ღამეებს თევზები შეჭამენ

,,დინებას  მხოლოდ  მკვდარი  თევზები  მიჰყვებიან“

რამდენიმე წლის წინ თევზები მყავდა. ზღვიდან ჩამოტანილი ფერადი ქვებით და ნიჟარებით სავსე ლამაზ აკვარიუმში წითელი, ლურჯი და ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ. განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდათ- ზამთარში გათბობა, ზაფხულში-ტემპერატურის შემოწმება, საღამოს-განათება, ღამე-ნაჭრის მიფარება. წყლის გამოცვლა, აკვარიუმის გაწმენდა, ვიტამინები და სპეციფიკური სუნის მქონე საჭმელი.

ბერტოლდ ბრეხტი წერდა- „მიუხედავად იმისა, რომ როგორც ცნობილია, თევზები მუნჯები არიან, ისინი სხვადასხვა ენებზე დუმან“. მეც ვგრძნობდი, ყველას თავისი პირადი ამბავი ჰქონდა მოსაყოლი და ვერ ჰყვებოდნენ. ,,თევზმა თქვა პირი წყლით რომ არ მქონდეს სავსეო…“ თუ როგორც არის. ცხოვრობდნენ  ჩუმად, ძალიან  ჩუმად. საათობით ვიჯექი, ვუყურებდი როგორ დაცურავდნენ და მათ სიჩუმეს ვთარგმნიდი.

fish

ერთ დღესაც გავიღვიძე და ყველა თევზი მკვდარი დამხვდა. ღამეები არ მეძინა. მაშინ მივხვდი რამდენი რამე გადამატანინეს თავიანთი სიჩუმით. მერე ის უძილო ღამეები თევზებმა შეჭამეს.

,,სიზმრების ისევ მეშინია.

 ამიტომაც თვალღია მძინავს  

 და სიზმრები ფართხალებენ თვალების ფსკერზე

 როგორც უწყლო, ჭრელი თევზები

 და სიზმრები იხოცებიან.

მას შემდეგ ნამდვილი თევზები აღარ მყოლია. სუვენირების, სამკაულების შეგროვება დავიწყე. ყველაზე ხშირად მეგობრები მჩუქნიან, სადაც არ უნდა იყვნენ ჩემთვის ეძებენ თევზებს  და პოულობენ.  სახლში, სამსახურში ყველგან თევზები მყავს.

ჰარუკი მურაკამი და თევზების  წვიმა

ჰარუკი მურაკამი ჩემი საყვარელი მწერალი ნამდვილად არ არის. უფრო მეტიც, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი აღარ წამეკითხა. მურაკამის წიგნებიდან მხოლოდ ,,ნადირობა ცხვარზე“ მიყვარს, თუმცა სხვა წიგნებზე იგივეს ვერ ვიტყოდი. ,,კაფკა პლაჟზე“ ორი მიზეზის გამო წავიკითხე: პირველი მთარგმნელის გამო. ,,კაფკა პლაჟზე“ თარგმნა მურაკამზე შეყვარებულმა თამარ (თამ) სუბელიანმა (ჰარუკისამ). მურაკამი მამაჩემი მგონიაო ამბობს ხოლმე. არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად არ იცნობ, სულ რამდენჯერმე შეხვედრილხარ ან ზოგჯერ არც შეხვედრილხარ და მაინც  იმ ადამიანებზე უფრო ახლოს არიან შენთან,  რომლებსაც ყოველ დღე ხვდები. თამუნა სწორედ ასეთი გოგოა. სულ რამდენჯერმე ვნახე, მაშინ ,,სანტა ესპერანსაში“ მუშაობდა, შემთხვევით შევხვდი, ახალი წიგნები მაჩვენა. მუჰამედზე, მთაზე და უპასუხო წერილებზე ვისაუბრეთ.

tam subeliani

მეორე მიზეზი, რამაც მურაკამთან დამაბრუნა წიგნის ძალიან მაგარი დიზაინია. ციდან ჩამოკიდებულმა თევზებმა ჩემი სული აამღვიეს და ვერ დავმშვიდდი, სანამ არ წავიკითხე რატომ ცვიოდნენ თევზები ციდან.

ალბათ მთლიანად შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება ერთხელაც შუა ქალაქში თევზების წვიმა რომ წამოსულიყო და ციდან უამრავი თევზი ჩამოვარდნილიყო. მენახა კატებთან მოსაუბრე მოხუცი. გამეცნო ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება მოგონებებით იცხოვრა. მოგონებებით, რომელიც თან გათბობს და თან ნაწილ-ნაწილ გაქუცმაცებს.

კაფკა პლაჟზე

Kafka on the Shore -

,,ყველა რაღაც ძვირფასს ვკარგავთ, შესაძლებლობებს, გრძნობებს. აი, რას ნიშნავს სიცოცხლე. მაგრამ თავში პატარა ოთახი გვაქვს, სადაც მოგონებებს ვინახავთ. ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკის წიგნსაცავს ჰგავს. ჩვენი თავის შესაცნობად კი კატალოგები უნდა შევადგინოთ. დროდადრო მოგონებებს მტვერი უნდა გადავწმინდოთ, ოთახი გავანიავოთ, ლარნაკებში კი წყალი შევცვალოთ. ჩვენ სამუდამოდ ვიცხოვრებთ საკუთარი მოგონებების ბიბლიოთეკაში“.

მურაკამის წიგნში ცხოვრობენ თევზები, კატები, მითები და ირეალური ამბები მიტოვების, მარტოობის, სიყვარულის და გადარჩენის შესახებ.

,,როცა თავს დააღწევ სასტიკ ქარიშხალს, დაუნდობელს, მეტაფიზიკურს, სიმბოლურს, ის ათასი სამართებელივით უმოწყალოდ დაგისერავს ხორცს. პეშვები აგევსება საკუთარი და სხვისი სისხლით და როცა ქარიშხალი ჩადგება, ვერ გაიხსენებ, როგორ გადარჩი. იმასაც კი ვერ დაიჯერებ, რომ ქარიშხალი ჩადგა. მაგრამ ერთი რამ კი ცხადი იქნება. გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.“

IMG_0426

მურაკამს თუ დავუჯერებთ ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს წინა ცხოვრება განსაზღვრავს. შემთხვევით არაფერი ხდება, შემთვევითი შეხვედრებიც კარმის შედეგია.

ხანდახან ვფიქრობ, იქნებ თევზები იმიტომ მიყვარს, რომ წინა ცხოვრებაში მეზღვაურის ცოლი ვიყავი. ზღვაში გასულს ამოღამებული თვალებით თვეობით ველოდებოდი როდის დაბრუნდებოდა. გადიოდნენ დღეები. ბრუნდებოდა დიდი თევზებით. ამოვაცლიდი ხერხემალს და ცხელ ტაფაზე უხერხემლო თევზებს ვუწვავდი. ალბათ წინა ცხოვრებაშიც თევზები ჭამდნენ ღამეებს…

თევზები_ უხერხემლოები

უხერხემლო თევზები

 

Picasso

წრეზე ბრუნვა

giphy

 

5 responses to “ღამეებს თევზები შეჭამენ

  1. სახელის გამო წავიკითხე.
    ვერ გავიგე რა უნდა.

    Like

  2. სიმართლე გითხრა სწორედ ბოლო ეპიზოდების გამო მგონია, რომ ამ წიგნის წაკითხვა ღირდა. ნაკატას, საეკის სიკვდილმა წრე შეკრა. მთლიანი ამბავი გააერთიანა და ლოგიკურად დაასრულა.

    ,,კაფკა პლაჟზე” სათაურიდან გამომდინარე მეც მეგონა, რომ საერთო ექნებოდა ფრანც კაფკასთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს, თუმცა როგორც წიგნის წაკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, არანაირი კავშირი არ აქვს.

    მურაკამს უნდოდა კაფკა თამურას ისტორიით მარადიულ კითხვეზე გაეცა პასუხები. ძველი ბერძნები როგორც ამბობდნენ ,,შეიცან თავი შენი”, კაფკა თამურაც საკუთარი თავის ძიებაშია, უშვებს შეცდომებს და მერე ცხოვრებას თავიდან იწყებს.

    დავწერე კიდეც, რომ მურაკამი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის. მურაკამზე მეტად მურაკამის თევზები მიყვარს…

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s