მარკესზე, მარტოობაზე და პოლკოვნიკზე, რომელსაც არავინ სწერს

  მარტოობის ასი  წელიწადი

,,როდესაც გწერ, მაკონდოში წვიმს – ვგულისხმობ  მარტოობას.

არა ასწლოვანს, როგორც იმ ტკბილ-მწარე ზღაპარშია

ან ათასწლოვანს, არამედ წამიერს, რადგან ასეთ მარტოობას

როდესაც შენც კი საკუთარ თავს გარეთ ხარ

არ აქვს არც სიგრძე, არც სიგანე

არც ხანგრძლივობა, კანის ფერი ან კისრის გარშემოწერილობა

მას ვერც ყულფს მოარგებ

ვერც  ჩამოახჩობ…“

photo

ერთი წლის წინ ზინიკომ მაკონდო მაჩუქა, მინდოდა ყოველ დღე მეყურებინა და რადგან სახლზე მეტ დროს სამსახურში ვატარებ, ჩემს სამუშაო მაგიდაზე დავდე. იმ დღიდან, ყველა ვინც ჩემს ოთახში შემოდის, მიდის და  ხელს ჰკიდებს.  მე კი სულ დაძაბული ვარ, არ დაიმსხვრეს ჩემი პირადი მაკონდო,  არ გამექცეს ჩემი ლურჯი თევზი.

,,მარტოობის ასი წელიწადი” ძალიან დიდი ხნის წავიკითხე, მეორედ მიბრუნება მინდა, მაგრამ მეშინია. მეშინია  ჩვეულებრივი წიგნი არ შემრჩეს ხელში და არ დაიმსხვრეს მითი ჩემს მაკონდოზე, სადაც მარტოობით კვდებიან.  ერთხელ დავწერე და კიდევ დავწერ არასდროს დამავიწყდება ,,მარტოობის ასი წელიწადის“ დასაწყისი -,,გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამ რომ პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“.

ისევე როგორც დასასრული- ,,მისთვის ცხადზე უცხადესი იყო, რომ გრიგალი პირისაგან მიწისა აღგვიდა შიშის ქალაქს და ადამიანთა მეხსიერებაშიც წაშლიდა სწორედ იმ წამს, როდესაც აურელიანო პერგამენტების ამოკითხვას დაამთავრებდა, რამეთუ იმ კაცთა მოდგა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად“.483041_501484739870396_673404430_n

2014 წლის 17 აპრილს,  როცა მარკესი რემედიოსივით ცაში ავიდა და მაკონდოში გადაუღლებლად წვიმდა, რაღაც ძალიან დიდი და აუტანელი  სევდა ვიგრძენი, კიდევ უფრო გამიმძაფრდა მარტოობის შეგრძნება.

მარკესის სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველა გიჟდება მასზე და საერთოდ ,,მარტოობის ასე წელიწადი“ ყველას საყვარელი წიგნია. ერთხელ ასეთ საუბარს შევესწარი, ძალიან გადაპრანჭული გოგო ამტკიცებდა მარკესზე ვგიჟდებიო, აშკარად ემჩნეოდა ,,მარტოობის ასი წელიწადის“ მხოლოდ სათაური ჰქონდა დამახსოვრეული, მაშინვე ეჭვი შემეპარა, რომ მარკესის წამკითხველი და მითუმეტეს გამგები ეგ არ იყო და  ვკითხე – მარკესის კიდევ რა წაგიკითხავთ-მეთქი. ისეთი თვალებით შემომხედა სარკეში სელფის გადაღების დროს რომ იყურებოდა  ხოლმე. გავიღიმე და ისე სასხვათაშორისოდ ვთქვი, რომ  მარკესმა დაწერა:

,,გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“. ,,პატრიარქის შემოდგომა“. ,,სიყვარული ჟამიანობის დროს“. ,,იცხოვრე, რათა მოჰყვე“. ,,პოლკოვნიკს არავინ სწერს“. ,,ფოთოლცვენა”. ,,გენერალი თავის ლაბირინთში. ,,სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ“.  ,,ჩემი ცხოვრების მდინარე”. ,,ავბედითი ჟამი“ და ა.შ. და ა.შ.

მარკესი მოდაშია და პრინციპში ეგეც კარგი იქნება თუ facebook-ის სტატუსებით მაინც გაიგებენ, რომ არსებობდა მწერალი, რომელიც ყველაზე მაგრად აღწერდა მარტოობას. თანაც ისეთ მარტოობას, რომელსაც  ვერც  ყულფს  მოარგებ  და  ვერც  ჩამოახრჩობ…

Gabriel_Garc_a_M_rquez

სიყვარული  ჟამიანობის  დროს

ზამთარი იყო,  პირველ კურსზე ვიყავით, ლექციების შემდეგ პირველი კორპუსის წინ ვიდექით გაჩერებაზე. ერთ-ერთს შეყვარებული ჰყავდა და ასეთი რაღაც თქვა- როცა ვხედავ, თუნდაც შორიდან მოდის, ხელები თავისით მითბებაო. კაი რა სისულელეს ამბობო- მიუბრუნდა მეორე. უცებ მე შემომხედა და მკითხა- შენ ხომ გჯერა ჩემიო? მჯერა- მეთქი არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე. გაუხარდა, ვიცოდი რომ გამიგებდიო.

მაშინაც მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ თუ გიყვარს გიყვარს და მორჩა. ხელებიც თავისით გაგითბება და მარკესის პერსონაჟივით საყვარელ ქალს   51 წელი, 9 თვე და 4 დღე დაელოდები. არ ვიცი, როგორ იგონებდა მარკესი ასეთ სიყვარულის ამბებს. არადა ერთხელ ჰკითხეს კიდეც და უპასუხა არაფერსაც არ ვიგონებ, მე უბრალოდ რეალობას ავღწერო, ამიტომაც მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის  დარგში  მაგიური რეალიზმის შექმნისთვის.

,,სიყვარული ჟამიანობის დროს“ წაკითხვა სექტემბერში დავიწყე ბათუმში. ბათუმს განსაკუთრებით უხდება მარკესისეული ამბები. ჩემი სასტუმროს ნომერი ვიწრო ქვაფენილიან ქუჩას გადაჰყურებდა, ზღვა არ ჩანდა, მაგრამ ზღვის სუნს ვგრძნობდი. ვიჯექი აივანზე და ვკითხულობდი, სანამ არ ჩამობნელდებოდა. მერე ლექციებს შორის შუალედში ლანჩზე ლიტერატურულ კაფეში დავიწყეთ სიარული, იქ აღმოვაჩინე მარკესის წიგნი და კითხვა გავაგრძელე. ლიტერატურულში ყოველ დღე   იმ გვერდზე მხვდებოდა ჩანიშნული, რომელზეც  წინა დღეს  დავტოვე და რაღაცნაირად გული დამწყდა,  რომ ჩემს მეტი არც არავინ კითხულობდა  ამ წიგნს.

რომანს ძლიერი დასაწისი და უფრო ძლიერი დასასრული უნდა ჰქონდეს და მარკესი  ამას ყველაზე კარგად ახერხებს. ბოლო ლურსმანს ყოველთვის ძლიერად აჭედებს, ასე მოხდა ამ შემთვევაშიც. როცა ყვითელი დროშა აღმართეს, ნიშნად იმისა, რომ გემზე ქოლერა იყო და ფერმინა დასას და ფლორენტინო არისას  სიყვარული ჟამიანობის დროს ჰქონდათ გემის კაპიტანმა იკითხა-

-თქვენი აზრით, როდემდე შევძლებთ ასე წინ და უკან სირბილს?

ფლორენტინო არისას პასუხი 53 წლის, 7 თვისა და 11 დღის წინ ჰქონდა მზად.

-მთელი ცხოვრება- თქვა მან.

1087017224

პოლკოვნიკს  არავინ  სწერს

Полковнику никто не пишет-ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია მარკესის შემოქმედებიდან ძალიან პირადი მიზეზის გამო. ეს არის წიგნი 75 წლის პოლკოვნიკზე, რომელიც მაკონდოში აურელიანო ბუენდიასთან ერთად იბრძოდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა რესპუბლიკას. ვეტერანის პენსიის მისაღებად პოლკოვნიკმა პროცესი წამოიწყო, პროცესი თვრამეტ წელიწადს გაგრძელდა. შემდეგ კიდევ ექვსი წელი გავიდა, სანამ პოლკოვნიკის გვარს ვეტერანთა სიაში შეიტანდნენ. პოლკოვნიკს შვილი მოუკლეს და იმ დღიდან გადაწყვიტა, მოევლო მამლისთვის, სანამ მამლების ორთაბრძოლა გაიმართებოდა. წითელი მამალი მისი ერთადერთი სიხარულია.

მიდის პოლკოვნიკი ფოსტაში წერილის მისაღებად, და მიუხედავად იმისა, რომ  ვგრძნობ  წერილი არ დახვდება, მაინც ვფიქრობ, იქნებ მარკესმა არ გასწიროს პოლკოვნიკი, იქნებ მისწერონ  წერილი პოლკოვნიკს და როცა ფოსტის ინსპექტორი მხრებს აიჩეჩავს და მშვიდად ეტყვის – პოლკოვნიკო, მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლადო, მეც პოლკოვნიკთან  ერთად ვბრუნდები იმედგაცრუებული, პირში მწარე გემო მაქვს და გაბრაზებული ვარ მწერალზე, ცხოვრებასავით სასტიკად რომ მოექცა მას. პოლკოვნიკის ფოსტა ცარიელია. პოლკოვნიკი არავის ახსოვს. პოლკოვნიკს არავინ სწერს.

IMG_6967

 

სხვა  მარკესი

დაბადების  დღეზე  მაიკომ  მარკესის ახალი წიგნი  მაჩუქა- ,,იცხოვრო, რომ მოჰყვე“ და  ასეთი სიტყვები წამიწერა – გეცხოვროს ისეთი ცხოვრებით, დიდი, ძალიან დიდი ხნის მერე უკან, რომ მოიხედავ გეთქვას, კიდევ ერთი სიცოცხლე მინდა რომ დავწეროო. ეს ყველაზე მაგარი სურვილი იყო დაბადების დღის სურვილებიდან.   ვეთანხმები მარკესს იმაში, რომ  ცხოვრება  განვლილი დღეები კი  არ არის, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს და რაც შეგიძლია მოჰყვე.

აღარაფერს დავწერ მარკესის ცნობილ ,,ბოლო სიტყვაზე“ და იმ გაცვეთილ 13 ფრაზაზე, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე, ნამდვილად მარკესმა დაწერა თუ უბრალოდ მას მიაწერენ. რატომღაც მგონია მარტო ამით რომ იცნობენ, ეს მარკესის შეურაცხყოფაა.

ერთი წლის წინ კინოთეატრში ვნახე ფილმი- ,,მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ – The Machine which makes everything disappear.  ეს ფილმი თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს და არაერთი საერთაშორისო ფესტივალი მოიგო. ღამეები არ მეძინა, გამუდმებით ამ ფილმზე ვფიქრობდი.  ფილმის რეჟისორია  თინათინ გურჩიანი, არ ვიცნობდი თინას, მაგრამ  მოვძებნე facebook-ზე და ჩემი განცდები  მივწერე.  თინამაც ვრცელი პასუხი მომწერა და ბოლოში ეწერა- შენ ძალიან კარგი გოგო ჩანხარო…

IMG_6683

,,მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ დოკუმენტურია ფილმია, სადაც 13 ადამიანი ჰყვება თავის ისტორიას. ფილმის მსვლელობისას  არ ჩანს თავად თინა, მაგრამ ისმის მისი მშვიდი ხმა, რომელიც ყველა გმირს (და ისინი ჩემთვის მართლა გმირები არიან რეალურ ცხოვრებაშიც)  ერთ შეკითხვას უსმევს – ,,მანქანა, რომ გქონდეს, რომელიც ყველაფერს გააქრობს, შენს ცხოვრებაში რას გააქრობდი?“. მერე ჩემთვის ვფიქრობდი, მარკესი რომ ამ ფილმის  მე-14 გმირი ყოფილიყო და თინას მისთვისაც ეკითხა- ბატონო გაბო, მანქანა, რომ გქონდეთ, რომელიც ყველაფერს გააქრობს, თქვენს  ცხოვრებაში რას გააქრობდით?  ზუსტად ვიცი მარკესი  უპასუხებდა- მარტოობას !

 

16 responses to “მარკესზე, მარტოობაზე და პოლკოვნიკზე, რომელსაც არავინ სწერს

  1. სალომეა, ვკითხულობდი და მაჟრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად წერ, როცა იმ ერთხელ წერ–აი მართლა წერ! არეულად ვლაპარაკობ, მაგრამ არ გამომდის სხვანაირად. ძალიან მომწონხარ შენი გულწრფელობისთვის. მარკესზე იმდენი ბლოგპოსტი წამიკითხავს, რომ ვერ მოვსთვლი, მაგრამ ეს იყო ყველაზე ჟრუანტელისმომგვრელი მთელ სხეულში, იმხელა სიყვარულით და “თავგანწირვით” გქონდა მოთხრობილ შენ მარკესზე…

    არ მომეწონა ის, რომ ყველასგან იგივეს ითხოვ, თუნდაც იმ “გადაპრანჭული” გოგოებისგან. ალბათ ჩემი პრობლემაა ის, რომ არასდროს არ ვითხოვ ასეთი ადამიანებისგან იმაზე მეტს, ვიდრე გასცემენ ან ავლენენ და ა.შ. შენ ვერ განსჯი, იმ მარკესი “გაიგო” თუ არა. შეიძლება კოელიო შენზე უკეთ ესმოდეს, ან კიდევ ვიღაცა. რა მნიშვნელობა აქვს. ამით არ მტკიცდება ის, რომ ვიღაც გადაპრანჭულ გოგოებზე ან მეტი ხარ, ან ნაკლები. თუმცა ეს სულაც არ არის აქ მთავარი.

    The Machine which makes everything disappear ხო საოცრება იყო და შემძრა თავის დროზე. რა კარგად დაგიკავშირებია >>> გაბრიელს რომ ეს მანქანა ჰქონოდა, ნამდვილად გააქრობდა მარტოობას!! ალბათ ამ “უმანქანობისგან” გამოწვეული მთელი გულისტკივილი ჩადო თავის მარტოსულ ადამიანებში მარკესმა.
    იუ მეიდ მაი დეი სალომეა, მაშინ როცა თბილისშიც ასე გადაუღებლად წვიმს :**

    Liked by 1 person

  2. ,,გადაპრანჭული გოგოთი: დავიწყოთ: ))) ეტყობა სწორად ვერ გადმოვეცი ჩემი აზრები. აქ კონკრეტულად ერთ გოგოზე არ მქონდა საუბარი და არც მიფიქრია, რომ მე მასთან შედარებით უპირატესობა მქონდა, რადგან მასზე მეტი წიგნი წამიკითხავს. სწორი აქცენტი გააკეთე კოელიოზე, საზოგადოებრივი აზრის თანახმად, კოელიო პლაგიატია და თუ კოელიო გიყვარს (და მე მიყვარს) ეს ცუდ ტონად ითვლება, სამაგიეროდ თუ გააჟღერებ, რომ მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი” შენი საყვარელი წიგნია, მაშინვე ინტელექტუალად ჩაგთვლიან. ეს გოგოც ამ საზოგადოებრივი აზრის გავლენის ქვეშ იყო და მიუხედავდ იმისა, რომ წაკითხული არ ჰქონდა, მაინც თამამად გამოთქვამდა საკუთარ მოსაზრებას და ეს იმდენად ყალბი იყო, გამეღიმა. მე შენგან განსხვავებით ვერ ვერკვევი ფეხბურთში, სწორედ ამიტომ არასდროს მივცემ თავს უფლებას დავიწყო რაღაცეების მტკიცება, როცა ერთი თამაშიც არ მინახავს ბოლომდე: )) ეს იყო მთავარი იდეა ამ ჩანართის, თორემ ,,გადაპრანჭული” გოგოების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მითუმეტეს, რომ ამ ბოლო დროს მეც ვიპრანჭები : ))))

    გულწრფელობისთვის მომწონხარო დამიწერე და ეს ყველაზე მეტად მიხარია, იმიტომ რომ სინამდვილე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნამდვილი ადამიანებით, ნამდვილი წიგნებით და ა.შ.

    მაკონდოში და თბილისში ერთნაირად წვიმს… მაგრამ გადაიღებს:****

    Like

  3. ასე მგონია იცნობდი მარკესს🙂 თითქოს იცი რას ფიქრობდა და როგორ, რას განიცდიდა და რა სტკიოდა… შენ მართლა კარგი გოგო ხარ სალომე🙂

    Liked by 1 person

  4. პირადი ჩანაწერები იმდენი მაქვს, რამდენიმე წლის შემდეგ ალბათ წიგნსაც დავწერ:))) მანამდე ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ვწერ ბლოგზე, ვწერ სწორედ ასეთი შეფასებების გამო:* ძალიან დიდი მადლობა, რომ მკითხულობთ:*

    Like

  5. შემთხვევით მოვხვდი ამ ბლოგზე და გამიხარდა მარკესის მოყვარული რომ ვიპოვე . ერთი ამბავი გამახსენდა შენს ‘გადაპრანჭულ ‘ გოგოსთან დაკავშირებით . აპრილში მარკესი რომ გარდაიცვალა , ერთი ასეთი გადაპრანჭულ -ხელოვნურმეტყველებიან-მიმიკებიანი გოგო მეუბნება : უი მარკესი ეხლა მოკვდაო ? დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა , სამაგიეროდ იცის რომ ‘მარტოობის ასი წელი’ შედევრია . რას იზამ , ასეთებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდები , შენ კი ისიც გეყოფა , ეს გენიოსი რომ გიყვარს და იმასაც იგებ , რაზეც წერს . ^_^

    Liked by 1 person

    • მართალი ხარ, ესეც მეყოფა:))) როგორც რემარკი იტყოდა, აზროვნება ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობაა, ის განუკურნებელია: )))

      Like

  6. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც “მარტოობის ასი წელიწადი” წავიკითხე. იმდენად პატარა,რომ კითხვისას მის ლაბირინთებში ხშირად ვიკარგებოდი. მისი წაკითხვის სურვილი კი მისმა პირველმა წინადადებამ გადამაწყვეტინა. წლების შემდეგ, როდესაც გავიზარდე მარკესი ახლიდან წავიკითხე და მგონი უკეთ გავიგე, რისი თქმაც უნდოდა მარკესს. კიდევ გავიდა რამდენიმე წელი და ახლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს კიდევ ერთხელ წავიკითხავ, მაგრამ მგონია რომ ის აღფრთოვანება დამეკარგება, ბლოგზეც მინდოდა დამეწერა, მაგრამ არვიცი სათანადოდ გადმოვცემ თუ არა რისი დაწერაც მინდა.
    პ.ს მართალია მარკესის სხვა ნაწარმოებებიც მაქვს წაკითხული. ყველა არა მაგრამ ნაწილი. თუმცა “მარტოობის ას წელიწადს” არაფერი შეედრება.

    Like

  7. მემგონი ჩემს თავზე უფრო მეტი ვილაპარაკე. უბრალოდ შენი პოსტი მარკესსზე ძალიან მომეწონა და სიამოვნებით წავიკითხე.

    Like

  8. ლიკა დიდი მადლობა:)) მეც მეშინია მიბრუნების და სულ მიზეზს ვიგონებ: ))

    Like

  9. ბუენდიაში ჩემს თავს ვხედავდი ყოველთვის….პირველივე აბზაცმა ჩამაფიქრა და მერეც ბევრჯერ შემიწყვეტია კითხვა და ფიქრებს გავყოლივარ,ჩემთვის ყველაზე ძლიერი და სულისშემძვრელი იყო როდესაც აღმოაჩენს,რომ დედამიწა ფორთოხალივით მრგვალია.კარდივით ვხედავდი როგორ პატარავდებოდა ვებერთელა დედამიწა ბუენდიას ხელში და როგორ იქცეოდა ფორთოხლად….
    მე კი მგონია,რომ მარკესი არ გააქრობდა მარტოობას და ხელუხლებელს დატოვებდა მას,რადგან მარტოობაში იბადება სწორედ „მარტოობის ასი წელიწადი„…..
    დღეს შემთხვევით წავაწყდი თქვენს ბლოგს)და უნდა გითხრათ,რომ იმდენად შთამბეჭდავად ისე ვნებიანად წერთ მარკესის შესახებ,რომ 17 წლის წინანდელი წაკითხული და განცდილი საოცრად ცხადად განვიცადე ისევ,და რამოდენიმე წუთი საოცრად სხვა სამყაროში დავყავი……..მადლობა ამისთვის)

    Liked by 1 person

  10. ფორთოხალი ჩემთვის სიცოცხლის სიყვარულთან ასოცირდება. შეიძლება მართალიც ხართ… მარკესი ალბათ არ გააქრობდა მარტოობას. არ ვიცი: )))

    Like

  11. აუ სალომეა, გული ამიჩუყდა…მარკესი-მარტოობაზე მწერალი, ძალიან მაგარი კაცი❤

    Liked by 1 person

  12. მიუბრუნდი, არ ინანებთ, პირიქით უფრო ბევრ რამეს აღმოაჩენ და უფრო მეტად ისიამოვნებ!

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s