ნორვეგია _ ერთად ყოფნის ფილოსოფია

არ ვიცი ეს როგორ ხდება, სამყარო ალბათ აბალანსებს ადამიანებს შენს ცხოვრებაში. ადამიანებს, რომლებიც იმედს გიცრუებენ. ადამიანებს, რომლებიც ბოლომდე შენთან არიან. ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად უყვარხარ და ადამიანებს, რომლებიც წავლენ მაშინ, როცა უნდა დარჩენილიყვნენ. სამყარო აბალანსებს ადამიანების წასვლას შენი ცხოვრებიდან და ახალი ადამიანების მოსვლას. ეს წრეზე დაუსრულებელ ტრიალს ჰგავს, რომელიც არასდროს მთავრდება…

ხშირად ვამბობ, რომ მეგობრებში ძალიან გამიმართლა. ნინო მსაყვედურობს ჩემზე რატომ არ წერო.  ბოლო სამი წელია სულ ერთად ვართ. ბევრ რამეში ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემზე ძლიერი გოგოა. თავისი გამხდარი, გამხდარი ზურგით ბევრი რამ გადაიტანა. ეს კიდეც ცალკე მოსაყოლი ამბავია.

ევროპაში ისეთი ინტენსივობით დავდივარ, მეგობრები მეხუმრებიან საკუთარი მიწები გაქვს დარეგისტრირებულიო. სინამდვილეში ერთი სული მაქვს შენგენის ვიზას ვადა როდის გაუვა, რომ უვიზოდ გადავკვეთო საზღვარი და ნამდვილ ევროპელად ვიგრძნო თავი. ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ დღეს ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

ევროპის ქალაქებში ხშირად მოგზაურობას დადებით მხარეებთან ერთად უარყოფითიც ახლავს თან. რაც უფრო მეტ ქალაქში ჩადიხარ, რაც უფრო მეტს ნახულობ, მით უფრო ინტერესი გეკარგება,  ყველა ქალაქი ერთნაირი გეჩვენება.

ოსლოში ლონდონიდან ჩავფრინდი და ლონდონის შემდეგ ოსლო ჩვეულებრივი ქალაქი აღმოჩნდა. მაგრამ როცა ძალიან ახლო მეგობართან ერთად მოგზაურობ, ნორვეგიის დედაქალაქი კი არა აფრიკის უკიდურესი წერტილიც კარგად გამახსოვრდება. მე და ნინომ ბევრი ვიარეთ ფეხით, ერთი გზა უბილეთოდ ვიმგზავრეთ თრემით (თან გზაში  ათასი ვერსია მოვიფიქრეთ, კონტროლიორს რომ გავეჩერებინებთ რას ვეტყოდით), გალერეაში მუნკის ,,კივილთან“ იმდენი ვიცინეთ, კინაღამ გარეთ გამოგვყარეს. ღამეები გავათენეთ საუბრებში (თითქოს აქ არ გვყავდეს ერთმანეთი), თვითმფრინავში ერთად ვუყურეთ ფილმებს. მერიონ კოტილარდის და ბრედ პიტის ფილმის ,,Allied“  ნახვის შემდეგ ცრემლები ვერ შევიკავე. ნინო ცდილობდა ჩემი ტირილი არ შეემჩნია, თვითონ ბედნიერად ტარზანს უყურებდა : )))

გალერეაში მოდილიანის, პაბლო პიკასოს, ედუარდ მუნკის, პოლ გოგენის, პოლ სეზანის ნახატები იყო გამოფენილი. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო რუსული ხატების ოთახი. გული გამითბა_ ერთ-ერთ ღვთისმშობლის  ხატს ,,Gruzinskaya” ეწერა.

,,შენს თვალებს მაშინ დავხატავ, როცა შენს სულს შევიცნობ…“

 

Amedeo Modigliani: Tell me, Pablo, how do you make love to a cube?

Pablo Picasso: Why do you hate me so much?

Amedeo Modigliani: I love you, Pablo. It’s myself I hate.

 

ნორვეგიელი   მწერლები

ერთ გოგოს კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიები“ წავაკითხე და გულდაწყვეტილმა მითხრა, ნაგელისნაირი კაცი მე ჯერ არ შემხვედრიაო. შეიძლება ისე გავიდეს მთელი ცხოვრება, არც შეგხვდეს მეთქი- ვუპასუხე. ნობელის პრემიის ლაურეატ ნორვეგიელ მწერალს კნუტ ჰამსუნს ,,მისტერიების“ მეტი რომ არაფერი დაეწერა, მაინც შევიდოდა ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ ჰამსუნმა ,,მისტერიებზე“ ადრე არანაკლებ ძლიერი წიგნი ,,შიმშილი“ დაწერა. კნუტ ჰამსუნი საქართველოშიც ყოფილა სტუმრად, თუმცა მისმა ვიზიტმა საიდუმლოდ ჩაიარა, ყვითელ კოსტუმიანი ნაგელივით ჰამსუნიც ამოუცნობი დარჩა.

კიდევ ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ქალი მწერალი სიგრიდ უნსეტიც ნორვეგიიდან არის, არ ვიცი მისი წიგნები ქართულად თარგმნილია თუ არა, მე მხოლოდ ,,ვიკინგები“  მაქვს წაკითხული. ნორვეგიელი მწერლის იუსტაინ გორდერის ,,ფორთოხლის გოგონა“ დიდი მოლოდინით წავიკითხე, თუმცა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

 

გადმოხტომა

ოსლოში  ერთი ადგილია- Holmenkollen, საიდანაც ხელის გულივით ჩანს ოსლო. თავიდან მხოლოდ ლამაზი ხედის გამო ავედით, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ოსლოს ცნობილი გადმოსახტომია. ნინომ დაიჩემა გადმოვხტეთო.

ზოგადად სიმაღლის მეშინია. მაღალსართულიანი სახლებიც არ მიყვარს. თან რაღაცნაირი შეგრძნებაა, გადმოხტომამდე ანკეტას ავსებ, სადაც ადასტურებ, რომ გაცნობიერებული გაქვს რისკები და უთითებ შენი ახლობლის ტელეფონის ნომერს, ჩამოვარდნის შემთხვევაში რომ დაუკავშირდნენ. წარმოვიდგინე, როგორ დაურეკავდნენ დედაჩემს_ თქვენი შვილი ოსლოში გადმოხტა და ნორვეგიის მიწაზე დაამთავრა სიცოცხლეო.

ნორვეგიელმა ბიჭმა თოკები დამიმაგრა. ათასჯერ ვკითხე ხომ არ ჩამოვარდები მეთქი. არაო, გამიღიმა. კიდევ გავუმეორე უსაფრთხოდ ვარ, დარწმუნებული ხარ რომ არ ჩამოვარდები მეთქი. ,,sorry, sorry” იმეორებდა დაუსრულებლად. გულში ვიფიქრე თუ ჩამოვარდი შენი ,,sorry” რას მიშველის მეთქი. მაშინ პირველად გავიფიქრე, რომ სრულიად უცნობ ადამიანს ჩემს სიცოცხლეს ვანდობდი.  სამიდან უკან დავითვლი და გადახტიო_ 3…..2…..1….   გადახტიიიიი…

გადმოხტომის წამი არ მახსოვს, მახსოვს როგორ მოვფრინავდი ჰაერში. ოსლოს თოვლიანი მთები ჩანდა. აღარ მეშინოდა სიმაღლის. ქვევით არ ჩამიხედავს, ალბათ გული გამისკდებოდა ისეთ სიმაღლეზე ვიყავი. ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რომ გავბედე და გადმოვხტი. სხვა ყველაფერი სულერთი იყო.

 

ერთად  ყოფნის  ფილოსოფია

პირველ აპრილს  ვიგელანდის სკულპტურათა პარკში წავედით. ვიგელანდის პარკი ნორვეგიაში ყველაზე ცნობილი პარკია, სადაც შეყვარებული წყვილების, შვილების, მშობლების ქვაში გამოკვეთილი სკულპტურებით  სხვადასხვა ამბებია  მოყოლილი.

პირველ აპრილს დედას და მამას ერთად ყოფნის 30 წელი შეუსრულდათ. ეს მნიშვნელოვანი თარიღი მათთან ერთად ვერ ავღნიშნე, ოსლოში ყოფნის გამო.  არ ვიცი რას გრძნობს დედაჩემი 30 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ. არც ის ვიცი რა ჰქვია ამ გრძნობას, როცა შენი შვილების მამასთან 30 წელი იცხოვრე-სიყვარული, თანაგრძნობა, შეჩვევა, დამოკიდებულება, ყოველდღიურობა თუ ყველაფერი ერთად.

დედა ამბობს, რომ ბედნიერია. ქორწინებიდან ორი არაჩვეულებრივი შვილი და არაჩვეულებრივი შვილიშვილები მყავსო. შვილებზე კამათი შეიძლება, შვილიშვილებზე ცალსახად მართალია. დედა მამას გარეშე არ მახსოვს და არც მამა მახსოვს დედას გარეშე. ჩემს მეხსიერებაში ისინი სულ ერთად იყვნენ. ბავშვობაში არ მახსენდება ოცნება, რომელიც მე და ჩემს ძმას არ აგვიხდინეს. კვერცხის ხელის გულზე შეწვის ამბავია.

მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით რომელი უფრო ძლიერი სიყვარულია ქალის და მამაკაცის თუ მშობლების და შვილების, განსაკუთრებით დედა-შვილის. ჩემი მეგობარი ამტკიცებდა, რომ დედა-შვილის სიყვარული უფრო ძლიერია, მე მგონია, რომ პირიქით… ჯერ იყო ადამი, ადამის ნეკნისგან ევა და მერე შვილები. ასე შეიქმნა სამყარო. ძველი აღთქმიდან ყველაზე მეტად ეს ამბავი მომწონს_

,,გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. [ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მეორე]

არ ვიცი ვიცხოვრებ თუ არა 30 წელი ჩემი შვილების მამასთან. 30 წელი ძალიან დიდი დროა. თითქმის მთელი ცხოვრება.

4 responses to “ნორვეგია _ ერთად ყოფნის ფილოსოფია

  1. ნორვეგიაში მიწის ყიდვას არ გირჩევ, მწირი მოსავალი იცის.
    ამინდი ცივი, ხალხი ცივი. ვეგანები გაურკვეველი რელიგიური მრწამსით. )))
    უფრო სამხრეთის ქვეყნები გერჩივნოს.

    ისე მიწის ყიდვას ბინის ყიდვა არ ჯობია? :))

    Liked by 1 person

  2. ბინას ვიყიდი შენთან ახლოს, რომ დაგტანჯო ონკანის შეკეთებაზე, ნათურის გამოცვლაზე, ყვავილების ანონიმური გამომგზავნის დადგენაზე და მანქანის პარკირებაზე 😀 (ჩემი განსაკუთრებული სტილით) 😀

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s