სიყვარული, პეპლები და უბედურება

რატომ გვიყვარდება  ან არ გვიყვარდება  ამის ახსნა უკიდურესად  ძნელია, ძნელი  კი არა შეუძლებელი.  სიყვარული უნდა იგრძნო- კანს შიგნით, სისხლს უნდა მიყვებოდეს.  მუცელში პეპლები შეყვარების ერთ-ერთი ნიშანია. ყველა თავისით უნდა განეწყოს სიყვარულისთვის- ეს ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტება ყოველთვის გასაგები  არ არის.IMG_1134

საქართველოში ქალის მოტაცება  ისეთი გავრცელებული ტრადიცია  იყო,  რომ  სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლი არსებობდა- ,,ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით“. დღეს ეს მუხლი კოდექსში აღარ არის, მაგრამ  თუ ქალის მოტაცებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, გიღირთ თუ არა   ,,თავისუფლების უკანონო აღკვეთის“   მუხლით  თავად აღმოჩნდეთ  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლება აღვეთილი [ მაქსიმალური სასჯელი   8 დან 12 წლამდეა].

სტივენ კინგის ,,მიზერი“  და ჯონ ფაულზის ,,კოლექციონერი“ იძულებით სიყვარულზე და ამ სიყვარულის სახელით თავისუფლების უკანონო აღკვეთაზეა.  ენი და ფრედერიკი ორი გაგიჟებით შეყვარებული ადამიანია, თუმცა რომელი უფრო საშიშია ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მკითხველმა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს. ერთი  მხრივ  ენი, რომელიც საშინელ ფიზიკურ ტკივილს აყენებს პოლს და მეორე მხრივ ფრედერიკი, რომელიც  ფიზიკურად  კარგად ექცევა მირანდას, მაგრამ პეპელასავით ცოცხლად კლავს.

IMG_2136

ჯონ ფაულზი – ,,კოლექციონერი“

IMG_1844ამ წიგნის კითხვაში სამი ღამე გავათენე. მესამე ღამეს გამთენიისას ჩამეძინა და ფრედერიკისნაირი ტიპი დამესიზმრა, რომელიც უკან დამყვებოდა და მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. საშინელი შეგრძნებით  გამეღვიძა. მირანდა ძალიან მგავსთქო, რომ ვთქვა თავის ქება გამომივა, ამიტომ ვიტყვი, რომ მე ვგავარ მირანდას. ეს არის  სიყვარულის ამბავი, რომელიც წყევლად იქცა. ასე ხდება ყოველთვის, როცა  ორი უკიდურესად განსხვავებული სამყარო  ერთმანეთს ეჯახება. როცა მეორე ადამიანთან  არაფერი გაქვს საერთო… საერთოდ არაფერი…

ფრედერიკ კლეგი მეტსახელად ,,მარკიზ დე ფარვანა“ პეპლებს იჭერდა და მარჯვედ ამაგრებდა ფიცარზე. იჯდა და უყურებდა როგორ იჩეკებოდა პეპელა ჭიის პარკიდან, როგორ შლიდა  და იშრობდა ფრთებს, როგორ ფაქიზად მოსინჯავდა მათ. ფრედერიკს პეპლების კოლექცია ჰქონდა, რომელსაც ყველაზე გამორჩეული პეპელა- მირანდა შემატა, თითქოს მირანდა პეპლების კოლექციაში ქინძისთავით ჩაარჭო.1932228_828025937213197_268276163_n

ფრედერიკს არ უყვარს წიგნები, მირანდას რჩევით ჯერომ სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში“  წაიკითხავს, სანამ დაამთავრებს ფურცლებს ითვლის და მიაჩნია, რომ  ჰოლდენ კოლფილდი ერთი გატუტუცებული ბიჭია, რომელმაც არ იცის  ამ ცხოვრებაში რა უნდა.

ფრედერიკს არ უყვარს მხატვრები, მიაჩნია, რომ პიკასო  თავის თავზე შეყვარებული ტიპია, რომელიც   უცნაურობებს იმიტომ ხატავდა, რომ სხვები ვერ მიმხვდარიყვნენ და მერე მათთვის დაეცინა.  ფრედერიკს არ უყვარს არაფერი, რაც ცოცხლობს, სუნთქავს, განიცდის, გრძნობს… კედელზე, მინის ქვეშ მკვდარი პეპლები ურჩევნია, მინდორში  მოფარფატე პეპლებს.

the_collector--

ფაულზი, რომ ძალიან მაგარი მწერალია ეს დიალოგებში ჩანს, ძალიან ძნელია პერსონაჟების დიალოგები ისე წაიყვანო, რომ მკითხველს სინამდვილის განცდა არ დაუკარგო. ფაულზმა ეს შეძლო. ფაულზმა ისიც შეძლო, რომ მიუხედავად ყველაფრისა ფრედერიკი მეცოდებოდა, მინდოდა დამეჯერებინა, რომ ეს ყველაფერი სიყვარულის გამო გააკეთა, მაგრამ  ბოლოს ფრედერიკი მთელი გულით შემძულდა.  აუცილებლად უნდა აღინიშნოს თარგმანი,  იშვიათად კარგი თარგმანია, მადლობა მთარგმნელს.

და კიდევ, ჩვენ ყველას გვყავს ჯ.პ., რომელმაც  ჩვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. რაღაც შეცვალა ჩვენში, შეცვალა უკეთესობისკენ. თითქოს მასთან ურთიერთობის შემდეგ  ერთბაშად გავიზარდეთ.

tumblr_lbsgatFoYK1qz77uqo1_500

სტივენ კინგის  ,,მიზერი“

              ,,როდესაც უფსკრულში ჩაიხედავ  იცოდე, რომ უფსკრულიც ამოგხედავს”- 

                                                                                     ფრიდრიხ ნიცშე

-სალ შეგიძლია? პოლ შელდონივით მეც რომ ეს კითხვა დამესვა ჩემი თავისთვის, ვუპასუხებდი- შემიძლია. თუ შეშლილი მედდა- ენი უილკსი ,,ქალბატონი ურჩხული“ თვეების მანძილზე დამატყვევებდა, ნარკოტიკზე დამოკიდებულს გამხდიდა, მაიძულებდა ძველ საბეჭდ მანქანა ,,Royal’’-ზე ,,მიზერის“ შესახებ წიგნი დამეწერა, მერე ჩემივე ხელით დამაწვევინებდა ამ წიგნს, ფეხებს დამიჩეხავდა,  ვირთხას  ჩემს თვალწინ ხელით გაგუდავდა- მოვკლავდი, თავის მოტანილ საბეჭდ მანქანას თავზე გადავამტვრევდი, როგორც კი მომიახლოვდებოდა ლეიბის ქვეშ დამალული დანით გავუსწორდებოდი. შემიძლია, შემიძლია, შემიძლიაააააააააააააააააააა!!!

61dc49de96f7c5c5e83915bd9f9a941e

Misery -ტანჯვა, მწუხარება, უბედურება, განსაცდელი- ეს ყველაფერი გადაიტანა პოლ შელდონმა, რომელიც 1001 ღამის პერსონაჟად იქცა. თითქოს თვეების განმავლობაში მთის გაუვალი ბილიკებით ნელ-ნელა მაღლა ადიოდა, ჯოჯოხეთური გარჯის შემდეგ კი მწვერვალზე ასულმა საინტერესო ვერაფერი ნახა, გარდა ჩქაროსნული ავტოსტრადისა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგურისა და ბოულინგის ერთი-ორი სათამაშო მოედნისა. ასე ზედმიწევნით ზუსტად  არავის აღუწერია ფრუსტრაცია, სასოწარკვეთა, იმედგაცრუება.

Misery_Royal_10_2

სტივენ კინგი იმდენად რეალურად აღწერს ტკივილს, განცდებს, რომ ენი უილკსის ოთახში შემოსვლისთანავე, შიშით გული გისკდება. ნაჯახის, ჩაქუჩის და ელექტროდენის მის ხელში დანახვისთანავე ჟრუანტელი გივლის. კინგი ნამდვილი მეფეა ფანტასტიკა/ფენტეზის  ჟანრში.

1

განსაკუთრებით მომეწონა ტკივილის ხიმინჯებთან შედარება, წყლის მოქცევა-მიქცევა და ხიმინჯები, რომლებიც ხან ჰორიზონტზე გამოჩნდებიან, ხან თვალს მიეფარებიან. ზაფხულში  ზღვაზე ვნახე ასეთი ხიმინჯები და სულ ისინი მედგნენ თვალწინ…

P.S. 1965 წელს, რეჟისორმა უილიამ უაილერმა  “კოლექციონერის” მიხედვით ფილმი გადაიღო,  1990 წელს, რობ რეინერმა ,,მიზერის“  ეკრანიზაცია შექმნა, მაგრამ არც ერთი ფილმი  ახლოსაც  ვერ მიდის წიგნებთან.

5 responses to “სიყვარული, პეპლები და უბედურება

  1. ხომ,… მეც კინგის შემოქმედებაში მიზერი მირჩევნია მაინც აქამდე წაკითხულებს : ) ფილმიც ნორმალურია : )
    “კოლექციონერი” ჯერ არ წამიკითხავს.

    Like

      • არ ვიცი მე სადაც ვარ იქ როგორ მოვიპოვებ ამ წიგნს, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად “ვიზამ” ამ ამბავს , მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტმა დიდად არ დამაინტერესა : )

        Like

  2. “საშიშობაზე” თუ მიდგა საქმე, “მიზერიზე” უკეთესი ჯერ არაფერი წამიკითხავს🙂 ქეთი ბეიტსიც კარგად მოერგო ენის როლს… “კოლექციონერი” არ მინახავს. ბარემ “ფრანგი ლეიტენანტის ქალსაც” წავიკითხავ და ერთად “ჩავუჯდები” ფაულზის ეკრანიზაციებს.

    Like

    • ,,ფრანგი ლეიტენანტის ქალი” არ წამიკითხავს: )) ბეიტსი ნამდვილად ასრულებს ენის როლს: )

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s