წვრილმანების ღმერთი

,,სინამდვილეში ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სიყვარულის კანონები შემოიღეს. როცა დააწესეს , ვინ უნდა გყვარებოდა და როგორ. რაოდენ თავდავიწყებით“

სად კვდებიან ჩიტები? დახოცილები რატომ არ ცვივიან ციდან? ამ კითხვაზე პასუხი არც რაჰელს ჰქონდა არც ესტას. როცა ადამიანს ბედნიერება ესიზმრება- ეგ ითვლება? არც ის იცოდნენ ვინ შემოიღო სიყვარულის კანონები. ვინ დააწესა, ვინ უნდა გყვარებოდა და როგორ, რაოდენ თავდავიწყებით. ვინ დააწესა, რომ ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება. 23 წლიანი დაშორების შემდეგ როცა  ჰაერი ცოტა სუსხით, ცოტა ნესტით, ცოტა სიჩუმით გაიჟღინთა, როცა ველუტამ (დანაკარგების ღმერთმა) ამუსთან 13 ღამე სიცოცხლის საფასურად გაატარა, ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი დაირღვა, აღიგავა პირისაგან მიწისა.

და ესეც წვრილმანია.

ამუს სიკვდილის შემდეგ რაჰელმა ესტას წერილი არ მისწერა. არსებობს ისეთი რამეები, რისი გაკეთებაც შეუძლებელია. მაგალითად, შეუძლებელია საკუთარ ნაწილს-საკუთარ გულს წერილი მისწერო.

და ესეც წვრილმანია.

გულს მიფრენილი გათოშილი ფარვანის მაღლა აწეული ფეხი. გზაზე ნანახი მკვდარი სპილო,  ცეცხლი რომ წაუკიდეს და დაწვეს. მანქანას შემსკდარი პეპელა ან პეპელას შემსკდარი მანქანა. წითელი ჭიანჭველების ყვითელ ქვებზე ფუსფუსი. მკვდარი თევზები სულში. მზეზე გასაშრობად გაფენილი თეთრეულის ამომწველი მზის სხივების ტკაცატკუცი. მდინარეში არეკლილი ცა და ხეები, ღამით კი-შიგნით ჩავარდნილი, გაბზარული ყვითელი მთვარე.

და ესეც წვრილმანია.

არუნდატი როი

განათლებულმა, ჭკვიანმა, მგრძნობიარე და გამბედავმა ქალმა, თანამედროვე ინდოელმა მწერალმა  არუნდატი როიმ 35 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ,,წვრილმანების ღმერთი“, რომელმაც ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ბუკერის პრემია მოიპოვა. როის ფოტოები როცა ვნახე, უკვე ვიცოდი როგორი ქალიც იქნებოდა, მისი შინაგანი სამყარო ფოტოებში ჩანდა, თუმცა მაინც მინდოდა მისთვის მომესმინა. ,,YouTube”-ზე როის გამოსვლები ვნახე, ძალიან მშვიდი ხმით საოცრად გულისამაჩუყებელ ამბებს ჰყვება. თვალებში ეტყობა, რომ ,,წვრილმანების ღმერთი“ ნახევრად კი არა მთლიანად ავტობიოგრაფული წიგნია.

არუნდატი როიმ წიგნი დედას,  ქალთა ცნობილ უფლებადამცველს მიუძღვნა. მარტო ამ მიძღვნის გამო ეკუთვნოდა ბუკერის პრემია:

,,მერი როის, რომელმაც აღმზარდა და მასწავლა, რომ სხვების თანდასწრებით ვიდრე სიტყვას გავაწყვეტინებდი ,,უკაცრავად“ უნდა მეთქვა. რომელსაც იმდენად ვუყვარდი, რომ მისგან წასვლის უფლება მომცა.“

სამოთხის მწნილები და კომპოტები

სამოთხის მწნილების და კომპოტების ფაბრიკა სახლსა და მდინარეს შუა იდგა. იქ მწნილებს, მარინადებს, ჟელეებს, წვენებს, მურაბებს, კომპოტებს ამზადებდნენ. ერთ დღესაც აღმოაჩინეს, რომ მწნილებს ზეთის გუბეები დაეყენებინათ. ზეთს ყველგან გაეჟონა, მთელ მაგიდას მოსდებოდა, ბიბლიის ქვეშაც შემძვრალიყო. დამწნილებულ მანგოებს ზეთი შეეწოვათ, დაბუთქუნებულიყვნენ, ქილები პირთამდე ამოევსოთ და თავს მომდგარი ზეთი ქილებიდან გამოეძევებინათ. სასწრაფოდ სამზარეულოს წიგნს მიმართეს, მაგრამ სამზარეულოს წიგნში არაფერი ეწერა.

მერე ვფიქრობდი, მწვანე და წითელი წიწაკების, ბარდის, სიმინდის, ლობიოს მარცვლების, პომიდვრების, ანანასების, მანგოების,  ბანანიებს მსგავსად, მოგონებები რომ დაემწნილებინათ და დაეკონსერვებინათ, გაერჩიათ, დაემარილებინათ, წვრილ-წვრილად დაეჭრათ, დაექუცმაცებინათ, გაეხეხათ, კარგად გამოეშროთ, სუნელებით შეეზავებინათ, სათითაოდ ქილებში ჩაეწყოთ წარწერებით_ ,,სიტყვები“ ,,სიჩუმე“ ,,უხერხემლო მონატრება“ მაშინ რა მოხდებოდა? მაშინაც ამოხეთქავდა ზეთი?

და ესეც წვრილმანია.

სიყვარულზე მეტად ტკივილზეა ეს წიგნი. კანზე დაყრილი ბუსუსებით, გულისგამაჩერებელი წვრილმანებით, ღრმად დეპრესიული ნამდვილი ამბებით. არავითარი სიყალბე. არავითარი გამოგონილი ტანჯვა. არავითარი მთავარი და მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

,,წვრილმანების ღმერთი“ წვრილმანებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევას გასწავლის- სანამ გველებივით ძველ, ნაიარევებით დასერილ ტყავს არ გამოვიცვლით, სანამ არ გვეცოდინება, რომ სიყვარულს თავისი კანონები აქვს, სანამ არ ვისწავლით ვინ უნდა გვიყვარდეს და როგორ. რაოდენ თავდავიწყებით_

ყველაფერი  წვრილმანია.

ყველაფერი  წვრილმანია.

ყველაფერი  წვრილმანია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s