მეორე სალომე

კვირაობით მე და სალომე ერთ ლიტ. კაფეში ვხვდებით ერთმანეთს. ორივე მარტო ვსხდებით ფანჯარასთან, ვუყურებთ ქუჩაში მოძრავ მანქანებს და ვფიქრობთ სხვადასხვა ადამიანებზე. ერთმანეთთან თითქმის არ ვსაუბრობთ. ორივე ვგრძნობთ მარტო იმიტომ დავდივართ, რომ ჩუმად ყოფნა გვინდა. მერე თითქმის ერთდროულად ვდგებით, ერთმანეთს ვემშვიდობებით, ღიმილს გავცვლით და სხვადასხვა გზით მივდივართ. მე ვფიქრობ- კარგი გოგოა სალომე. სალომე რას ფიქრობს არ ვიცი.

IMG_0330

სალომე ტიპიური მორიელია. მე ტიპიური ლომი. ერთმანეთს მხოლოდ იმაში ვგავართ, რომ ორივეს უკიდურესად შეგვიძლია სიყვარული და უფრო უკიდურესად სიძულვილი. ორივე ვწერთ ბლოგს, ორივე სალომეას სახელით. გვიყვარს სილვია პლათი, თევზები, ვუსმენთ რეიჩელ იამაგატას და იმდენჯერ ვიყავით მეჯვარეები, დამსახურებული მეჯვარის სტატუსი რომ არსებობდეს მე და სალომე გავიყოფდით.

სალომემ 2012 წელს ლიტერატურული პრემია ,,საბა“ აიღო ,,მოხსენებითი ბარათისთვის“, რომ მივულოცე ვკითხე რატომ დაარქვა წიგნს ,,მოხსენებითი ბარათი“. სამსახურში სულ მოხსენებითს ვწერდიო მიპასუხა. მას შემდეგ რამდენჯერაც მეც მოხსენებით ბარათს ვწერ-სალომე მახსენდება. სალომემ ერთი პოსტი დაწერა ,,ცხოვრება როგორც არჩევანი“. სილის გაწვნას ჰგავდა სალომეს პოსტი, თითქოს სახეში ძლიერად მირტამდნენ და ხელების აფარება ვერ მოვასწარი. მერე სალომემ ჩაწერა ვიდეო ბლოგი ,,შეგიყვარებენ  შენც“, სადაც ზუსტად 4 წუთსა და 47 წამში ჩაატია სიყვარული, მცდარი აზრი, ცრურწმენა და ყველა ,,არა“.

IMG_0328

ცხოვრება შიშების დაძლევაა

სალომეს წიგნი ,,ქალაქი წყალზე“ ვენაში წავიკითხე. სულ მჯეროდა, რომ წიგნები ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არასდროს მოდიოდნენ. სალომეს წიგნიც მაშინ მოვიდა ჩემთან, როცა უნდა მოსულიყო. ახლა და არა სხვა დროს. სალომეს მოთხრობებში ბევრი წყალია და ბევრი თევზი. ეს წიგნი სალომემ თავის მეგობარს- ულრიკეს მიუძღვნა. ულრიკე დღეს ცოცხალი აღარ არის და როგორც სალომემ დაწერა თუ სადმე მიწა შეიძლება იყოს მსუბუქი, მაშინ ულრიკესთვის იყოს მსუბუქი.

,,ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს. ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა. ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასოდეს უთქვამს უარი საკუთარ თავზე.

„ქალაქი წყალზე“ დავწერე ყველა ბიჭისთვის, ვისაც ჰყოფნის სიყვარული, ამბიცია და სიამაყე, გვერდით ძლიერი გოგო ჰყავდეს, თუმცა, ალბათ, იმ ბიჭებისთვისაც დავწერე, რომლებსაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბიძგი სჭირდებათ. უფრო მეტიც – დავწერე იმ ბიჭებისთვისაც, ვინც მცდარი ნაბიჯი უკვე გადადგეს!“

IMG_0329

სალომეს ერთი მოთხრობის პერსონაჟი დედას ასეთ წერილს წერს:

„ძვირფასო დედა,

მინდოდა, მეკითხა, შენი აზრით, რა არის სიყვარული?! როგორი სუნი აქვს შენთვის სიყვარულს? როგორი სუნთქვა? როგორი თითები? მამა გიყვარდა? როგორ გიყურებდა, როცა სანგარში იწექით და მთვარე დაგნათოდათ? როგორ ერკალებოდა მხრები, როცა შენკენ იხრებოდა? რას ჰგავდა მისი შეხება – აგვისტოს ღამით ბალახში ძილს თუ გახურებულ ასფალტზე ყვავილების ამოსვლას? მინდა, ვიცოდე. ყველას უნდა, იცოდეს – სიყვარული, რომელმაც ქვეყანას მოავლინა, გალაქტიკასავით უსაზღვრო იყო თუ ადამიანივით პატარა.

რას გააკეთებდი, მამა სხვა ქალის ქმარი რომ ყოფილიყო, როცა შეხვდი? შეძლებდი მის დავიწყებას? თუ ყველა ღმერთს მოუხმობდი, რომ ეხეტიალა, თავშესაფარი ეძებნა, ქვიშით გავსებოდა თვალები, ნესტოებში წყალმცენარეების სიმყრალე ჩაბუდებოდა და ბოლოს მაინც შენთან მოსულიყო?“

სალომეს წიგნში ანა-ულრიკე ჩემთვის განსაკუთრებული და გამორჩეულია. სალომეს წიგნი არის შეყვარებულებული, მიტოვებული, მკვდარი, ცოცხალმკვდარი, სიცოცხლედაბრუნებული, მებრძოლი, კეთილი, ბოროტი, თავდადებული, ეგოისტი, ლამაზი, შეუხედავი გოგოებისთვის. გოგოებისთვის, რომლებმაც არ იციან რა არის სრულყოფილი ბედნიერება, რომლებიც მუდამ ვიღაცას ეძებენ და ვერავის პოულობენ. გოგოებისთვის, რომლებსაც ეშინიათ, გარბიან და საკუთარი გზა მისდევთ. გოგოებისთვის, რომლებმაც თავი მოიკლეს და თავიდან ისწავლეს ცხოვრება.

IMG_0332

სალომეს ეს ლექსი (მე რომ გამორჩეულად მიყვარს) იმ გოგოებისთვის არის, ვინც (ჩემსავით) ქსოვა არ იცის და ახლა სწავლობს…

ბერლინი. იანვარი

ამ ყრუ კედელთან დახვრეტილი ანგელოზების

ნაცრისფერ გვამებს გადმოაბიჯე

და ისე მოდი,

რადგან გზები გვამების გავლით ოდითგანვე უფრო მოკლეა,

ვიდრე სხვა გზები, შემოვლითი და შორეული.

თანაც, თოვლში ხომ არასოდეს არ ჩანან ჯვრები,

არც სახელები, არც გვარები

და არც თიხის ძველი ქოთნები,

ჩამომხმარი ყვავილებით ამოვსებული.

გადმოაბიჯე აქ ჩამარხულ სიცოცხლეებს,

რომ ჩემთან მოსვლა წამითაც არ დაგაგვიანდეს.

არ შემახსენო,

რომ ერთ დღეს ყველა მიმატოვებს,

რადგან ვიცხოვრე დაყოფილმა ათას ნაწილად

და საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე.

არ შემახსენო,

რომ გჭირდება,

შენს სულს ჭირდება,

მოხსენიება ჩემს ჯერაც უთქმელ ღამის ლოცვებში _

ისედაც ვიცი,

ვერ გადავრჩებით უერთმანეთოდ.

და როცა წასვლას დააპირებ,

ამ ყრუ კედელთან დამარხული, დავიწყებული ტკივილების

სასაფლაოებს შემოუარე

და ისე წადი,

მინდა, რომ დიდხანს გიყურებდე ჩემგან მიმავალს.

მერე გახდება ყველაფერი უფრო ადვილი

და როცა სიკვდილს გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს _

ფერადი კაშნი,

ჩრდილოურ ზამთრის ღამეებში რომ მოგიქსოვე ხელის კანკალით,

გამოდგება ერთ დღეს თოკადაც _

ისე მოვქსოვე, რომ გაუძლოს სიმძიმეს შენსას,

შენი თეთრი სხეულის და

გულის სიმძიმეს- სადაც მე ვცხოვრობ.

და ამ თოკზე რომ გიპოვიან ჩამოკიდებულს,

გალურჯებულს და მოქანავეს,

ძველი საათის მორყეული ქანქარასავით,

მე გავიღიმებ

და ვიტყვი, რომ გაქცევაში დაგეხმარე

ისე მიყვარდი.

 

IMG_0331

7 responses to “მეორე სალომე

  1. მეორე სალომე მეც ძალიან მომწონს.. მისი ახალი წიგნი არ მაქვს წაკითხული. წასაკითხი წიგნების სიაში იყო, მაგრამ შენი პოსტის შემდეგ უფრო დამაინტერესა🙂❤ ბლოგი თუ ჰქონდა, არ ვიცოდი, მადლობა, რომ აღმომაჩენინე🙂

    Liked by 1 person

  2. სალომე ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი <33 გთხოვთ უფრო ხშირად დაწეროთ ხოლმე,მეორე სალომეც მომეწონა თქვენი მონათხრობიდან,მისი ჩანაწერები სად შეიძლება რომ ვნახო??

    Liked by 1 person

  3. განწყობის ამბავია. სულის ქიმია.
    მადლობა facebook- ზე მოწერილი წერილისთვის. მადლობა, რომ მკითხულობ:***

    ესეც მეორე სალომე:)

    https://salomeatenetskaya.wordpress.com/2014/02/01/%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C/

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s