მსოფლიოს რჩეული მოთხრობები (part I)

ჟურნალი ,,რეიტინგი“ ყოველ ორშაბათს ,,მსოფლიოს რჩეული მოთხრობების“ თითო ტომს უშვებს. ამჟამად 27 ტომია გამოსული. ვის არ შეხვდებით: ერნესტ ჰემინგუეი, ბალზაკი, პროსპერ მერიმე, ო’ჰენრი, დოსტოევსკი, მოემი, თომას მანი, აკუტაგავა, ფოლკნერი… ჩემდა სასიხარულოდ ყველა ტომი მაქვს. არც ერთი არ გამომიტოვებია. გადავწყვიტე ჯერ იმ მწერლების მოთხრობებს გავცნობოდი, რომლებიც აქამდე არ წამეკითხა.

ხულიო კორტასარი – ერთ–ერთ ლიტ.კონკურსზე მე და მარი ბექაური (ჩემი თაობის ყველაზე გამორჩეული მწერალი გოგო) ერთად მოვხვდით. მოვხვდით რა სულ ერთად არ ვართ ამ ლიტ.კონკურსებზე : ) გაიმარჯვა მისმა მოთხრობამ, რომელიც კორტასარს ეძღვნებოდა. მოთხრობა იწყებოდა ასე: ,,წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ადამიანი ისე მომკვდარიყო, რომ მას არასდროს წაეკითხა კორტასარი“. ხულიო კორტასარი არგენტინელი მწერალია, რომელმაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. მე არ მქონდა წაკითხული და სასწრაფოდ მოვიძიე მისი მოთხრობები, თუმცა იმედი გამიცრუვდა. აშკარად მეტს ველოდი. რამდენიმე მოთხრობა კარგი იყო ,,სამხრეთის გზატკეცილი“, ,,მდევარი“, ,,მიტოვებული სახლი“, მაგრამ ისეთი არა სიკვდილამდე, რომ უნდა წაიკითხო. ამბობენ ,,კლასობანა“ მისი ყველაზე ძლიერი წიგნიაო. ვნახოთ…

მიგელ დე უნამუნო –ყველაზე მეტად სწორედ მიგელ დე უნამუნოს მოთხრობების ტომს ველოდი, მაგრამ აქაც იმედი გამიცრუვდა. მგონი თომას მანის ,,იმედის გაცრუება“ გადამედო: ))) მიგელ დე უნამუნო ესპანელი ფილოსოფოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწეა. ფრიად განათლებული და ღრმად განსწავლული. მისი ესსეები საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ მოთხრობები… ყველა მოთხრობა სიყვარულზეა, ბანალური სიყვარულის ამბებია, ახალი ვერაფერი აღმოვაჩინე, იგრძნობა ესპანური სული, მწერლის ნაციონალობა. ერთი მოთხრობა მომეწონა მხოლოდ ,,ორი დედა“. დანარჩენების წაკითხვა უბრალოდ დროის მოკვლა იყო, როგორც უნამუნო იტყოდა.

იუკიო მისიმა – იუკიო მისიმა იაპონელი მწერალია, იაპონურ კულტურაზე, წარსულზე უზომოდ შეყვარებული. მისი მოთხრობები აკუტაგავას ჰგავს იაპონური სულისკვეთებით. ,,სიკვდილი შუა ზაფხულში“ შოკისმომგვრელი მოთხრობაა თავისი სინამდვილით, სიმძაფრით. მოთხრობილია ოჯახის ისტორია, რომელსაც ორი შვილი ეღუპება ,, კერძო სიკვდილით“. დედის და მამის განცდები ისეა აღწერილი, რომ გაჟრიალებს. ეს გულისამრევი ,,ცხოვრება გრძელდება“. მთავარი გმირი ფიქრობს, ასეთი საშინელი ტრაგედიის მერე არც მომკვდარვარ, არც შევშლილვარო. ,,იქნებ შეშლილობა რჩეულთა ხვედრია და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიუწვდომელია?“ იქნებ, იქნებ, იქნებ… სულ ეს მახსენდება – ,,იქნებ სჯობდა დედებს ჩვენს მაგივრად ქვები ეშვათ.“

,,პატრიოტიზმმა“ კი უფრო დიდი შოკი გამოიწვია, ეს არის ამბავი ცოლ–ქმარზე, რომელიც ღირსების გამო ხარაკირს იკეთებს. ცოლი უყურებს ქმრის თვითმკვლელობას და ეხმარება კიდეც, შემდეგ კი თვითონაც თავს იკლავს. ეს ყველაფერი ისე დეტალურად არის აღწერილი, რომ ძარღვებში სისხლი გეყინება. თავად მისიმამაც ყველას თვალწინ ხარაკირი ჩაიტარა და ალბათ ამიტომ იყო ასე ახლობელი მისთვის თვითმკვლელობა. საოცრად აქვს აღწერილი მათი სიყვარული, ოცნებები, ბოლო ღამე… და ეს ყველაფერი მთავრდება სიკვდილით. შეუძლებელია, ასეთი ბედნიერება დიდხანს გაგრძელებულიყო. იუკიო მისიმა ნამდვილი იაპონელია სულით ხორცამდე.

ჰერბერტ უელსი –ბრიტანელი მწერალი, რომელიც სტალინს შეხვდა და აღფრთოვანებულმა ,,რუსეთი ბინდში“ დაწერა (!) ფანტაზია/ფენტეზის ჟანრი მე დიდად არ მიზიდავს, მაგრამ უელსის მოთხრობები ნამდვილად მომეწონა. განსაკუთრებით ,,ბრმათა ქვეყანა“. მთავარი გმირი მოხვდება ქვეყანაში, სადაც ყველა ბრმაა. შეუყვარდება ბრმა გოგო. ბრმები თვალხილულს, როგორც უცნაურ არსებას, ნაკლოვანს ისე აღიქვამენ და მათნაირი რომ გახდეს აიძულებენ დაბრმავდეს. კარგი მიგნება იყო. შიშზე აქვს დაწერილი ერთი მოთხრობა ,,წითელი ოთახი“. მოკლედ თუ არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ უელსი.

ოლდოს ჰაქსლი– ბრიტანელი მწერალი, ბრიტანული ელიტის ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი. კიბოთი იყო დაავადებული. ცოლს სთხოვა მისთვის ინექცია გაეკეთებინა. ცოლმა თხოვნა შეუსრულა. მწერლის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სახლში ჰაქსლის ყველა ხელნაწერი დაიწვა. ოლდოს ჰაქსლის მოთხრობების წაკითხვის შემდეგ იგი ჩემს საყვარელ მწერლებს შეუერთდა. ,,ფეიერკვერკის შემდეგ“ არის საუკეთესო მოთხრობა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს სიყვარულზე, გაქცევაზე (რომელიც ყველაზე დიდი ბოროტებაა), მიტოვებაზე, შეცდომებზე, სწორი გზის ძიებაზე… ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიუჟეტია, ახალგაზრდა გოგოს შეუყვარდება ხნიერი მამაკაცი. მაგრამ ეს ,,ჩვეულებრივი“ ამბავი არაჩვეულებრივად არის აღწერილი. ,,Homo Faber“ გამახსენდა. ორივე მარტონი არიან, გამოკეტილნი საკუთარ სულში, რომელიც ყველაზე ცუდი კომპანიონია, იმდენაც ცუდი, რომ შეშლილობისკენ გიბიძგებს.

რა მოხდა, ამას არ მოგიყვებით, თქვენ თვითონ უნდა წაიკითხოთ, უბრალოდ ამ მომენტზე ვგიჟდები: ,,გარეთ, სიბნელეში ლოდინით დაღლილ პამელას ურდულის გადაწევის ხმა შემოესმა– ჩხაკ! ჩხაკ! და შემდეგ ,,ეშმაკმა დასწყევლოს!“ გაისმა მაილსის ხმა კარის მეორე მხრიდან. პამელა კი იცდიდა. ლოდინი უსასრულოდ გაგრძელდა და ყოველივე უზარმაზარ შავ, მომქანცველ ტანჯვად იქცა. შემდეგ სასოწარკვეთამ მიატოვა და მთლიანად სიცარიელე დაეუფლა. რა ყრია ასეთ უკან დაბრუნებაში? რა სარგებელია განახლებულ ტანჯვაში? კიდევ ერთი აღსასრული? – ,,ჯოჯოხეთი და სიკვდილი!“ ელიზაბეტის დროინდელივით იწყევლებოდა ფანინგი კარის მეორე მხარეს. ჩხაკ! ურდული გადატრიალდა – ხმაურზე პამელა შეტრიალდა და შეშინებული ჩახტა ძირს მრთალად განათებულ ქუჩაში“.
მსოფლიოს რჩეული მოთხრობების კითხვას ვაგრძელებ, წინ კიდევ 22 ტომია: )))

16 responses to “მსოფლიოს რჩეული მოთხრობები (part I)

  1. სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წიგნებს ,რაც თქვენ გაქვთ ჩამონათვალი,მაგრამ ის,რომ სხვას მოწონს და გიქებთ ხშირად იმედგაცრუება გეუფლება მისი კითვისას ეს ბუნებრივია,მეც ხშირად დამმართნია ასე…მაგრამ ძალიამ მიყვარს დევიდ კოპერფილდი,ბავშობაში წაკითხული მაქვს რამდენჯერმე,მაგრამ არასდროს მომწყინდება,მიყვარს დოსტოევსკი,….მაგრამ სხვას შეიძლება სულაც არ მოწონდეს,…

    Like

  2. კარგი მიმოხილვაა. ეს სერია მეც მიდევს სახლში და ნელ-ნელა მივდევ არეულ-დარეულად, რომლის განწყობაც მექნება. ახლა ოლდო დამაინტერესა ძალიან და მაგას ჩავუჯდები.

    Like

  3. netochka3 – გეთანხმებით, მაგრამ კორტასარის შემთხვევაში ნამდვილად დიდი იმედის გაცრუება მქონდა, რადგან ვინც მირჩია, იმ ადამიანის ლიტერატურული გემოვნება და ჩემი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. პირველად მის გამო წავიკითხე აგოტა კრისტოფი და ჩემი საყვარელი მწერალია დღეს. მეგონა კორტასარიც ასეთივე ძლიერი იქნებოდა, მაგრამ… : ))))

    როდე– მეც განწყობისდა მიხედვით მივსდევ:) ოლდოს ჰაქსლზე კი გადავირიე (შეიძლება სუბიექტურადაც) და იმედი თუ გაგიცრუვდა მე დამაბრალე: ))

    Like

  4. ჰო უნამუნო ,,კაი ვინმეა”, ალბათ ამიტომ მქონდა ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი: )))

    Like

  5. მისიმა, მისიმა🙂 ვერ ველევი იაპონელებს🙂
    კორტასარმა ვერ მომხიბლა. “კლასობანაც” არ მომეწონა ისე, როგორც ველოდი.

    Like

  6. Kejeradze – იაპონელებს ვერც მე ველევი. ახლა ედგორავა რამპო კიდევ ერთი იაპონელი მწერალი უნდა წავიკითხო: )) ,,კლასობანა” არ არის კარგი? :O არადა ისე მინდა წავიკითხო…

    Like

    • ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა დამღლელია თავისი “არასტანდარტულობის” გამო : ) ღირს წაკითხვა.

      Like

  7. მეც ვაგროვებ ამ ტომეულს, თუმცა ჯერ აქტიურად ვერ ჩავუჯექი. ბოლოს აკუტაგავას მოთხრობები წავიკითხე. რა კარგი შეჯამება გამოგივიდა – ამ დილაადრიან წასაკითხად ზუსტად ის იყო, რაც მჭირდებოდა🙂

    Like

  8. tatatatuli – დღეს შევიძინე კაფკას ტომი:))) უკვე ერთი თვეა ვაპირებ დავწერო ახალი პოსტი ,,მსოფლიოს რჩეული მოთხრობები part II” , მაგრამ ისეთი ქაოსია ჩემს ცხოვრებაში ვეღარ მოვახერხე:*

    Like

  9. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ტომი მაქვს არ წამიკითხავ ყველა (წიგნებს განწყობისდამიხედვით ვარჩევ)

    კორტასარის “კლასობანა” დავიწყე და დავაბრუნე ბიბლიოთეკაში, რაღაც არ წავიდა, ცუდი დრო შევარჩიე მეთქი ვიფიქრე. ახლა უნდა მივუბრუნდე ისევ.

    ჰაქსლი კი ისე მომეწონა, აღფრთოვანებული ვიყავი, ძალიან კარგად აქვს გადმოცემული ის რასაც მე “ზეციდან მიწაზე დათხლეშვას” ვეძახი🙂 პრინციპში კი ჩემი პოსტიდან კი იცი ჩემი შთაბეჭდილებები ამ წიგნზე🙂

    Like

  10. კლასობანა წავიკითხე მეც და აი რავიცი, დამღალა, ვერ ჩამითრია, გამაქვავა ფურცლებში. თითო-თითოდ ვფურცლავდი ბარე 2 თვე : ) დონ კიხოტის პონტში :დ ამდენი სახელი რა უბედურებაა ღმერთმანი, რომანი იყო თუ ჯაზმენების და მწერლების სია, ვეღარ გავიგე : ))) მოკლედ არაა კორტასარი საჩემო : )))
    უნამუნო ახალი არ იყო, ველოდი რომ ის იქნებოდა რაც წავიკითზხე, არავითარი აღფრტოვანება, უბრალოდ გაღიმება დამრჩა, ისევე როგორც პო-ს შემთხვევაში. აგუტაგავაზე არ ვლაპარაკობ, რუსულად ვკითხულობ, ქარტულმა დამტანჯა ღმერთმანი, მწერალს ვერ უგებდი მეგონა და თარგმანები ყოფილა საოცრება :დ

    Like

    • ჩემი ორეული ჩემს ბლოგზე:*:*
      კორტასარს მეც ვერ გავუგე ,,კლასობანას” წაკითხვა მაინც მინდა ბოლომდე რომ დავრწმუნდე ჩემს მოსაზრებაში:)))
      აკუტაგავა რომ მოგეწონა ეს გიორგის ფრიად გაახარებს:)))

      Like

  11. სალამი ყველას, ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა ამ პოსტზე. დღეს პირველად შემოვედი ამ საიტზე და სალომეს რამდენიმე ნაშრომს გავეცანი, სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი, რაც შეეხება აზრს მწერლებზე. დიდად არ ვგიჟდები სამხრეთ ამერიკელ მწერლებზე, ძალიან ბევრს ერთნაირი სტილი აქვს და მათი მოთხრობების გაგებასაც “სხვანაირი” ფიქრი და აზროვნება ჭირდება. იაპონელი მწერლები მართლაც, რომ გასაოცარი თავისებურებებით ეკიდებიან ყველაფერს, სხვა დამოკიდებულება აქვთ თუნდაც ტრადიციებზე, ცხოვრებაზე და თვითმკვლელობაზე, არც იაპონელი მწერლები არინ მაინცდამაინც ადვილი წასაკითხი, აკუტაგავას მოთხრობების კრებული შევიძინე და ცოტა არ იყოს იმედები გამიცრუვდა, ასე მოხდა მისიმაზეც, იმედია მართლა საშინელი თარგმანის ბრალია, რასაც სხვები ხშირად აღნიშნავენ. სანამ კლავიატურას სულს მოვათქმევინებ ერთი თხოვნა მაქვს სალომე შენთან, იქნებ მირჩიო რა წავიკითხო ჩემს ასაკში, 17–ის ვარ. ძალიან მიყვარს ბრედბერი, ბალზაკი, ვგიჟდები რემარკზე, არანაკლებ მომწონს ჯეკ ლონდონი, გოგოლი. საერთოდ მომწონს რომანები, ჯანრებში კი პირველი ადგილი დრამისთვის მაქვს მინიჭებული. ბოდიშს გიხდით ამდენი წერისთვის, დროებით დაგემშვიდობებით, რჩევების მოლოდინში ვარ)

    Like

    • ბრედბერი, რემარკი, ლონდონი–მეც ძალიან მიყვარს. ნამდვილად კარგი ლიტერატურული გემოვნება გაქვს, ასე რჩევა ცოტა ძნელია, მაგრამ შევეცდები
      ერნესტ ჰემინგუეი – ,,მშვიდობით, იარაღო”
      ჰარუკი მურაკამი ,,ნადირობა ცხვარზე”
      ჯორჯ ორუელი ,,1984″
      ოთარ ჭილაძე– ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”
      მერე მომწერე შთაბედილებები: ))))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s