ორჰან ფამუქი თბილისში- ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ…

2014 წლის 12 მარტს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოწვევით  თბილისში ერთ-ერთი  ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალი, ნობელის  პრემიის მფლობელი, ორჰან ფამუქი ჩამოდის- სამჯერ მაინც წავიკითხე ეს გულისგამაჩერებელი ახალი ამბავი.

ფამუქი თბილისში ჩამოდის, ფამუქი თბილისში ჩამოდის- გონებაში სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა.  თუ ვინმეს ვიცნობდი  ყველას მივწერე  მოსაწვევზე, მაგრამ ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა-  მოსაწვევები უკვე დარიგებულია. მოსაწვევი რომ გქონოდა ფამუქთან ან ფამუქის ბიძაშვილთან მაინც უნდა დაგერეკა. მადლობა ჩემს გოგოებს: სალომეს, ნათიას  და მაიკოს the best head ever,  მართლა ლამის ფამუქთან დარეკეს. [მადლობა, რომ ხართ].

მოსაწვევი

მე, ზინიკო და მაიკო  წავედით ფამუქთან შეხვედრაზე თავისუფალ უნივერსიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები. როგორც კი ფამუქი შემოვიდა, ისეთი განცდა მქონდა თითქოს  ვიცნობდი. ლაშა ბუღაძემ თქვა ისეთი ფამუქი იყო, როგორიც თავის წიგნებშიაო და მართლა წიგნიდან გადმოსულს ჰგავდა. მერე ზინიკო ხუმრობდა, გოგოები რომ პაემანზე  მიდიან, ისე წავედითო და ჩვენი შეხვედრა მართლა ჰგავდა პაემანს, პაემანს მწერალთან, რომლის წიგნები გიყვარს, რომლის გმირებზე დღეები გიფიქრია და გიდარდია, გაბრაზებულხარ, შეგყვარებია და  მომკვდარხარ კიდეც.

ფამუქთან შეხვედრა 1 საათს გაგრძელდა. ცოტა იყო ფამუქი… ძალიან ცოტა…

ფამუქი (2)

ფამუქი (3)

ფამუქი (4)

კოლუმბიის უნივერსიტეტში ვასწავლი სხვადასხვა სასწავლო კურსს, მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სწავლას თავი დავანებე და წიგნების  წერა დავიწყე.  ამის შესახებ ჩემს წიგნში ,,სტამბული“ ვწერ. უნივერსიტეტში განსაკუთრებით პოპულარია ჩემი  სასწავლო კურსი- ,,სიტყვები და ხაზები[ჩანახატები]“, ეს კურსი ეხება ლიტერატურასა და მხატვრობას შორის არსებულ  კავშირს, ლიტერატურა და მხატვრობა  ხელოვნებაში ,,დები“  არიან. ასევე ვასწავლი ლიტერატურის  მიმოხილვას, ჩვენ ვკითხულობთ და განვიხილავთ  დოსტოევსკის, ტოლსტოის, სტენდალის, ჰენრი ჯეიმზის, ვირჯინია ვულფის  წიგნებს. ასევე განვიხილავთ ჩემს წიგნებს: ,,მე წითელი მქვია“, ,,შავი წიგნი“, ,,თოვლი“.  მე არ მაქვს დოქტორის ხარისხი და ძალიან მიხარია, რომ დღეს მომენიჭა თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის-განაცხადა ფამუქმა.

ფამუქს ხან ვიდეოს ვუღებდი, ხან  ფოტოებს და  ეტყობა კიდეც ჩემი გადაღებული რომ არის: )

პირველი შეკითხვა თურქულ ენაზე დაუსვეს, რა არის თქვენი ცხოვრების არსიო და ფამუქმა ძალიან გულწრფელად უპასუხა- ეს  ,,ყვითელი“ შეკითხვაა, ჟურნალ-გაზეთებში რომ მისმევენ. რაც ყველაზე მეტად  მსურს ეს  9 საათიანი ძილია.  ძალიან მინდა სიზმრებს ვხედავდე, გაღვიძებისას მახსოვდეს  რა დამესიზმრა და მერე გაუთავებლად ვყვებოდე მათზე, როგორც ბავშვები ყვებიან ხოლმე,  მაგრამ სამწუხაროდ  სიზმრებს აღარ ვხედავ.

შეკითხვაზე ახალგაზრდა მწერლებს  რას ურჩევთო? ფამუქმა  იხუმრა – არასდროს ჰკითხოთ რჩევა  მოხუც მწერალსო.  და მერე  ძალიან მაგარი სიტყვები თქვა- მწერლობა მარტო იმიტომ არ უნდა გადაწყვიტო, რომ რომელიმე ერთი  წიგნი მოგეწონა. თუ შენ შეგიძლია სამ თვეში 1000 წიგნი წაიკითხო და  კიდევ გინდოდეს წაკითხვა, თუ შენ წიგნის მაღაზიას  გვერდით ჩაუვლი, სული წაგძლევს, ვერ მოითმენ და შეხვალ, თუ შენ შეგიძლია უარი თქვა ხმაურიან წვეულებებზე და გართობაზე, ჩაიკეტო შენთვის და წერო, მაშინ იფიქრე მწერლობაზე. მე ბედნიერებისთვის პატარა ოთახიც მყოფნის, 1 მეტრი 1 მეტრზე, მხოლოდ ფურცლები და საწერი კალამი… 40 წელია ასე ვწერ. შეხვედრის ბოლოს  ბიბლიოთეკაში გადავინაცვლეთ, სადაც წიგნებზე ხელი მოგვიწერა.

მდუმარე სახლი

შავი წიგნი

მეც მინდოდა შეკითხვა დამესვა, მაგრამ ზინიკოს  იმდენად ამომწურავად უპასუხა, რომ აღარ ღირდა…

ორჰან ფამუქი მსოფლიო ლიტერატურის ნაწილია, 12 მილიონი გაყიდული წიგნის ეგზემპლარით და 62 ენაზე ნათარგმნი წიგნებით.  დღეს ფამუქი მსოფლიოში ცოცხალი მწერლებიდან აღმოსავლეთის ცაზე ამოსული  ვარსკვლავია.

ფამუქი ქართველ მთარგმნელთან ერთად_

ფამუქი (5)

2008  წელს, როცა  ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა ფამუქი, სტუდენტი ვიყავი და პრეზიდენტის სტიპენდიით  ,,თეთრი ციხესიმაგრე“ შევიძინე. მახსოვს დიდხანს ვფიქრობდი აღმოსავლეთზე და დასავლეთზე, საკუთარ ,,თეთრ ციხესიმაგრეზე“.  მერე წავიკითხე  პატარა მოთხრობა ,,ფანჯრიდან ყურება“, რომელიც ძალიან მომეწონა.   ,,უმანკოების მუზეუმი“ კი იყო ის წიგნი, რომელმაც ფამუქი ჩემს საყვარელ მწერლად აქცია.  არც ერთ წიგნს არ გამოუწვევია ჩემში ერთდროულად ამდენი განსხვავებული ემოცია- სიბრაზე, ზიზღი, სიბრალული, თანაგრძნობა და  სიყვარული. ბლოგზე პოსტი დავწერე ,,უმანკოება მუზეუმში და მუზეუმს გარეთ“.

 ბოლოს ფამუქის ,,მე წითელი მქვია“ წავიკითხე, ყარასა და შექურეს სიყვარულის ამბავი, მხატვრები, რომლებიც თვალებს იბრმავებენ და ბრმები თვალხილულივით ხატავენ. წითელი – ფერი, რომელიც მხოლოდ სისხლსა და დიდი მხატვრების ნახატებშია, ოცნება-ურომლისოდაც დრო არასოდეს გავა, რეალობა-რომელიც არ არსებობს, წითელი- ღმერთი და სატანა, აღმოსავლეთი და დასავლეთი.

ფამუქი

მაგრამ…

ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ფამუქის ნობელის ლექციამ -,,მამაჩემის ჩემოდანმა“  მოახდინა. 2006 წლის 10 დეკემბერს, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე ორჰან ფამუქმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა:

pamuk_banquet,,ხშირად მისვამენ კითხვას- რატომ წერთ?

მეწერება და იმიტომ !

იმიტომ ვწერ, რომ სხვებივით ნორმალურ საქმეს ვერ ვაკეთებ!

ჩემნაირ  წიგნებს თუ ვინმე დაწერს, წავიკითხავ-მეთქი, ვამბობ და ვწერ.

ყველაფერზე, ყველაზე ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვწერ.

ერთობ მიზიდავს ოთახში ჯდომა და მთელი დღე წერა და, იმიტომ ვწერ.

დღემდე რომ არ იცვლება, იმ სინამდვილის ასატანად ვწერ.

მე, სხვებმა, ჩვენ – ყველამ  სტამბოლში, თურქეთში, როგორ ვიცხოვრეთ და ვცხოვრობთ მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს-მეთქი, და ვწერ.

ქაღალდის, კალმის, მელნის სუნი მიზიდავს და იმიტომ ვწერ.

მთელი არსებით მწამს ლიტერატურის, რომანის ხელოვნებისა და ვწერ.

ჩვევისა და ძლიერი წადილის გამო ვწერ.

მეშინია, არ დამივიწყონ და ვწერ.

სახელი და პოპულარობა მხიბლავს და იმიტომაც ვწერ.

განმარტოებისთვის ვწერ.

ეგებ როგორმე გავარკვიო, ყველაზე, თითოეულზე ასე ძლიერ რატომ ვბრაზობ-მეთქი, და ვწერ.

კითხვა მიყვარს და იმიტომ ვწერ.

ერთხელ დაწყებულ რომანს, ნაწერს, გვერდს ბარემ დავამთავრებ-მეთქი, და ვწერ.

ჩემგან ყველა ამას ელის და მეც ვწერ.

ბიბლიოთეკების უკვდავებისა და წიგნების თაროზე შემოდების ბავშური რწმენის გამო ვწერ.

ცხოვრება, სამყარო წარმოუდგენლად მშვენიერი და საოცარია და იმიტომ ვწერ.

ცხოვრების მშვენიერებისა და მრავალფეროვნების სიტყვებით გადმოცემა მწადია და იმიტომ ვწერ.

ამბის გასაგებად არა, ამბის ასაგებად ვწერ.

ერთი ადგილია, ყველა უცილობლად რომ უნდა ეწვიოს და სიზმარში როგორც ხდება ხოლმე, სწორედ იმგვარად, თითქოს იქამდე ვერა და ვერ ვაღწევ. ამ გრძნობებისგან გათავისუფლება მწადია და იმიტომ ვწერ.

ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ.

ბედნიერი რომ ვიყო, იმიტომ  ვწერ…

8 responses to “ორჰან ფამუქი თბილისში- ბედნიერებას რომ ვერა და ვერ ვეწიე, იმიტომ ვწერ…

  1. ძალიან დიდი ხანი, ფამუქს მხოლოდ იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი კითხულობდა, მათ შორის ძირითადად ისეთი მკითხველებიც, რომ ჩავთვალე მე აღარ ეს გამაღიზიანებლად პოპულარული და არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ “პაპსა” მწერალი არასოდეს არ უნდა წამეკითხა:) მერე უცებ შემთხვევით კოლეგისგან ნათხოვარი “უმანკოების მუზეუმი”, “მე წითელი მქვია”, “თეთრი ციხესიმაგრე”, “სტამბული”, “თოვლი”… და ვეღარ გავჩერდი:)) მე რატომ და როგორ მიყვარს ეს ცალკე თემაა, მაგრამ ფეისბუქზე ამ დღეებში გადავაწყდი რამოდენიმე აგრესიულ და უკმაყოფილო პოსტს ფამუქის ჩამოსვლის შესახებ. ცოტა საკუთარი თავი გამახსენდა, ცოტა მეწყინა და ცოტაც გავბრაზდი🙂 შეიძლება თვლიდე, რომ ამდენ ყურადღებას არ იმსახურებს მისი შემოქმედება, მაგრამ იმ ადამიანების გაკიცხვა, რომლებიც მის “რიგში იდგნენ”, “მაშინ, როდესაც ჩვენ გვყავს დოჩანაშვილი, ჭილაძე და ბევრი სხვა დიდი შემოქმედი”… ცოტა არ იყოს პრიმიტიულ შოვინიზმში გადაიზარდა🙂 მოკლედ, ამაზე კიდე დავწერდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამდენ ყურადღებას სწორედ ასეთი შეფასებები არ უნდა იმსახურებდეს:)))

    Like

    • ზიკიტო ჩემო გოგო არ ღირს კამათი ისეთ ხალხთან, რომელთაც არაფერი წაუკითხავთ და მწერლების მხოლოდ სახელები და გვარები იციან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრაზეც ვყოფილვარ და გოდერძი ჩოხელთანაც:)) უბრალოდ მაშინ ბლოგი არ მქონდა და ვერ დავწერდი: ))) ასეთებს რომ ჰკითხო საყვარელი პოეტი- გალაქტიონია: ) ქ-ს ნაცვლად კ- ბატონებო: )))

      Like

  2. კარგი საქმე ქნეს.
    ფამუქი რომ შენი ლექტორი იქნება და ვულფზე რომ გესაუბრება, აი, ის მომენტი❤

    Like

    • საკუთარი თავის რომ გშურს ეგ მომენტი იქნება: )))
      სიამოვნებით გავცვლიდი ჩემს 7 წლიან იურიდიულ განათლებას ასეთ ლექციებში: )))

      Like

    • ჩემი თაროდან იმდენი წაუკითხავი წიგნი შემომყურებს, რომ მეც დამნაშავე ვარ: )))

      Like

  3. Salo,ra magaria.dzalian gamixrad sheni statia,rom vnaxe aq.11gavige,rom orkhan pamuki chamodis tbilisshi.dzalian mindoda daswreba.magram visac vkitxe mitxres ukve dairiga mosawvevebi.samwuxaroa.magram araushavs.imedia kide chamova.. Naili Nnaili

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s