კაფკა, კამიუ და იურისტების აბსურდის სამყარო

Primal Fear – პირველყოფილი  შიში

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ ინსომნია მემართება. ვერ ვიძინებ და უძილობა ისე მაწამებს თვალებს მიჭამს. ერთ-ერთ ზაფხულს სწორედ ასეთი უძილობის პერიოდი მქონდა. დილის 4 საათზე ტელევიზორი ჩავრთე და შემთხვევით წავაწყდი ამ ფილმს. მაგრამ როგორც მილან კუნდერა იტყოდა შემთხვევითობის ფრინველები მხრებზე ჩვენ გამიზნულად გვასხდება და არც ეს იყო შემთხვევითი. ,,Primal Fear“ გადიოდა, სადაც ადვოკატის როლს რიჩარდ გირი თამაშობდა, ბრალდებულს ედვარდ  ნორტონი, ხოლო პროკურორს ლაურა ლინეი. ამერიკელებს ძალიან უყვართ სასამართლო პროცესებზე ფილმების გადაღება, სადაც ყოველთვის ჭკვიანი და გულისხმიერი ადვოკატები იმარჯვებენ.

სასამართლო დრამები არ მიყვარს, მაგრამ ეს ფილმი გამონაკლისი აღმოჩნდა. ლინეის გმირმა ძალიან მომხიბლა, თითების მოძრაობაც კი მახსოვს,  სიტყვები ახლაც ყურში მესმის. განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი მიყვარს- ლინეი ჯვარედინ დაკითხვას ატარებს და ედუარდს ეუბნება -,,I’ve had enough of this sordidness, and I wanna go home. And I wanna wash my hands, and I wanna forget all about you“. მოგვიანებით სასამართლო პროცესები ჩემს რეალობაში გადმოვიდა.  მე  ლინეის ადგილზე ვიყავი, სამწუხაროდ რიჩარდ გირის მსგავსი მომხიბვლელი და ჯენტლმენი ადვოკატები არ მხვდებოდნენ და როცა ედუარდ ნორტონის ნაცვლად სამჯერ ნასამართლევ ბრალდებულებს ვუყურებდი  გულში ვიმეორებდი-  ,,I’ve had enough of this sordidness, and I wanna go home. And I wanna wash my hands, and I wanna forget all about you“. სახეზეც მეწერა ალბათ რასაც ვფიქრობდი. თუმცა ეს სხვა ამბავია და ამაზე  სხვა დროს დავწერ.

laura-linney-primal-fear

 

primal fear

სამართლის თეორია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ-ში) ყოველთვის გამოირჩეოდა იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტებს რომ დაკვირვებოდით ყველას ეტყობოდა რომელ ფაკულტეტზე სწავლობდა-იურიდიულზე, სოციალურ-პოლიტიკურზე თუ უცხო ენებზე. პირველ კურსზე ყველაზე ძნელი საგანი, რომელიც ჩავაბარე გია ხუბუას- სამართლის თეორია იყო. ხუბუა მაშინ უნივერსიტეტის რექტორი იყო და დაცვით დადიოდა. ლექციები ტარდებოდა დილის 9 საათზე ფდა-ში და თუ 5 წუთით დაიგვანებდი, დაცვა ლექციაზე არ გიშვებდა. დაცვით სიარულს, მითუმეტეს სტუდენტის ლექციაზე არ შეშვებას სულ  ვაპროტესტებდი. ეს იყო საგანი, რომელსაც სტუდენტთა 90% ვერ აბარებდა და ის 10%-იც მხოლოდ კარგს ან ძალიან კარგ ქულას იღებდა. ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. მთავარი და არსებითი  თავად ხუბუას წიგნი იყო, რომელიც გერმანულიდან ქართულ ენაზე ოფიციალურად კი იყო ნათარგმნი, მაგრამ ქართულიდან ადამიანურ ენაზე რომ გეთარგმნა მთელი ძალისხმევა გჭირდებოდა.

,,სამართლის ნორმა არის პრესკრიფციული, ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება. არსიდან შეუძლებელია ჯერარსის წარმოშობა. უმართლობა არის არა სამართლის ნეგაცია, არამედ სამართლის პირობა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი დავა დასრულდეს (სამართლებრივი უსაფრთხოება), ვიდრე ის რომ, მას ჰქონდეს სამართლიანი და მიზანშეწონილი დასასრული. მართლწესრიგის ყოფიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი სამართლიანობა ან მიზანშეწონილობა“.

მაშინ პირველად მივხვდი, რომ ეს იყო აბსურდის სამყარო და თუ მინდოდა ვყოფილიყავი კარგი იურისტი, ამ აბსურდისთვის საკუთარი, პირადი, პერსონალური აბსურდი უნდა მიმემატებინა. სემესტრის ბოლოს  ხუბუას აბსურდულ საგანში აბსურდული ქულა მყავდა- 100 ქულა.

ფრანც კაფკა – პროცესი

ერთ მშვენიერ დილას, საკუთარ დაბადების დღეზე  იოზეფ კ. პირდაპირ ლოგინში დააპატიმრეს. მას აუხსნეს, რომ მის წინააღმდეგ  სისხლის სამართლი საქმე იყო აღძრული. იოზეფ კ. დიდი ბანკის პირველი პროკურისტი ანუ საქმისმწარმოებელი თავდაპირველად მშვიდად შეხვდა დაპატიმრებას, რადგან ფიქრობდა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობდა, ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა, ყველა კანონი ძალაში იყო და ვინ გაბედავდა თავს დასხმოდა საკუთარ ბინაში? მაგრამ მერე მიხვდა, რომ ეს აბსურდის სამყაროა და ნემსის ყუნწშიც რომ გაძვრეს, პროცესზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. რადგან თუ პროცესში გაგაბეს,  საქმეს აუცილებლად წააგებ. იოზეფ კ.ს-თვის მნიშვნელობა არ აქვს შედეგს, მთავარი თავად პროცესის პროცესია.

იოზეფ კ.ს დაკითხვები კვირაობით დაინიშნა. ყველაზე შთამბეჭდავი იოზეფ კ.-ს პირველი დაკითხვაა,  საერთო საცხოვრებლის დანგრეულ დარბაზში დაბალ, ადამიანებით გაჭედილ ფიცარნაგზე ირიბად დგას პატარა მაგიდა, რომელსაც გამომძიებელი უზის. იოზეფ კ. ცდილობს დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა, დაძაბული აკვირდება ხან მარჯვენა მხარეს მსხდომთა სახეებს, ხანაც მარცხენა მხარეს. ვიღაც ტაშს უკრავს, საიდანღაც გამამხნევებელი სიტყვებიც გაისმა, იოზეფ კ. ცდილობს ზოგიერთი მაინც გადმოიბიროს თავის მხარეზე და ამ დროს აღმოაჩენს, რომ ყველას ერთნაირი ნიშანი უკეთია, ყველანი მოხელეები არიან, სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც იოზეფ კ. სოციალურ უწესრიგობაში, კორუფციაში და უსამართლობაში ამხელდა. ეს იყო მისი პირველი და ყველაზე საშინელი იმედგაცრუება. პირველი მარცხი.

IMG_4771იოზეფ კ.-ს პროცესი დახურულია. სასამართლოს ოქმები, განსაკუთრებით კი საბრალმდებლო დასკვნა, ბრალდებულისა და მისი დამცველისთვის ხელმიუწვდომელია. ვექილები ძირითადად თაღლითები არიან. არავის მოსდის აზრად რაიმე ცვლილება ან გაუმჯობესება შეიტანოს სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში. ერთადერთი სწორი პოზიცია არსებულ ვითარებასთან შეგუებაა. სასამართლო-ეს უზარმაზარი ორგანიზაცია ყოველთვის გაურკვეველ მდგომარეობაშია და თუ იოზეფ კ. თვითნებურად რამეს შეცვლის,  შეიძლება ფეხქვეშ ნიადაგი გამოეცალოს და უსფკრულში გადაიჩეხოს.

არსებობს სამი შესაძლებლობა: ნამდვილი გამართლება, მოჩვენებითი გამართლება და საქმის გაჭიანურება. ნამდვილი გამართლება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან არ დადის ამქვეყნად ადამიანი, ვინც გაუმართლებიათ. მოჩვენებითი გამართლების დროს საქმეს უბრალოდ დროებით ივიწყებენ და შეიძლება ნებისმიერ დროს ისევ განაახლონ, ხოლო საქმის გაჭიანურება ხანგრძლივ დაძაბულობას ნიშნავს, შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს პროცესი. იოზეფ კ. გაოგნებულია, მსოფლიო  წესრიგს სიცრუე ედება საფუძვლად.

პროცესში ჩართულია ყველა, ვისაც იოზეფ კ. იცნობს- სტუდენტი, დამლაგებელი ქალები, ბიძამისი, ვექილი, ბანკის დირექტორის მოადგილე, კანცელარიის დირექტორი, ფაბრიკატი, მხატვარი, მღვდელი, პატარა გოგონები…

მხატვართან დიალოგი ყველაზე ძლიერი ეპიზოდია. მღვდლის მიერ მოყოლილ იგავზე შეიძლება ცალკე წიგნები დაიწეროს. კაფკას წიგნის წაკითხვის პროცესში ისევე ვიტანჯებოდი, როგორც თავად იოზეფ კ. იტანჯებოდა თავისი პროცესით, მაგრამ დასასრულმა ძარღვებში სისხლი  გამიყინა- ,,ძაღლივით დამკლეს- თქვა კ.-მ ისე, თითქოს ეს სირცხვილი მასზე მეტხანს იარსებებდა“.

თანამედროვე გერმანელმა არტისტმა ელკე რედერმა კაფკას რომანის მიხედვით შექმნა პორტფოლიო- ,,პროცესი“, სადაც იოზეფ კ.-ს განცდები ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცა.

IMG_4772

 IMG_4765

 ალბერ კამიუ- უცხო

,,Mother died today or maybe yesterday. I can’t be sure”-   ალბერ კამიუს ,,უცხოს“ კითხვა დავიწყე და მივხვდი- როგორც ,,მარტოობის ასი წელიწადის“ დასაწყისი არ დამავიწყდება /,,გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამ რომ პირველად წაიყვანა ყინულის სანახავად“/ ისე არ დამავიწყდება – ,,დღეს დედა გარდაიცვალა, ან შეიძლება გუშინ, არ ვიცი“. ,,Сегодня умерла мама. А может быть, вчера – не знаю”-  ამ ერთმა ფრაზამ იმხელა  ტკივილი, სასოწარკვეთა, გაოგნება, სამყაროს თავზე დაქცევა, ფეხქვეშ მიწის გამოცლა, დროის გაჩერება დაიტია, რომ მივხვდი- კამიუ უბრალოდ გენიოსი იყო.

კაცს მხოლოდ ერთი დედა ჰყავს და თუ დედის დაკრძალვის დღეს სხვების თანდასწრებით არ იტირა, თუ სამსახურში მეორე დღესვე გავიდა და სათანადოდ არ იგლოვა, თუ დედის კუბოსთან სიგარეტს გაუკიდა და ყავაც დალია, მაშინ ის ურჩხულია, ნამდვილი მონსტრი. მერსოს გაასამართლებს საზოგადოება, რომელსაც სანახაობა დააკლდა, მერსოს გაასამართლებენ არა მკვლელობისთვის, არამედ იმისთვის, რომ დედა არ დაიტირა, ისე როგორც ამას საზოგადოება მისგან მოითხოვდა. მთავარი ის კი არ არის, რას გრძნობს, განიცდის და სტიკა, მთავარი საზოგადოებაში დამკვიდრებული წესების დაცვაა. აბსურდის სამყაროს უშფოთველი გულგრილობა.

i-opened-myself-albert-camus

camusრადიო ,,შოკოლადში“ ლევან ბერძენიშვილს მიჰყავს გადაცემა ,,წიგნები“ და ერთ-ერთი გადაცემა კამიუს ,,უცხოს“ მიეძღვნა. განსაკუთრებით ეს ეპიზოდი მომეწონა- ,,არის მზე, არის თაკარა მზე, არის ზღვა, არის ნაპირი… ამ მზეში არაბმა დანა გამოაჩინა და პასუხად მერსომ ოთხჯერ დააკაკუნა ბოროტების კარზე. ოთხჯერ გაისროლა მერსომ, ეს ის ოთხი ნოტია, რომლითაც იწყება ბეთხოვენის მე-5 სიმფონია“.

მესრო ყველაზე მართალი გმირია ჩემთვის. კამიუ მიყვარს, ძალიან მიყვარს, არ შემიძლია ეს სიყვარული ბოლომდე ავხსნა, როგორც ერთ ლექსშია-,,მაინცდამაინც ადამიანი მჭირდება, მაინცდამაინც ადამიანი და ვიმეორებ- იყოს ნება შენი“. მერსოსავით მართალი ადამიანი…

1967 წელს ლუკინო ვისკონტიმ კამიუს რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. მერსოს როლს მარჩელო მასტროიანი თამაშობს.  განსაკუთრებით მძაფრია ციხის კადრები- მერსოს შეყვარებული მოაკითხავს, ყველანი ერთად არიან შეყრილები და ხმამაღლა ყვირიან, რომ ერთმანეთს რამე გააგონონ და სხვების ხმა გადაფარონ. და დგას უცხო და ხმას არ იღებს და გვერდით უდგას ბიჭი, რომლის პირდაპირ დგას დედა და ისიც დუმს და ამ ხმაურში მათი სიჩუმე ყველაზე ხმამაღლა ყვირის.

51LbiXm3xPL._SY445_

 

lostraniero2

 

l8kwj

15 responses to “კაფკა, კამიუ და იურისტების აბსურდის სამყარო

  1. რა კარგი პოსტია.
    როგორ ველოდი წელს ფესტივალზე “აგორასგან” ახალ კამიუს, მაგრამ არაფერი ქონდათ.

    Like

  2. ჩუმად ვადევნებ შენს ბლოგს თვალს, მაგრამ ეხლა რომ არ დამეწერა არ იქნებოდა! როგორ შეგიძლია წიგნებით ცხოვრება. კითხულობ და იმ ცხოვრებით ცხოვრობ! ნამდვილად ნიჭია!

    Like

  3. აქ კომენტარებს ძალიან იშვიათად ტოვებენ, თუმცა პირადად ძალიან ბევრი მეუბნება,რომ ჩემს ბლოგს კითხულობს.
    ასეთი ჩუმი მკითხველებისთვის იწერება ეს ბლოგი:))))

    Like

  4. სალომეა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საინატერესო ბლოგპოსტი იყო, რაც კი ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე წავიკითხე. ვისიამოვნე.
    თან ეს ახალია დიზაინი რა ლამაზია, ასე მგონია სადღაც მყუდრო ოთახში ვარ…

    Like

    • ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა ჩემი პოსტი და ახალი დიზაინი. ამ პოსტზე მთელი სამი ღამე ვფიქრობდი, მინდოდა ყველაფერი დაეტია , რასაც ვგრძნობდი…

      Like

  5. ეს ფილმი მაქვს ნანახი და კარგად დავიწყებას ვცდილობ, რომელიც ძნელია, რათა წიგნი კარგად წავიკითხო🙂

    Like

  6. ძალიან მომეწონა პოსტი, საერთოდ ძალიან კარგი ბლოგი გაქვს🙂 სიამოვნებით ჩავიკითხე რამდენიმე პოსტი

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s