სტოკჰოლმი- თვითმკვლელობა

სტოკჰოლმში,  სასტუმროს ბნელ ნომერში ფანჯარასთან ვიჯექი და ქუჩას გავყურებდი. დღის 1 საათზე ისევე ბნელოდა, როგორც ღამის 8 საათზე,  აზრი არ ჰქონდა მზის სინათლის ძებნას, ავდექი და გრძელი, მძიმე წითელი ფარდები ჩამოვაფარე. ყველა ნათურა ავანთე, ღამის სანათებიც, მაგრამ ჩემს დიდ ოთახში მაინც რაღაცნაირი სიბნელე იყო. რა მოხდებოდა შვედების მსგავსად, თავი რომ მომეკლა. დაიწყებდნენ გამოძიებას, დაათვალიერებდნენ ჩემს ოთახს, ნახავდნენ მიმოფანტულ პირად ნივთებს, ამოლაგებულ ტანსაცმელს, დღეების რაოდენობაზე მეტ წიგნებს, გახსნილ შოკოლადებს, მდნარ ყველს და გაციებულ კენკრის ჩაის.

img_5843

დაკითხავდნენ ქართველ მონაწილეებს, რომლებიც ბევრს ვერაფერს მოყვებოდნენ ჩემზე, რადგან აეროპორტში გამიცნეს. ამინდივით გოგო იყოო იტყოდნენ (ხან რომ მოიღრუბლება და ხან მზე, რომ გამოანათებს და გაიღიმებს). ალბათ ჩაიშლებოდა საერთაშორისო სემინარი ან არ ჩაიშლებოდა (ზედმეტად მოწესრიგებული შვედებისგან არაფერი გამიკვირდებოდა). მერე წარმოვიდგინე როგორ აზიარებდნენ სოციალურ ქსელში ჩემს ფოტოებს კომენტარებით (რა ლამაზი იყო, ყველა ფოტოზე იღიმის, ამას ფიქრობდა, იმას ფიქრობდა, ეს ბოლო ფოტოა, ის ბოლოს წინა და ა.შ.). მთელი ეს მარაზმი კადრებივით დამიდგა თვალწინ და მკვდარსაც ჟრუანტელმა დამიარა. გამახსენდა- ,,სუიციდი უზრდელობაა, როგორც უხეირო საჩუქრის უკან დაბრუნება“ და გადავწყვიტე- დაე, ისევ შვედებმა მოიკლან შვედეთში თავი.

თავის მოკვლა კი ძალიან ადვილია ქალაქში, სადაც გამუდმებით წვიმს, ცივა და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ადამიანების მსგავსად მზემაც თავი მოიკლა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში სიბნელეა და საათს გამუდმებით ამოწმებ, იქნებ დაღამდა და საათს რაღაც დაემართაო.

img_5852

სტოკჰოლმში ყოფნის პირველივე  დღეს წვიმდა და საშინლად ციოდა. ქალაქის დათვალიერების სურვილი ამინდმა გამიქრო, თუმცა მაინც გადავწვიტე, სტოკჰოლმისთვის კიდევ მიმეცა  შანსი ყველაზე მოსაწყენ და ბნელ ევროპის ქალაქად არ დამმახსოვრებოდა. (თან თვითმკვლელობა უკვე გადაფიქრებული მქონდა). პირველ დღეს, მარტო მე ვიყავი გოგო და გადამყვნენ ქართველი ჯგუფის წევრები, დამპატიჟეს ყველგან და ყველაფერზე. არც ერთს არ უნდოდა ქალაქის დათვალიერება, მაგრამ ჩემს გამო მზად იყვნენ წვიმიანი სტოკჰოლმი ფეხით შემოევლოთ.

წვიმს, გალუმპულები ვგდავართ სასტუმროს წინ და შენ სადაც გინდა იქ წავიდეთო მითხრეს. ბერნადოტეს ბიბლიოთეკაში მინდა წასვლა-მეთქი გამოვაცხადე. აღფრთოვანებული ვსაუბრობ, რომ ბერნადოტეს ბიბლიოთეკა სამეფო ოჯახის პირადი ბიბლიოთეკაა, სადაც ინახება 100, 000 წიგნი და რა ბედნიერებაა 100, 000 წიგნის ერთად ნახვა… ჯერ ერთმანეთს შეხედეს, მერე მე შემომხედეს და სამივეს ერთდროულად აღმოხდა- ,,გვეკაიფები?“. მე ძალიან მშვიდად ვუპასუხე – რა თქმა უნდა არა. ბიბლიოთეკის გარდა ყველგან წამოვალთო. რას ვიტყოდი, ისე წვიმდა, ვის ახსოვდა  წიგნები.

მეორე დღეს, ქუჩაში ხეტიალის დროს (სასტუმროს ძებნაში) შემთხვევით აღმოვჩნდით სტოკჰოლმის საჯარო ბიბლიოთეკასთან და ყველა ყვიროდა, სალომე შენი ოცნება ახდა, ფოტოს გადაგიღებთო. ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ ჩემი გული მაინც ბერნადოტეს 100, 000 წიგნთან დარჩა.

მადლობა შვედეთს სამი დიდი მწერლისთვის- ასტრიდ ლინდგრენისთვის, სტიგ ლარსონისთვის და პერ ლაგერკვისტისთვის. შოპინგის დროს შემთხვევით აღმოვაჩინე,  20 კრონიანს ასტრიდ ლინდგრენი და პეპი გრძელწინდა ეხატა. სამახსოვროდ წამოვიღე პეპის და ასტრიდის  კუპიურები.

img_5902

დრო არ მქონდა ნობელის მუზეუმის დასათვალიერებლად, თუმცა ძალიან მინდოდა მივსულიყავი და მეთქვა- ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია  ბობ დილანს რომ მიეცით და არ მოდის, მეტის ღირსები ხართ-მეთქი.

G.-მ, N.-მ და E.-მ სტოკჰოლმში გოგო არ დატოვეს კომენტარის გარეშე- სტიუარდესა, მიმტანი, შვედი ორგანიზატორი თუ ქუჩაში გამვლელი. დავემუქრე, ყველაფერს ბლოგზე დავწერ-მეთქი. ეტყობა ღამე ჩემი ბლოგი წაიკითხეს, დილით მკითხეს ,,პატარა, თეთრი ტყუილები“ რატომ დაწერეო. ეგ გრძელი და სევდიანი ამბავია, თქვენზე უარესებს დავწერ-მეთქი ვუპასუხე :არაფერსდავწერგულიმაქვსკეთილი:

ქეთიმ (დე ფაქტო უფროსმა), სტოკჰოლმშიც დამასაქმა და სამოქმედო გეგმის კომენტარები დამაწერინა, მერე ვიხსენებდით პირველად მე და ქეთი 2009 წელს შევხვდით გუდაურში საერთაშორისო სემინარზე. ქეთი ამბობდა, იმ სემინარიდან მარტო ის მახსოვს, რომ დიდი თოვლი იყო და ბევრი ვიგუნდავეთო.

img_5907

წამოსვლის დღეს საქართველოს ელჩს შევხვდით, სტოკოლის ქუჩაში საქართველოს დროშის ნახვამ გული ამიჩუყა. მერე ძველი ქალაქი დავათვალიერეთ და აღმოჩნდა, რომ სტოკჰოლმი  სულაც არ არის ბნელი და მოსაწყენი ქალაქი. პირიქით, ლამაზია ფერადი, ერთმანეთზე მიდგმული შენობებით. პოლონელ მესაზღვრეს, ქეთის გაუქმებულ ბილეთს და საშინელ თვითმფრინავს თუ არ ჩავთვლით,  კარგი  მგზავრობა გამოვიდა.

img_5942

ჩემი ოთახის ფანჯრებიდან შემოდგომის მზე შემოდის. სტოკჰოლმისგან განსხვავებით დღე დღეა და ღამე ღამე. არსად წასვლა აღარ მინდა. წინ შემოდგომის კიდევ ერთი თვეა გადასატანი. ფანჯრიდან ხეებს გავყურებ და ვამბობ_

,,შემოდგომამშვიდობისა, ჩემო ცხოვრებავ

ჩემო მუდამ ცვალებადო,  ჩემო მოუხელთებელო,

ჩემო თითქმის არაჩემო არსებობავ…“

 

img_5863

img_5923

img_5970

img_5971

img_5936

img_5994

img_5997

 

4 responses to “სტოკჰოლმი- თვითმკვლელობა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s