წერილი პაულო კოელიოსგან…

თანამედროვე ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელიო დაიბადა 1947 წელს რიო-დეჟანეიროში. კოელიომ თავისი ნაწარმოებებით ,,აქიმიკოსი”,  ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”, ,,რიო-პედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”, ,,თერთმეტი წუთი”, ,,ზაჰირი”, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გაითქვა სახელი. თუმცა კოელიოს ყველაზე დიდი წარმატება ,,ალქიმიკოსმა” მოუტანა. ეს წიგნი მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ფენომენად აღიარეს. ,,ალქიმიკოსმა” გამოცემისთანავე ბესცელერთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და გაყიდვებით 35 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ,,ალქიმიკოსის” გამო 2008 წელს პაოლო კოელიო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა როგორც ავტორი წიგნისა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ითარგმნა. ეს წიგნი მსოფლიოს 67 ენაზეა თარგმნილი და 150 ქვეყანაში გამოიცა. თბილისში კოელიო იმდენად პოპულარული იყო, რომ მისი სახელობის კაფეც კი გაიხსნა. დღესდღეობით კოელიო მოდაში აღარ არის, კაფეც დახურეს (რას ერჩოდნენ მე პირადად მომწონდა) და მიუხედავად იმისა, წაკითხული აქვთ თუ არა ყველა ამბობს, რომ კოელიო პლაგიატია და ახალი არაფერი შეუქმნია.

ერთ-ერთ ინტერვიუში კოელიომ განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველ დღე ელექტრონულ მისამართზე 1000-ზე მეტი წერილი მისდის და მათგან ყველაზე საინტერესოს პასუხობს. ,,ალქიმიკოსის” წაკითხვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა მისთვის მიმეწერა www.paulocoelho.com –ზე  შევედი და  წერილი გავუგზავნე. ჩემდა გასაკვირად რამდენიმე დღეში პასუხიც მივიღე და რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა. გავიდა ერთი წელი და დეკემბრის მიწურულს, შობა რომ ახლოვდებოდა ერთ დღესაც, როცა ჩვეულებრივად შევამოწმე ჩემი ელექტრონული ფოსტა, აღმოვაჩინე, რომ კოელიოს ჩემი მისამართი შეუნახავს და კიდევ ერთი წერილი გამოუგზავნია. სადაც მწერდა, რომ მადლობას მიხდიდა სიყვარულისთვის და მილოცავდა შობას მისი ახალი ზღაპრით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალში იბეჭდებოდა. უფრო მეტიც, კოელიო შეეცადა ეს ზღაპარი ჩემს მშობლიურ ენაზე  გამოეგზავნა. (სამწუხაროდ მშობლიური ენა რუსული აღმოჩნდა). მე ამით შეშფოთებულმა და უფრო მეტად აღშფოთებულმა სასწრაფოდ გადავთარგმნე. აი ისიც…

პაოლო კოელიო

,,ღვთისმშობლის მასხარა”

,,ო, მარია, დამბადებელო ყოვლისა ნათელისა, ილოცე ჩვენთვის, რამეთუ მხოლოდ შენ ხარ ჩვენი გადამრჩენელი”

თუ დავუჯერებთ შუასაუკუნეების ლეგენდას, ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის ავსტრიის სახელითაა ცნობილი, ცხოვრობდა ბურხარდების ოჯახი – ქმარი, ცოლი და მათი პატარა ვაჟიშვილი. ამ ოჯახს ჰქონდა ჩვეულება: შობას ლექსების კითხვით, ბალადების სიმღერით, სხვადასხვა ნივთების ჟონგლიორობით ართობდნენ ხალხს. სამწუხაროდ მათ ზედმეტი ფული საჩუქრებისათვის არასდროს არ ჰქონდათ, მაგრამ უფროსი ბუხგარდი ყოველთვის ეუბნებოდა შვილს: ,,იცი, რატომ არ ცარიელდება არასოდეს წმ. ნიკოლოზის ხურჯინი? (იმ დროს წმ. ნიკოლოზი ურიგებდა ავსტრიელ ბავშვებს საჩუქრებს) იმიტომ, რომ წმ. ნიკოლოზი ბავშვებს ჩუქნის საჩუქრებს, რომლებიც სათამაშოებზე უფრო ძვირფასია! ასე ვთქვათ, უხილავ საჩუქრებს. სახლში, სადაც ბევრი უთანხმოებაა, ყველა ქრისტიანისათვის წმინდა ღამეს, მას მიაქვს მშვიდობა და თანხმობა. იქ, სადაც სიყვარულის ნაკლებობაა, ის ბავშვების გულებში რწმენას ბადებს. მათ, ვისაც მომავალი უსიხარულო და ბნელი წარმოუდგენია, ის იმედს ჩუქნის. ჩვენთანაც ასეა. ის მოდის ჩვენთან. ჩვენც ვიღვიძებთ და გვიხარია, რომ ვცხოვრობთ, ვშრომობთ და ჩვენი შრომით ხალხს ვახარებთ. არასოდეს დაგავიწყდეს ეს”.

გადიოდა დრო, პატარა ბიჭი ნელ-ნელა გაიზრდა და გახდა ჭაბუკი. ერთხელ ოჯახი აღმოჩნდა ახლად აშენებულ მელიკის დიდებულ სააბატოსთან.

-მამა, გახსოვთ, წლების წინ თქვენ მიყვებოდით წმ. ნიკოლოზის და მისი უხილავი საჩუქრების შესახებ? ვფიქრობ, ერთხელ მან მე ასეთი საჩუქარი მომიტანა: შთამაგონა, რომ მოძღვარი უნდა გავხდე. ეს ჩემი მოწოდებაა. დამლოცეთ, რათა გადავდგა პირველი ნაბიჯები იმისაკენ, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მშობლებს კარგად ესმოდათ, რომ შვილის დახმარების გარეშე მათ გაუჭირდებოდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა არ დაიწყეს შვილის გადარწმუნება და მონასტერის ჭიშკარზე დააკაკუნეს. ბერები მათ გაშლილი ხელებით შეხვდნენ და ახალბედა სიხარულით მიიღეს.

დადგა შობის დღე. სწორედ ამ დღეს მელიკის მონასტერში მოხდა სასწაული: ღვთისმშობელი ჩვილ იესოსთან ერთად ჩამოეშვა დედამიწაზე და მოინახულა ბერ-მონაზონნი. ბედნიერი ბერები ჩამწკრივდნენ გრძელ რიგში, რათა ყოველი მათგანი წარმდგარიყო ღვთისმშობლის წინაშე, თაყვანი ეცა მისთვის და ჩვილისათვის და რამით გაეხარებინა ძვირფასი სტუმრები.

ერთ-ერთმა მათგანმა მონასტრის დარბაზების დიადი მოხატულობა აჩვენა; მეორემ, სიამაყით აღსავსემ, წარუდგინა ბიბლია, რომლის გადაწერასა და ილუსტრირებას ასი წელი დასჭირდა; მესამემ, მოწიწებით ჩამოთვალა ყველა წმინდანის სახელი. ჭაბუკი ბურხარდი, რომელიც ბოლო იყო, მოწყენილი ელოდა თავის რიგს. მისი მშობლები ხომ ჩვეულებრივი გლეხები იყვნენ და ბურთებით ჟონგლიორობის გარდა არაფერი ესწავლებინათ მისთვის. როდესაც მისი რიგი დადგა, წმინდა მამებს უნდოდათ დაესრულებინათ საზეიმო სვლა, რადგან ყოფილ მასხარას არაფერი ჰქონდა  სათქმელი, არც საჩვენებელი. მაგრამ, ჭაბუკს ძალიან უნდოდა რამე მაინც ეჩუქნა იესოსა და წმ. მარიამისათვის.

როდესაც ჯიბიდან ფორთოხლებს იღებდა შეცბუნებული ძმების მზერას იჭერდა. მან ჯიბიდან ამოღებული რამდენიმე ფორთოხლის ჰაერში ასროლა და დაჭერა დაიწყო. ფორთოხლები დაფრინავდნენ ჰაერში და იდეალურ წრეს ქმნიდნენ ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როდესაც მშობლებთან ერთად ერთი ადგილიდან მეორეზე დადიოდა და ჟონგლიორობდა. ამ მომენტში ჩვილმა იესომ, რომელიც დედას ხელში ეკავა, სიხარულისგან ტაში შემოჰკრა. ღვთისმშობელმა ჭაბუკს ნება მისცა ჩვილი, რომლის სახეც სიხარულისაგან ანათებდა, ხელში დაეკავებინა.

ლეგენდის თანახმად, მას შემდეგ ყოველ 200 წელიწადში, ახალი და ახალი ბურხარდი აკაკუნებს მონასტრის კარზე. მას სიხარულით იღებენ და ტკბებიან იმ უხილავი საჩუქრით, რომელიც მათ წმ. ნიკოლოზმა   უბოძა.

12 responses to “წერილი პაულო კოელიოსგან…

  1. ძალიან თბილი ზღაპარია… უბრალო და თბილი..
    და კოელიოც რა ყურადღებიანი ყოფილა : ))

    Like

  2. რა კარგი ზღაპარია :წუბ:

    საოცარია კოელიოს ასეთი ქმედება, თუმცა შენ რა მიწერე კოელიოს ესეც ძალზედ საინტერესოა, სალ, კოელიოს არ მიწერე რომ შენი მშობლიორი ენა ქართულია?

    Like

  3. gvanca ჰო მეც გამიკვირდა ერთი წლის შემდეგ რომ მომწერა, თან საშობაო ზღაპარი გამომიგზავნა:*

    nimpa ,,აქიმიკოსი” რომ წავიკითხე უნიში მქონდა თემა დასაწერი წიგნი უნდა აგვერჩია და ,,ალქიმიკოსზე” დავწერე. მაშინ კოელიო ახალი ნათარგმნი იყო და ხელიდან ხელში გადადიოდა. ჩემი აზრები მივწერე და ალბათ მოეწონა: )ვუთხარი, რომ ვარ from Georgia, but not Georgia in USS, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ჩათვალა რომ რადგან საბჭოთა კავშირში ვიყავით დიდი ხანი, ეხლაც რუსული იყო ჩვენი მშობლიური ენა

    Liked by 1 person

  4. მახსოვს სალ ეს მოთხრობა, გაზეთის საშობაო ნომერში არ დავბეჭდეთ?!

    ამ მოთხრობაში ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ ღირსშესანიშნაობას, მაგრამ თავად კოელიოს რაც შეეხება ახლა : ვეთანხმები იმ პატიოსან ადამიანებს, ვინც ღაღადებს ახალი არაფერი შეუქმნია და პლაგიატორიაო.
    მისი ყველაზე ყბადაღებული წიგნი ავიღოთ _ ალქიმიკოსი, რომელზეც რომანტიკულ ასაკში მყოფი თინეიჯერები ვენებს იჭრიდნენ. რა მხატვრული ღირებულება აქვს მაგ წიგნს? _ ჩემი კერძო აზრით არავიტარი_ ლიტერატურულ-მხატვრული ესტეტიკის ნამცეციც კი არაა შიგ. მთელი თხრობა მოვლენების მშრალ აღწერას წარმოადგენს, მშრალს კი არა, პრმიტიულსაც კი. წიგნის ნამდვილი ღირსება სიუჟეტია – ორიგინალური ამბავი. ეგ სიუჟეტი კიდე ნამდვილად პლაგიატია და არა კოელიოს მოფიქრებული. სავარაუდოდ ჩვენმა სახესხივოსანმა მწერალმა სიუჟეტი ნახა ბორხესის მოთხრობაში, ბორხესს კიდე სიუჟეტი, კოელიოსგან განსხვავებით, სრულიად პატიოსნად აქვს არებული ათას ერთი ღამის ზღაპრებიდან (წყაროს მითითებით).

    Like

  5. მე ვთვლი, რომ ,,ალქიმიკოსი” ყველაზე კარგია რაც კოელიოს შეუქმნია. ძალიან მკაცრი ხარ შეფასებაში: ) ბორხესი სამწუხაროდ არ წამიკითხავს, მაგრამ რაც შეეხება სიუჟეტს, კოელიო არც მალავს, მის ოფიციალურ საიტზე დევს იმ წიგნების ჩამონათვალი (ასეთი დაახლოებით 7 წიგნია) რომელსაც ,,ალქიმიკოსის” მსგავსი სიუჟეტი აქვს. ასე რომ პლაგიატი ნამდვილად არ არის. მე ასე ვთვლი: )

    Like

  6. ოჰ, საიტზე კი მიუთითებს ახლა, მაგ არ მიუთითებს სხვები მიათითებინებენ, ჩალით დახურული ხომ არაა ლიტ.სამყარო, სიუჟეტს ოფიციალურად ვერ დაიბრალებს. მაგრამ, ყველა ხომ არ შედის მაგის საიტზე ვინც ალქიმიკოსს კითხულობს და სწორედ იმ ორიგინალური სიუჟეტით აღფრთოვანდება :S

    მე ყველაზე კარგ წიგნად კოპელიოს ,,შემოქმედებაში” ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” მიმაჩნია, სიცოცხლეზე მაინცაა იაღოველური მადლით არ აქვს მონათლული😀

    საერთოდ, კოელიო რომ ეგეთი პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ეგ ფაქტი სოციოლოგის თვალსაზრისით ძალიანაც სასიამოვნოა, ხალხს სიყვარული უთარგმნა სხვა წიგნებიდან და პოპულარული ლიტერატურა შექმნა. მასეთი ლიტერატურის შექმნა ძალიანაც სერიოზული ამბავია, მაგრამ უბრალოდ, ეგ პოპულარული ლიტერატურაა და არ უნდა აირიოს კლასიკური გაგებით მხატვრული ლიტერატურაში. და ისიც უნდა იყოს ნათელი, რომ კოელიო დიადი და ნოვატორი შემოქმედი კი არაა, არამედ ნიჭიერი კაცი, რომელიც მსოფლიო კლასიკურ ლიტერატურას თავის წიგნებად თარგმნის.

    Like

  7. ვვახ რა მაგარიაა. რამდენიმე დღის წინ მეც მივწერე და იმედია მეც მიპასუხებს.
    სულ ცალ ფეხზე მკიდია ქართველი სნობი ზე-ინწელეკტუალების დამოკიდებულენა კოელიოსადმი. მე მომწონს და ვაღიარებ.

    Like

  8. წარმატებები:) არც მე მაინტერესებს სნობი, ვითომ ინტელექტუალების copy/paste აზრები.

    Like

  9. ძალიან მაღიზიანებს,ამ კაცს ერთი ხელის მოსმით ხაზს რომ გადაუსვამენ ხოლმე. ამაზე დიდი ლიტერატურაც არსებობს,მაგრამ საქილიკო ნამდვილად არაა. ” ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა “-მშვენიერი ნაწარმოებია. დანარჩენებში ერთიდაიგივე სიმღერას მღერის,მაგრამ ვერონიკა სხვანაირია. თანაც,დიდი ხნის წინ ამ წიგნმა ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. დაუჯერებელი პარალელები იყო🙂 ამიტომ მიყვარს.

    Liked by 1 person

    • გამიხარდა ვერონიკა რომ ახსენე. მეც ძალიან მიყვარს ეგ პერსონაჟი და ეგ წიგნი❤ მართლა ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრ რამე\სი დამეხმარა. მართლა შემიცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ❤

      Liked by 1 person

  10. ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა” – ამ წიგნმა მეც შემცვალა , განსაკუთრებით ედუარდი მიყვარს : )) პიანინოზე როცა უკრავს…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s