სიბრმავე

,,მკვდრები  ხართ  და  მკვდართა  დამმარხავი!
ბრმები  ხართ  და  ბრმათა წინამძღოლი!
მართალთა  და  თქვენთან გამოგზავნილთა  მკვლელებო!
აჰა…  გრჩებათ  თქვენი  სახლი  ოხრად
შენ კი ჩემო ხალხო გამოდი მისგან
გაიქეცი ბაბილონიდან, გაიქეცი.”

ჟოზე  სარამაგუ- სიბრმავე

როცა წავიკითხე ჟოზე სარამაგუს კონკურენტი ოთარ ჭილაძე იყო და ქართველ მწერალს ნობელის პრემიის კომიტეტმა პორტუგალიელი მწერალი არჩიაო, ვიფიქრე სარამაგუმ ჭილაძეს როგორ აჯობა-მეთქი. მიხეილ ჯავახიშვილის შემდეგ ოთარ ჭილაძე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მწერალია. მაგრამ ,,სიბრმავის“ წაკითხვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ნობელის პრემია სარამაგუს  დამსახურებულად მიანიჭეს.

Social-Module-Presentation_Final4-580x410

მანქანში იჯდა და ელოდა შუქნიშანზე წითელი მწვანით როდის შეიცვლებოდა და უცებ ყველაფერი თეთრ ზღვაში ჩაიძირა. ასე იწყება პირველი უსინათლოს ამბავი, რომელიც შუქნიშანზე დაბრმავდა. სახლამდე მას ,,კეთილი სამარიტელი“ მიაცილებს, რომელიც ბრმას მანქანას მოჰპარავს, გაივლის ორმოცდაათ ნაბიჯს და ცოდვისთვის საზღაურს იღებს-ქურდიც დაბრმავდება. სარამაგუ ხშირად იყენებს ბიბლიურ პასაჟებს და ეს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის ამბავს. თეთრი სიბრმავე მთელ ქალაქს მოედება. თვალის ექიმი ცდილობს იპოვნოს ამ უცნაური ეპიდემიის მიზეზი და ისიც ბრმავდება. ერთადერთი, ვინც თვალხილულია ექიმის ცოლია.

სარამაგუს გმირებს სახელები არ აქვთ, მათ მწერალი ასე მოიხსენიებს- პირველი უსინათლო,  პირველი უსინათლოს ცოლი, პატარა ელამი იჭუნა, შავსათვალიანი ქალიშვილი,  შავსახვევიანი მოხუცი, ექიმი და ექიმის ცოლი. ძაღლსაც კი საოცარი სახელი შეურჩია- ცრემლის ძაღლი.

ნამდვილი ჯოჯოხეთი აქვს აღწერილი სარამაგუს. უარესის წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია. ყველაზე მეტად ექიმის ცოლი მეცოდება, მეცოდება იმიტომ, რომ ბრმა არ არის. გარდა იმისა, რომ მთელ ამ საშინელებას გრძნობს, ხედავს კიდეც და მისთვის თვალხილულობა ამ რეალობაში, ბრმათა სამყაროში ყველაზე დიდი და მტკივნეული სასჯელია. და მიყვარს ეს ქალი, მიყვარს და მშურს მისი სიძლიერის, სულის სიმტკიცის, მშურს, რომ მაინც შეინარჩუნა ღირსება და უყვარს ქმარი, რომლის გამოც ყველაფერი აიტანა და გადაიტანა და რომლის ღალატიც შავსათვალიან ქალიშვილთან საკუთარი თვალებით დაინახა, დაინახა და აპატია.

doc

,,ქმარს შეხედა, რაღაცას რომ ბუტბუტებდა ძილში, თვალი მოავლო ნაცრისფერი საბნების ქვეშ სხეულების მოხაზულობას, ბინძურ კედლებს, ცარიელ საწოლებს და აუღელვებლად უსურვა საკუთარ თავს დაბრმავება, რათა შეეღწია საგნების ხილული გარსის მიღმა, შიგ სიცარიელეში, მათ ბრწყინვალე და გარდაუვალ სიბრმავეში.“

ძალიან, ძალიან კარგი თარგმანია. განსაკუთრებული მადლობა მთარგმნელს ასეთი კარგი ქართულისთვის. ექიმის ცოლზე რომ ვკითხულობდი  ნიკა ჩერქეზიშილის ეს  ეს ლექსი მესმოდა ყურებში:

სიყვარული არ არის

სიყვარული არ არის

მოდიოდეს, შუბლზე ნაზად გკოცნიდეს

და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.

სიყვარულია,

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში,

მუხლებზე მდგარი, ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე,

რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.

სიყვარული არ არის,

ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში

ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე

და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.

სიყვარულია,

უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე,

გაქვავებული, ფეხმოუცვლელად

და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.

სიყვარული არ არის,

დაიძინო, გაიღვიძო და აღარ გიყვარდეს.

სიყვარულია,

22 წლის დაქვრივდე და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.

მწარეა, მაგრამ ეს არის სიყვარული.

სასტიკია, მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი.

ჩვენ უნდა შეგვეძლოს

ერთმანეთის გულისცემით ვიკვებებოდეთ,

თორემ ყველაზე იშვიათი ჩიტის რძეც

განავლად იქცევა რამდენიმე საათში.

არ მომაკლო შენი სიყვარული.

არ მომაკლო შენი სიყვარული.

არ მომაკლო შენი სიყვარული…

/ნიკა ჩერქეზიშვილი/

 

lov

Blindness

ჰოლანდიელმა  მხატვარმა და გრავიორმა პიტერ ბრეიგელმა 1568 წელს დახატა ნახატი ,,ბრმები“, რომლებიც სახარებისეულ იგავს ეხმიანება-,,ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. ხოლო, თუ ბრმას ბრმა  მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივან“.

“Let them alone: they be blind  leaders of the blind. And if the blind lead the blind, both shall fall into the ditch“.

piter breigel

ჟოზე სარამაგუს რომანის მიხედვით 2008 წელს გადაიღეს ფილმი – ,,Blindness“, რომელშიც მთავარ როლებს ჯულიანა მური და მარკ რუფალო თამაშობენ. კინო კრიტიკოსად ნამდილად ვერ გამოვდგები, მაგრამ ჯულიანა მური ძალიან შორს დგას სარამაგუს მიერ შექმნილი ექიმის ცოლისგან. ექიმის როლს მარკ რუფალო უფრო კარგად თამშობს. თუმცა წიგნის წაკითხვისას მიღებული ემოციების შემდეგ, ფილმმა საერთოდ არაფერი დამიტოვა. ეს იმას ჰგავდა, ძლიერი ქარიშხალი რომ გადაივლის და ნაპირზე მხოლოდ ხის ნაფოტებს დატოვებს.

147987-blindness

,,Blindness“-გან განსხვავებით ძალიან მძაფრი ფილმია-,,Perfect Sense”. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით კარგავენ გრძნობებს- ყნოსვის, სმენის, შეხების, გემოვნების შეგრძნებებს, ისინი ჭამენ ყველგან და ყველაფერს, იფიტებიან და იცლებიან განცდებისგან და ხვდებიან, რომ უნდა მოემზადონ უარესისთვის. უარესი კი სიბრმავეა.  განსაკუთრებით საშინელია ბოლო კადრი, შეყვარებული წყვილი დიდი ხნის ძებნის შემდეგ პოულობს ერთმანეთს და ხვდებიან, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, მაგრამ იმავე წუთს ბრმავდებიან და ერთმანეთს მხოლოდ ხელის შეხებით გრძნობენ. ძალიან მძიმე და დამთრგუნველი ფილმია, მაგრამ ნამდვილად  ღირს  ნახვად.

perfect-sense_i02

6121_4

ლიდია

2010 წელს ლიტერატურულ კონკურსში ,,100 სიტყვა“ ნინო ქოქოსაძემ გაიმარჯვა მოთხრობით- ,,ლიდია“. ოთხი წელი გავიდა, რაც ეს მოთხრობა წავიკითხე და დღემდე მახსოვს ძარღვებში სისხლი როგორ  დამიშრა. არ ვიცი, ნინომ როგორ მოახერხა ამხელა ტკივილის მხოლოდ 100 სიტყვაში ჩატევა….

ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლებაა.

ერთმანეთის მიყოლებით, ხელიხელჩაკიდებულებივით დგანან პატარა, რუხი კორპუსები.

სულ მაინტერესებდა, ვის მოუვიდა თავში მათი თავმოყრა.

თუმცა იქნებ, ასე გაცილებით იოლია…

როცა ვინმეს უჭირს, მთელი უბანი იკრიბება.

არასოდეს მინახავს იქ მარტოხელა ადამიანი… ლიდიას გარდა.

ლიდია პოეტია, დაბადებიდან უსინათლო. ლექსებს ბრაილის შრიფტით წერს.

რამოდენიმე თვის წინ, ფეხი მოიტეხა. საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში მკურნალობს.

მე მომვლელი ვარ, “კათარზისიდან”. თითქმის ყოველდღე დავდივარ მასთან.

ვფიქრობ, ლიდია შესანიშნავი პოეტია. წერს, რომ ცა ლურჯია, მოლი – მწვანე, თოვლი – ქათქათებს. თვალხილული ადამიანებისთვის ეს მარტივია. ლიდია კი, შეგრძნებებით მიდის ფერებთან და თანაც როგორი სიზუსტით!

ვემშვიდობები ლიდიას. წინკარში კედლის სარკეა.

ვისწორებ თმას და ვფიქრობ: ნეტა რად უნდა სარკე ლიდიას?

ვიქნები  თუნდაც  განტენბაინი

ზოგჯერ ასეც ხდება, აგედევნება რაღაც ფრაზა, სიტყვები და მოსვენებას არ გაძლევს. ერთ ადამიანს ეწერა- ვიქნები თუნდაც განტენბაინი. რამდენჯერაც მის ნაწერებს ვკითხულობდი, ბოლოში სულ ეს ფრაზა იყო- ვიქნები თუნდაც განტენბაინი. არ ვიცნობდი ამ ადამიანს, არ ვიცოდი ვინ იყო, რა უნდოდა ამ ცხოვრებაში. გოგო იყო თუ ბიჭი არც ეს ვიცოდი და მაინც ამეკვიატა ეს ფრაზა და სულ ამაზე ვფიქრობდი. მერე წიგნის მაღაზიაში შემთხვევით აღმოვაჩინე მაქს ფრიშის წიგნი სახელწოდებით- ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი“ და არც მიფიქრია ისე ვიყიდე. მაქს ფრიშის ,,Homo Faber” განსაკუთრებულად მიყვარს და ფრიშის თუ იქნებოდა ჩემი განტენბაინი არც იფიქრია. დავიწყე კითხვა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა.

მთელი ორი წელი ვკითხულობდი და ალბათ ათასჯერ მაინც მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა კითხვა, თუმცა ყოველთვის ვუბრუნდებოდი ამ ერთი ფრაზის გამო – ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი“. და იქ არის  განტენბაინი, ბრმის როლს რომ თამაშობს, შავ სათვალებს იკეთებს, ძაღლს ყიდულობს, ჯოხით დადის და ჯანდაცვის სამინისტროდან ოფიციალურ ცნობას იღებს, რომ ბრმაა. ბრმაა, რადგან არ უნდა დაინახოს, როგორ ღალატობს მისი ცოლი, რომელიც ყოველთვის ბრუნდება სხვა კაცის სუნით, სხვა კაცის სიყვარულით, სხვა კაცის სახლიდან და იტანჯება განტენბაინი და მაინც… ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ღირსეული კაცია ჩემთვის.  ღირსება ახრჩობს და საკუთარ თავს ითმენს. ამიტომ მიყვარს განტენბაინი. ამიტომ ეწერა იმ ვიღაც უცნობს- ვიქნები თუნდაც განტებაინი.

photo

6 responses to “სიბრმავე

  1. გაგრძელება აღარ უნდა დაეწერა სარამაგუს… არც ფილმი უნდა გადაეღოთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი…

    Like

  2. გაგრძელებაც აქვს? რომელი წიგნია? ფილმზე გეთანხმები სჯობდა საერთოდ არ გადაეღოთ: )))

    Like

  3. perfect sense რომ ვნახე, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მერე, მართლა რომ მოხდეს ასე, რა იქნება მერეთქო…

    Like

  4. ის შემთხვევა, როცა არც წაკითხული მაქვს ჩამოთვლილთაგან არაფერი და არც ნანახი___სამწუხაროდ😦
    ერთი შენიშნვასავით: სალომეა, იქ ქავერი არ იხსნება, ანუ თეთრი ქუდი აზის და ნეტა რატო? თავიდან ხომ არ გეცადა შეცვლა?

    Like

  5. ,,სიბრმავე” წაიკითხე, წაიკითხე, წაიკითხეეე^_^

    P.S. ვერ მივხვდი რა არ იხსნებაო?: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s