მოკლე კაბები და ჰემინგუეი

ჩემი ოთახიდან გამოვდივარ, სამსახურში მაგვიანდება,  ჩვეულებრივზე მოკლე კაბა მაცვია. მამა აივანზე სიგარეტს ეწევა თან ჩემს კაბას აკვირდება. მეორე დღეს უფრო მოკლე კაბა მაცვია, მამა თვალს მაყოლებს და არაფერს ამბობს. მესამე დღეს კიდევ უფრო მოკლე კაბა მაცვია, მამაჩემი სიგარეტის მოწევას თავს ანებებს და მეკითხება:

–  მამა, ეს კაბები დამოკლდა თუუუ  დაიმოკლე? (,,თუ“ მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა)

–  დავიმოკლე.

დუმს (!)

-რა იყო არ მიხდება?

–  არა მამა, გიხდება. ისე სტილი რატომ შეიცვალე?

–  რა ვიცი, დეპრესია მაქვს.

– მერე მამა? დერეფნიდან  მაკვირდება.

– მერე ჰემინგუეი წერდა ომის შემდეგ გოგოებს დეპრესია რომ ჰქონდათ ერთნაირად დაიმოკლეს კაბები და თმებიო.

– მამა გეთქვა აქამდე ჰემინგუეი თუ წერდა,  იცინის და სიგარეტს უკიდებს.

salomeaa

ჰემინგუეი წერდა მოკლე კაბებზე, ომზე, დეპრესიაზე,  სიყვარულზე. წერდა ბევრს და წერდა ძალიან მაგრად. სკოლის პერიოდში როცა ყველაზე მეტს ვკითხულობდი ჰემინგუეის თითქმის ყველა წიგნი წავიკითხე და არა მარტო ჰემინგუეის წიგნები, ჰემინგუეიზე თუ რამე ბიოგრაფიული წიგნი იყო ისინიც. “The Sun Also Rises – Fiesta” – ,,აღმოხდების მზე-ფიესტა“. “Farewell, To Arms!” – ,,მშვიდობით, იარაღო!“. “Green Mountains of Africa” – ,,აფრიკის მწვანე ქედები“. “The Snow of Kilimanjaro” – ,,კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“.  “To Have and Have Not” – ,,ქონა თუ არ ქონა“. “The Fifth Column” – ,,მეხუთე კოლონა“. “For Whom The Bell Tolls” – ,,ვისთვისაც რეკს ზარი“. “The Old Man and the Sea” – ,,მოხუცი და ზღვა“.  “A Moveable Feast” – ,,განუყრელი დღესასწაული“.

?????????????????????????????????????????????????????????

არ ვიცი რამდენი წელი უნდა გავიდეს ,,კილიმანჯაროს თოვლიანი მთა“ და ,,მშვიდობით, იარაღო!“ რომ დამავიწყდეს. ჯერ მარტო ეპიგრაფი მთელ წიგნად ღირს – ,,კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19 710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამ სიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან ლეოპარდის გაყინული და გამოფიტული გვამი გდია. კაცმა არ იცის, რამ აიყვანა იმ სიმაღლეზე.“ ეპიგრაფის შემდეგ პირველივე ფრაზით- ,,საოცარია, სულ აღარ მტკივა“ იწყება ამბავი,  რომელიც კილიმანჯაროსავით მაღალი და თოვლივით თეთრია.

,,მშვიდობით, იარაღო!“ ჰემინგუეის ავტობიოგრაფიული წიგნია. პირველი მსოფლიო ომის დროს, დაჭრილ ჰემინგუეის მოწყალების და აგნესა ფონ კუროვსკი უვლიდა, სწორედ მას მიუძღვნა მწერალმა  ,,მშვიდობით, იარაღო!“  ჰენრის და კეტრინის სიყვარულის ამბავი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, კეტრინი რომ არ მომკვდარიყო. სიკვდილი სიყვარულს უფრო აძლიერებს.

0016211_h

??????????????????????????????????????????????????????????

,,მე ოთახის კარი შევაღე.
– ჯერ არ შეიძლება – თქვა ერთმა მომვლელმა.
– შეიძლება !- ვუთხარი მე.
– ჯერ არ შეიძლება, ნუ შემოდიხართ.
– თქვენ თვითონ გადით!
მაგრამ როცა გარეთ გავყარე, კარები მივხურე და სინათლე ჩავაქრე, მივხვდი, რომ მართლაც არ შეიძლებოდა. ეს ქანდაკებასთან გამოთხოვებას ჰგავდა. ცოტა ხანში ოთახიდან გამოვედი. დაბლა დავეშვი და წვიმაში სასტუმროსკენ წავედი”.

ჰემინგუეიმ ეს დასასრული 39-ჯერ გადაწერა, ჟურნალისტმა როცა ჰკითხა ყველაზე მეტად რა გაგიძნელდათო, მწერალმა უპასუხა- საჭირო სიტყვას ვეძებდიო.

ერთხელ,  ჰემინგუეიმ სანაძლეო დადო, რომ  ძალიან მოკლე მოთხრობას დაწერდა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გულს აუჩუყებდა. მან ეს სანაძლეო ერთი წინადადებით მოიგო: “იყიდება  ბავშვის  ფეხსაცმელი,  უხმარი” (For sale: baby shoes, never worn).

ჰემინგუეი საკუთარ წიგნებზე ბევრად საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდა- მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურაში, ჰყავდა ოთხი ცოლი და ყველაზე ლამაზი საყვარლები. ნადირობდა, თევზაობდა, კორიდაში, მძლეოსნობაში მონაწილეობდა. ფეხით მოიარა აფრიკა და მთელი ევროპა. იბრძოდა მსოფლიო  ომში, გადაურჩა 4 ავტოკატასტროფას და 2 ავიაკატასტროფას. ცხოვრობდა კუბაში, ჰყავდა 23 კატა…

და მიუხედავად სახელისა, დიდებისა და უზრუნველი ცხოვრებისა ერთ მშვენიერ დღესაც ადგა და მამამისის ნაქონი იარაღი თავში დაიხალა. რატომ მოიკლა ჰემინგუეიმ თავი? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს- იმიტომ, რომ ყველაფერი ყელში ამოუვიდა, ყელში ამოუვიდა და მეტი არაფერი.

life

,,წუთისოფელი ყველასა სტეხს და ბევრს მერე ეს გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრებდა. ვისაც ვერ გასტეხს, ჰკლავს ხოლმე. განურჩევლად ჰკლავს ყველაზე კეთილებს, ყველაზე მეოცნებეებს და ყველაზე მამაცებს. თუ არც ერთი ხარ, არხეინად ბრძანდებოდე. მაინც მოგკლავს, ოღონდ ისეთი აჩქარებით არა.“

ერნესტ ჰემინგუეის საფლავზე წერია: ცხოვრებაში ყველაზე მეტად უყვარდა შემოდგომა – შემოდგომის ყვითელი, თბილი, მდინარეზე მოცურავე ფოთლები, ზევით კი ლურჯი, უქარო ცა. ახლა იგი, სამუდამოდ მისი ნაწილი იქნება.”

…………………………………

ჩემი ოთახიდან გამოვდივარ, როგორც ყოველთვის სამსახურში მაგვიანდება, შავი კლასიკური კაბა მაცვია, მკაცრად მოჭრილი მუხლზე. მამა აივანზე სიგარეტს ეწევა, თან მანიშნებს მომწონს შენი კაბაო. პალტოს ვიცმევ და ვფიქრობ-  მამებს რომ მოსწონთ ის კაბები  ჰემინგუეის არ მოეწონებოდა.

4 responses to “მოკლე კაბები და ჰემინგუეი

  1. რამდენჯერ დავიწყე კომენტარის წერა და მერე რამდენჯერ წავშალე არ ვიცი.
    ალბათ იმიტომ, რომ დეპრესიის საშველი არ არის.
    ისევ ძველი ხალხური მეთოდით ჯობია მკურნალობის კურსი ჩაიტაროს ადამიანმა ამ ცხოვრების ამაოებაზე ფიქრისას.
    ჭიქა კარგი ვისკი და სიგარა.
    ოღონდ ლოთობა არ შეიძლება და მოწევაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის )))

    Like

  2. ყველაფერი გაივლის, მთავარია რას დაგიტოვებს შიგნით, ღრმად…
    ჭიქა ვისკზე და დეპრესიაზე ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნი გამახსენდა:

    ,,არ არსებობს ქვეყანაზე გაჭირვება, რომელსაც ვერ უწამლებ ცხელი აბაზანით, ჭიქა ვისკით და ლოცვით…”

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s