ალი და ნინო

სიყვარული ყველაზე დიდი ტყუილია ტყუილებს შორის და სიტყვას აღარ დავწერ მეთქი სიყვარულზე ასე გადავწვიტე. ყველა სიტყვას უკან ჩავიბრუნებ ხმის ამომღები არ ვარ მეთქი.  მაგრამ ბათუმში ნინოს ნეკნი გაუტყდა, შიგნით ჩაბრუნებული სიტყვები სადღაც ხერხემლის მალებში  გამეჭედნენ  და დავივიწყე  ჩემი თავისთვის მიცემული პირობა.

 ყურბან   საიდი   ,,ალი   და   ნინო“

,,ერთ ძელსკამზე ჩამოვჯექი. მზე მიყოლებით ჩამწკრივებული ნაცრისფერი სახლების უკან ეშვებოდა. ვიღაც ჩადრიანმა ქალმა ჩამიარა. თვალი მოვარიდე. არა ნინოს ჩადრს ვერ ჩამოვაფარებ. ჩამავალი მზის ნათებაში ნინოს სახე დამიდგა თვალწინ. ნინო ყიფიანი- მშვენიერი ქართველი ქალი. დიდგვაროვანი წარმომავლობისა, ევროპულად აღზრდილი. შუდარებელი სილამაზის მქონე. თეთრი, ქათქათა კანით, მომღიმარი, დიდი მუქი, მოციმციმე კავკასიური თვალებით. მხოლოდ ქართველებს აქვთ ასეთი თბილი, სიცოცხლით აღსავსე თვალები, სხვას არავის, არც ევროპელს, არც აზიელს. თავდახრილი ვიჯექი და მტვრითა და ქვიშით შთანთქმულ გზას მივშტერებოდი. თვალები დავხუჭე და უცბად გვერდიდან ლაღი ხმა ჩამესმა: ,,წმინდაო გიორგი, ხედავ რომეოს ჯულიეტას მოლოდინში ჩასძინებია“. მაშინვე წამოვხტი, გვერდით ნინო მედგა. გამხდარი იყო, მეტისმეტად გამხდარი, რაც კიდევ უფრო ნაზ  გრძნობას მიღვიძებდა. “

და მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმ ალი ხან შირვანშირსა და ქრისტიან ქართველი თავადის ასულ ნინო ყიფიანს  განსხვავებული რელიგია, აღზრდა და წარმომავლობა ჰქონდათ ალის ნინო თავდავიწყებით შეუყვარდა.

ყურბან საიდს ძალიან ლამაზად აქვს აღწერილი საქართველო და თბილისი. ალის და ნინოს ნიშნობის შემდეგ ალის თბილისში ნინოს ბიძაშვილები გაუწევენ მასპინძლობას- ორბელიანები, ჭავჭავაძეები, ამილახვრები, აბაშიძეები, ჯაყელები. ასე შესვამენ საქართველოს სადღეგრძელოს ,,ბედნიერებაა ქართველობა მაშინაც, თუ საქართველო იღუპება. თამარის დროსაც მოედინებოდნენ მდინარეები. მაშინაც იბადებოდნენ და კვდებოდნენ, მაგრამ ლამაზი იყო ჩვენი საქართველო. მუდამ ლამაზად დარჩება ყველა თავისი უიმედობით.“

შევა ნინო სიონში,  წმინდა ნინოს ხატს დაუჩოქებს და ეტყვის – წმინდაო ნინო მაპატიე.  ალი გაოცებული ჰკითხავს წმინდა ნინომ რა უნდა გაპატიოსო. ნინო გაიღიმებს- შენი თავი ალი ხან, შენი თავი.  

ომი დაიწყო და ალიმ გადაწყვიტა ომში არ წასულიყო. ,,ნინომ კარამდე მიმაცილა და დამტვრეული აზერბაიჯანულით მითხრა- მიხარია, ომში რომ არ მიდიხარ, მაგრამ ალი, გულწრფელად მითხარი, ომის გეშინია? ვაჟკაცებს ომი უნდა უყვარდეთ. მე შენი ჭრილობებიც მეყვარება. ხელი მოვკიდე, მოვუჭირე და ვუთხარი- არა, შიში რა შუაშია. როდისმე  ჩემი  ჭრილობების მოვლაც მოგიწევს თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს“.

ყველაზე მძაფრი და დაუვიწყარი ეპიზოდია ალის მეგობრის მიერ ნინოს მოტაცება. ალი  გაშმაგებული მისდევს ყარაბაღული ცხენით, მკითხველიც  მიჰყვება და უთანაგრძნობს ალის. ყურებში ალის ცხენის ფლოქვების ხმა  ჩაგესმის,  ასე თავგანწირული ქარივით მიჰქრის ალი და გული გეკუმშება გინდა რომ მიუსწროს, მიუსწროს და გადაარჩინოს ნინო. მარტო ამ ეპიზოდისთვის  ღირს ამ წიგნის წაკითხვა. მარტო  ამისთვის.

 Ali and Nino

თამარ  კვესიტაძე  ,,ალი  და  ნინო“

ბათუმი მიყვარს. ზღვა მიყვარს. ბათუმის ქვაფენილიანი ქუჩები, სულ რომ მერევა და ვერ დავიმახსოვრე, მიდიხარ მიდიხარ და ზღვის სუნი მოაქვს. ბათუმის ლიტერატურული კაფეები მიყვარს.  მარის და ირაკლის  მაღაზია  ,,წიგნები ბათუმში“.  მაგრამ ყველაზე მეტად თამარ კვესიტაძის ,,ალი და ნინო“ მიყვარს. შვიდი მეტრის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სკულპტურა- დაშორება  და  ერთად  ყოფნა.

რამდენიმე დღის წინ ,,ალი და ნინოს“ გადატანის დროს  ნინო ჩამოვარდა. სოციალურ ქსელში ხუმრობდნენ- ალი დაქვივრდაო.  გული შემეკუმშა  როგორ შეიძლება  ასე უგულოდ და უპასუხისმგებლოდ მოექცე ხელოვნების  ნიმუშს. მერე ვიღაცამ დაწერა რადგან ნინოს ნეკნი გაუტყდა ალის გამოვუღოთ ნეკნიო და ძალიან მომეწონა ეს იდეა.   „უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისგან ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი.“ (ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მეორე).

სრულიად გამაოგნა ერთმა სტატიამ სადაც წერდნენ, რომ ალი და ნინო არაქრისტიანული სკულპტურაა და ძალიანაც კარგი რომ ნინო დაიმსხვრა, რადგან მასში წმინდა ნინო მოიაზრება და როგორ შეიძლება მუსლიმი ალის და წმინდა ნინოს სკულპტურა ერთად იყოს. კულტურული  შოკი  მივიღე მართლა,  საიდან მოდის  ასეთი  სიბნელე  და  უწიგნურობა.

 Where-Do-We-Go-Now

WHERE   DO  WE  GO  NOW

ერთი ფილმია ,,where do we go now” . ფილმის  რეჟისორი ლიბანელი ქალი  ნადინე ლაბაკია, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს. გამორჩეულად კარგი ფილმია და ნამდვილად იმსახურებდა საერთაშორისო აღიარებას, რაც ევროპაში მოიპოვა. პირველი კადრები არის ყველაზე მძაფრი. შავებში ჩაცმული ლამაზი, ძლიერი ქალები მოდიან გზაზე, ისინი გლოვობენ  თავიანთ  კაცებს.  

where

ეს არის ამბავი სოფელზე, სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ცხოვრობენ და ერთად ლოცულობენ ტაძარში და მეჩეთში. ნამდვილი გმირები არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ  კაცების სისხლის დამშვიდებას და სიყვარულით ახერხებენ კიდეც მშვიდობის დამყარებას.

კარგი იქნება თუ ეს მორალისტი ,,მორწმუნეები“  წაიკითხავენ ყურბან საიდის ,,ალი და ნინოს“, ნახავენ ამ ფილმს და  საკუთარ თავს დაუსვამენ  მთავარ შეკითხვას – ,,საით მივდივართ?“ ,,where  do  we  go  now”?

 P.S.

,,როდესაც მცივა, ზამთარია.

ან გვიანი შემოდგომა.

ან სიყვარული.

გვიანი  შემოდგომა  ჯერ  არ  დამდგარა, მაგრამ  ალი  და  ნინო  ისევ  ერთად  არიან.

Ali-Nino

 

11 responses to “ალი და ნინო

  1. ამ ფილმის პირველი კადრები, მართლაც რომ, შთამბეჭდავია.
    ძეგლს რაც შეეხება, ქართველებმა, კარგა ხანია უკვე გამოვავლინეთ ჩვენი სიბნელე და უვიცობა.
    საქართველო არის ადგილი, სადაც ნივთები ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, ადამიანებივით დადიან აქეთ-იქით და ეძებენ ამ კითხვაზე პასუხს, აგერ, უკვე 25 წელია…

    Liked by 1 person

    • ნივთებიც ჩვენ გვემსგავსებიან. ჩვენ არ ვიცით საით წავიდეთ. არც არასდროს ვიცოდით.

      Like

  2. სინამდვილეში ზვიად რატიანის ლექსი ,,ერთად ყოფნით” მთავრდება, მე ,,სიცივესთან” გავწყვიტე. თქვენ ბოლომდე წაიკითხეთ🙂

    როდესაც მცივა, ზამთარია.
    ან გვიანი შემოდგომა.
    ან სიყვარული.
    როგორც ტოტები ფოთლებისაგან,
    ჩემი სიტყვები გრძნობებისგან იძარცვებიან
    და ჩვენ ერთმანეთს უხერხული პაუზებით ვესაუბრებით,
    და შენც ყოველთვის ისეთი ხარ, როგორც ყოველთვის:
    ჩემი მომლოდინე
    გრილ სასადილოში,
    სადაც მე და შენ აღარ დავდივართ,
    სადაც ძვირფასმა რესტორანმა დაიდო ბინა,
    სადაც აღარ სვამენ ჩაის.
    როდესაც მცივა, მე შენ მყავხარ
    და ასე იქნება მუდამ,
    ვიდრე ზამთრობით ბეღურები
    თბილ ქვეყნებში გადაფრენას დაისწავლიან.

    Liked by 1 person

  3. ძეგლს რაც შეეხება მისი რამდენიმე მეტრით გადატანით არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. ბათუმის მერიამაც გააკეთა განცხადება: ზღვის წყალი ფუნდამენტს უზიანებდაო.
    ლევ ნასიმბაუმის (ყურბან საიდი) ნაწარმოები სხვების მსგავსად მეც რატომღაც რობაქიძის გველის პერანგის წამხვედურობით დაწერილი მგონია

    Like

    • საუბარია არა იმაზე, თუ რატომ შეუცვალეს ადგილი სკულპტურას, არამედ იმაზე, რომ სკულპტურის გადატანის დროს არ დაიცვეს ელემენტარული წესები, რამაც გამოიწვია ნინოს ჩამოგდება და ფირფიტების დაზიანება.

      რაც შეეხება გრიგოლ რობაქიძის ,,გველის პერანგის” და ,,ალი და ნინოს” მსგავსებას 2005 წელს ქართველმა ლიტერატურულმა მკვლევარმა თამარ ინჯიამ გამოსცა წიგნი სახელწოდებით ”გრიგოლ რობაქიძე, ყურბან საიდი – ლიტერატურული ძარცვა”. თუმცა პირადად ჩემთვის უფრო ღირებული ტექსტია, ვიდრე ავტორი.

      Like

  4. ძალიან, ძალიან მიყვარს თქვენი ბლოგი. ^_^ ჩუმად შემოვდივარ ხოლმე, ვკითხულობ და ვთბები❤
    ძალიან მაგარი გოგო ხართ, სალომე!

    Liked by 1 person

  5. მე მიყვარს ჩემი ჩუმი მკითხველები.
    მადლობა სიყვარულისთვის:***
    მადლობა, რომ მკითხულობ:***

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s