სილვია პლათი და თევზის უხერხემლო მონატრება

Sylvia

ერთ საღამოს მე და დ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვისხედით, დ. უცებ მომიტრიალდა და მკითხა- სილვია პლათზე ფილმი ნანახი გაქვსო? არა-მეთქი ვუპასუხე. აუცილებლად ნახე, სილვიას რაღაცით ჰგავხარო. მერე დაიწყო ფილმის მოყოლა და როცა მივიდა იმ მომენტამდე, როცა სილვია ბავშვებს საუზმეს გაუმზადებს, ოთახს საგულდამოგულოდ ამოქოლავს, რომ გაზმა იქ არ შეაღწიოს, გამოვა მეორე ოთახში და გაზის სუნით გაჟღენთილი თავს იკლავს- ტირილი დაიწყო. ვისხედით სტუდენტებით სავსე ბიბლიოთეკაში, დ.-ს ცრემლები ჩამოდიოდა სახეზე, ცრემლები ყელში გამეჩხირა, საკუთარ თავს ვუმეორებდი- არ იტირო, აქ არ იტირო-მეთქი. მაშინ მივხვდი- დ. იყო ძალიან კარგი გოგო, სილვია პლათი კი უფრო კარგი გოგო იქნებოდა.

she ზარხუფი

სილვია წერდა ჩემპიონი ვარ სტიპენდიების მოპოვებაშიო და მეც ბოლო 7 წელია სტიპენდიების, დიპლომების, სერთიფიკატების შეგროვებაში ვარ. როგორც ჰერტამ თქვა- როცა ცხოვრება გაუსაძლისი გახდება ოთახი დაალაგეთო,  ოთახს ვალაგებდი და აღმოვაჩინე დიდი ბაინდერი, სადაც იდო  სწავლაში გათენებული ღამეების აღმნიშვნელი დიპლომები, სერთიფიკატები, სტიპენდიების მილოცვები. გულგრილად დავხურე და პირველად ცხოვრებაში არაფერი ვიგრძენი. ბოლო გამოცდა მაისში ჩავაბარე. სტრასბურგიდან მომწერეს- გილოცავთ თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა და სერთიფიკატს სამსახურის მისამართზე გამოგიგზავნითო. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო, იმ ბაინდერში ადგილი აღარ არის, ეს სერთიფიკატი სად წავიღო თქო, მაგრამ როგორც ეტიკეტი მოითხოვდა მივწერე, რომ ძალიან გახარებული ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა ჩემი სერთიფიკატი.

,,The Bell Jar“- ,,ზარხუფი“ სილვია პლათის ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც 1963 წლის 14 იანვარს გამოიცა, 11 თებერვალს კი 30 წლის სილვიამ თავი მოიკლა. მე არასდროს გამჩენია კითხვა- რატომ მოიკლა სილვიამ თავი? და ვისაც ეს შეკითხვა გაუჩნდება, მას არ უცხოვრია. Sylvia ზარხუფი ამოპირქვავებული მინის გამჭვირვალე ქილაა. ამ გამჭვირვალე მინის ქილაში ზოგჯერ ჰაერი საკმარისია და ვსუნთქავ, მაგრამ როცა ჰაერი კატასტროფულად იშვიათდება, ასე მგონია მეც გამჭვირვალე ვხვდები, როგორც იმ ლექსშია /,,როცა წვიმს, მე ყოველთვის სახსრებში მტეხავს, მისველდება ხელისგულები და ვამბობ- დღეს არ შემეხო, დღეს ისეთი გამჭვირვალე ვარ, დღეს ვერაფერს წაიღებ ჩემგან, ვერც ვერაფერს დატოვებ ჩემში.“/

ერთი ეპიზოდია წიგნში- ესთერი სამშობიაროში დაიწყებს მუშაობს და დაავალებენ ყვავილები მიუტანოს ქალებს. გამოაცალკავებს მკვდარ ვარდებს, ზამბახებს, ქრიზანთემებს და პირსაბანში დატოვებს. ყვავილების თაიგულის არევისთვის, ესთერს უსაყვედურებენ,  მიატოვებს ყვავილებს და უკანმოუხედავად ჩარბის კიბეებზე. როცა ამ ეპიზოდს ვკითხულობდი, მესმოდა ესთერის ფეხის ხმა, როგორ ჩარბოდა კიბეებზე სულ-გულ ამოვარდნილი, როგორ უცემდა გული, რას გრძნობდა სრულიად უგრძნობი, უსულო ადამიანებისგან გაქცევის დროს.

ერთადერთი ბიჭი, რომელიც წიგნში მომეწონა კონსტანტინი იყო. საოცრად აღწერს სილვია- თავისებურად ლამაზი, ღია წაბლისფერი თმით, მუქი ლურჯი თვალებითა და ცოცხალი, გამომწვევი იერით. მანქანით სეირნობისას კონსტანტინი სილვიას ხელს აიღებს და თავის ხელში მომუჭავს და მერე სილვია დაწერს, თავი ასე ბედნიერად პირველად ვიგრძენიო.

კონსტანტინი სილვიას სახლში დაპატიჟებს. ისეთი მძაფრი და ნამდვილი ეპიზოდია, სუნთქვა შემეკვრა და სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე ვერ ამოვისუნთქე. ,,ზურგზე იწვა, ხელები თავქვეშ ამოეწყო და ჭერს აჰყურებდა. მისი გახამებული პერანგის იდაყვებამდე აკეცილი სახელოები ნახევრად სიბნელეში არამიწიერად ბჟუტავდა. ყველაზე ლამაზ კაცად მომეჩვენა, ვინც კი ოდესმე შემხვედროდა. დავყურებდი კონსტანტინს, როგორც მბრწყინავ, ხელუწვდენელ კენჭს ჩაჰყურებენ ჭის ფსკერზე. მერე თვალის ქუთუთოები გაეხსნა და რომ შემომხედა, თვალები სიყვარულით ჰქონდა სავსე“. სილვია აღმოჩნდა, რომ სილვიას მიერ აღწერილი კონსტანტინი ნამდვილად არსებობდა და ის ქართველი არსიტოკრატების შთამომავალი, თავადი კონსტანტინე სიდამონ ერისთავი იყო,   ნიუ-იორკის ვიცე-მერი. სილვიას და კონსტანტინეს სიყვარულის ამბავი, რომ გაგრძლებულიყო, შეიძლება სილვია საქართველოშიც ჩამოსულიყო… მაგრამ ასე არ მოხდა. sylvia (3) სილვიამ მგონი ყველა გოგოს სათქმელი თქვა- ,,მე ვიცოდი, რომ იმ ვარდების, რესტორნის ვახშმების მიუხედავად, რითაც მამაკაცი ქალს ცოლად შერთვამდე ანებივრებს, ერთადერთი, რაც ამ დროს მამაკაცს ფარულად სურს, ის არის, რომ საქორწინო ცერემონიალის ჩათავებისთანავე ქალს უთხრას -მაშ, ასე ახლა შეგვიძლია საკუთარ თავებს დავუბრუნდეთ! ქორწინება სწორედ ეს იყო-მზარეულობა, წმენდა და რეცხვა. თხუთმეტი წლის განმავლობაში ფრიადოსანი გოგოსთვის ამგვარი პერსპექტივა საშინელ, უქმად ჩავლილ ცხოვრებას ნიშნავდა.“

ვიწრო არ იყოს და გაწყდეს…

სილვია პლათის ლექსებს ჰგავს თუ არა არ ვიცი, მაგრამ კატო ჯავახიშვილმა ახალი ლექსების წიგნი დაწერა- ,,იავნანა კაცებისთვის“. მერე ინტერვიუში თქვა, ეს ლექსები კაცებისთვის არის, ოღონდ არა იმიტომ, რომ მათ ტკბილად დაიძინონ, პირიქით გამოფხიზლდნენო. დღეების განმავლობაში სახლში, სამსახურში, ქუჩაში, უნივერსიტეტში- ყველგან ეს ლექსი დამყვებოდა ,,ვიწრო არ იყოს და გაწყდეს. არ იყოს ვიწრო და გაწყდეს.“ ,,მქონდეს თევზის მონატრება – უხერხემლო მოლოდინი“. ,, ქარი არ იყოს და ჩადგეს. არ იყოს ქარი და ჩადგეს.“ ,,არ მაჩენდე და ჩავრჩე. დროში არა და გზაში არა და ქარში არა და შენში.“

ეს ლექსი ერთდროულად წყევლაა და იავნანა. ჰოდა მეც თავი დავიწყევლე სისხლი მდიოდეს თვალებიდან პირიდან მეთქი… თევზივით პირში წყალი ჩავიგუბე. მერე ეს წყალი სისხლად გადაიქცა და მართლა ამიხდა წყევლა. და რადგან სიჩუმე სიმართლეა და ტკივილს სინონიმი არ გააჩნია- ეს ,,იავნანა“ ასე იკითხება:

ვიწრო არ იყოს და გაწყდეს.

არ იყოს ვიწრო და გაწყდეს.

თოკი კი არა და

გზა კი არა და

ღამე კი არა და

კაცი.

წელი არ ჰქონდეს და მოწყდეს.

არ ჰქონდეს წელი და მოწყდეს.

დროს კი არა და

ხმას კი არა და

კაცს კი არა და

-მანძილს.

და ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები ოდეს-

მე ზურგი ჩამოვიხსნა, კენჭებივით დავყარო ძვლები

-დან კირი ჩამოვფხიკო – უბათქაშო სურვილები. მანდე

კედლებად დავიწყება. მორყეული რიკულები. მქონდეს

თევზის მონატრება – უხერხემლო მოლოდინი. ძებნის-

გან წყალი დაგელიოს, შავთვალწყალში ჩააგდო ბადე –

ქარი არ იყოს და ჩადგეს.

არ იყოს ქარი და ჩადგეს.

ქალში კი არა და

კაცში კი არა და

ბავშვში კი არა და

-ხეში.

არ მაჩენდე და გავჩნდე.

არ მაჩენდე და ჩავრჩე.

დროში არა და

გზაში არა და

ქარში არა და

შენში.

რომ ოდეს გზები დაიღალონ, დაიღალონ გზები ოდეს-

თუ თევზი არ ამოჰყვეს გზაწვრილისკენ მოქნეულ ბადეს

თუ გზაზე ვიწრო იყოს, ვიწრო იყოს და გაწყდეს

რომ დაიძინო ცოცხალივით, დაუფქვავი ხორბლის გზებზე.

გქონდეს თვალი და ვერ ხედავდე.

გქონდეს ტანი და ვერაფრით ვერ ძრავდე

ოდეს თუ ტვირთიც კი არ იყოს,

კაციც კი არ იყოს, თავიც კი არ იყოს

რომ გწამდეს.

თევზის უხერხემლო მონატრება

16 responses to “სილვია პლათი და თევზის უხერხემლო მონატრება

  1. სილვია დაუვიწყარი ქალია… ერთხელ რომ გაიცნობ და მთელი ცხოვრება შენს გვერდით იქნება…

    Liked by 1 person

    • თამაზ ბაძაღუას ლექსი გამახსენდა დაუვიწყარ ქალებზე- ,,შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას”.

      სილვია მართლა დაუვიწყარი ქალი იყო, მაგრამ ტედ ჰიუზმა მაინც მიატოვა. ცხოვრებაც სწორედ ეს არის, ყველაფერი ისეა, როგორც არ უნდა იყოს.

      Liked by 1 person

  2. “ზარხუფი” ის წიგნია , რომელსაც გოგოები განსაკუთრებული სიმძაფრით განვიცდით .ერთი წლის წინ წავიკითხე პირველად ( ჯერჯერობით უკანასკნელად ) და ასე მგონია , ჩემი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი გახდა . მილიონჯერ მაინც მიფიქრია სილვიაზე ამ ხნის განმავლობაში . ალბათ ძალიან დიდხანს აღარ გამიჩნდება ხელმეორედ წაკითხვის სურვილი . დიდი ძალა და გამბედაობა სჭირდება ამ წიგნის გადაფურცვლას და ამიტომ .
    პ.ს ფილმზე რას მეტყვი , ღირს წიგნის წაკითხვის შემდეგ ყურება ?

    Liked by 1 person

  3. ფილმი სილვიას ბიოგრაფიაა, ,,ზარხუფის” ეკრანიზაცია არ არის, თუ სილვია გიყვარს, მაშინ ,,must seen” ფილმია.

    მართალი ხარ, ამ წიგნის მეორედ წაკითხვა ტკივილის უფანჯრო დერეფნის მეორედ გავლას ჰგავს…

    Like

  4. “ამ წიგნის მეორედ წაკითხვა ტკივილის უფანჯრო დერეფნის მეორედ გავლას ჰგავს… ” – უკეთესად ვერ ვიტყოდი .

    Liked by 1 person

  5. დიდად მადლობელი დავრჩები თუ პატივცემული ავტორი ფილმის სახელს მეტყვის :)))

    Like

  6. უცნაური არ უდნა იყოს, რომ სწორედ ამ ბლოგპოსტით ასოცირდი სილვიასთან… როგორ გეტყობოდა, რომ ძალიან განიცადე სილვია.
    ერთი კია–რატომღაც მგონია, რომ ამდენი კაცი არ უხდება ამ ქალს.
    მის გვერდით ისეთი უმნიშვნელონი არიან…

    Liked by 1 person

  7. მეც მგონია, რომ ქალს ერთი კაცი უხდება, თუნდაც ამ კაცის სიყვარულმა მოგკლას.

    Like

  8. ზოგადად მამრები ვიგულისხმე.
    არაა სამამაკაცო ქალი სილვია. ვერ გაიგებდნენ ბოლომდე მის სიდიადეს.
    რაღაც სხვა…

    Like

  9. რა კარგი პოსტია და რა კარგი ბლოგი გქონია სალომეა, აი ის კი როგორი ცუდი ფაქტია, რომ ახლა აღმოვაჩინე😦

    სილვიას რაც შეეხება, ზარხუფიც ახლახან წავიკითხე და მერე დიდხანს ვიფიქრე, ნეტა ემოციები ოდესმე თუ გამინელდება-მეთქი. შესაგრძნობი წიგნია, სილვია კიდევ საოცარი ქალი.

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s