სკოლის სევდა

სკოლა არ მიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი და ზედმიწევნით კარგად ვსწავლობდი. როცა მე დავამთავრე სკოლა, მაშინ ოქროს მედლები არ იყო და დირექტორმა გამორჩეულ მოსწავლეებს ოქროს ჯვარი გვაჩუქა. თუმცა არ მომწონს არც ოქროს მედალი და არც წითელი დიპლომი (რომელიც სახლში მიდევს) კომუნისტური მგონია. მასწავლებლებზეც დიდად არ ვგიჟდებოდი, უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ქართულის და ინგლისურის მასწავლებლები მიყვარდა.

ძალიან, ძალიან გამხდარი ვიყავი და როგორც დედა ამბობს ხოლმე პირში სული ძლივს მედგა. ეს სულაც არ მიშლიდა ხელს იმაში, რომ ჩემი აზრი მკაფიოდ დამეფიქსირებინა და პროტესტი გამომეთქვა იმაზე, რაც არ მომწონდა. სამასწავლებლოში ჩემზე ამბობდნენ- ჭკვიანი, მაგრამ უცნაური გოგოაო. არადა არ ვიყავი უცნაური, უბრალოდ ბევრ კითხვას ვსვამდი და ცოტა უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ჩემი ასაკის გოგოს უნდა ეფიქრა. მშობელთა კრებიდან დედა ყოველთვის ამაყი გამოდიოდა, მამას სამსახურში მადლობის წერილები მისდიოდა შვილის სანიმუშოდ აღზრდისთვის. ძალიან მეცინება ამ წერილებზე, რომლებიც დედას დღემდე შენახული აქვს.

school-competition_2497402b სკოლაში ოთხნი ვმეგობრობდით ნათია, მარი, ნატა და მე. შეყვარებული არც ერთს არ გვყავდა. მაშინ როცა ჩვენი კლასელებიდან ერთი მე-8 კლასში გათხოვდა, მეორე მე-9 კლასში, დანარჩენები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ და პაემანზე დადიოდნენ, ჩვენ  ღამეებს ვათენებდით, რომ სკოლის გამოცდები კარგად ჩაგვებარებინა. საკუთარ თავზე ვხუმრობ ხოლმე- მე ვარ გოგო, რომელიც მუდამ გამოცდებს აბარებს და რომელმაც დღემდე ვერ ისწავლა თვალზე ფანქრის სწორად წასმა.

ნათია განსაკუთრებით ლამაზი იყო და სკოლაში ყველას უყვარდა. სკოლა კი არა უნივერსიტეტი გვქონდა დამთავრებული როცა გათხოვდა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შენს საუკეთესო მეგობარს ქორწილი აქვს და კიდევ უფრო მაგარი შეგრძნებაა, როცა მეჯვარე შენ ხარ. ერთი წლის შემდეგ მარისაც შეუყვარდა და საუკეთესო მეგობრის ქორწილში ისევ მეჯვარე ვიყავი. ახლა სულ მეშინია, რომ  ერთ დღესაც  ნატა დამირეკავს და მეტყვის, რომ ქორწილი აქვს.

ნატა დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში არ ვხვდებით ისე ხშირად, როგორც საზღვარგარეთ – ფრანკფურტში, მიუნხენში, პრაღაში. არასდროს დამავიწყდება, პრაღაში სასტუმროში გვიან დავბრუნდი, ღამის 12 საათი იქნებოდა. ვიღაცამ დააკაკუნა, კონსიერჟი მეგონა, გავაღე კარი და იდგა ნატა- დაბადების დღეს გილოცავო. ეს არის მეგობრობა- ცხრა მთა და ცხრა ზღვა რომ გაშორებთ და მაინც ერთად ხართ.

უკვე იმდენი წელია ვმეგობრობთ, აღარც მახსოვს ის წლები, როცა ისინი არ იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად მათთან ერთად სკოლის ამბების გახსენება მიყვარს, ცრემლებამდე ვიცინით ხოლმე. ოთხივე ერთად იშვიათად ვიკრიბებით, ნატას ჩამოსვლა ნამდვილი დღესასწაულია. სამაგიეროდ, ყოველ დღე ერთმანეთს საერთო ჩატში ვწერთ და იმედი მაქვს ჩვენს მიმოწერას არავინ წაიკითხავს : )))

როცა სკოლაზე  ვფიქრობ რაღაცნაირი  სევდა მოდის.  ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გავიზარდეთ და აღარასდროს ვიქნებით ბავშვები. ყოველდღიურობაში ისე ვითქვიფებით, რომ ყოფიერების აუტანელი, აუტანელი, აუტანელი სიმძიმე ხელებს ყელში გვიჭერს და გვახრჩობს. გავიზარდეთ და მივხვდით, რომ არავის აინტერესებს შენი გული. ხერხემალი. ნერვები. მთავარი სოციალური სტატუსია. სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მაღლა არ დგას, არც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას. და როგორც სკოლაში გვასწავლეს- ცხოვრება უდაბნოა ურწყული და უნდა ეცადო გარს შემოაუარო.

დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა“

ჩემთვის დანიელ პენაკი დედამიწაზე ყველაზე გამორჩეული და კარგი მასწავლებელია. ,,სკოლის სევდა“   სიყვარულით და თანაგრძნობით სავსე წიგნია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და რაც მთავარია მასწავლებლებისთვის. ეს არის წიგნი იმაზე, თუ როგორ იქცა ოროსანი მოსწავლე საუკეთესო მასწავლებლად, ,,უმეცარი ხისთავიანი“ მსოფლიოში ცნობილ მწერლად. პენაკმა ზუსტად იცის როგორი დაუნდობელი ხდება სანიმუშო ოჯახი, თუ მის მეზობლად დანგრეული ოჯახი აღმოჩნდა, მორწმუნე ურწმუნოს მხილებისას, დიმპლომიანი უსწავლელის დანახვისას, ბრიყვი, რომელიც ამაყობს იმით, რომ სადღაც ,,იქ“ დაიბადა! პენაკმა ისიც ის,  რომ ასეთი ნორმების დამცველები განსაკუთრებით საშიშნი არიან და მათ აუცილებლად უნდა მოვარიდოთ ბავშვები.

11091293_829987270383660_327019786_n

პენაკი წერს იმაზე, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს აუტანელი სევდითა და დარდით უვსებენ სულს და ამიტომ სკოლაში გატარებული წლები მოსწავლეებისთვის ბოთლში გამომწყვდეული უსასრულობაა. და როცა პენაკი 12 წლის აცრემლებულ გოგოს დაამშვიდებს, რომელიც ტირილით უმტკიცებდა უკვე 12 წლის გავხდი და ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებიაო, გული დამწყდა პენაკი ჩემი მასწავლებელი რომ არ იყო.

ერთ დღესაც გაკვეთილზე  მოსწავლე გამოუცხადებს  ყველაფერი მკიდიაო. ამ სიტყვების გაგონებისთანავე ალბათ მასწავლებელთა უმრავლესობა  თავხედ მოსწავლეს კლასიდან გააგდებდა, პენაკი კი მშვიდად ეტყვის- გამოდი და დაფაზე დაწერეო. მოსწავლე გაკვირვებული ეკითხება- რა დავწერო დაფაზეო? რომ ყველაფერი ფეხებზე გკიდია- მშვიდად პასუხობს პენაკი.  გამოდის მოსწავლე და დაფაზე წერს ,,ესყველაფერიმკიდია!“ პენაკი ეუბნება- შეცდომით დაწერე, მაგრამ არაუშავსო.

classroom-1 და აი ზამთრის ერთ ცივ საღამოს, პენაკი სახლში ბრუნდება, კედელთან ზურგით მიყრდნობილი კუნთმაგარი 18-20 წლის ბიჭი უცერემონიოდ წინ გადაუდგება და უხეშად ეტყვის ,,შენ მომიკიდე ერთი რა!“ პენაკი სანთებელებას ამოიღებს და სიგარეტზე მოუკიდებს. სანთებელას შუქი ბევრად უფრო რთულ და ჩახლართულ ცხოვრებას გამოამზეურებს. მაქსიმილიანე, იდეალური დამნაშვე პენაკში თავის მასწავლებელს ამოიცნობს და საკუთარი საქციელით შერცხვენილი ბოდიშს მოუხდის. პენაკი ასეთ რჩევას მისცემს- მაქსიმილიანე, თუ გსურს შენი სეხნიასავით იმპერატორი გახდე და იბატონო, თუნდაც საკუთარ თავზე, თავი დაანებე ამ სახიფათო თამაშებსო.

მე მაინც მგონია, რომ სკოლის სევდა ყველა ნამდვილ ადამიანს გამოჰყვა. სკოლა არის ცხოვრების ის განსაკუთრებული პერიოდი, რომელიც არასდროს გავიწყდება, სულ თან ატარებ და  სწორედ ეს სევდა ან კარგ ადამიანად გაქცევს, ან პირიქით გაგაბოროტებს. დანიელ პენაკის ,,სკოლის სევდა“ კი ზუსტად ის წიგნია, რომლის წაკითხვის შემდეგ ადამიანი ოდნავ უკეთესი ხდება, ვიდრე აქამდე იყო.

6 responses to “სკოლის სევდა

  1. სალომე,მომეწონა შენი პოსტი..საინტერესოდ წერ.სულ ახლახანს დავამთავრე სკოლა და უკვე მენატრება.აუცილებლად წავიკითხავ დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა“-ს..

    Like

  2. გილოცავ სკოლის დამთავრებას: )))
    გაგვიხარდება მე და დანიელს: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s