ლონდონი- KEEP MOVING…

ვიზის  აპლიკაცია

დიდი ბრიტანეთის ვიზის აპლიკაციის შევსება თავიდან მშვიდად დავიწყე, მაგრამ იმდენი საათი ვწერდი შეკითხვებზე პასუხს, ლონდონის დანახვა აღარ მინდოდა. 13 გვერდი შევავსე, ზუსტად 90 შეკითხვას ვუპასუხე_ მამაჩემის დაბადების ადგილით დაწყებული, ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის უარყოფით.

45-ე შეკითხვაზე ,,გყავთ თუ არა მეუღლე ან პარტნიორი“, მარტივად ჩავწერე- single. მაშინ მივხვდი როგორ გამიმართლა, რადგან ალბათ შემდეგ კიდევ 10 გრაფა ჩამოიშლებოდა შეკითხვებით- რა ფერის კბილის ჯაგრისი აქვს თქვენს მეუღლეს, რამდენ კოვზ შაქარს იყრის ფინჯან ყავაში (ერთი, ორი, სამ ნახევარი, უშაქროს სვამს, მიუთითეთ სხვა ოდენობა) როდის აქვს დაბადების დღე თქვენი მეუღლის ბებიას და ა.შ. და ა.შ.

საკონსულოს უნდა მივწერო  ,,single”-ებისთვის დაამატონ გრაფები:

Tier 1- ,,ღმერთმა დასწყევლოს ყველა მაღალი და სიმპატიური ბიჭი“.

Tier 2-  ,,ყველა კაცი ერთნაირია“.

Tier 3-   ,,მიუთითეთ სხვა მიზეზი“.

როგორც იქნა შევავსე აპლიკაცია, დავადასტურე ათასი მოთხოვნა/თხოვნა. გააგზავნეს ჩვენი პასპორტები სტამბოლში და 6 თვიანი ვიზით უკან დაგვიბრუნეს.

წითელი ლონდონი

,,ლონდონში სულ წვიმს“ მითია. ერთხელაც არ უწვიმია. მშვენიერი ამინდები დაგვხდა. პირველივე დღიდან ქუჩაში მხვდებოდნენ ქალები, გოგოები, რომლებსაც ქაღალდში შეხვეული ყვავილები მიჰქონდათ. ვირჯინია ვულფზე ვფიქრობდი: ,,Mrs Dalloway said she would buy the flowers herself.“ ყველანაირი ტრანსპორტით ვიმგზავრეთ: ლონდონის მეტროთი,  წითელი ორსართულიანი ავტობუსებით, გემით გავისერნეთ მდინარე ტემზაზე. საერთოდ ლონდონში ძალიან უყვართ წითელი ფერი: წითელი ავტობუსები, წითელი ტელეფონის და  საფოსტო ყუთები ძალიან ალამაზებს ქალაქს.

London_Red

Red London_

ოქსფორდის ქუჩა

წითელი ორსართულიანი ავტობუსით მგზავრობის დროს გზა აგვერია, მეორე სართულზე ვისხედით, მაღლიდან უფრო კარგად ჩანდა ლონდონის ქუჩები. მოულოდნელად ჩვენმა ავტობუსმა  სხვა ქუჩაზე შეუხვია და აღმოვჩნდით ოქსფორდის ქუჩაზე. ულამაზესი აყვავებული ხეების შუაში, წითელი ორსართულიანი ავტობუსები ერთმანეთს გვერდს უქცევდნენ, ლონდონის შავი ტაქსები წითელ ავტობუსებს შორის მიდიოდნენ. საოცარი სანახაობა იყო.

ავტობუსიდან ჩამოვედით და ფეხით მოვიარეთ მთელი ქუჩა. როგორც ხდება ხოლმე, ჯგუფის წევრები დავიკარგეთ. ძალიან გვიანია, დაღლილი ვდგავარ და ველოდები ჯგუფის ერთ წევრს. ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ და როუმინგის გადამკიდე * # და დამატებითი რიცხვები საერთოდ ნერვებს მიშლის, მოკლედ ავკრიფე ნომერი და როგორც კი ხმა გავიგონე, მაშინვე გაბრაზებულმა მივახალე- ,,ვერ გავიგე სად დადიხარ, დიდხანს უნდა გელოდო? ოქსფორდის ქუჩაზე ვდგავარ და გელოდები“. იქიდან მესმის- ,,სალომე სად მელოდები? ოქსფორდის ქუჩა სად არის?“ აღმოჩდა, რომ შეცდომით თბილისში ჩემს თანამშრომელ ბიჭს დავურეკე. დღემდე რომ მირეკავს ასე იწყებს_ ,,ოქსფორდის ქუჩაზე ვდაგავარ და გელოდები, ვერ გავიგე სად დადიხარ.“

Oxford

ელისაბედ დედოფლის პირადი გვარდია

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ბუკინგების სასახლემ და დედოფლის პირადმა გვარდიამ მოახდინა. ფეხით მივუყვებოდით ბუკინგემის სასახლისკენ გზას, როცა შემომესმა ქალის ყვირილი ,,KEEP MOVING”. უკან მივიხედე და დავინახე  შავი, ნამდვილი ინგლისური სისხლის შეკაზმული ცხენები მორბოდნენ, წინ მოდიოდა ქალი პოლიციელი, ისიც ცხენზე ამხედრებული. თავი ნამდვილ ფილმში მეგონა. საერთოდ გაქრა 21-ე საუკენე, ტექნოლოგიები, ციფრული სამყარო, ყველა თანამედროვე მიღწევა. ჩვენ ვიყავით მე-18 საუკუნეში, სადაც გამორჩეული ვაჟკაცები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ დედოფალს. ვისაც არ უნახავს როგორ იცვლება დედოფლის პირადი დაცვა ბუკინგემის სასახლის წინ, როგორ დადიან ქალი პოლიციელები ცხენზე ამხედრებულები ,,KEEP MOVING”-ის შეძახილებით, როგორ უკრავს მუსიკას ორკესტრი, მან არ იცის რა არის ნამდვილი ინგლისი.

 guard

კარუსელი

ბავშვობის მოგონებები მკვეთრად არ მახსოვს. მახსოვს კონკრეტული დღეები, შეგრძნებები, რაღაც ამბები, მაგრამ ეს მოგონებები ძალიან არათანმიმდევრულია. მხოლოდ მძაფრი შთაბეჭდილებები შემომრჩა. რაც ზუსტად მახსოვს, ძალიან ნამდვილად და კადრებად მაქვს თვალებში – კარუსელია. ბავშვობის ერთი სიტყვით აღწერა რომ შეიძლებოდეს, ჩემთვის ეს სიტყვა იქნებოდა – კ ა რ უ ს ე ლ ი.

ლონდონის ცენტრში, შუაგულ მოედანზე იდგა ნამდვილი კარუსელი, ცხენებით, მუსიკით, ნამდვილი დღესასწაულით. გული გამიჩერდა. ყველაფერი დავივიწყე და როგორც ბავშვობაში თვალები დავხუჭე და ხელები მაგრად მოვკიდე ცხენებს. ტრიალებდა კარუსელი და ვიგრძენი, როგორც გაცოცხლდნენ მკვდარი პეპლები მუცელში.  კონკრეტული წამების და წუთების გაყინვა, რომ შეიძლებოდეს (გაყინვა და შენახვა ისე, როგორც ის სინამდვილეში იყო) ლონდონში მოგზაურობიდან ამ წუთებს გავყინავდი.

Carousel_

წიგნები  ლონდონში

თვითმფრინავში ,,The Kite Runner“ -ის კითხვა დავიწყე. ქართულად  ,,ფრანით მორბენალი“ თარგმნეს, თუმცა მეორე სათაური ,,ქარს დადევნებულიც“ მომწონს. ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის ხალიდ ჰოსეინის წიგნი 21 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.  ამ წიგნის ასეთ განსაკუთრებულ ბედზე, წიგნის მთავარი გმირების დრამატულმა და ტრაგიკულმა ამბავმა მოახდინა გავლენა, ცაზე წითელი ფრანებივით გამოკიდებულმა მეგობრობამ.

,,იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა. კაცს როცა კლავ, მის სიცოცხლეს იპარავ, კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას. როცა ცრუობ, ვიღაცას სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ.”

ლონდონის წიგნის მაღაზიაში სპეციალური სექცია იყო- ,,Unputdownable”, სადაც ჯონ სტეინბეკის, ვირჯინია ვულფის, ფრანსუაზა საგანის, ჯორჯ ორეულის, ჰარპელ ლის, ჯეკ კერუაკის წიგნების გვერდით იდო ხალიდ ჰოსეინის ,,The Kite Runner“.

books

ჩემი ბლოგის ფოტოდ დაყენებული მაქვს კირა ნაითლი  ფილმიდან ,,Atonement”. ეს ფილმი რომ მიყვარს, კირა ნაითლი რომ საოცარი გოგოა და სასწაული ზურგმოხდილი მწვანე კაბა  აცვია (რომელიც საუკეთესო კაბად დასახელდა) ამაზე აღარ დავწერ. ლონდონის წიგნის მაღაზიაში შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ფილმი წიგნის მიხედვით გადაიღეს. თვალებს არ ვუჯერებდი, სამჯერ წავიკითხე წიგნის სათაური. საკუთარ თავს არ ვენდე და კონსულტანტს მივაკითხე. კონსულტანტი  ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა,  გრძელი თმა და რაღაცნაირი გამჭვირვალე თვალები ჰქონდა.

– ეს ის წიგნია, რომლის მიხედვითაც ,,Atonement” გადაიღეს, კირა ნაითლი რომ თამაშობს?

– კიო, გამიღიმა.

– ის კადრი გახსოვს, კირა ნაითლი  გარეთ რომ  გამოდის, მწვანე კაბა რომ აცვია, კიბეზე რომ ჩამოჯდება.

– როგორ შეიძლება მაგის დავიწყებაო. ათი წუთი ვილაპარაკეთ, მთელი ფილმი განვიხილეთ. შეწუხდა ერთი ქალი, მეჩქარება და იქნებ წიგნი გამიტაროთო. ისეთი თვალებით შევხედეთ  მაშინვე უკან წაიღო თავისი სიტყვები.

Atonement

Keira_Atonement

Hyde Park

ლონდონის წიგნის მაღაზიის მფლობელი ჰიუ გრანტის გმირის და ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯულია რობერტსის (ანა სკოტის)  სიყვარულის ამბავზე გადაღებული ფილმის ,,Notting  Hill“  ბოლო კადრში  პარკში სხედან სკამზე, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს:  ,,For June who loved this garden, From Joseph who always sat beside  her”. ზუსტად ასეთი სკამები იდგა ლონდონის ყველაზე ლამაზ პარკში. თვალებით ყველგან ვეძებდი  წარწერას, მაგრამ ვერ ვიპოვნე.

Notting Hill

For June From Joseph

Hyde_Park

სხვა წერტილი დედამიწაზე

განსაკუთრებით ლამაზია ღამის ლონდონი, წითლად განათებული ,,London Eye”, ,,Tower Bridge”, ტრაფალგარის მოედანი შავი ლომებით, ბუკინგემის სასახლე, ლონდონის პაბები, მდინარე ტემზას სანაპიროზე ღამის ლამპიონები, ბიგ ბენი. ლისაბონის აკვარიუმის თევზებს დედამიწაზე ვერაფერი შეედრება, მაგრამ ლონდონის აკვარიუმიც კარგი იყო.

როცა ლონდონში წავედი, მითხრეს, ლონდონი ევროპისგან გამორჩეულია, ეს არის სხვა წერტილი დედამიწაზეო და მართლაც სხვა წერტილი, სხვა განზომილება აღმოჩნდა. ლონდონში კოლეგებთან ერთად წავედი, მაგრამ იმდენი ვიარეთ ერთად, ისეთი კარგი ამბები გადაგხვდა თავს, ჩვენს შორის ლონდონივით განსაკუთრებული და გამორჩეული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება, როგორც ის ინგლისელი ქალი იტყოდა – KEEP  MOVING…

Big Ben

Buckingham Palace

London

London Eye

Life_Guard_

Keep

chocolate

fish

fish_

Oxford street

Hyde Park

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s