ტიბეტი არ არის შორს…

დათო ტურაშვილი ლიტერატურულ კონკურსზე გავიცანი, 150 მოთხრობიდან 15 მოთხრობა შეირჩა, მათ შორის იყო ჩემი მოთხრობაც. წავედით ლოპოტაზე. საღამოს გაცნობის ვახშამი გვქონდა.  ყველა მონაწილე ყვებოდა ამბებს, სად მუშაობდა, რას აკეთებდა, რა უნდოდა ამ ცხოვრებაში.  პირად ამბებს ძალიან იშვიათად ვყვები, ამიტომ როცა ჩემი რიგი მოვიდა გავიღიმე და ვთქვი, სადაც ვმუშაობდი. დათო ისეთი გაოცებული სახელით მიყურებდა, კინაღამ ვთქვი ვიხუმრე-თქო. დანაწევრებული მეტყველებს უნარი დაკარგა. აქ რა გინდაო- გაკვირვებულმა მკითხა.  ჩვენც ადამიანები ვართ-მეთქი ჩავილაპარაკე. ვკითხულობდი ტიბეტზე და  სულ მისი გაოცებული სახე მედგა თვალწინ. წარმოვიდგინე, რომ მომეყოლა პროკურატურიდან ჩემი გოგოები როგორ ავიდნენ ჰიმალაის მთაზე 5653 მეტრზე, მაშინ კი აუცილებლად დაიჯერებდა, რომ ჩვენ ნამდვილად ადამიანები ვართ : ))))

პირველად იყო ტიბეტი, როგორც შორეულზე შორეული ოცნება. ბავშვობის ყველა სასწაული წიგნებიდან იწყება ხოლმე, მერე ინტერესთან ერთად დაიბადა სურვილი-საკუთარი თვალით მენახა სასწაული, რომელსაც ტიბეტი ჰქვია- დატო ტურაშვილის  წიგნში ,,ტიბეტი არ არის შორს“ აღწერილია დათოს, გიო მგელაძის, რეზო თაბუკაშვილისა და გიორგი ბერიძის მოგზაურობა ტიბეტში.

,,ჩემი დაბადების დღე  ისე მეზიზღება, რომ ყოველთვის ვცდილობ  ამ დღეს სახლიდან ძალიან შორს ვიყო და მეტი შორს სადღა უნდა ვიყო- ჩავჯდები თვითმფრინავში, რომელიც 9 საათიანი ფრენის შემდეგ ნეპალის დედაქალაქში დაეშვება და მერე იქიდან ტიბეტის გზას დავადგები…. სანამ ჰაერში ხარ შეგიძლია დაიჯერო, რომ ამ ხალხზე ახლობელი არავინ გყავს და ამ საოცარ სიახლოვესა და პირობით სულიერ ინტიმს სწორედ ფრენის შიში ქმნის’’.

თვითმფრინავი, აეროპორტი და მგზავრობა რომ ეგზიუპერის სამყაროს გამო უნდა მიყვარდეს, ამაზე არასდროს მიფიქრია, თუმცა რატომაც არა. ,,პატარა უფლისწული“  ჩემთვის სასწაულების წიგნია. შოთა რუსთაველი, დავით გურამიშვილი,  ხულიო კორტასარის ,,სამხრეთის გზატკეცილი“, ყურბან საიდის ,,ალი და ნინო“, ბორხესი, ეგზიუპერი, ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი მაღალწინდა“ და არა ,,გრძელწინდა“, მილორად პავიჩი-ტიბეტთან ერთად ამათზეც წაიკითხავთ. თუმცა, დათოს  ყველაზე დიდ სიყვარულზე- სერვანტესზე არაფერია ნათქვამი, რაც  ცოტა მეუცნაურა. ყველაზე მეტად ტიბეტში გახსნებულმა შატილმა, ხევსურეთმა გამახარა.

შეუძლებელია არ იოცნებო ჰიმალაის თოვლიან მთებზე, რომლებიც ნეპალსა და ტიბეტს ერთმანეთისგან ჰყოფს…  ტიბეტი ჯერ კიდევ ოცნებაზე შორს არის, მაგრამ სასწაულები როგორც წესი უბრალოდ ხდება. ყველაზე მეტად ქარში მოფრიალე ფერადი დროშები მიყვარს. ტიბეტელი ბუდისტები სალოცავ ნიშას ფერადი ნაჭრებით  ამკობენ, სიჭრელე სწორედ იმიტომ აქვთ, რომ ერთფეროვნებასთან შეგუება უჭირთ.

01

დათო ტურაშვილის წიგნის შემდეგ ძალიან მომინდა დალაი ლამას ცხოვრებაზე წამეკითხა. ადამიანები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო- 100 ბიოგრაფიული წიგნიდან 44-ე ტომი დალალი ლამას  ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელსაც  ,,თავისუფლება დევნილობაში“ ჰქვია.

,,დალაი“ მონღოლურ ენაზე ოკეანეს ნიშნავს, ,,ლამა“ ტიბეტურად ,,გურუს“ ანუ მასწავლებელს. დალაი ლამა თეთრი ლოტოსის მპყრობელია. თენზინ გიათსო ტიბეტელების მე-14 დალაი-ლამაა. 1989 წელს, მუდამ გაღიმებულ ლამას ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში.

1950 წელს კომუნისტური ჩინეთი  თავს დაესხა დამოუკიდებელ ტიბეტს, ტიბეტში 6 000-მდე მონასტერი მოქმედებდა, ანექსიის წლებში ჩინელებმა ნანგრევებად აქციეს მონასტრები, ათასობით ბერი დახვრიტეს და ტიბეტმა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა.  დალაი-ლამამ დევნის, წამების, უსასრულო ტანჯვის გზა აირჩია, რადგან ტიბეტი იყო მისი ერთადერთი და განუმეორებელი სამშობლო… დალაი ლამას დღემდე სწამს, რომ ტიბეტი ზღაპარია და ადრე თუ გვიან ყველა ბოროტ გველეშაპს აუცილებლად დაამარცხებს სიკეთე.

1997 წელს, ავსტრალიელი მთამსვლელის ჰენრიხ ჰარერის წიგნის- ,,7 წელი ტიბეტში“  მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს –  Seven Years in Tibet- ეს ფილმი მარტო ბრედ პიტის და ჰიმალაის მთების სანახავად ღირს.

02

03

2014 წლის აპრილში ჩემმა გოგოებმა მითხრეს ჰიმალაის მთების დასალაშქრად მივდივართო. თავიდან მეგონა მეხუმრებოდნენ, მაგრამ მერე ნამდვილად რომ გაემგზავრნენ, დაბრუნდნენ და თან სუნთქვისშემკვრელი ფოტოები ჩამოიტანეს, აი  მაშინ კი დავიჯერე, თან არა მარტო დავიჯერე მთელი გულით შემშურდა კიდეც. მაინტერესებდა რას გრძნობ, როცა ჰიმალაის მთებში ხარ, თამუნას ვთხოვე შეგრძნებები მომიყევი-თქო და აი რა მომწერა-

,,ჰიმალაის მთები ვნახე, ევერესეტი ვნახე, ბუდისტი ბერები და ბუდისტური ფერადი დროშები ვნახე. გავიცანი სუპერმენი, რომელიც ევერესტის საბაზო ბანაკიდან ევერესტის მწვერვალზე 10 საათში ავიდა, ეს რეკორდული შედეგია და არავის გაუმეორებია. შეგრძნებები ლუკლას აეროპორტიდან დაიწყო,  ზღვის დონიდან  2800 მეტრზეა და ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება, რადგან ტურბოლენტობა მაღალია და თან ასაფრენი ბილიკი ერთია და ისიც ხრამით მთავრდება. ასე რომ დროულად თუ ვერ მოასწრო თვითმფრინავმა დაჯდომა, ხრამში ხარ და მშვიდობით ჰიმალაის მთებო და მთელო სამყაროვ.

მეორე დღიდან დავიწყეთ ლაშქრობა. საგარმათჰას ეროვნულ პარკში საგარმათჰა ევერესტის ადგილობრივი სახელია ტიბეტელები ჯომოლუნგმას ეძახიან. ეროვნულ პარკში გზადაგზა სოფლები გვხვდებოდა, სადაც ხალხი ცხოვრობდა და სასტუმროებიც იყო. ადგილობრივები ძალიან მშვიდი და კეთილი ხალხია. ძალიან ალალები და გულწრფელები არიან, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ამ ადამიანებს უბრალოდ არ შეეძლოთ ტყუილის თქმა, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტყუილის თქმაც კი.

გზაში გაგვიჩნდა კითხვა, რომ არც ერთ მთაზე არ იყო ციხე-სიმაგრე ან რაიმე თავდაცვითი ნაგებობა მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან ჭრელია და ბევრი ეთნიკური ჯგუფია, მათ შორის თურმე მტრობა და შუღლი არასდროს ყოფილადა შესაბამისად, არც ასეთი ნაგებობების საჭიროება ყოფილა.

04

ადგილობრივები ინდუიზმის ან ბუდიზმის მიმდევრები არიან და ალბათ ამითაც არის განპირობებული მათი საოცარი სიმშვიდე და კაცთმოყვარეობა. ასევე შეგვხვდა ოჯახები, სადაც კრიშნას და ბუდას სურათები გვერდიგვერდ ეკიდა და ოჯახი ორივე რელიგიის დღესასწაულებს აღნიშნავდა. ჩვენ აღდგომას იქ შევხვდით, კვერცხებიც შევღებეთ და სანთლებიც დავანთეთ. მასპინძელმა ხელი შეგვიწყო და გულწრფელი ღიმილითა და ინტერესით აკვირდებოდა ჩვენს რიტუალს. გზაში რამდენიმე ბუდისტი ბერი შეგვხვდა სოფელ ტენგბოჩეში არის ბუდისტური ტაძარი და იქ მოღვაწე ბერები იყვნენ. სიმშვიდეს და სიკეთეს ასხივებდნენ, ზუსტად ისეთივე მეწამული შესამოსელი ჰქონდათ, როგორიც ფილმებშია ხოლმე.

მთებს რაც შეეხება, ძალიან შთამბეჭდავი და მიმზიდველია, ჰიმალაის მთებს საქართველოს მწვერვალებს ვადარებდით. ერთი მყინვარწვერს მივამსგავსეთ, მეორე თეთნულდს. გამძაფრებული სურვილი გვქონდა ყველაფერი შეგვეგრძნო, ყველა წუთი დაგვემახსოვრებინა. მიუხედავად იმისა, რომ აკლიმატიზაცია არ გვქონდა გავლილი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მეტ-ნაკლებად ჯგუფის ყველა წევრს აწუხებდა, მაინც დაუოკებელი ჟინი  გვქონდა რაც შეიძლება მეტი გვენახა. ჩვენი მაქსიმალური სიმაღლე 5653 მეტრი იყო, მწვერვალი- კალა პატარი. ჰიმალაის მთებში ეს სიმაღლე ბევრი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ კავკასიაში და ევროპაში ამ სიმაღლის მწვერვალი არც არის, ასე რომ ჩვენი სტანდარტებით საკმაოდ მაღალი მწვერვალია.

მწვერვალზე ასვლა საშინლად მაგარი შეგრძნებაა. ჯერ ხედებია საოცარი, რომელი ხედით დატკბე ვერ არჩევ. თან გინდა ეს ყველაფერი შენ საყვარელ ადამიანებს გაუზიარო, ბედნიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ, რომ ეს ყველაფერი შეძელი და ამდენი ბარიერის მიუხედავად ახვედი. მერე გახსენდება დროშა, რომელიც სათუთად დაკეცილი გიდევს ჩანთაში და თან ისიც გახსენდება, რომ სულ რამდენიმე ქართველია იქ ნამყოფი და გიხარია, რომ შენ შეგიძლია კიდევ ერთხელ ააფრიალო შენი დროშა. ბოლოს იღებ ერთ დამსახურებულ ქვის ნატეხს (უფლება გაქვს რომ წამოიღო), ემშვიდობები მწვერვალს, იმედი გაქვს, რომ კიდევ დაბრუნდები აქ. ბოლოჯერ შეავლებ თვალს ხედებს ოთხივე მიმართულებით და დაბლა ეშვები… ეშვები ბედნიერი, კმაყოფილი და სასიამოვნოდ დაღლილი იმ შეგრძნებით, რომ მისია შესრულებულია.“

05

06

მწერდა- ვკითხულობდი, მწერდა- ვკითხულობდი და ბოლოს მწერს- კარგია ვითომო? მე უკვე ასტრალში ვიყავი გასული და მივწერე- აი როგორც მაგარი წიგნის წაკითხვის შემდეგ იტყვიან- ,,მოიტანა მეთქი“.

მოკლედ წიგნებზე, მეგობრებზე და პირადზე ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ როცა ძალიან დაღლილი ვარ და მგონია არაფერი გამახარებს დედამიწის ზურგზე, ვხუჭავ თვალებს, წარმოვიდგენ ჰიმალაის თოვლიან მთებს, ქარში მოფრიალე ფერად დროშებს და ვფიქრობ- ტიბეტი არ არის შორს, ისევე როგორც თავისუფლება, რომელიც თვითონ არასდროს მოდის, მაგრამ ყოველთვის გელოდება…

07

 

09

 

10

 

11

 

12

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s