რომი- მარადიული ქალაქი

ელიზაბეტი ეუბნება მეგობარს-,,ერთ დღესაც გავიღვიძე და არაფერი ვიგრძენი. არც სიყვარული, არც სითბო. სულ არაფერი. ეს არ არის ჩვეულებრივი იმედგაცრუება. მინდა ვისუნთქო, პულსიც კი არ მაქვს.“ ელიზაბეტივით ერთ დღესაც გავიღვიძე და არაფერი ვიგრძენი დაღლილობის და საშინელი იმედგაცრუების გარდა. ეს იმედგაცრუება ჰგავდა ყელში გაჩხერილ უხერხემლო თევზის ნემსივით წვრილ, ბასრ ფხას. რომში წასვლა ყოველთვის  მინდოდა, წავედი და რომის ბილეთი ვიყიდე.

Rome

ყველა გზა რომ რომში მიდის და რომი ერთ დღეში არ აშენებულა- ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ რეალური რომი, მთელი თავისი დიდებულებით საოცრება აღმოჩნდა. არსად მინახავს ასეთი სილამაზე, სიძველე, იდუმალება, მისტიკა. ცხოვრებაში არ მივლია ამდენი ფეხით, პილიგრიმივით დავდიოდი ტაძრებში. განსაკუთრებით მომეწონა ვილა ბორგეზის პარკი – მწვანე, ხასხასა ბალახზე წამოწოლილი  წყვილებით,  მტრედებით, სიმწვანით, სიჩუმით და არაამქვეყნიური სიმშვიდით.

Villa Borghese gardens

ორ დღიანი მარტოობის შემდეგ გერმანიიდან ჩამოვიდა ნატა. ნაწვიმარ რომში კოლიზეუმის წინ ვიდექი და ნატას ველოდებოდი. რესტორანში წავედით გემრიელი იტალიური პასტის საჭმელად. ვიხსენებდით სკოლის ამბებს, გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ 10 წლის წინ დავამთავრეთ სკოლა. 10 წლის მერე  სად ვიქნებითო მკითხა ნატამ, 10 წლის მერე ალბათ თვალებთან და ტუჩებთან ნაოჭები გაგვიჩნდება-მეთქი, ვიცინოდით და ნატამ  მითხრა,  არაუშავს  შენ ისევ შანელის პომადას წაისმევო.

დღეები დავდიოდით, ღამეები არ გვეძინა, ვსაუბრობდით, ამბებს ვიხსენებდით  ვიცინოდით. იტალიურ პიცას, ლაზანიას, პასტას და ნაყინს ვაგემოვნებდით. ჩვენი სასტუმროდან კოლიზეუმი მოჩანდა, გავაღებდით ფანჯარას და შემოდიოდა იტალიური საუბარი. სასტუმროს შესასვლელში  დიდი, ძველი ხის კარი იყო, ავდიოდით მიხვეულ-მოხვეული კიბეებით, ვაღებდით პატარა ხის კარს, რომელზეც ეწერა ,,Lots of Love”  მერე იყო ჩვენი ნომერი. გასაღებების მთელი ასხმა მომცა მასიმომ, რომელსაც რატომღაც ჯიოვანის ვეძახდით. იმდენი გასაღები გვქონდა ფორტ ბოიარდში ვცხოვრობთ-მეთქი  ვამბობდი.  მე და ნატა ვხალისობდით მასიმოზე, ნატა გერმანულად და მე ინგლისურად ვუხსნიდი რა გვინდოდა, ის კი იტალიურად გველაპარაკებოდა.

Lots of LOVE

 ვატიკანი

ვატიკანში შაბათ დღეს წავედით. 50 წუთი ვიდექით წმ. პეტრეს მოედანზე წმ.პეტრეს ბაზილიკაში შესასვლელად, რომის პაპი ატარებდა მესას. წმ.პეტრეს ბაზილიკის სიდიადემ მეტყველების უნარი წამართვა, ულამაზესი ტაძარია მთელი თავისი დიდებულებით, წმ.პეტრეს საფლავით და მიქელანჯელოს ,,პიეტათი“- ტოსკანის თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ღვთისმშობლის დატირება ძალიან  შთამბეჭდავია.

სიქსტის კაპელაზე რა უნდა დავწერო მართლა არ ვიცი. ახლაც არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. მიქელანჯელოს ფრესკის დანახვაზე ათასობით ჭიანჭველამ ერთდროულად დამიარა ხერხემალზე. ,,განკითხვის დღე“- ანგელოზები საყვირებით, ხელებაფარებული ქრისტე და ღვთისმშობელი, წმ. ბართოლომეო გატყავებული კანით… სადღაც წავიკითხე, მიქელანჯელო ფრესკის შექმნის დროს დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედიით“ იყო შთაგონებული და ამიტომ გამოსახა ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე. სამყაროს შექმნა და ადამის დაბადება  ნამდვილი სასწაულია. ალბათ მთელი მოხატულობის მხოლოდ 30% აღვიქვი, 70% საიდუმლო დარჩა ჩემთვის. როდენის ,,მოაზროვნე“, დალის, შაგალის, რაფაელის, დიეგო რივერას, მიქელანჯელოს, კარავაჯოს, ლეონარდო და ვინჩის, ვან გოგის, პიკასოს ნახატები საერთოდ ცალკე სამყაროა.

Sistine Chapel (2)

ბარი

ბარი საპორტო ქალაქია სამხრეთ იტალიაში, რომიდან 450 კმ. მოშორებით. დილით  წავედით მატარებლით. მატარებელი მიდიოდა ძალიან სწრაფად, ქარის ელექტროსადგურები და მწვანე მინდვრები ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და ნატამ გამახსენა ერთხელ გალაკტიონის ეს ლექსი გავუგზავნე

Galaktion

ხომ არ გეშინიაო მკითხა.  წიფის გვირაბი არა, მაგრამ იტალიის რომელიღაც გვირაბი  გავიარეთ. ნიკა ჩექეზიშვილს ეწერა ერთხელ- ,,ზოგჯერ ერთი და იგივეა, სიყვარული და დაძრული მატარებლიდან  გადახტომა“.

ბარში იტალიელებზე მეტი ქართველები ვნახეთ.  ძალიან მომეწონა ვიწრო ქუჩები, მიხვეულ-მოხვეული პატარა გზები. იმდენად ვიწრო ქუჩები იყო და სახლები ისე გვერდი-გვერდ იდგა, რომ მეზობლებს საერთო კედლები და აივნები ჰქონდათ, ისმოდა  იტალიური გადაძახილ-გადმოძახილი, მეზობლები ერთმანეთის აივანზე კიდებდნენ სარეცხს, ხმამაღლა, ხელებით საუბრობდნენ. მინდოდა მთელი დღე ვმდგარიყავი და მათთვის მეყურებინა. ჩავუარეთ პაბს, უცებ განწირული ყვირილი მოგვესმა, გვეგონა ვიღაცას კლავდნენ.  სიმპატიური, შავგვრემანი იტალიელი მამაკაცები ისხდნენ ღია პაბში, სვამდნენ ლუდს, უყურებდნენ ფეხბურთს და ხმამაღლა, მთელი გრძნობით ყვიროდნენ, ერთმანეთს ხელებით რაღაცას უმტკიცებდნენ. ნამდვილი იტალია ბარში ვნახე-თქო ვამბობდი.

წმ.ნიკოლოზის ბაზილიკაში წმ.ნიკოლოზის საფლავზე ისეთი განცდა დამეუფლა, ოცნების ახდენისას რომ გეუფლება, თან გიხარია, რომ ოცნება აგიხდა, თან გული გწყდება, რომ  ოცნება  აღარ  გაქვს. წამოვედით, ზღვის ნაპირზე ჩამოვსხედით, მშვიდი იყო ზღვა, არ ღელავდა. თოლიები დაფრინავდნენ. ახლა რას გრძნობო? ვინმეს რომ ეკითხა, პასუხი არ მქონდა. იმ განცდას, რასაც ბარში განვიცდიდი სახელი არ ჰქონდა.

Basilica di San Nicola

Barii

წამოსვლის დღეს ,,Fontana di Trevi“-ში ერთ ცენტიანი ჩავაგდეთ, ბედნიერების და რომში დაბრუნების ნიშნად. რომის აეროპორტში დავშორდით ერთმანეთს, ნატა გერმანიაში დაბრუნდა, მე საქართველოში. ბედნიერი და იღბლიანი გოგო ვარ, ნატასნაირი მეგობრები რომ მყავს. თვითმფრინავში ვკითხულობდი წიგნს.  ერთხელ  დავწერ აეროპორტში და თვითმფრინავში წაკითხულ წიგნებზე, როგორ შევარჩიოთ წიგნები, როცა აეროპორტში რამდენიმე საათი ველოდებით ფრენას. რომი-მარადიული ქალაქი მოგონებად იქცა, მოგონებად რომელიც ისეთივე მარადიულია, როგორც თავად ეს ქალაქი.

Bari

PRADA

Basilica of Saint Paul (1)

Mosè (Michelangelo)

St. Peter's Basilica (2)

LORD

Pieta

Sistine Chapel

Marc Chagall

STARS

Villa Borghese gardens

Colosseum

ITALY

San Nicola

 

Raphael

 

ROME

 

St. Peter's Basilica

 

Colosseum (2)

 

Fontana di Trevi

 

VATICAN

 

books

 

bookss

 

 

4 responses to “რომი- მარადიული ქალაქი

  1. კარგია, ალბათ, რომის ნახვა…
    თუნდაც იმიტომ, რომ რომის ხსენებაზე ჩემსავით მარტო ფრანჩესკო ტოტი არ გაახსენდეს ადამიანს🙂
    ისე ეგეც რომივით ძველია…:)
    მაგრამ მე მაინც მთავარი შეკითხვა მღრღნის და მაწვალებს,
    რამე ჩამომიტანე?! :)))

    Liked by 1 person

    • ფრანჩესკო ტოტის თამაში არ ვიცი, ფეხბურთში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მე მგონი შენ უფრო კარგად თამაშობ:)

      საიდუმლოა რა ჩამოგიტანე ^_^

      Like

  2. სულ მიხარია შენს ბლოგზე შემოსვლა . წინასწარ ვიცი რაც დამხვდება ხოლმე . ცოტა სევდა , ცოტა სიხარული , ბევრი მოგზაურობა , პოეზია .
    ხშირად წერე რა …

    Liked by 1 person

    • სულ მსაყვედურობენ იშვიათად წერო ^_^ მაგრამ ჩემი ყველა პოსტი ჩემი ცხოვრების ამბავს უკავშირდება და ზოგჯერ ეს ამბები არ მოიყოლება:*** მიხარია, რომ მკითხულობ ^_^🎈

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s