Mein Sanfter Zwilling

,,როგორ  მძულს  ეს  კედელი- სხეული

სულის  დანახვას  რომ  მიშლის!“

მარინა  ცვეტაევა

ორეული რომ მყავდეს მესამე საყურის ამბავს მოვუყვებოდი. მესამე საყურე პატარაა, ძალიან პატარა და არასდროს ვიხსნი, მაშინაც კი როცა კანი მიფერმკრთალდება, გამჭვირვალე ვხვდები და არც ერთი სამკაული არ მიკეთია.

სემუელ ბეკეტი წერდაEver tried. Ever failed. No matter. Try Again. Fail again. Fail better. თავში სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა  Fail again… Fail better… Fail again… Fail better… Fail again… Fail better… წავედი და ყური მესამედ გავიხვრიტე. მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა-ყურის გახვრეტას თუ ისევ დააპირებ გაიხსენე, რომ მხოლოდ ორი ყური გაქვს და ეგ ორი ყური მაგ ამბავს არ ეყოფაო. მართალი იყო ჩემი მეგობარი.

ნატას  გერმანიაში მივწერე- ნატა, ,,ჩემი საყვარელი ორეული“ გერმანულად როგორ იქნება? ნატა მაშინვე მიხვდა შენ ალბათ ნინო ხარატიშვილის წიგნს კითხულობო, ნინოს გერმანიაში ჰქონდა წიგნის პრეზენტაცია და გამომიგზავნა ფოტოები მისი ავტოგრაფით.

Nina

ნინო ხარატიშვილმა ,,ჩემი საყვარელი ორეული“ გერმანულ ენაზე დაწერა. ქართულად ერთი წლის წინ ითარგმნა. შესანიშნავი თარგმანია, განსაკუთრებული მადლობა ნინო ბურდულს აკადემიური თარგმანისთვის.

სტელა და ივოს ამბავი ყველაზე მძაფრი და დაუნდობელი ამბავია რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ამბავს სტელა ჰყვება, ივოს რომ მოეყოლა ალბათ უფრო დაუნდობელი იქნებოდა. ამბავი იმაზეა, რომ ერთ დღესაც შეიძლება ადამიანიც გატყდეს ფაიფურის ჭიქასავით. რომ ვერაფერი ჩაანაცვლებს ბავშვობას, ვერაფერი ჩაანაცვლებს სიყვარულს, ვერაფერი ჩაანაცვლებს ცხოვრებას, საკუთარ ცხოვრებას.

,,როგორ უნდა შეძლო ნაკაწრების გარეშე ცხოვრება? ისე იცხოვრო, რომ ზიანი არ მიაყენო საკუთარ თავს, შენივე ოცნებებმა არ დაგასახიჩროს?“

,,ალბათ სწორედ ასეთი წუთების გამო არ ირღვევა ძაფები. ეს არის, რაზეც ღირს ლაპარაკი. და არა ის, თუ ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა. არა კულტურული გადატრიალებები, არა რევოლუციები, არა მეომრები და გმირები, მეფეები და დედოფლები, მბრძანებლები და ტირანები. იქნებ ჯობია სკოლაში პირველი გაცინების, პირველი ტირილის, პირველი კოცნის ისტორია  ასწავლონ“.

ნინოს გამორჩეული წერის სტილი აქვს. ამბებს თანდათანობით ჰყვება. წინადადებებს ასე ამთავრებს:

/მაგრად ჩავიხუტე და თმები ავუბურძგნე. ბავშვობის სუნი ჰქონდა. ტკბილი დაპირებების სუნი/

/ჩემი ბავშვობის ამ კარგად ნაცნობმა სუნმა ღიმილი დამტყუა/

/ღრუბლები გადავყარე მისი სახიდან/

/ბოლო ცრემლი ჩაყლაპა და გამიღიმა. ღიმილი შუაგულ ნანგრევებში/

ივო- ,,სტელა როცა შენ ჩემთან ხარ, ყველაფერი ერთმანეთში ირევა. ასე მგონია ჩვენი შიგნეულობაც კი გავცვალეთ. ჩემი ღვიძლი მეტისმეტად დიდია შენთვის, შენი ელენთა კი მეტისმეტად პატარაა ჩემთვის, იმიტომ, რომ შენი კუნთები მეტისმეტად რბილია ჩემთვის, ჩემი კი მაგარია შენთვის. იმიტომ, რომ ჩემი სისხლი შენს ძარღვებში ძალიან სწრაფად ჩქეფს, შენი კი ჩემში ძალიან ნელა, იმიტომ, რომ შენი ყურის ნიჟარები ზედმეტად ლამაზია ჩემთვის.“

სტელა- ,,ნაშუადღევს ივოს ჩაეძინა, ვაკვირდებოდი მის სახეს, სხეულს, მის სუნთქვას ჩემსას ვადარებდი. ვათვალიერებდი მის ფრჩხილებს, ისე მოკლედ შეჭრილს, რომ შეხედვაც კი მტკივნეული იყო. მის ტუჩებს, მის გაუპარსავ ნიკაპს. სამუდამოდ მინდოდა დამემახსოვრებინა ყველაფერი. მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ მის ღვიძლს ჩემს სხეულში ვგრძნობდი, მის მარჯვენა ფილტვს, მისი გულის მარცხენა პარკუჭს, რომ ერთნი ვართ და არასდროს მინანია, ყველაფერს რომ ვინაწილებდი. თუმცა ზოგჯერ მიჭირდა და საკუთარი  სუნთქვა, საკუთარი გულისცემა მენატრებოდა.“

ნინო ჩემთვის აგოტა კრისტოფს ჰგავს დედამიწისხელა ტკივილით, რომელიც შუაზე გაპობს და სტელასავით საკუთარ თავს ეკითხები რატომ არ კვდები.

,,ვზივარ და ზღვას გავყურებ. მადლობელი ვარ შენი. ამ სათუთი სიახლოვისთვის. ამ დაუნდობელი სიშორისთვის. განწირულია ეს სიახლოვე. ვეღარავის გავუნაწილებ. უცნაურია, თვითონაც მიკვირს, რატომ არა ვარ ნაღვლიანი, რატომ არ ვდარდობ, რატომ არ ვგრძნობ სიმარტოვეს, რატომ არ ვკვდები“.

salomea

ტკივილის მეტს ეს წიგნი არაფერს გიტოვებს და მაინც გირჩევნია გტკიოდეს. უარყოფასა და ტკივილს შორის ტკივილს ირჩევ. არჩევანი არჩევანის გარეშე.

ერთ (მშვენიერ) დღესაც შევხვდები ჩემს საყვარელ ორეულს, მოკლე თმით, წითელი პომადით. ერთმანეთს ამბებს მოვუყვებით, მერე შეიძლება ყური კიდევ ერთხელ გავიხვრიტოთ.

 

 

11 responses to “Mein Sanfter Zwilling

  1. არაა ეს შენი ორეული. ჯერ ერთი შანელის პომადა არ ,,უცხია”, მეორეც უინტერესო გამოხედვა აქვს, მესამეც არალიტერტურულად გამოიყურება. ამას არც ჩიზქეიქი ეყვარება და არც ვირისთავი ,, პაკლონიკები” ეყოლება. ასე რომ მოხსენი ეს სურათი და შენი დააყენე.

    Like

  2. ოოჰ, მთელი გრძნობით დავწერე, შენ კიდე მაცინებ :D:D:D

    ცალი ხელით, რომ ვერ ვაპარკინგებ ეგ გამოგრჩა.
    და ყველა ეგეთი შეუგნებელიც არ ყოფილა, იყო ღირსეულ(ებ)იც:)))) აქ ნუ მომაყოლებ.

    :სანდომიან მზერას უნდა გავექცე სმაილი:

    Like

  3. მორჩა, სანამ შენ წიგნს არ დაწერ ამ ბლოგს აღარ წავიკითხავ. ან/და წავიკითხავ და კომენტარებს არ დავწერ.

    (მხედველობითი კონტაქტი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია) სამილი

    Like

    • ჰმ, მერე იტყვი შენი წიგნი მასევდიანებს და არ წავიკითხავო: ))

      P.S. შეუერთდი ჩემი ბლოგის ანონიმ მკითხველთა კლუბს ^_^

      Like

  4. ორეული ? თუ შენ თვითონ?

    ერთ დღეს მე და ჩემი მეგობარი სანადიროდ წავედით. დილის ბურუსში მივედით მუხლამდე ბალახიან მინდორთან და გათენებას ველოდებოდით. ველოდებოდით აფრენილ მწყერს გამოდევნებულ დენთის სუნს, კვდომის ლაზათი კიდევ ერთხელ, არაუკანასკნელად რომ გვენახა.
    გათენდა და მინდორში გადამთიელმა შეგვასწრო ცხვრის ფარასთან ერთად. თითქოს მინდვრის პირას არც ვმჯდარვართ. ჩემი მეგობარი ჩახმახიანი თოფით ხელში მიუახლოვდა უსინდისო მწყემსს და უთხრა სწორად ცხოვრებაა მთავარი, თორემ მწყერს სხვა მინდორშიც ვნახავთო. იმის თვალები უნდა გენახა… შიშით, სირცხვილით სავსე თვალები…
    იმ დღის მერე ვფიქრობ რა არის სწორად ცხოვრება. დათმობა თუ დასწრება? რასაც აკეთებ თუ რაც გინდა რომ გააკეთო…
    ჩემი აზრით ყველას ყავს ორული, არც თუ შორს, საკუთარ თავთან, ფიქრთან ახლოს…
    სწორად ცხოვრება… გამოდის როო?
    ვინ არის მართალი? შენ თუ შენი ქვეცნობიერი?
    დღეს კარგად მოიქცევი, არაფერს გააფუჭებ. დაწვები და სწორი ცხოვრება გაწუხებს, იქნებ გაფუჭება ჯობდა??
    მწყემსია მართალი თუ მონადირე?
    დასწრება ჯობია თუ დათმობა? მაშინ როცა დასწრება უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს?
    როდის ხარ უკეთ, როცა სწორად მოიქეცი თუ მაშინ, როცა არასწორად მოიქეცი, მაგრამ ისიამოვნე.
    სალომეა დაწერე რა ამაზე.
    მინდა შენი ნააზრევი წავიკითხო.

    Like

  5. ანონიმური არაფერი მიყვარს (არც კომენტარები)

    დილით წავიკითხე კომენტარი და დილიდან ვფიქრობ. ვფიქრობ კი არა ყელში რომ გაგეჩხირება თევზის ფხა ისე მინდა ერთი ამბავი დავწერო,მაგრამ ვერ დავწერ.

    ,,სწორად ცხოვრება” პირობითი და ფარდობითია. მე მაინც მგონია ღირსება ყველაფერზე წინ დგას, სიყვარულზეც კი. ადამიანის ღირსება მისი შინაგანი მორალის განმსაზღვრელია. მარკესი კი წერდა მორალი დროის საქმეაო და რაც დრო გადის მით უფრო მიჭირს არ დავეთანხმო ჩემს საყვარელ მწერალს.

    შენს ამბავში ყველაზე მეტად ეს მომეწონა:
    ,,დღეს კარგად მოიქცევი, არაფერს გააფუჭებ. დაწვები და სწორი ცხოვრება გაწუხებს, იქნებ გაფუჭება ჯობდა??”

    იქნებ…

    ზოგჯერ ღირსეული დასწრება სჯობს ლაჩრულად დათმობას.

    Like

  6. როგორ ველოდი, რომ ამ ამბავზე დაწერდი .

    ასე მგონია, მეტისმეტი განცდებისგან იმის ნახევარიც ვერ დაწერე, რისი თქმაც შეიძლება გინდოდა🙂

    Like

  7. არ იყო ურიგო. მადლობა აზრის გამოხატვისთვის, თუმცა, ვფიქრობ, მეტი დრო და ფურცელი ჭირდება ამ საკითხს.
    მომწონს როგორც წერ და რასაც წერ და ამიტომ გთხოვე დაგეწერა.
    დაველოდები სხვა თემებს, მერე რა რომ შეიძლება ჩემ კითხვაზე პასუხი არ იყოს ამომწურავი.

    Like

  8. ყოველდღე შემოვდივარ, იმის იმედით რომ ახალი ამბავი დამხვდება. მადლობა ამდენი ემოციებისთვის…

    Liked by 1 person

    • ანუკი,
      ამბები ბევრია მოსაყოლი და დასაწერიც… განწყობას და განცდებს მიაქვს დრო^_^

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s