მე, დედა და ელისი

შაბათ დილით მე და დედა ერთად მივდივართ უნივერსიტეტში ლექციებზე. მე რათქმაუნდა ძალიან მეძინება და  ვამბობ, რომ უსამართლობაა შაბათ დილით ლექციების ჩანიშვნა. დედა გაღიმებული ისმენს ჩემს ამბებს და ნერვიულობს, რომ სწრაფად დავდივარ. დედა ნერვიულობს ჩემს სიგამხდრეზე (ანორექსია არ დამემართოს), ნერვიულობს სველი თმით გარეთ გასვლაზე (მენინგიტი არ დამემართოს), ნერვიულობს ჩემს უძილობაზე, საზღვარგარეთ მგზავრობებზე, ჩემს სადოქტოროზე და ისეთ უმნიშვნელო რაღაცეებზეც კი რომ მეღიმება. ხანდახან ვფიქრობ- დედობა ერთი დიდი, დაუსრულებელი ნერვიულობაა.

დედაჩემი უნივერსიტეტის პროფესორია. დედაჩემისთვის უნივერსიტეტით იწყება და მთავრდება ყველაფერი. არ ვიცი როგორ ანაწილებს 24 საათს, როგორ ახერხებს ლექციების წაკითხვას, ასეულობით სტუდენტის ნაშრომის გასწორებას, წიგნების, სტატიების  წერას და ამ ყველაფერთან ერთად არის შესანიშნავი დედა, მეუღლე და ახლა უკვე ბებია.  4-5 საათი სძინავს და მუდმივად მუშაობს გონებრივად, არ აქვს მნიშვნელობა დილის 7 საათია თუ ღამის 3 საათი. ბავშვობაში დედა სულ მეუბნებოდა- ყველა ქალს შეუძლია დაალაგოს სახლი და გააკეთოს საჭმელი, შენ უფრო მეტი უნდა შეძლო. შენი განათლებით და ინტელექტით გამორჩეული უნდა იყოო. დედას ყველაზე მეტად ალცჰაიმერის ეშინია, მოვკვდები გონებრივად მუშაობა რომ ვეღარ შევძლოო. არასდროს მიფიქრია ამაზე სერიოზულად და არც მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა, სანამ ლიზა ჯენოვას ,,ჯერ კიდევ ელისი“ არ წავიკითხე.

ყველა ადამიანს აქვს მეხსიერების ჩავარდნები, ე.წ. ,,ნათელი“ და ,,ბნელი“ პერიოდები. განსაკუთრებით მათ, ვინც გონებრივად ბევრს  მუშაობს. მე ვერ ვიმახსოვრებ სახელებს და ნომრებს. მთელი სემესტრი შეიძლება ისე გავიდეს ჩემი სტუდენტების სახელები ვერ დავიმახსოვრო, ამიტომ თავიდანვე ვაფრთხილებ ხოლმე, ყველა ლექციაზე გკითხავთ სახელს და თქვენ არ შეიმჩნიოთ-მეთქი. შეგნებულად არ ვიმახსოვრებ ტელეფონის ან მანქანის ნომრებს. ჩემი მობილურის ნომრის გახსენებისთვისაც ერთი წუთი მჭირდება. მხოლოდ ერთი ადამიანის ნომერი ვიცი ზეპირად.

ზიგმუნდ ფროიდს აქვს ერთი ნაშრომი, სადაც აღწერს რატომ გვავიწყდება ან რატომ  ვამბობთ შეცდომით სახელებს, რატომ ვწერთ არასწორად სიტყვებს, რატომ გვავიწყდება სად დავდეთ გასაღები და სხვა ნივთები ან  რატომ ვნახულობთ აბსურდულ სიზმრებს. საინტერესო ნაშრომია, ყველა ადამიანი აღმოაჩენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებას და სასიამოვნოდ გაოცდება  როცა მიხვდება, რომ ცნობიერება ჩვენი ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილია, ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში განმსაზღვრელ როლს არაცნობიერი ასრულებს.

Harvard University

ჯერ კიდევ ელისი

ელის ჰოულენდი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი კოგნიტური ფსიქოლოგიის დარგში, ჰარვარდის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი წარმატებული კარიერითა და პირადი ცხოვრებით, მოსიყვარულე მეუღლით და სამი შვილით, ერთ დღესაც ლექციაზე საჭირო სიტყვას ვერ გაიხსენებს, ვერ მიაგნებს სახლის გზას, ვერ გაიხსენებს სად დადო ბლექბერი, ბოლოს რა თემაზე ესაუბრა სტუდენტებს, ვერ გაიხსენებს როდის აქვს დაბადების დღე მესამე შვილს და მიხვდება, რომ  ნეირონებმა მის ტვინში თვითგანადგურების გზა აირჩიეს.

ელისი ესწრებოდა ფსიქოლოგიის კონფერენციებს რომში, მაიამიში, ლოს-ანჯელესში, პრინსტონში, ახალ ორლეანში. ჰარვარდში გაფორმებული ჰქონდა უვადო ხელშეკრულება და საუკეთესო ლექტორად ითვლებოდა, უამრავ კვლევაში და პროექტში მონაწილეობდა და ერთ დღესაც ეს ყველაფერი გაქრა მისი ცხოვრებიდან. ელისისნაირი ქალისთვის ალცჰაიმერი სასიკვდილო განაჩენივით აღმოჩნდა, რადგან იძულებული გახდა უარი ეთქვა ლექციებზე, კონფერენციებზე, პროექტებზე. ელისისთვის, რომ ეთქვათ კიბო გაქვს და რამდენიმე წლის სიცოცხლე დაგრჩა ოღონდ ჯანსაღი გონებითო დარწმუნებული ვარ, დაუფიქრებლად სიმსივნეს აირჩევდა. ალცჰაიმერი კი სრულიად სხვანაირი მტერი აღმოჩნდა, მის წინააღმდეგ იარაღი არ არსებობდა. წამლების მიღება ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც ხანძრის ჩაქრობის მცდელობა ერთი შპრიცი წყლით.

Lost Alice

ელისმა ბელქბერში კითხვები ჩამოწერა და საკუთარ თავს  დაუწესა, თუ ამათგან ერთ-ერთ შეკითხვაზე მაინც პასუხს ვერ გაიხსნებდა, კომპიუტერში მოეძებნა ფაილი, სახელად ,,პეპელა“ და დაუყოვნებლივ მიჰყოლოდა ინსტრუქციას.

  1. რა თვეა ახლა?
  2. სად ცხოვრობ?
  3. სად არის შენი ოფისი?
  4. როდისაა ანას დაბადების დღე?
  5. რამდენი შვილი გყავს?

თვიდან თვემდე იცვლებოდა შეკითხვებზე პასუხები და შიშით ვკითხულობდი ელისის პასუხებს, მინდოდა სწორად ეპასუხა. ელექტრო ღუმელში შედებული ,,მობი დიკი“, მეზობლის სამზარეულოს დალაგება, მაცივრის საყინულეში დატოვებული ბლექბერი, საშობაოდ თეთრი შოკოლადის პუდინგის რეცეპტის ვერ გახსენება, წაკითხული წიგნების შინაარსის დავიწყება, კლავიატურაზე ასოების ვერ მიგნება, სახლის გზის დაკარგვა, საკუთარ სახლში ტუალეტის ძებნა, ლექციებზე სიტყვების და საკითხების ვერ გახსენება მკვდარი ნეირონების შედეგი აღმოჩნდა, რადგან  ნეირონების სიჯანსაღე დამოკიდებულია მის უნარზე, დაამყაროს კონტაქტი სხვა ნეირონებთან. ნეირონი, რომელიც ეფექტურად ვერ უკავშირდება სხვა ნეირონებს, განიცდის ატროფიას. უფუნქციო, მიტოვებული ნეირონი კვდება.

Alice

still Alice

მაგრამ მიტოვებულ, მკვდარ ნეირონებზე საშინელი ის არის, როცა ერთ დღესაც კაცს, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიყვარდა ვეღარ იცნობ და ქუჩაში თუ ხელს მოგკიდებს და სახლამდე მიგიყვანს მადლობას გადაუხდი გულისხმიერებისთვის. ამაზე დიდი და ყოვლისმომცველი უბედურება ჩემთვის არ არსებობს.

ლიზა ჯენოვამ შესანიშნავად შეძლო არა მარტო ელისის, არამედ ელისის ოჯახის წევრების განცდების გადმოცემაც. ალცჰაიმერზე უარესი ალბათ ალცჰაიმერით დაავადებული ოჯახის წევრის ყოლაა. ზოგჯერ ვბრაზობდი ელისის მეუღლეზე, ზოგჯერ მეცოდებოდა და ვამართლებდი. უკიდურესად ძნელია შეეგუო როგორ კარგავს მეხსიერებას შენი საყვარელი ქალი, რომლის გონებაც ერთ დროს აღგაფრთოვანებდა და რომლის საოცარი გონებრივი შესაძლებლობებითაც ამაყობდი.

Alice  John

ელისის ბოლო მოხსენება ალცჰაიმერის კონფერენციაზე და საკუთარი თავისთვის მიწერილი წერილი არის ის, რისთვისაც ღირს ამ წიგნის წაკითხვა. წიგნის მიხედვით 2014 წელს ფილმი გადაიღეს. ელისის როლის შესრულებისთვის ჯულიანა მურმა დამსახურებული ოსკარი მიიღო. ფილმი ნამდვილად კარგი გამოვიდა, თუმცა იმ შეგრძნებებს, რასაც წიგნი სულის ელემენტარულ ნაწილაკებში გიტოვებს  ვერაფერი შეედრება.

ძალიან მინდა ,,ჯერ კიდევ ელისი“ დედამ წაიკითხოს და მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება. და კიდევ მინდა ეს წიგნი წაიკითხოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც გონებრივად მუშაობს და დააფასოს  ყოველი დღე, როცა გონება ჯერ კიდევ მუშაობს.

12 responses to “მე, დედა და ელისი

  1. მე ფილმს ვუყურე და ზალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემი ბებიკო გამახსენა და ამაზე დავწერე კიდეც, ერთ–ერთი ყველაზე საშინელი დაავადება ამ ქვეყნად… შენ და შენს დედიკოს სიძლიერესა და ჯანმრთელობას გისურვებთ მუდამ!

    Liked by 1 person

    • წიგნი წაიკითხე, კარგი თარგმანია, ძალიან მოგეწონება:)))
      სიძლიერე, ჯანმრთელობა და ნათელი გონება ცხოვრების ბოლომდე ყველას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:)))

      Like

  2. ალცჰაიმერი სასიკვდილო განაჩენზე უარესი განაჩენია… საკუთარი თვალით არასდროს მინახავს მისი მსხვერპლი (საბედნიეროდ), მაგრამ ელის ჰოულენდის ამბის წაკითხვის (ნახვის) შემდეგ ზუსტად ვიცი, რომ გონებრივ სიკვდილს ფიზიკური (თუნდაც ნაადრევი) მირჩევნია…

    Liked by 1 person

    • არც მე მინახავს:(
      აბსოლუტურად გეთანხმები, ალცჰაიმერს სიკვდილი სჯობს. განსაკუთრებით საშინელი მომენტი იყო მთელი ცხოვრება რომ წიგნებს აგროვებდა და კითხვის დრო არ ჰქონდა. ალცჰაიმერის შემდეგ კი ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მაგრამ უკვე ვეღარ კითხულობდა:(((

      Liked by 1 person

  3. ჩემი ბებოს ამბები კი გეცოდინება და ამ წიგნის წაკითხვა ჯერ ვერ შევძელი, ალბათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ასე ახლოს განვიცადე და გადავიტანე… მაგრამ მინდა წაკითხვა და ჯულიანას ოსკარი ძალიან გამიხარდა.

    Liked by 1 person

    • ბექა,
      მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, რეალობა ალბათ გაცილებით მტკივნეულია.
      ცოტა დრო რომ გავა ელისი წაიკითხე:*

      Liked by 1 person

  4. ჩემი ბებოს საშინელი განაჩენი😦 საშინელი დაავადება ალბათ ყველაზე საშინელი რაც კი არსებობს, 3 წელიწადში ჩემი საბრალო ბებო გააქრო და დალია როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, რადგან ალცჰაიმერი გონებაზე შეტევით სხეულის ყველანაირ მოტორულ ფუნქციასაც აქრობს რადგან შესბამისი მოძრაობების განმსაზღვრელი ნეირონებიც კვდება და ადამიანი იკრუნჩხება ნელ ნელა. ყველაფერი კი იმით დაიწყო რომ ბებო გვეუბნებოდა ტელევიზორდან გვხედავენ და აგერ ჩვენ გვეაპარაკებიანო ასე და ასე მითხრესო ახალ ამბებს რო უყურებდა, მაშინვე მივხვდი რა დაავადების სიმპტომებიც იყო და თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა რადგან ვიცოდი რა დღეც ელოდა მასაც და ჩვენც, მისი დაც ამავე დაავადებამ იმსხვერპლა. ნელ ნელა უკან მიდის ადამიანი როგორც გონებრივად ისე ფიზიკურად, ბოლოს ყლაპვას წყვეტს და უკვე დასასრულია ეგ როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს რომ საჭმელი უნდა მიიღოს გადაყლაპოს ან წყალი დალიოს, ბებო ლოგინად არ ჩავარდნილა სახლში რაც გვყავდა დადიოდა კიდეც, მაგრამ ცუდად გახდა ერთ დღესაც აგვისტოში და ფილტვის თრომბი აღმოაჩნდა ეგ, ალცჰაიმერი და ასაკი გახდა მისი აღსასრულის მიზეზი. ბებომ ბოლო 3 თვე რეანიმაციაში გაატარა და სულიც იქ დალია😦 მუდამივად ვნახულობდი, არ ვიცი მცნობდა თუ არა მაგრამ ხანდახან თითქოს ვგრძნობდი მის თვალებში გონების მომენტალურ გამონათებას. ნელ ნელა გაილია გახდა და ეთ დროს ულამაზესი ქალისგან ლანდიღა დარჩა. აღსასრული მისთვის შვება იყო. ალცჰამერით ცხოვრება საშინელებაა ყოველი დღე ახალი განსაცდელია. არ ვიცი წიგნის წაკითხვას თუ შევძლებ, ფილმი კი ვნახე😦

    Like

    • ძალიან ვწუხვარ.
      ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავს თითქოს. უბრალოდ ,,Still Alice” იმით იყო გამორჩეული, რომ ელისს ალცჰაიმერი ადრეულ ასაკში დაემართა. მე მაინც გირჩევ წიგნიც წაიკითხო:)

      Like

      • კი ალცჰაიმერს ერთნაირი სიმპტომები აქვს მაინც, უბრალოდ ყველა ადამიანს ჰალუცინაციები და მოჩვენებები თავისი ცხოვრებისდა გამომდინარე აქვთ ინდივიდუალური, ელისს ნაადრევი ალცჰაიმერი ჰქონდა, იშვიათია ეგეთი შემთხვევები მაინც, საერთოდ ალცჰაიმერი უფრო ასაკში იცის როგორც წესი 65 წლის ზემოთ არის რისკ ჯგუფი, ჩემი ბებო 83 წლის იყო.

        Like

  5. გამარჯობა:) ძალიან დამაინტერესა ფილლმა, თუმცა ვერ ვპოულობ. ხო ვერ დამეხმარებით?❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s