მე ის ვარ

                                       ,,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“-

                                                                                                             შოთა რუსთაველი

ნაირა გელაშვილის წიგნი – ,,მე ის ვარ“ 2013 წელს საუკეთესო რომანად აღიარეს და ლიტერატურული პრემია ,,საბა“ გადაეცა. ,,მე ის ვარ”  მცირე ტირაჟით გამოიცა და როგორც ხდება ხოლმე პრემიის მიღების შემდეგ მაშინვე გაიყიდა. მთელი ერთი წელი ვეძედი ამ წიგნს. ბოლოს ვიპოვნე.  ,,მე ის ვარ” ,,კავკასიური სახლის“ ჟურნალში ,,აფრა“ 2011 წლის N17 ნომერში დაიბეჭდა, ეს ჟურნალი წიგნის მაღაზია ,,ლატერნაში“ შეგიძლიათ შეიძინოთ. თუ ჟურნალს ვერ ნახავთ, ელექტრონული ვერსია წაიკითხეთ სულ რაღაც 2.50 ლარად – https://saba.com.ge/books/details/1150.

როდესაც ფანჯარას მზე ეფრქვევა, ის მაინც იქ დგას, თუმცა საფიქრებელია, რომ ვერაფერს ხედავს, რადგან წესით მზე უნდა აბრმავებდეს… სახით გრძნობს სინათლის სითბოს… დგას და მოპირდაპირე სახლის ფანჯრებს შესცქერის. ის 13 წლის არის. ვისაც ფანჯრებში უყურებს 20-ის. ის გალაკტიონის ლექსების კითხვას იწყებს-

,,სიშორის შენი სიახლოვე მარადის მძაფრი“, ,,13 წლის წლის ხარ და შენი ტყვეა, ჭაღარა გულის ზმანება ავი, ჩააწყვეთ რიგში 13 ტყვია, 13-ჯერ უნდა მოვიკლა თავი“, ,,სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?“. ის ენციკლოპედიაში ეძებს ,,სიყვარულის“ განმარტებას და ვერ პოულობს. სამედიცინო წიგნებს კითხულობს, სადაც წერია,რომ გულის ფუნქცია სისხლის რიტმული გადატყორცნაა ვენებიდან არტერიაში და ბრაზობს, რომ ამას ასწავლიან სტუდენტებს. რადგან სინამდვილეში გულის ფუნქცია სიყვარულია და არა სისხლის გადატყორცნა. რადგან თვითონ ისე უყვარს, გულში თითქოს წინდის ხუთივე ჩხირს უყრიან.

IMG_2316

ის 13 წლის ასაკში მიხვდება, რომ ტანჯვა შემოდგომით უფრო ადვილი ყოფილა, ვიდრე გაზაფხულზე. შემოდგომაზე გარეთაც ისეთი სევდაა, როგორც მასში, ფოთლებიც მისი გულივით კვდებიან. გაზაფხული კი გიბრძანებს ბედნიერი იყო. ანუ გიყვარდეს და უყვარდე. ეს არის წყურვილი უწყლო უდაბნოში.

მესამე სართულზე ჭკუიდან შეშლილი ახალგაზრდა ქალი ცხოვრობს. ბევრი მძივი ჰკიდია და სახე სულ ფანჯრის მინაზე აქვს მიკურული.  შეყვარებულს მიუტოვებია და ვერ აუტანია. როცა ბავშვები მის ფანჯარასთან შეჩერდებიან და ემანჭებიან, ეს ქალი ტირილს და ხელების ქნევას იწყებს. გამოვარდება დედამისი აივანზე და წყევლის ბავშვებს- თქვენც მოგეწიოთ ამისი უბედურებაო. მის უბედურებას კი სიგიჟე ჰქვია.       ს ი გ ი ჟ ე ….

IMG_4028

ზამთრის უკანასკენლი დღეა. ის ზის ვაკის პარკში, ზის რაღაცნაირად, უღონობისგან თავს რომ აყრდობს ადამიანი საკუთარი მოხრილი ხელის ბალიშს. ჩანთა გვერდით უგდია. ზის და თვალებდახუჭული უწყვეტად ფიქრობს: ,,მოდი“. ეს არ არის უბრალოდ ფიქრი. ეს არის ის, რასაც უწოდებენ ,,ხმობას“. ,,მომწყურდი ახლა ისე მომწყურდი, ვით უბინაოს ყოფნა ბინაში“. ,,მოდი”  გულში იბადება და ყველა კაპილარს გადაეცემა. ,,მოდი …მოდი… მოდიიიი… ” ისწავლეთ შეყვარებულებისგან მაგია. გადის კიდევ ერთი საათი და უეცრად მის გვერდით სკამზე ჯდება ის, ვისაც უხმობდა.

IMG_4140

ეს ეპიზოდი ძალიან ჰგავს ანა კარენინას ფილმიდან კადრს. ანა ბალზე ულამაზეს წითელ კაბაში გამოწყობილი თეთრი მარგალიტებით ელოდება ვრონსკის, ხუჭავს ცრემლიან თვალებს და 13 წლის გოგოსავით უხმობს- ,,მოდი“. რამდენიმე წუთის შემდეგ ანა ახელს თვალებს ტრიალდება და ზურგს უკან ვრონსკი დგას. ,,შენ თქვი უნდა მოგეხვიო, მე გითხარი- ზურგიდან უფრო იოლია“.

IMG_3350

სიყვარულზე არანაკლებ მძაფრად აღწერილია მარტოობა. სასიამოვნო მარტოობა- როცა წიგნს კითხულობ, მუსიკას უსმენ, ლოცულობ, ფიქრობ, ბუნებაში ხარ, ხატავ, ოცნებობ… მაგრამ არსებობს უნაყოფო, გამომფიტავი მარტოობა. ადამიანს უსასრულო და უხილვ სამყაროსთან, ღმერთთან  ბავშვობა, სიყვარული და სიკვდილი აახლოვებს. უპასუხო სიყვარული იმდენად აძლიერებს ადამიანის ტანჯვას, რომ ბოლოს ის უსასრულობაში გადადის. ამ ზღვრულ მდგომარეობაში ადამიანის შინაგანობა ღიაა და მასში მარადისობა შემოდის.

IMG_0888

 

ქალი მწერლები გამორჩეულად რომ მიყვარს ამაზე არაერთხელ დამიწერია. ნაირა გელაშვილი ქართველ ქალ მწერლებს შორის ყველაზე გამორჩეულია. პირველად ,,ამბრნი, უმბრნი და არაბნი“ წავიკითხე. სიყვარული რომ ამოუხსნელი საიდუმლოა და საიდუმლოსგან გაძარცული ცხოვრება მხოლოდ მოჩვენებითი ცხოვრებაა- ამაზეა ეს წიგნი. შეუძლებელია წაიკითხო და დაგავიწყდეს მერცია ულამაზესი სახელის მქონე ქალი ,,დათვის თანავარსკვლავედით“, თუშეთის კოშკში ხატობას გატარებული ღამე, დატირება და სიკვდილის მხედარივით ცხენების ჭენება_

ამირან, გვალე-გვალესა,

მუხრად გაქებენ მალესა,

ამბრნი, უმბრნი და არაბნი,

ცხენს შესხდებიან ჩქარესა

მალედვე მოგვეწევიან

ომს გაგვიწევენ ცხარესა

მოგვეწევიან, დაგვხოცვენ

ცეცხლით დაგვთხრიან თვალებსა!

IMG_1914

ნაირა გელაშვილის ,,დედის ოთახი“ როცა წავიკითხე  პირველად მაშინ დავფიქრდი, რომ არსებობენ ღმერთივით დედები… ნაირას აღწერილი ოჯახის ისტორია ჰგავდა ოთარ ჭილაძის, მარკესის ოჯახებს, მაგრამ იყო სხვა, ძალიან სხვა ამბავი. წიგნის კითხვისას ასე მეგონა რაც კი სხეულში სისხლი მედგა, ნელა შრებოდა. პირველად ლიტერატურული პრემია ,,საბა“ ნაირა გელაშვილს 2010 წელს გადაეცა წიგნისთვის- ,,პირველი ორი წრე“. ეს წიგნი უნდა მოვძებო და წავიკითხო, ესეც სიყვარულზე იქნება ალბათ, რადგან წრე-როგორც გეომეტრიული ფიგურა მარადისობის, უსასრულობის და სიყვარულის სიმბოლოა…

IMG_3850

IMG_3611

 

 

 

2 responses to “მე ის ვარ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s