მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

    ,,მაინცდამაინც ადამიანი მჭირდება, მაინცდამაინც ადამიანი“

სამი წლის წინ ჩემს დაბადების დღეზე პრაღაში წავედი. პრაღიდან 1. 060 ფოტო ჩამოვიტანე. არც ერთ ქალაქში ამდენი ფოტო არ გადამიღია, მეგონა ბედნიერებისგან  გული გამისკდებოდა, ჩამოვედი  და   დავწერე ,,პრაღა მარტოობის გარეშე“. ეს პოსტი  დღემდე ჩემს საყვარელ ჩანაწერად რჩება  ბლოგზე.

სამი წლის შემდეგ ბოჰუმილ ჰრაბალის წიგნი ვიპოვნე ,,მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს  წიგნის მთავარი გმირის მარტოობა პრაღაში ხმაურობს. ისე ხმაურობს ყველას და ყველაფერს აზანზარებს.

,,35 წელია, მაკულატურაზე ვმუშაობ. ეს ჩემი  Love Story-ია. 35 წელია, ვწნეხ ქაღალდის ფურცლებსა და წიგნებს. 35 წელია, სტამბის საღებავით ვარ მოთხვრილი. ჩემდა უნებურად ვარ განათლებული და ისიც კი არ ვიცი, რომელი აზრებია ჩემი, ჩემში დაბადებული და რომელი ამოკითხული.“

too_loud_a_solitude_med

ასე იწყება ჰანტას მარტოობა პრაღაში. ჰანტა ძველ ქაღალდს ჰიდრავლიკური წნეხით 35 წელი წნეხდა, თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა პენსიაზე გასულს,  წიგნების გამანადგურებლი საშინელი მანქანის გამოსყიდვა შესძლებოდა, სახლში წაეღო და იქ გაეგრძელებინა წიგნების დახარისხება. ჰანტა წიგნებს ანადგურებდა და თავად ჰანტას მარტოობა ანადგურებდა. ზოგჯერ მისი მარტოობა ისე ხმაურობდა, ჰანტა ვეღარ უძლებდა ხმაურს. თაგვებით და წიგნებით სავსე სარდაფიდან თავქუდმოგლეჯილი ამორბოდა, დაღამებადმე პრაღის ქუჩებში დახეტიალობდა, მერე კი სახლში მიდიოდა, სადაც ორ ტონაზე მეტი წიგნი ჰქონდა გადარჩენილი განადგურებას.

too-loud-a-solitude

ჰანტას ამბავი მეტყველების უნარს გაკარგვინებს. ისეთი დაუნდობელი და სასტიკი ამბებია ჰანტას ცხოვრებაში, რომ გინდა  მისი ჰიდრავლიკური წნეხი ჩართო და ყველაფერი დააქუცმაცო, რაც ჰანტას სიცოცხლეს უწამლავს, მაგრამ ხელები გიკანკალებს, რადგან არ იცი მწვანე და წითელი ღილაკებიდან რომელი აირჩიო… მარტოობა კი ხმაურობს, ხმაურობს უფრო მეტად, ვიდრე ეს გულისწამღები წნეხი და შენც, ჰანტასთან ერთად ამორბიხარ სარდაფიდან, რაც ძალი და ღონე გაქვს პრაღის ქუჩებში გარბიხარ, გარბიხარ, გარბიხარ და მოგსდევს ეს მარტოობა. ზუსტად იცი, სადაც არ უნდა გაიქცე, მარტოობას  ვერ გაექცევი, ის ისევ ისე იხმაურებს და რაც უფრო გააჩუმებ, მით უფრო ხმამაღლა იხმაურებს…

too-loud-a-solitude-film-1024x683

ჰანტა თავისი ხელით დაასაფლავებს ერთადერთ ნათესავს- ბიძამისს უკანასკნელ რომანტიკოსს, რომელიც მთელი ცხოვრება რკინიგზაზე მუშაობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი სახლის ეზოში შლაგბაუმი ჩადგა, ეზოში ხეებს შორის ლიანდაგები გაიყვანა. ძველი, გადაგდებული ორთქმავალი შეაკეთა, სამი ვაგონი გამოაბა და შაბათ-კვირას საღამომდე ბავშვებს დაასეირნებდა. ეს კაცი მოკვდა მარტოობაში ივლისის სიცხეში, 15 დღე ეგდო მკვდარი და როცა იპოვნეს მისი გვამი სიცხეს სრულიად გაეხრწნა, ძვალი და რბილი ერთმანეთში აერია. ჰანტა ბიძამისს თავზე რკინიგზელის ქუდს დაახურებს და უეცრად იმანუელ კანტის სიტყვები გაახსენდება-„ორი რამ ავსებს სულს მუდამ ახალი და მით უფრო ძლიერი გაკვირვებით- ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და მორალური კანონი ჩემში.“

ან ბოშის ამბავს, როგორ ჰყვება. თითქოს არაფერია. უყვარდა. აღარ ხმაურობდა მარტოობა. ბოშა გოგო ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში საკრემაციო ღუმლეში დაწვეს. ,,ზეცა ჰუმანური არ არის, თუმცა მე თვითონ მაშინ ჯერ კიდევ ჰუმანური ვიყავი. როცა ბოშა ომის დამთავრების შემდეგაც არ დაბრუნდა, ფრანი ეზოში გავიტანე და დავწვი თავის ძაფებიანად და გრძელკუდიანად, რომელსაც ქაღალდის მტრედები პატარა ბოშა გოგომ გამოაბა. არა, არ არის ზეცა ჰუმანური, მაგრამ ეტყობა მასზე რაღაც უფრო დიდიც არსებობს, ეს სიყვარული და თანაგრძნობაა, რომელთა დავიწყებას დიდხანს ვცდილობდი და ბოლოს დამავიწყდა“.

,,Too Loud A Solitude“ – ჯერ მარტო სათაური მთელ წიგნად ღირს. წიგნის მიხედვით ანიმაციური ფილმის გადაღება დაიწყეს, თუმცა ბოლომდე ვერ დაასრულეს. ეს წიგნი უფრო მეტია ვიდრე სიკეთე, სიყვარული, თავგანწირვა, ადამიანობა.

praha

როცა დავიღლები და მგონია დედამიწაზე არაფერი, სულ არაფერი გამახარებს-ვხუჭავ თვალებს, სამი წლით უკან ვახვევ ჩემს ცხოვრებას- პრაღაში ვარ. პრაღის ქუჩებში ხეტიალისგან საშინლად დაღლილი და საშინლად ბედნიერი ვიაჩესლავის მოედანზე ვდგავარ და ყურში ჩამესმის უცნობი ბიჭის ხმა, რომელიც Coldplay-ის  ,,Yellow“-ს უმღერის თავის შეყვარებულს…

prague

 

6 responses to “მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა

  1. ისე გიწერია, ისე… სულმოუთქმელად ჩავიკითხე … საშინლად დამაინტერესა წიგნმა, აუცილებლად წავიკითხავ!
    ვიცი ეს წიგნი შემიყვარდება ❤
    ქართულად არის ნათარგმნი?

    Liked by 1 person

    • რუსა,
      ახლახანს თარგმნეს, ქართულად წავიკითხე:*
      ისეთი პატარაა, ერთ ღამეში წაიკითხავ, მაგრამ მე მთელი თვე ვკითხულობდი, გული გამიჩერდა ჰანტას მარტოობით ❤

      Liked by 1 person

      • მგონია რომ საჩემო წიგნია და მეც დიდხანს ვერ შეველევი… ან წავიკითხავ და მერე თავიდან,ნელა, რომ შევიგრძნო ყველა სიტყვა და წინადადება.მგონია, რომ ასეთი იქნება.მადლობა, რომ საინტერესო წიგნებს მაკითხებ ხოლმე ♥

        Liked by 1 person

  2. როგორ მომეწონა შენი პოსტი..პრაღას რომ ეხება ალბათ იმიტომ კიდევ, ვგიჟდები ამ ქალაქზე. იქ ყოფნისას სრულიად დავრწმუნდი, რომ ჩემი მშობლიური ქალაქის შემდეგ პრაღა ერთადერთია, სადაც ვიცხოვრებდი და ისე ვიცხოვრებდი, რომ მარტოობას ვერც კი ვიგრძნობდი..ეს ის ქალაქია, სადაც მარტოსულიც ბედნიერი ხარ, ქალაქში, სადაც სულ სიცოცხლე მჩქეფარედ მიედინება და სიცოცხლის ორომტრიალია..აუცილებლად წავალ ერთხელ მაინც თუ მეტჯერ ვერა..ჰრაბალის ამ წიგნს აუცილებლად წავიკითხავ, პრაღის და ამ პოსტის გამო ❤

    Liked by 1 person

    • მეც ვიცხოვრებდი პრაღაში, წითელ სახურავიან სახლში ❤
      რაც უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს ჰანტას ამბავს, მით უფრო ნაკლებად იხმაურებს მისი მარტოობა^_^

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s