ამბავივით გოგოებისთვის

,,ხუთი წლის წინ ერთ ბიჭს ვიცნობდი. კარგი ბიჭი იყო, სტანდარტულად კარგი, სიმპათიურიც. ერთხელ გოგო მოიყვანა ნაპერწკლებიანი გოგო,  სხვანაირი, თვალებში სიღრმეებით და ამბებით და ისტორიებით. როგორიაო მკითხა და ამბავივით-მეთქი – ვუპასუხე. ამბავივით გოგო იყო, ვერმოყოლილი ამბავივით გოგო. გუშინ შემხვდა ის ბიჭი სხვა გოგოსთან ერთად. კარგი გოგო იყო, სტანდარტულად კარგი, ლამაზიც. ახლა ბიჭი იყო სხვანაირი, ამბავივით. გული დამწყდა. ასეა, ხვდებიან ადამიანები და საკუთარ და სხვის ამბებში სცდებიან ერთმანეთს და რჩება ამბები, ვერმოყოლილი, საკუთარი თავისთვის შეტოვებული  ამბები“- კატო  ჯავახიშვილი.

ვიფიქრე დავწერ ჩემს უძილო ღამეებზე, წაკითხულ თუ წაუკითხავ წიგნებზე, ფილმებზე, კონცერტებზე, გამოფენებზე, მოგზაურობებზე, მეგობრებზე შეყვარებულებს რომ დაშორდნენ, იმ მეგობრებზეც რომ გათხოვდნენ და შვილები გააჩინეს. დავწერ  სტუდენტებზე, სიმპატიურ და ინტელექტუალ ლექტორად რომ ამირჩიეს, მათთან გატარებულ დღეებზე,  პატარ-პატარა და დიდ სიხარულზე, ყველაფერზე დავწერ მეთქი რაც მთელი წელი ხდებოდა კარგ ამბებზე, რომ არ მოიყოლება ისეთ ამბებზეც. მერე უცებ ვიგრძენი რომ დავიღალე, ძალიან დავიღალე. ამ დაღლაზე წერითაც დავიღალე და აღარ დავწერ. მინდა, რომ მალე გავიდეს დეკემბერი.

მაგრამ სანამ დეკემბერი გავა, მინდა რომ მოვიდეს თოვლი. დიდი თოვლი. ბეეევრი თოვლი. სამსახურიდან როცა მივდივარ სახლში მგონია, რომ გათოვდება. ვუყურებ ცას და თოვლის  ნაცვლად ვარსკვლავები ანათებენ. სულ მეშინია ვარსკვლავების ყურებაში წინ მიმავალ მანქანებს არ დავეჯახო. მივდივარ მივდივარ და  ვფიქრობ- სირცხვილია ამბავივით გოგოებს რომ ხერხემალი ემძიმებათ, სირცხვილია რომ არ თოვს…

რა სირცხვილია, რომ არ თოვს.
წელამდე თოვლში რომ არ დადიან
ცხვირ-პირაკრული ადამიანები
და საკუთარ განვლილ და გასავლელ ნაბიჯებს რომ არ მალავენ.
გაყინულ სახეზე თვალებს რომ არ იხატავენ და
მიხატულთვალებიანებს წამწამები
ხენაკლულ ტყეში ასანთის ღერებივით არ ეფანტებათ.
აწითლებული ნესტოებიდან საკვამურის ოხშივარი რომ არ ამოსდით
და ერთმანეთის მონარჩენ სითბოს ხელისგულებში არ იმწყვდევენ.
მოხრილი ხერხემალი რომ არ ემძიმებათ და
გადასათოვლი ტანებით სახურავს არ იშენებენ.

რა ცუდია, რომ არ თოვს.
სისხლმოწყურებულები თეთრ მინდორზე პიონებს რომ არ ხატავენ და
ტკივილმისჯილები კი კვლავ მოლოდინში არ რჩებიან,
რომ მოვა ეს რაღაცნაირი თოვლი,
ეს ნაადრევად გათეთრებული შვილივით თოვლი,
სახლის კარს შინაურივით შემოაღებს
და მარტოობის საბანს დედასავით გადააფარებს,
მათ, ვისაც თმენა დაბადებიდანვე შეუძლიათ,
რადგან ტკივილი უნდა იყოს მთლიანი.
ტკივილი უნდა იყოს ნამდვილი.
რომ მოგერიოს.
და რა სირცხვილია, რომ არ თოვს.
გაუკვალავ გზებში რომ არ იკარგებიან ადამიანები და
საკუთარი წილი სიმართლე ხელებში რომ არ უცივდებათ.
მონარჩენი ცხოვრება რომ არ ეზედმეტებათ და
ხურდაში მოყოლილი ერთმანეთი ბავშვობის პერანგივით არ უმოკლდებათ.

ერთმანეთი რომ არ სცივათ და მტვრის ქალაქში
შემთხვევით ერთად მოხვედრილებს, საკუთარი თავი არ ეკარგებათ.
ნახევარი ტანით მიწიდან რომ არ იწევიან და
მეორე ნახევარი თოვლქვეშ რომ არ რჩებათ.
რა ცუდია, რომ ვერ თოვს.
თვალები საკუთარი სისუსტეებით კი არა,
თოვლით რომ არ მევსება,
როცა ჩემი ქალაქის თეთრ სიმყუდროვეში და
უცხო ადამიანების თეთრ სინამდვილეში კი არა,
საკუთარ საყოფაცხოვრებო ნაგავში ვდგავარ და ვფიქრობ,
რომ მოვა ეს რაღაცნაირი თოვლი,
ეს ნაადრევად ჩემსავით გათეთრებული თოვლი,
რომელიც მერამდენე ღამეა აკაკუნებს.
მერამდენე ღამეა ერთი და იმავე ადგილზე აკაკუნებს.
და ვერ თოვს.
რადგან თოვლი უნდა იყოს ბევრი.
თოვლი უნდა იყოს თეთრი.
რომ  მოგერიოს.
რანაირი სირცხვილია, რომ ვერ თოვს.

snow_storm_new_york_city_4-SNOW

 

tumblr_mi30e3hmF71rjsu16o1_500

 

giphy 7

 

giphy

7 responses to “ამბავივით გოგოებისთვის

  1. თოვლი აქ აღარ გვეღირსება, სადმე სკანდინავიისკენ უნდა წახვიდე.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s