შტეფან ცვაიგის ქალები

120827_r22467_g290_cropრეინკარნაცია- სულთა გადასახლება თუ მართლა არსებობს, მაშინ შტეფან ცვაიგის სულს ყველა იმ ქალის ცხოვრებით უცხოვრია, რომელსაც ის თავის წიგნებში აღწერდა… ყველაზე დიდ დროს ცვაიგი თავის რომანებში და მოთხრობებში ქალის განცდებს უთმობს. ადამიანის ფსიქოლოგიის ასე სიღმისეულად წვდომა არც ერთ მწერალთან არ შემხვედრია, ეს ალბათ ცვაიგის მეგობრის, ცნობილი ფსიქოლოგის- ზიგმუნდ ფროიდის დამსახურებაც არის.

ცვაიგი წერდა: ,,გამოცანად ქცეული ფსიქოლოგიური ამბების ლამის შემაშფოთებლად მიზიდავენ, სისხლს მიმღვრევენ და სიგიჟემდე მახელებენ. მანამდე ვერ ვისვენებ, ვიდრე მათ საიდუმლოს არ ჩავწვდები. და ეს სურვილი ბევრად როდი ჩამოუვარდება ქალის დაუფლების ვნებიან ლტოლვას“.

არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცვაიგი 15 წლის ასაკში, შეყვარებულმა უნდა წაიკითხო და მერე აღარ… რომ ეს ბავშვობაში წასაკითხი ნოველებია და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აზრი მას უჩნდება, ვინც ბოლომდე ვერ გაიგო რაზე წერდა ცვაიგი… არ აქვს მნიშვნელობა 15 წლის ხარ თუ 35-ის. სიყვარული სიყვარულია. გრძნობებმა, რასაც ცვაიგი თავის ნოველებში აღწერდა წლებს გაუძლო და კიდევ გაუძლებს.

პერსონაჟი ქალების მსგავსად ცვაიგის ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ქალებს. პირველი მეუღლე ცვაიგის გამო ქმარს დაშორდა. ფრედერიკამ და შტეფანმა ერთად 25 წელი იცხოვრეს. 50 წლის შტეფან ცვაიგის დეპრესიიდან გამოსახსნელად ფრედერიკამ 26 წლის მდივანი შარლოტა მოიწვია, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ცვაიგმა ცოლი მიატოვა და შარლოტასთან ერთად ბრაზილიაში გაიქცა. რამდენიმე თვის შემდეგ ცვაიგმა და შარლოტამ რომეო და ჯულიეტასავით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს- საძილე აბების დიდი დოზა მიიღეს. friderike_zweig_072312_620px

მოუთმენლობა გულისა
(ედითი)

,,ორნაირი თანაგრძნობა არსებობს: პირველი – სულმოკლე და სენტიმენტალური, რომელიც არსებითად სხვა არა არის რა, თუ არა მოუთმენლობა გულისა, ანუ ცდილობს, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს სხვისი უბედურებით გამოწვეული სიმძიმისგან. ეს თანაგრძნობა კი არა, სხვისი უბედურებისგან ინსტინქტური თავდაცვაა. მეორე – ჭეშმარიტი, არასენტიმენტალური, მაგრამ ქმედითი თანაგრძნობაა, რომელმაც იცის, რა უნდა და მზადაა ყველაფერს გაუძლოს, ვიდრე სასოება წაერთმეოდეს და მას შემდეგაც კი…“ – ამ თეორიით იწყება ეს რომანი და ეს თეორიაა ფაქტიურად მთელი ამბავიც.

wheelchair-at-sea17 წლის ფროილაინ ედითი და 25 წლის ლეიტენანტი ტონი ჰოფმილერი და მოუთმენლობა, მოუთმენლობა, მოუთმენლობა ყოველ წუთს, ყოველ ფურცელზე. ტონი ჰოფმილერს უნდოდა ედითს აღარ ყვარებოდა, ეს იგივე იყო ცეცხლისთვის ეთქვა- ,,ცეცხლო, ნუ ანთიხარო“. ედითი კი თანაგრძნობის ნაცვლად სიყვარულს ელოდა.

თანაგრძნობის სადავე მაგრად უნდა გეჭიროთ ხელში, თორემ ბევრად უფრო მეტ ვნებას მოიტანს, ვიდრე გულგრილობა. ეს კარგად იციან ექიმებმა, მოსამართლეებმა, სასამართლოს აღმსასრულებლებმა. ისინი რომ მუდამ თანაგრძნობას აჰყვნენ ქვეყანა დაიქცეოდაო- წერდა ცვაიგი და მართალიც იყო. თუმცა ჰოფმილერს არაფერში ვადანაშაულებ. რემარკი გამახსენდა- ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა. ჰოფმილერს კი ტყუილში ცხოვრება არ შეეძლო.

ქალის ცხოვრების 24 საათი
(ქალბატონი K.)

ცვაიგის ნოველებში გამორჩეულად მიყვარს. ძალიან სუბიექტური ვიქნები. მთავარი გმირი-ქალბატონი K. 42 წლის ასაკში მონტე-კარლოში გაიცნობს 25 წლის ახალგაზრდა, სიმპატიურ მამაკაცს. ამ ქალის ცხოვრების 24 საათი ზოგის მთელ ცხოვრებას უდრის. 24 საათი ქაღალდის თამაშზე უფრო გასართობი აღმოჩნდა და სამუდამოდ დაასახიჩრა მისი ცხოვრება. ქალს უნდოდა ისე გამოეწია სიკვდილისგან ეს ბიჭი, როგორც გამოსწევენ ხოლმე უკან ბავშვს ქუჩაში ავტომობილის ქვეშ რომ არ ჩავარდეს. ცვაიგი გენიალურად აღწერს პოკერის მოთამაშეს, განსაკუთრებით მის ხელებს. პოკერის მოთამაშის სახე- როგორც უემოცი და გულგრილობის სიმბოლო საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ მოთამაშის გრძნობებს მის მღელვარებას, სიხარულს თუ სასოწარკვეთას ხელები ამღავნებენ, მწვანე მაუდის მაგიდაზე დაწყობილი ხელები, ათი მოუსვენარი თითი… დოსტოევსკის ,,მოთამაშე“ და ცვაიგის ,,ქალის ცხოვრების 24 საათი“-ამათზე მაგარი ნაწარმოები მოთამაშეზე მე ჯერ არ წამიკითხავს. how-to-play-poker.s600x600

ლეპორელა
(კრესჩენცია)

ანა კრესჩენცია სრულიად განსხვავდება ცვაიგის სხვა პერსონაჟი ქალებისგან. ლამაზი, არისტოკრატი, ბანოვანი ქალბატონებისგან განსხვავებით კრესჩენცია 39 წლის შინამოსამსახურე იყო, რომელიც ძვალმსხვილ, ქანცგაწყვეტილ, დამჭლევებულ ცხენს ჰგავდა. ლეპორელა კი მხოლოდ და მხოლოდ დაცინვით შეარქვეს. და ამ სრულიად გაუნათლებელ, ულამაზო ქალურობას მოკლებულ არსებას თავისი ბატონი შეუყვარდა. ნოველის დასასრული კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ცვაიგის პროფესიონალიზმს.

უცნობი ქალის წერილი
(უცნობი ქალი)

ეს ცვაიგის პირველი მოთხრობა იყო, რაც წავიკითხე და მახსოვს როგორ აღვფრთოვანდი. მაშინ პატარა ვიყავი და წიგნებში აღწერილი ცხოვრობით ვცხოვრობდი, თუმცა როცა ხელმეორედ 23 წლის ასაკში გადავხედე ის განცდა არ განმეორებულა. რათქმაუნდა სხვანაირად აღვიქვი ქალი, რომლის სახელი არ ჩანს, რადგან ბედისწერამ ასე გადაწყვიტა- დარჩენილიყო საყვარელი მამაკაცისთვის სიკვდილამდე უცნობი. ბავშვობაშიც და ახლაც ერთი მომენტი მომწონდა განსაკუთრებით- მწერალს როცა შეხვდა და ვერ იცნო- ,,მიცანი, ახლა მაინც მიცანი ყვიროდნენ ჩემი თვალები.“ მწერლისთვის კი ეს ქალი იყო ,,და სხვა“. მწერლისგან განსხვავებით იცნო მსახურმა იოჰანმა, ღმერთო როგორ მიყვარს მოხუცი იოჰანი ამ მომენტის გამო.

ამოკით შეპყრობილი
(წარჩინებული ბანოვანის მეუღლე)

ტროპიკებში მიყრუებული სოფელი… 7 წლიანი ძაღლური მარტოობა და წლების შემდეგ ნანახი თეთრი ქალი… ექიმთან მიდის მიუკარებელი ამაყი ლედი, სქელი პირბადით, რომლის მიღმაც ცივი, სასტიკი მზერა იმალება და საქმიანად ლაპარაკობს ისეთ საკითხზე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს წყვეტს. წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოსცე როგორ ცეკვავს ვალს ეს ქალი და როგორ მისდევს მას ამოკით შეპყრობილი ექიმი, თითქოს მისი ფეხის ნაიჯების ხმაც კი მესმის და ამ დროს ხვდება ექიმი, რომ შეუძლებელია უშველოს, თუნდაც ყველა ძარღვი გადაიჭრას, სისხლის ერთი წვეთის გადარჩენაც კი არ შეუძლია. ეს უნდა წაიკითხოთ და იგრძნოთ სხვანაირად აზრი არ აქვს მოყოლას. ერთ-ერთი ძლიერი ნოველაა ცვაიგის შემოქმედებაში.

მარიამ სტიუარტი
(შოტლანდიის დედოფალი)

ალბათ გასაკვირი არ არის, რომ ცვაიგმა, რომელსაც ასე უყვარდა ქალების გრძნობების ძიება ისტორიული რომანი სწორედ შოტლანდიის დედოფალს- მარიამ სტიუარტს მიუძღვნა. ამ ქალის ცხოვრება იმდენად მძიმე განცდებით და ემოციებით, ისეთი მღელვარებებით სავსე იყო, რომ ცვაიგს დასამატებელი და შესათხზველი აღარაფერი დარჩა. ანგარებიანი ორი ქალი მარიამ სტიუარტი და ელისაბედი ინგლისის ტახტისთვის ეცილებოდნენ ერთმანეთს და სამეფო ტახტის უკან თუ რამე ვერაგობა, ბოროტება და ღალატი ყოფილა ყველაფერი გამოიარა მარიამ სტიუარტმა. 18 წლიანი მარტოობისა და შინაპატიმრობის შემდეგ 44 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს- თავი მოკვეთეს. ეს არის ტრაგიკული ისტორია ქალისა – დედოფლობიდან ეშაფოტამდე. ,,50 წიგნში“ სწორედ მარიამ სტიუარტი გამოსცეს და ვფიქრობ რომ სჯობდა ,,მოუთმენლობა გულისა“ ან ზემოთჩამოთვლილი ნოველები გამოეცათ. მარიამ სტიუარტით ცვაიგის შეფასება და შეყვარება მკითხველს ცოტათი გაუჭირდება.

საჭადრაკო ნოველა

180125-2560x1600საჭადრაკო ნოველა ის იშვიათი გამონაკლისია ცვაიგის ნოველებში, სადაც ქალი არ ჩანს. სპეციალისტები მას ცვაიგის შემოქმედებაში შედევრს უწოდებენ. ეს მისი უკანასკნელი ნოველაა. ცვაიგი ებრაელი იყო და მისი წიგნები ნაცისტებმა ცეცხლში დაწვეს. მთავარი გმირი დოქტორი B. ნაცისტებმა ოტელის ოთახში სრულიად მარტოდმარტო გამოამწყვდიეს და ეს უფრო საშინელი წამება აღმოჩნდა, ვიდრე საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა.

როცა დოქტორი B. მორიგი დაკითხვის დროს დერეფანში იცდიდა და ჭკუიდან შეშლას არაფერი აკლდა შეამჩნია საკიდარზე დაკიდებული ფარაჯა, რომლის ჯიბეშიც პატარა წიგნი იყო. დოქტორი B. ოთხ თვიანი საშინელი მარტოობის შემდეგ პირველად დაინახავს წიგნს და ხელი მიაქვს რომ ჩუმად ამოიღოს და საკანში წაიღოს. გული ისე მიცემდა თითქოს მის მაგივრად მე ვაპარებდი ხელს ფარაჯის ჯიბეში, თითქოს მე შევაცურე ჩუმად ხელი და სასწრაფოდ გადავმალე წიგნი. თითქოს მე ვიწექი საკანში საწოლზე და ველოდებოდი იმ დროს, როცა ზედამხედველი დაიძინებდა, რომ ჩუმად გადამეშალა და მენახა რა წიგნი იყო. და აი სარტყელიდან მე და დოქტორმა B. ერთად ამოვიღეთ წიგნი და გადავშალეთ. ეს არ იყო არც ლექსები, არც რომელიმე ბულვარული რომანი, არც ჰომეროსი, არც გოეთე…

ეს იყო ჭადრაკის სახელმძღვანელო, სადაც დაწვრილებით გარჩეული იყო 150 ჭადრაკის პარტია. თვალწინ ამიჭრელდა 64 უჯრედიანი შავ-თეთრი ჭადრაკის დაფა. 32 ფიგურა. მეფე. დედოფალი. მხედარი. პაიკი. ეტლი… მე არასდროს მითამაშია ჭადრაკი და აი იქ საკანში დოქტორ B-ს თან ერთად ვარჩევდი ჭადრაკის პარტიებს, რადგან ჭადრაკი, ისევე როგორც სიყვარული პარტნიორს მოითხოვს. ყველაფერს არ მოგიყვებით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ნოველაა მსოფლიო ლიტერატურაში.

კაზანოვა

zweig-coverროცა ამდენი ვისაუბრე ცვაიგის ქალებზე გამოგონილზე და ნამდვილზე, შეუძლებელია არ ვახსენო ცვაიგის რომანი ,,კაზანოვა“. ქალების გულთამპყრობელი მამაკაცი- შვალიე დე სეგალ- ჯაკომო კაზანოვა. კაცი, რომელიც მუდმივად ,,ასაქმებდა“ საკუთარ მე-ს, რადგან საკუთარ თავთან დარჩენას ჯოჯოხეთში მოხვედრა ერჩია. მოწყენილობა ჯოჯოხეთია, რომლის აღწერაც დანტეს დაავიწყდაო წერდა ცვაიგი და აი კაზანოვამ თავის მემუარებში ოსტატურად აურია კარტი, მაგრამ მაინც ისეთი ცხოვრებით იცხოვრა თავისუფლად შეეძლო ეთქვა- Vixi ergo sum-ვცოცხლობდი, მაშასადამე ვარსებობდი.

14 responses to “შტეფან ცვაიგის ქალები

  1. განსაკუთრებით მიყვარს “საჭადრაკო ნოველა” და მწყინს ხოლმე, როცა შეტფან ცვაიგს მხოლოდ “უცნობი ქალის წერილებთან” აიგივებენ. გეთანხმები, რომ მისი ნოველები შეყვარებული ადმაიანისთვის არ არის მხოლოდ, პირიქით, არაშეყვარებულისთვის არანაკლებ საინტერესოა:)) ბიოგრაფია არ ვიცოდი. სხვანაირად არც შეიძლებოდა… შტეფან ცვაიგს ასეთი მრავალფეროვანი, გიჟური ცხოვრება უნდა ჰქონოდა:)

    Like

    • მართალი ხარ ბიოგრაფია სხვანაირი ვერ იქნებოდა:))) ყველა მწერალი საკუთარ ცხოვრებას აღწერს უნდა თუ არ უნდა მაინც აისახება მის ნაწარმოებებში:)))

      Like

  2. ბევრჯერ დავაპირე ცვაიგის წიგნების წაკითხვა, მაგრამ ამდენჯერვე გადავიფიქრე😐 ალბათ იმიტომ რომ ბევრი მეუბნებოდა კარგია წაიკითხეო, თან უფრო მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ამიტომაც უარი ვთქვი და გადავიფიქრე, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგაც დიდად არ გამჩენია სურვილი მაინცდამაინც, ეტყობა გრძნობების ყოველგვარი გამოხატულება ჩემზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც არ მიყვარს რემარკიც :)))))

    Like

    • შენი საყვარელი მწერალი რომელია? ან წიგნი, რომელიც გიყვარს?)))

      Like

      • დოსტოევსკი, გაბრიელ გარსია მარკესი, ოსკარ უაილდი, კონსტანტინე გამსახურდია. უმეტესად მაგათი წიგნები მიყვარს :))) “იდიოტი”, “ძმები კარამაზოვები”, “მარტოობის 100 წელი”, “დორიან გრეის პორტრეტი”, “დავით აღმაშენებელი”.🙂

        Like

  3. მგონი, ცვაიგზე ღრმად არავინ იცნობდა ქალის ფსიქოლოგიას… “უცნობი ქალის წერილი” მიყვარს განსაკუთრებით… აი “მარიამ სტიუარტი” კი საერთოდ ვერ აღვიქვი, როგორც ცვაიგის ნაწარმოები – ამით რომ დამეწყო, ალბათ არც გავაგრძელებდი და ბევრსაც დავკარგავდი (მათ შორის, “მოუთმენლობა გულისას” ჭეშმარიტად “გენიალურ” თარგმანს)🙂

    Like

    • სწორედ ამიტომაც ავღნიშნე, რომ ,,50 წიგნში” მარიამ სტიუარტი არ უნდა დაბეჭდილიყო, ძალიან მიკვირს ვინც ცვაიგის ამ ნაწარმოებს მისცა ხმა:)))

      Like

  4. მე მგონი არავინ იცნობს ქალს ისე, როგორც ცვაიგი და საგანი🙂
    ხშირად უნდა გესტუმრო ხოლმე❤

    Like

  5. პირველ რიგში მადლობა სალ, რომ როგორც იქნა…:)))

    “არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ცვაიგი 15 წლის ასაკში, შეყვარებულმა უნდა წაიკითხო” – ამას 23 წლის ასაკში მივხვდი🙂
    ცვაიგის ,გამოცანად ქცეული ფსიქოლოგიური ამბები” -ის შემდეგ “მარიამ სტიუარტი ” გასართობი საბავშვო ლიტერატურაა… :))
    არ ვიცი ეს ფროიდის დამსახურებაა , თუ უკიდეგანო შემოქმედებითი ფანტაზიის, მაგრამ მისი სქელტანიანი ნოველების კრებულის წაკითხვის შემდეგ, უბრალოდ ვთქვი “ყოჩაღ”🙂

    პატარ-პატარა რამოდენიმე გემრიელობა გამოგიტოვებია სალ, მაგრამ ამ პოსტის ხათრით გაპატიებ:))

    Like

    • ცვაიგის წაკითხვა შენი წიგნის დამსახურებაა და მადლობა შენ:*:*:*
      აბა რა გამოვტოვე?:))

      Like

  6. mari-ძალიან კარგი ლიტერატურული გემოვნება გქონია.
    ჩემი ჯერ არ თქმული ტექსტი უკან მიმაქვს:))
    თუმცა რემარკი და ცვაიგი ნამდვილად არ წერენ მხოლოდ ქალების წასაკითხ წიგნებს:)))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s