უდაბნოს წყევლა და სიყვარული კანის შიგნითა მხარეს

მზეზე ისე დავიწვი კანი ამძვრა. მერე იმაზე ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა სულს რომ  სხეულივით კანი ძვრებოდეს. ,,ნეტავ შეიძლებოდეს ხორცი წაიყარო ტანიდან და სული ზევით დატოვო“. ნეტავ შეიძლებოდეს.

სულიდან კანის აცლა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. ხომ ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. ასე მეგონა ეს ტკივილი დამაბრავებდა. დავხუჭავდი თვალებს, გავახელდი და სიცარიელე ამოავსებდა ჩემს თვალებს, ვერაფერს დავინახავდი.  მერე ერთი ლექსი გამახსენდა,  ბოლო დროს  მხოლოდ იმ ლექსებს ვკითხულობდი, წყევლას  რომ  ჰგავდნენ

,,უშიშარი იდგები  და საკუთარი ხორცის წვნიანს საკუთარი ნებით შეჭამ

ცოცხალი  დარჩები  და გმირობას დაამარცხებ

მოკვდები და საკუთარი გმირობა დაგამარცხებს“.

ჯერ თითებით მოვსინჯე წიგნი, რომელიც მუხლებზე მედო, მერე ბრმასავით გადავთვალე წაკითხული გვერდები და როცა დავრწმუნდი  წაუკითხავ გვერდს მივადექი, თვალები გავახილე. ინგლისელი პაციენტივით  დამწვარი კანი კი მქონდა, მაგრამ ვხედავდი.

The-English-Patient

მაიკლ  ონდააჩი   ,,ინგლისელი  პაციენტი“

ქაიროს უდაბნოში, ცეცხლს  შემომსხდარი ხუთი ადამიანიდან ერთი ქალია. ღამის და უდაბნოს სიჩუმეში ქალი ჰეროდოტეს ისტორიიდან  ლიდიის მეფის და დედოფლის ამბავს კითხულობს. ინგლისელ პაციენტს ამ ქალისგან მხოლოდ კოცონი ჰყოფს. ესმის მისი ხმა, თუმცა შეხედვას ვერ უბედავს. ალმაში მაშინ პირველად იგრძნობს, რომ სიტყვებს დიდი ძალა აქვს და  წლების შემდეგ გაიხსენებს, როგორ შეუყვარდა ქალი, რომელმაც ჰეროდოტეს  წიგნიდან  სრულიად  გამორჩეული ამბავი  წაუკითხა.

უდაბნოში წყალი და დრო ერთნაირად გამჭვირვალეა. უდაბნო ის ადგილია, სადაც  წარსული და აწმყო ერთმანეთს ხვდება. უდაბნოში ქარმა თუ მოგისწრო, ნამდვილი უდაბნოს წყევლა დაგატყდება თავს. კენჭები მტკივნეულად გეხლება წვივებზე, მუხლებზე, თეძოებზე. წვრილი ქვიშა კი თვალებს გივსებს და თმაში გრჩება. ცა ბნელდება, ლამის არაფერი ჩანს- ქვიშადქცეული სამყაროს მეტი.  გაჩერება არ შეიძლება, ერთადერთი ხსნა მოძრაობაა. როცა ასეთ დროს ჩერდები, წამსვე ქვიშის ტყვე ხდები და ისიც ისე ჩაგმარხავს, როგორც უსულო საგანს. ჩაგმარხავს და სამუდამოდ გაგაქრობს კიდეც.

Katherine

ეს არის წიგნი სიყვარულზე, როგორ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. შეიძლება ძვლებამდე დაიწვა, კანი აგძვრეს, დაგავიწყდეს საკუთარი სახელი, წარმომავლობა, ვინ ხარ, საიდან  მოდიხარ, საით  მიდიხარ, მაგრამ შეუძლებელია დაგავიწყდეს ის, ვინც გიყვარდა.

ალმაშს უდაბნოს მესაიდუმლეს და მკვლევარს უდაბნოს წყევლა აუხდა.  ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან ძვლებამდე დამწვარ დაბუგული, კანამძვრალი ამოიყვანეს, ცოცხალ-მკვდარს საკუთარი სახელიც არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს ქალი, რომელიც კანს შიგნით უყვარდა.

,,როგორ ხდება ეს ყველაფერი? შეგიყვარდება და ნაწილ-ნაწილ ქუცმაცდები. განა ყველაფერს არ პატიობ იმას, ვინც გიყვარს?  თავკერძობასაც, ჟინსაც, ტყუილსაც- მანამდე ვიდრე შენ ხარ  მიზეზიც, საბაბიც, მიზანიც…“

ქეთრინი ჰგავდა პირდაღებულ ჭრილობას. ქეთრინს მუდამ სიტყვები სჭირდებოდა, უყვარდა სიტყვები. სიტყვების წყალობით უფრო ცხადად ხედავდა ყველაფერს. სიტყვები უჩვენებდა მიზეზსაც და ფორმასაც. ალმაშისთვის კი სიტყვებში ისე  იძირებოდა განცდა, როგორც კენჭები წყალში.

 The_English_Patient

The  English  Patient

წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს 9 ოსკარი აქვს და ის იშვიათი გამონაკლისია, როცა  ფილმი წიგნივით ან უფრო დიდ შთაბეჭდილებას  ტოვებს. ფილმში ალმაშის და ქეთრინის სიყვარულის ამბავია პირველ პლანზე წამოწეული, წიგნში  ჰანას და სიქჰის სიყვარულია უფრო მძაფრი. სიქჰს უნდოდა ჰანას კანკქვეშ შემძვრალიყო და დაენახა მისი გული და ნეკნები. ჰანამ კი ფიქრობდა სიყვარული ისეთი პაწაწინაა, ნემსის ყუნწშიც გაეტევაო.

ძალიან ლამაზია მონასტრის კადრები, ლოკოკინას ცეცხლწაკიდებული ნიჟარები და ჩირაღდნით მონასტრის ფრესკების დათვალიერება. კიდევ ერთი კადრია, საშინლად მძაფრი და ნამდვილი- სიქჰს მეგობარი მოუკვდება, ჩაკეტავს ოთახის კარს, ჰანა ეხვეწება შემომიშვიო. ის კი კარს არ უღებს, თმები ჩამოშლილი აქვს და დარდით  კვდება. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი წუთები, როცა ფეხქვეშ მიწა გეცლება და მაშინ არავინ არ გინდა, საკუთარი თავიც  კი. ადგება და წავა სიქჰი. მიატოვებს ინგლისელ პაციენტს, იტალიის პატარა ქალაქის ვილას, მიატოვებს ჰანას.  წავა და თან წაიყოლებს იერემია წინასწარმეტყველის  სიტყვებს:

,,აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის, როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩავდევი შენს ბაგეებში, არ მოსცილდება შენს ბაგეებს, შენი ნაშიერის ბაგეებს, შენი ნაშიერის ნაშიერის  ბაგეებს.“

Almasy-and-Katharine

ძალიან  კარგად არის გადაღებული ალმაშის და ქეთრინის დიალოგები. ისეთი კადრებია, შეუძლებელია დაგავიწყდეს- ,,ყველაზე მეტად მესაკუთრეობა მძულს, როცა ჩემგან წახვალ- დამივიწყე“

Almásy: What do you hate most?

Katharine Clifton: A lie. What do you hate most?

Almásy: Ownership. Being owned. When you leave, you should forget  me.

ალმაში გაბრაზებული ეუბნება ქეთრინს – მინდა იცოდე რომ აღარ მენატრებიო, ქეთრინი შეხედავს და ჩუმად ეტყვის- You will.

Almásy: I just wanted you to know: I’m not missing you yet.

Katharine Clifton: You will.

you will

The Heart is an organ of fire. Every night I cut out my heart. But in the morning it was full again.

წევს დამწვარი კანით ინგლისელი პაციენტი, სული ამოსდის ცეცხლადქცეული სხეულიდან, უყურებს მთვარეს და ის სიტყვები ახსენდება ქეთრინს რომ უთხრა- მთვარეს მიჩერებული შენს  სახეს  დავინახავ…

8 responses to “უდაბნოს წყევლა და სიყვარული კანის შიგნითა მხარეს

  1. სალომე, როგორც ყოველთვის, შენი პოსტი საუცხოოა, თან შთამბეჭდავ წიგნსა და ფილმზე.. ძალიან დამაინტერესე…
    ,,შეიძლება ძვლებამდე დაიწვა, კანი აგძვრეს, დაგავიწყდეს საკუთარი სახელი, წარმომავლობა, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, საით მიდიხარ, მაგრამ შეუძლებელია დაგავიწყდეს ის, ვინც გიყვარდა…” – ამ მოკლე ამონარიდმა შემძრა და წარმომიდგენია წიგნის კითხვისას ან ფილმის ყურებისას ემოციების ზღვა მომეძალება.. მადლობა სალომეა!

    Liked by 2 people

  2. რუსა შენ რაც მოგეწონა წიგნიდან ამონარიდი არ არის, ჩემი სიტყვებია. ქეთრინივით მეც სიტყვები მიყვარს: ))))

    მართლა ზღვასავით მოაქვს ემოცია წიგნს და ფილმსაც. როცა ნახავ და წაიკითხავ- ეს ტალღები არ დაგტოვებენ იქ, სადაც ახლა დგახარ:*****

    Liked by 1 person

    • სალომეა, მართლაც გენიალურად დაწერე, არ ვაზვიადებ, მართლა. საოცარი სიტყვებია!
      შენ სიტყვები რომ გიყვარს, ეს ცხადია… ისე მიყვარს შენი ბლოგი, შენი თითოეული პოსტი, რომლებიც თითქოს სულის სიმებს ეხება. დავიწყებ კითხვას, ჩავისუნთქავ და მოგვიანებით ვხვდები, რომ სუნთქვა შემიჩერებია… შენი თითოეული პოსტი თანმდევი ლამაზი, ღრმა სევდითაა გაჟღენთილი, იმ სევდით, რომელიც სიცოცხლეს თან სდევს და შენ ამას ძალიან ბუნებრივად გადმოსცემ.
      კიდევ ძალიან მომწონს, რომ ბლოგისა და საკუთარი თავის ერთგული ხარ და წერას ისევ აგრძელებ. მე რამდენი ხანია არაფერი დამიწერია და მოუსვენრად ვარ, თავს ვერ ვცნობ… მინდა ისევ ის მე გავხდე… ალბათ მოვერევი თავს და ისევ დავწერ.
      მიხარიხარ სალომეა, ძალიან მიხარიხარ!❤

      Liked by 2 people

      • რუსა გული გამითბა:**** ძალიან, ძალიან დიდი მადლობა სითბოსთვის და სიყვარულისთვის. პრინციპში ძალიან იშვიათად ვწერ, ბევრს ვკითხულობ, მაგრამ ყველა წაკითხულ წიგნზე არ მეწერება. დავაკვირდი და ბედნიერ წიგნებზე არ მეწერება:)))) დრამა და ტრაგედიები მიზიდავს. მადლობა, რომ მკითხულობ სევდით, სევდის გარეშე და სულ:****

        Liked by 2 people

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s