმა მხედველობა, ყნოსვა, შეგრძნება და ლაპარაკის უნარი რომ დაკარგო და მარტო სმენა დაგრჩეს, როგორ უნდა იცნო ის ვინც შენთვის მართლა ძვირფასია. როგორ უნდა მიხვდე რომ ის მართლა ისაა, იქნებ ხმას ამსგავსებს, იქნებ გატყუებენ…
    ახლა ზუსტად ვიცი როგორც უნდა იცნო. You met me at a very strange time in my life… ჩუმად ნათქვამი ეს სიტყვები ყველა გრძნობას ერთად დაუბრუნებს იმ ადამიანს, ვინც ამ სიტყვების ფასი იცის, ვისაც მოუსმენია და ვისაც ეს დაუწერე. გარეგნობაც შეიცვლება, ხმაც, აღქმაც და გადმოცემის უნარიც, მაგრამ არასოდეს შეიცვლება ის შეგრძნება, რაც ამ სიტყვების მოსმენას ახლავს თან. მითუმეტეს მაშინ, როცა პირობა დადეთ ყველაფერი საიდუმლო ყოფილიყო, მაშინ როცა მარტო თქვენ ორმა იცით რას ნიშნავს ეს სიტყვები.

    დღეიდან ეს ჩემი საყვარელი პოსტი იქნება შენ ბლოგზე.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s