პირადი ომი

ევრიპიდე  ,,ტროელი ქალები“

სადღაც წავიკითხე შექსპირს მარტო სონეტები რომ დაეწერა მაინც შექსპირი იქნებოდაო. მაგრამ ჩემთვის შექსპირი იმიტომ არის შექსპირი, რომ ტრაგედიები დაწერა. შექსპირი ალბათ ვერ დაწერდა ,,რომეო და ჯულიეტას“ ,,ოტელოს“, ,,ჰამლეტს“ ,,მეფე ლირს“,  მაკბეტს“  რომ არ ყოფილიყო ევრიპიდე- ათენის დიდი ტრაგიკოსი.

ევრიპიდეს ტრაგედიებიდან ძალიან ცოტა გადარჩა. მსოფლიოს ყველა უნივერსიტეტში ისწავლება ევრიპიდეს ,,მედეა“. ამბავი ქალზე, რომელმაც საყვარელ მამაკაცზე შური იძია და საკუთარი შვილები დახოცა. ლევან ბერძენიშვილს აქვს კარგი ლექცია- ,,ევრიპიდე ანუ შურისძიება  ამაოა“.

ძვ.წ. 415 წელს ევრიპიდემ დაწერა ,,ტროელი ქალები“, სადაც აღწერა პელოპონესის ომი, გადამწვარი ტროა, მკვდარი გმირები და ტყვედ ჩავარდნილი, თავისუფლება დაკარგული ტროელი ქალების ამბები. ევრიპიდე მთელი ცხოვრება ფიქრობდა, რომ მარტო პელოპონესის ომი კი არა ყველა ომი საშინელებაა. ომს მხოლოდ უბედურება, ნგრევა და ტკივილი მოაქვს.

ტროელი ქალ(ი)

ტროელი ქალები

სამეფო უბნის თეატრის სეზონი გაიხსნა დათა თავაძის სპექტაკლით ,,ტროელი ქალები“. წავედით მე და ზინიკო.  ჩვენს წინ ერთი გოგო იჯდა და იცინოდა. მე ცრემლები მახრჩობდა. არ ვიცი ალბათ ,,სასაცილოა“ ომის ამბების მოსმენა, როგორ აუპატიურებენ ცოლს ქმრის თვალწინ და მერე წამებით კლავენ. როცა შვილი ფანჯრიდან უყურებს, როგორ უკლავენ მამას და თვალწინ უდგას მისი ცისფერი პერანგი დიდი წითელი სისხლიანი ლაქით. ,,სასაცილოა“ იმ ამბის მოსმენა, ცივი და სასტიკი ზამთრის შემდეგ როგორ გათენდება გაზაფხულის პირველი დღე, გაიხედავ და დაინახავ მსხლის ხეს, რომელიც თეთრად არის აყვავებული და ერთი სული გაქვს შენს დას, რომელიც სულ ამტკიცებდა მსხლის ხეაო უთხრა ნახე მართალი იყავიო, მაგრამ ხედავ რომ ამ გადაპენტილ ხეზე მისი გალურჯებული  ჩამოხრჩობილი გვამი კიდია. შენს დას თავისი საყვარელი ფეხსაცმელი აცვია და უცებ  ერთი ფეხსაცელი გაძვრება და ძირს დავარდება. ,,სასაცილოა“ იმის მოსმენაც, როგორ უკლავენ დედას ერთადერთ შვილს.

ქალები

ყვავილები

გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო.

გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო.

გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკოოო!!!

სპექტაკლის  ბოლო  ნაწილში ერთი გოგო ამბობდა- გმირები ჩვენი მამები, ქმრები და ძმები კი არ არიან, რომლებიც ომში დაიღუპნენ, გმირები ვართ ჩვენ ქალები, რომლებიც გადავრჩით და არ მოვკვდითო და ბოლოს ეს სიტყვები თქვა – ,,ჩიტების ჭიკჭიკი ჩართეთ“.

სპექტაკლი რომ დამთავრდა ხელები მიკანკალებდა და ზურგს უკან დავმალე. ტაში არ დამიკრავს. გამოვედით  და  ზინიკომ მკითხა ტაში რატომ არ დაუკარიო. იმიტომ რომ არ შემეძლო, არ შემეძლო ამ ამბებისთვის ტაშის დაკვრა.

 ომ(ებ)ი

აფხაზეთის ომი არ მახსოვს. აფხაზეთი მხოლოდ კედელზე შემონახული წარწერებით  აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში-,,გვახსოვდეს აფხაზეთი“, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“. უცნაურია, მაგრამ ილორის წმ.გიორგის ეკლესია მენატრება. არასდროს ვყოფილვარ და მაინც მენატრება.

სამაგიეროდ ძალიან კარგად მახსოვს 2008 წლის  აგვისტოს ომი. სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. წიგნების სისტემატიზაციას ვახდენდით. ომის დღეებში ერთი დღეც არ გავჩერებულვართ. რადიო გვქონდა ჩართული, სადაც ომის ამბებს გადმოსცემდნენ. ერთ დღესაც გამოაცხადეს, რომ რუსების ტანკები ძალიან ახლოს იყვნენ თბილისთან და წარმოვიდგინე ყველაზე საშინელი კადრები, რაც ფილმებში მინახავს.  მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ აფხაზეთის ომის მოყოლილი ისტორიები ჩემს თვალწინ ცოცხლდებოდა. დამთავრდა ომი და 1 სექტემბერს მთელი საქართველო გამოვიდა და ცოცხალ ჯაჭვში ჩადგა. მე ვიდექი იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ  სტუდენტებთან ერთად.

მერე ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი და გავაგზავნე ჩემი მოთხროა. სულ ორი გვერდი იყო ომზე. გაიმარჯვა ჩემმა მოთხრობამ. იყო ძალიან პომპეზური დაჯილდების ცერემონიალი ფეიერვერკებით, ბრჭყვიალა ქაღალდებით, ინტერვიუებით, სტუმრებით, მილოცვებით. უცებ გამახსენდა შინდისის დაღუპული გმირები და მე აღარ მინდოდა იქ ყოფნა. ავდექი და წამოვედი.

ტროელი ქალი

 

პირადი  ომი

ყველაზე მძიმე პირადი ომი ყოფილა. შენი პირადი, პერსონალური ომი. ამ ომში არ არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული. ამ ომში არსებობ შენ. ამ ომში დასასრულიც პირობითია.  ჭრილობები არ ხორცდება და ჭრილობაში ჩარჩენილი ძაფივით სულ გწიწკნის, გწიწკნის, გწიწკნის შიგნიდან. ზიხარ მდინარის პირას და მტრის გვამს ელოდები. ელოდები,  ელოდები და ერთ დღესაც მდინარე რომ  ჩამოატარებს მტრის გვამს დახედავ და ამოჭმული შენი თავი დაგხვდება. ტყუილია, როცა ამბობენ, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო. ტყუილია. ,,შედიან ერთ მდინარეში ორჯერ, მდინარე გამდინარეა“.

შენ-შენი მტერი

და ყოველთვის როცა ადამიანები მოყვებიან ამბებს ,,საკუთარ თავზე გამარჯვების“, გაჩუმდები და საკუთარ თავთან გადახდილ ომს გაიხსენებ. გაიხსენებ ყველა უხმლო და უსისხლო ბრძოლას და არასდროს იტყვი, რომ შენი ომი მოიგე, რადგან არასდროს დაგავიწყდება შენი შიგნიდან ამოჭმული თავი მდინარის ნაპირზე.

მე  რატომღაც მგონია, რომ მთავარი დრამების, ტრაგედიების და პირადი ომების გაძლება კი არ არის, მთავარი  ტკივილის შემდეგ ცხოვრების გაგრძელებაა და რამდენჯერაც ახედავ ცას და ცა ნერვების დაწყვეტამდე მართალი იქნება, იმდენჯერ უნდა შეძლო ამ სიტყვების თქმა- ჩიტების  ჭიკჭიკი  ჩართეთ!

 

 

12 responses to “პირადი ომი

  1. ისეთი ახლობელი და პირადული იყო ეს პოსტი😦
    რა კარგია შენი ბლოგის მკითხველი რომ ვარ❤

    Liked by 1 person

    • ,,ერთ დღესაც ყველა მიმატოვებს
      რადგან ვიცხოვრე დაყოფილმა ათას ნაწილად
      და საკუთარ არსებობას ვერ იქნა და ვერ შევეგუე”.

      Like

  2. ნაცნობი და ჩემეულ-ტკივილიანი ემოციები იყო, შენ კი ძალიან კარგად გადმოსცემ ამ ყველაფერს.. მართლაც, გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკო.. გლოვა სულს ზარავს და გამუნჯებს.. ეს თითქოს უხმო
    კივილია, კივილი რომელიც უხმოა, მაგრამ მაინც ისმის..
    სალომეა,იცი, მეამაყება რომ შენი ბლოგის მკითხველი ვარ და შენი გულწრფელი ემოციების თანაზიარი ვხვდები.. ❤

    Like

    • რუსაააააა სულ მინდა განსაკუთრებული მადლობა გითხრა ხოლმე და არ გამომდის. facebook-ზე მითუმეტეს არ მიყვარს გრძნობების გამომჟღავნება:****

      მართალი ხარ. ასეთ დროს სიჩუმე ისე ყვირის, გინდა ყურებზე ხელი აიფარო.

      Like

  3. სადაც სირთულეა იქ სიმძიმეცაა, ამიტომაც მართალია ყველაზე მძიმე პირად თავთან, პირად “მე”-სთან ომია. მაგრამ პირადი ომი მიმაჩნია ყველაზე ხანგრძლივ ომად და სხვა ომთაგან განსხვავებით იმ ერთადერთ ომად სადაც ყოველთვის ომის დასასრულს იკვეთება დამარცხებული და გამარჯვებული.
    სადღაც ვფიქრობ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის ჭრილობებიც ადრე თუ გვიან შეხორცდება. ტკივილი მძიმეა, მაგრამ ნათქვამია “რაც არ გვკლავს გვაძლიერებსო”. იბადება ლოგიკური კითხვა – განა “ჭრილობებით” გარდაცვლილი კაცი არ გინახია? კი როგორ არა სუსტები, უიმედოები და უგუნურები, რომლებიც ვერ უძლებენ ტკივილს და არ იციან ანდა არ ფირობენ თუ როგორ გაუმკლავდნენ ტკივილს და მოიშუშონ “იარები” და მისცემიან სასოწარკვეთას. ტკივილი მწარეა, მაგრამ მეც მებადება ზემოთ ნახსენებ კითხვიდან გამომდინარე კონტრშეკითხვა – განა შესაძლებელია ღმერთი ადამიანს მიაყენოს ისეთ ტკივილი და იარები, რომელთაც გადატანაც მისთვის შეუძლებელი იქნება?

    Like

    • ქრისტიანულად უფალი ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს, რომლის დათმენაც და ატანაც არ შეუძლია. მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, ადამიანური ბუნება თავისი არსით სუსტია. ჰემინგუეი წერდა წუთისოფელი ყველასა სტეხს, მაგრამ ზოგს ეგ გადატეხილი ადგილი უფრო უმაგრდებაო. ჰოდა მართალი იყო ჩემი ჰემინგუეი. ამიტომაც მიყვარს.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s