პრაღა მარტოობის გარეშე

,,მთელი ცხოვრება იმდენად მარტო ვარ, ვინმემ რომ გამიღიმოს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევიყვარო. თუმცა მარტოობაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მღლის და გამუდმებით ვეძებ ვიღაცას. ვიღაცას, რომელიც მჭირდება და შეიძლება მეშინია კიდეც მარტოობის და ამიტომაც ვეძებ. ამიტომაც ვდგავარ კარლოვის  ხიდზე და გელოდები. ამ ხიდზე სულ ადვილია სიყვარული“.

დათო ტურაშვილი- ,,პრაღა გაზაფხულის გარეშე“

ვიდექი კარლოვის ხიდზე და ვფიქრობდი, რომ ამ ხიდზე მართლა ძალიან ადვილია სიყვარული. ყველაფერი  დაიწყო აეროპორტში, საზღვარზე პასპორტის კონტროლის გავლის დროს მესაზღვრემ მკითხა-ნასვამი ხომ არ ბრძანდებითო? გაოცებულმა შევხედე.  გამიღიმა, პასპორტი დამიბრუნა და მითხრა- დაბადების დღეს გილოცავთ. უცებ ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სითბო შიგნით. ასე იყო ეს ამბავი, ჩემს დაბადების დღეზე, უფრო სწორად ღამეს პრაღაში გავფრინდი.

ქალაქების მიმართ ემოციური დამოკიდებულებები მაქვს. ძალიან მინდოდა სტამბოლის ნახვა და მაისში ვნახე. სტამბოლიდან წამოვიღე მოგონებები, შეგრძნებები, რომელიც თვეების გასვლის შემდეგაც მაბედნიერებს. სტამბოლის მერე მინდოდა მენახა რომი და პრაღა. არჩევანი რომ უნდა გამეკეთებინა, იმ ღამეს პრაღა დამესიზმრა. დილით უკვე ვიცოდი- ცხრა მთა და ცხრა ზღვაც რომ გადამელახა მაინც წავიდოდი პრაღაში.

პრაღა- ოქროს ქალაქი

პრაღაში ძალიან უყვართ საათები… ყველგან საათებია. ამ ქალაქში დრო სხვანაირად გადის. ყველაზე ლამაზი საათი მე-15 საუკუნის კოშკზეა, რომელზეც დატანილია კალენდარი,  მზის და მთვარის ამოსვლა-ჩასვლა, ზოდიაქოს 12 ნიშანი. ყოველ საათში ერთხელ ზარი ირეკება, სარკმელი იხსნება და მორიგეობით ჩნდებიან ქრისტეს და 12 მოციქულის ქანდაკებები. 6-ის ნახევარი იყო მე, ქეთი, თეაკო და გვანცა ამ საათთან რომ მივედით. ჩვენსავით უამრავი ტურისტი ელოდებოდა ზუსტად 6 საათის შესრულებას. 6 საათზე დაიწყო ზარების რეკვა და სარკმელში გამოჩნდნენ  ქრისტეს და მოციქულების ფიგურები. რამდენიმე წუთის შემდეგ სარკმელი დაიხურა და შეკრებილმა ხალხმა ტაში დაუკრა. რაღაც მისტიკური და იდუმალი სანახაობა იყო.

ამ საათს კიდევ უფრო იდუმალი ისტორია აქვს. ლეგენდის თანახმად, კოშკის საათი ოსტატ ჰანუშს დაამზადებინეს და პრაღის გარდა მსოფლიოს არც ერთ ქალაქში საათის ანალოგი რომ არ ყოფილიყო, ოსტატ ჰანუშს თვალები დასთხარეს. ოსტატი მივიდა საათთან და ხელი შეახო. საათი გაჩერდა. ასე იძია შური ოსტატმა, რომელსაც მხედველობა წაართვეს. გადმოცემის თანახმად, საათი 100 წელი იყო გაჩერებული, სანამ მექანიზმი არ გამოცვალეს.

საათის კოშკში ძალიან ვიწრო კიბეებით ავედით, იქიდან კი სუნთქვისშემკვრელი სანახავი იყო წითელი კრამიტებით, ულამაზესი არქიტექტურის მქონე ჩამწკრივებული სახლები. წითელი სახურავები ზღვაში ჩამავალ წითელ მზეს ჰგავდა. ზუსტად ასეთი წარმომედგინა პრაღა- წითელ სახურავებიანი სახლების ქალაქი. სახლების, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უყვართ ერთმანეთი, იმდენად რომ  ქუჩაშიც გამოხატავენ.

05 (2) პრაღაში ყველა ტურისტი თითქმის ერთი და იგივე გზას გადის- ასტრონომიული საათი, კარლოვის (ჩარლზის) ხიდი, წმ.ნიკოლოზის ტაძარი, ებრაელების უბანი, ნაციონალური მუზეუმი, ვიაჩესლავის მოედანი, რომელიც ძალიან ჰგავდა სტამბულის ტაქსიმის მოედანს, წითელი ტრამვაი აკლდა  და თავი ტაქსიმზე მეგონებოდა. მდინარე ვლტავაზე გასეირნება და რა თქმა უნდა  ფრანც კაფკას მუზეუმი. კაფკა და პრაღა განუყრელი დღესასწაულია.

ჩარლზის ხიდიდან კიბეებით ჯონ ლენონის კედელთან ჩავედით. ლენონის კედელი პრაღაში 1981 წლიდან ჩეხი ახალგაზრდების თავისუფლების სიმბოლო გახდა, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი საპროტესტო აქტი. კედელზე ნახატები მუდმივად იცვლებოდა, ჩვენი ყოფნის პერიოდშიც ლენონის ნახატი რამდენჯერმე შეიცვალა. დღეს ეს კედელი ძალიან ფერადი და ნათელია. აქ შეხვდებით ნაწყვეტებს, ფრაზებს ბითლზების სიმღერებიდან, უბრალოდ სასიყვარულო წერილებს, რომლებსაც შეყვარებულები ტოვებენ, წყვილების ფოტოებს, გამხმარ ყვითელ ვარდებს და სარკეებს. ლენონის კედლამდე ყვავილების ულამაზესი ორანჟერეაა. პატარა ხიდზე დამაგრებულია უამრავი ფერადი ჩაკეტილი ბოქლომი.  ჩაკეტილ ბოქლომზე მე სხვა ემოცია მიჩნდება და ჩემთვის ის  სიყვარულის სიმბოლო სულაც არ არის.   ის ზღაპარი მახსენდება- ,,სეზამ გაიღე“ unlock unlock unlock- სულ ეს მიტრიალებდა თავში, მინდოდა ყველა ბოქლომი გამეღო. 02 03 ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემი ბავშვობის მეგობართან შეხვედრა იყო. წლების წინ მე და ნატა ვერც წარმოვიდგენდით, რომ ის გერმანიიდან და მე საქართველოდან პრაღაში შევხვდებოდით ერთმანეთს, ერთად ვიხეტიალებდით ულამაზეს ქალაქში  და გავიხსენებდით ბავშვობას, რომელიც ძალიან შორს დარჩა. განსაკუთრებით ღამის პრაღა იყო შთამბეჭდავი. ნატა ჩემს გოგოებს გავაცანი და საღამოს, როცა ემოციებისგან, ხეტიალისგან უზომოდ დაღლილები ვიყავით, დავსხდებოდით Starbucks-ში, ვსვამდით ყველაზე გემრიელ ყავას, ვაყოლებდით უგემრიელეს მაფინებს და ხაჭოს ნამცხვრებს და ვყვებოდით ამბებს. პრაღას დღემდე იმ შოკოლადის მაფინების გემო აქვს.04

ნახატები. ნახატები. ნახატები

მარკ შაგალი- დათო ტურაშვილი მოთხრობაში – ,,პრაღა გაზაფხულის გარეშე“ წერდა- პრაღაში გამოფენები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და მუზეუმებიც სავსეა ორიგინალებითო. ვიცოდი, რომ არც ერთ გამოფენას არ გამოვტოვებდი, მაგრამ შაგალზე არც მიფიქრია. უცებ აღმოვჩნდით ულამაზეს პარკში, სადაც ტბაში დიდი ყვითელი თევზები  დაცურავდნენ. ქეთიმ დამიძახა- მოდი ნახე შენი თევზები რა ლამაზები არიანო, მართლაც ისეთი ლამაზები იყვნენ, ხელის მოკიდება მინდოდა. აღმოჩნდა, რომ ზუსტად შაგალის გამოფენის წინ ვიდექით. შაგალზე ჯულია რობერტსის და ჰიუ გრანტის ძალიან კარგი  ფილმი – ,,Notting Hill“  მახსენდება. 05Anna Scott:  I can’t believe you have that picture on your wall.

William: You like Chagall?

Anna Scott: I do. It feels like how being in love should be. Floating through a dark blue sky.

William: With a goat playing the violin.

Anna Scott: Yes – happiness isn’t happiness without a violin-playing goat.

თემატური გამოფენა იყო, შაგალის მიერ დასურათებული ბიბლია, ძველი აღთქმა. საინტერესო ნახატები იყო, თუმცა გული მაინც დამწყდა ამ ნახატზე.

სალვადორ დალი- გიჟი დალის და მისი საათების ნახვა  მთელი გულით მინდოდა. დალის ცოლზე გალაზე და საათებზე ერთი მოთხრობა წავიკითხე და მას შემდეგ სულ მაინტერებდა, რატომ ლღვებოდნენ საათები დალის ნახატებზე, რატომ აჩერებდა დროს დალი, რა აზრები უტრიალებდა გადარეულ თავში. ერთი ოთახი მთლიანად დანტეს ,,ღვთაებრივი კომედიას“ ეთმობოდა, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სალხინებელი. იყო ბევრი სიგიჟე და ფანტასტიკა.

06 ალფონს მუხა- ჩეხი მხატვარი, რომლითაც სამართლიანად ამაყობს პრაღა. მუხას ძალიან ინდივიდუალური ხელწერა ჰქონდა. იმდენად, რომ დარწმუნებული ვარ სადმე რომ შემხვდეს, აუცილებლად ვიცნობ. განსაკუთრებით მომეწონა ,,მედეას“ პოსტერი, შვილების მკვლელი მედეას შეშლილი სახე.  კიდევ ქალი, რომელიც თოვლში ზის და ბავშვი, რომელსაც ხელში წიგნები და ფანქრები უჭირავს. ბავშვის გაბრაზებული სახე გამოხატავს განათლების მშობლიურ ენაზე მიღების სურვილს. 21 წიგნები. წიგნები. წიგნები

მილან კუნდერა-თანამედროვე ჩეხი მწერალი, რომელიც ჩეხეთში არ ცხოვრობს. ,,ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“ რომ წავიკითხე, მივხვდი კუნდერა არასდროს გახდებოდა ჩემი საყვარელი მწერალი.  ტომაშის და  ტერეზას ამბავმა, გაუთავებელმა ღალატმა და პატიებამ  მწარე გემო დამიტოვა. ეს წიგნი სისასტიკემდე ამაზრზენია და ყოფიერების აუტანელი, აუტანელი, აუტანელი სიმსუბუქე ისე მიჭერს ხელს ყელზე, რომ მირჩევნია  მძიმე ქვები ვათრიო ზურგით. ერთადერთი რაც კუნდერას ნამდვილად გამოუვიდა ეს თავად წიგნის სათაურია- ,,ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“. ამ  სათაურზე მეტად არც ერთი წიგნის სათაური არ მომწონებია. რომანებზე მეტად კუნდერას პატარ-პატარა მოთხრობები უფრო მომწონს, მსუბუქი, ირონიით და სევდით სავსე ამბები,  ,,სალაღობო ტრფობანი“ და ,,გამოსათხოვარი ვალსი“.

ვაცლავ ჰაველი- ჩეხეთის საამაყო პრეზიდენტი, მწერალი, დრამატურგი, ესეისტი. მსოფლიოს 100 ინტელექტუალთა შორის მეოთხე ადგილზე ყოფნა ყველაფერს ამბობს მასზე. ქართულ ენაზე  ორი წიგნია ნათარგმნი- ავტობიოგრაფიული წიგნი -,,გთხოვთ, მოკლედ“ და პიესების კრებული, რომელიც გამომცემლობა ,,სიესტამ“ გამოსცა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ,,სიესტას“ გამოცემული წიგნები, განსაკუთრებით არჩევენ მწერლებს და წიგნებსაც სხვანაირი გემო დაჰყვებათ.

ფრანც კაფკა-პრაღაში კაფკას მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება დამხვდა, რამაც ცოტა გული დამწყვიტა. მწერალი, რომელიც სიცოცხლეში არავის გახსენებია, სიკვდილის შემდეგ პრაღის ღმერთად აღიარეს. კაფკას გამოსახულებას ნახავთ ასანთზე, ხელსახოცზე, ჭიქის დასადებზე, გულსაბნევზე და ისეთ შეუსაბამო ნივთებზე, არაფერი საერთო რომ აქვს კაფკასთან.  ყველგან  და ყველაფერზე კაფკაა დატანილი. The City of FRANZ  KAFKA & PRAGUE.

კაფკას მუზეუმმა ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, დღემდე შოკში ვარ. როგორც კი შევედით, მაშინვე ძალიან მძიმე მუსიკით აივსო ყველაფერი. ქეთიმ თქვა- ვაიმე რა მძიმე მუსიკააო, მე დავამშვიდე- ქეთევან მძიმე იყო კაფკა-მეთქი. საშინელებათა ფილმში მეგონა თავი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ იმ საუკუნეში, როცა საერთოდ არავინ იცოდა 3D  გამოსახულების შესახებ, ფრანც კაფკას თავში ეს უკვე არსებობდა. დიდ ეკრანზე გაცოცხლებული იყო კაფკას სამი ნახატი, რომელიც ერთმანეთს ენაცვლებოდა და სივრეში იკარგებოდა. ერთი ოთახი დათმობილი ჰქონდა დიდ შავ უჯრებს, ყველა უჯრა დაკეტილი იყო და მათ კაფკას პერსონაჟების სახელები ეწერათ, ჩემი იოზეფ კ.-ც იქვე იყო. 17 16 კედელზე ჩამოკიდებული იყო ტელეფონი, რომელიც გამუდმებით რეკავდა და თუ ყურმილს აიღებდი, ჩეხურ ენაზე გიყვებოდა ამბებს. ყველაზე მეტად კაფკას შეყვარებული ქალების ფოტოები მომეწონა, კაფკამ ხუთი ქალი მიატოვა და ქეთი აღშფოთებული მიმტკიცებდა ცუდი ტიპი იყო ეს შენი კაფკაო, მე ვამშვიდებდი ცუდი ტიპი კი არა გენიოსი იყო და ესე მარტივად ცხოვრება არ შეეძლო. მადლობა მაქს ბროდს, რომ კაფკას წიგნები არ დაწვა და გადაარჩინა – ,,პროცესი“, ,,ამერიკა“, ,,მეტამორფოზა“, ,,წერილები მილენასადმი“, პატარ-პატარა მოთხრობები.

ყველაზე მეტად ილუმინატორებმა გამაოცა. რომ გავიხედე არაფერი ჩანდა, მერე გამოჩნდა  ადამიანის სხეულის კონტურები, კანი, ზურგი, ამ ზურგზე ხალების დათვლაც კი შეგეძლო. უცებ გაჩნდა  ჯერ ერთი ჭრილობა, შემდეგ მეორე და ასე დაისერა მთელი ზურგი. კანს შიგნით ვიგრძენი ტკივილი, თითქოს მეც ასე დამისერეს ზურგი და გულისცემა გამიჩერდა. მერე გამოჩნდა წარწერა- Honor thy Superior.  სუნთქვისშემკვრელი სანახაობა იყო. ეს იყო გამოხატულება სულიერი ჭრილობის, რომელიც ფიზიკურ ჭრილობაზე არანაკლებ ღრმა და მტკივნეულია. კაფკას მუზეუმში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კაფკა არ არის მასების მწერალი, კაფკა მხოლოდ ინტელექტუალებს უყვართ.

?????? საღამო იყო, მოვდიოდით ვიაჩესლავის მოედანზე და უცებ შემომესმა მუსიკა. გავჩერდით, ქუჩაში იდგა ბიჭი, იქნებოდა 17 წლის… და მთელი გრძნობით მღეროდა  Coldplay-Yellow-ს. ეტყობოდა რომ უყვარდა, უყვარდა ისე, როგორც მხოლოდ  ამ ასაკში უყვართ ხოლმე. ვიდექი პრაღის ქუჩაში და ვუსმენდი ბიჭს, რომელიც ჩემთვის უცნობ გოგოს უმღეროდა- I bleed myseld for u and u know I love u so. თვალები დავხუჭე და  გაჩერდა წამი. ამ წამმა დაიტია პრაღა, მარტოობა, წითელ სახურავეებიანი სახლები და  ვიგრძენი, რომ ბედნიერი ვიყავი…

09 101112 (2)07180112 1415192022  

10 responses to “პრაღა მარტოობის გარეშე

  1. არც ისე ცოტა ქალაქში ვარ ნამყოფი და პრაღა არის ქალაქი, სადაც დაუფიქრებლად ვიცხოვრებდი. ისე გაქვს აღწერილი, კიდევ ერთხელ გავიარე ყველაფერი, რაც 2 წლის წინ ვნახე🙂

    Liked by 1 person

  2. ყველა ქალაქში ვერ ვიმოგზაურებ, ძალიან ბევრი ფულიც რომ მქონდეს და დროც: ))) ქალაქების მიმართ ემოციური დამოკიდებულებები მაქვს-თქო რომ დავწერე, ზუსტად ასეა: ))) პრაღა ზღაპრულად ლამაზი აღმოჩნდა. ისეთი, როგორიც წარმომედგინა: ))

    Like

  3. კაფკას მუზეუმი არის ერთერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ადგილი, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ🙂 მეცნო ემოცია. თან, მე მარტო ვიყავი. დავჯექი ეკრანის წინ და ვიჯექი და ვიჯექი, სანამ ჩემმს ჩეხმა მეგობარმა არ მომაკითხა და ნახევარსაათიანი ლოდინის მერე შეწუხებულმა არ დამირეკა, ხომ არ შემოგაკითხოო :)))

    Liked by 1 person

  4. უჰ, რა კარგი პოსტი იყო, თანაც ჩემს საოცნებო ქალაქზე. ალბათ მეშველება ოდესმე და დავადგები გზას.. ^_^

    Liked by 1 person

  5. Praga gazafxulis gareshe dato turashvilis xom aris? Xom ver metkvit calke wignaa da tu mis motxrobebis wignshi vedzeb amdeni xania da ver vipove😦

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s