ყვითელი დეპრესია

შემოდგომა არ მიყვარს. ყვითელი ფოთლები მკლავს. ყვითელი დეპრესია მემართება. სულისშემძვრელი სიყვითლის დროს დუმილის აღთქმას ვდებ, მხოლოდ საჭირო სიტყვებს ვამბობ სახლში და სამსახურშიც. ვარ ჩუმად. ისე ჩუმად, რომ ზოგჯერ საკუთარი თავის მეშინია. სიჩუმე თან გკლავს, თან ძალას გაძლევს. ასეთი ჩუმი სიყვითლის დროს სულ მინდა წავიდე ვაკის პარკში, შემოდგომის მზეზე დავჯდე სკამზე, თვალები დავხუჭო და არაფერზე ვიფიქრო. უცნაურია, მაგრამ არც ერთხელ არ გამიკეთებია ეს. მერე როცა გადის ყვითელი დეპრესია და მეგობრები მსაყვედურობენ უპასუხო ზარების და მესიჯების გამო, ყველაზე ძნელი იმის ახსნაა, რატომ მინდოდა ჩუმად ყოფნა.

yellow me

წელს შემოდგომა განსხვავებულია. მთლად ყვითელიც არ არის ჩემი დეპრესია. წიგნებს, ისევე როგორც საჭმელს გემოს ვეღარ ვატან, ამიტომ ჩემი წონა ფრანგულ წონასაც ჩამოსცდა. წიგნის თაროდან წაუკითხავი წიგნები შემომყურებენ და ყოველ დილით თვალს ვარიდებ. დავიწყებ ერთ წიგნს, წავიკითხავ 200 გვერდს-მივატოვებ. დავიწყებ მეორე წიგნს, წავიკითხავ ნახევარს- მივატოვებ. დავიწყებ მესამეს, წავიკითხავ ნახევარზე მეტს და ისევ მივატოვებ. ფრანც კაფკა- ,,გარდასახვა“, ორჰან ფამუქი-,,სტამბოლი“, ჰარუკი მურაკამი- ,,კაფკა პლიაჟზე“, სტივენ ვაისმენი-,,ჩარლი ჩაპლინი“, სიმონ დე ბოვუარი-,,სასოწარკვეთილი ქალი“, მარი მეტრაიე-,,ღიმილის მტვერი“, ერიკ შმიტი-,,ოდეტ ტელმონდი“, გოგი გვახარია-,,ცრემლიანი სათვალე“, მაიკლ კანინგემი-,,საათები“, ვირჯინია ვულფი-,,სახლი მოჩვენებებით“, მილორად პავიჩი-,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“- დავთვალე და 11 წიგნი მაქვს ასე დაწყებული და ყელში გაჩხერილი.

tumblr_ltz5ie4eDY1qmkr8bo1_500

ლი ანუ შემოდგომას სხვა გამართლება არ აქვს

შემოდგომაზე, ყვითელი დეპრესიის დროს დაიბადა ჩემი ბისკვიტა. ჩემთვის მთელი დედამიწა ამოყირავდა და მივხვდი- ცხოვრებაში რაც გამიკეთებია და რასაც შემდეგ გავაკეთებდი ყველაფერი აზრს დაკარგავდა, თუ ლიზიკოსნაირი პატარა გოგო არ მეყოლებოდა. ბისკვიტა უკვე ორი წლისაა და მე მონდომებით ვასწავლი სიტყვებს ,,მიყვარხარ“, ,,მენატრები“, ,,ჩემი გული ხარ შენ“. სახლში მეჩხუბებიან, პატარაა და რთულ სიტყვებს ნუ ასწავლიო. მე მაინც დაჟინებით ვუმეორებ- ლი თქვი ,,მიყვარხარ“.   ,,მ  ი  ყ  ვ  ა  რ  ხ  ა  რ “.  ლი მიყურებს ლამაზი მწვანე თვალებით, პატარა ეშმაკუნები დაურბის თვალების ფსკერზე და იცინის. ვგიჟდები როცა ლი იცინის. იმდენს ვკოცნი, სანამ სუნთქვა არ შეეკვრება.

Li

ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მე და ლი ქუჩაში ვსეირნობთ. უცნობი ადამიანები გვაჩერებენ, ეფერებიან, თბილ სიტყვებს ეუბნებიან და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, როცა გვამსგავსებენ. სულ ვფიქრობ, როგორი გოგო იქნება ლი როცა გაიზრდება, რა გაუხარდება, რა ეტკინება, რაზე ატირდება.

გაივლის წლები და ლის მოვუყვები, რომ როცა დაიბადა წვიმდა და არასდროს დამავიწყდება ის წუთი, როცა პირველად ვნახე. მოვუყვები, რატომ მემართება შემოდგომით ყვითელი დეპრესია და იმასაც ვეტყვი, რომ მის ცხოვრებაში ბევრი შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და ისევ შემოდგომა დადგება, მაგრამ მან წელიწადის ის დრო უნდა შეიყვაროს, როცა გულში საქსოვი ჩხირების ჩხვლეტას იგრძნობს…

7 responses to “ყვითელი დეპრესია

    • მარიამ შემოდგომის ყვითელ დეპრესიას უხდება ყანჩელი. გუშინ ვიყავი ყანჩელის 80 წლისადმი მიძღვნილ კონცერტზე, თავად ყანჩელიც ესწრებოდა მეუღლესთან ერთად. ეს იყო ნამდვილი მუსიკა სევდით, ჟრუანტელით და ბედნიერებით სავსე:)))

      Like

დატოვე კომენტარი